სიახლეები
2023 წლის 14 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი ბრძანების „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. 

აკრედიტაციის წესების დამტკიცების შემდგომ, ქარტიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას. ამასთან, ქარტიის მხრიდან იყო მითითება აღნიშნული წესების დისკრიმინაციული მიდგომითა და სადამსჯელო ღონისძიების სახით გამოყენებასთან დაკავშირებით. 

ის ფაქტი, რომ 1-წლიანი აკრედიტაციის მქონდე მედიის 197 წარმომადგენლიდან (აკრედიტაციით მოსარგებლე პირები) მხოლოდ 9 პირს შეუჩერდა აკრედიტაცია, არ ქმნის იმის თქმის საფუძველს, რომ მიღებული წესები საფრთხეს არ წარმოადგენს დემოკრატიის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებისთვის, როგორიცაა გამჭვირვალობა და საჯაროობა. 

ქვეყნები, სადაც აკრედიტაციის პრაქტიკა არსებობს, ინფორმაციის საჯაროობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მაშინ, როდესაც საქართველოში მედიის წარმომადგენლებს ფაქტობრივად არ აქვთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აკრედიტაცია შეჩერებული პირები არიან ტელეკომპანია მთავარის, ფორმულას, TV პირველის და ონლაინ გამოცემა პუბლიკას წარმომადგენლები. აღნიშნული კი ბადებს ეჭვებს აკრედიტაციის წესების ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სადამსჯელო ზომად გამოყენებასთან დაკავშირებით.

ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, გააუქმოს მედიის აკრედიტაციის წესები.
14.06.2023
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.
 
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ არის თავდასხმა დაკავშირებული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან. 
 
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ. 
 
14.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „BBB აკადემიას” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ნინო ქართველიშვილი. 

სადავო მასალა ტელევიზიის ეთერში 2023 წლის 1 მაისს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ვიდეორგოლი დისკრიმინაციულია და სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

05.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „გურიის მოამბის” ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ვალერიან ვაჩეიშვილი. 

სადავო მასალები მედიასაშუალებამ 2023 წლის 9 და 24 მაისს გამოაქვეყნა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა მისი დისკრედიტაციის მიზნით. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის  პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

05.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 6 ივნისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: ვლადიმერ ხუჭუა „TV პირველის" ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2023 წლის 8 აპრილს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს, რაც მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

05.06.2023

ფოტო: მთავარი არხი


ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი - შოთა თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები.

შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და,  ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური  პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.   

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა; 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს -  შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;

საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;

Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას - გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს. 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

დემოკრატიის მცველები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

სალამი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ღია საზოგადოების ფონდი

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

უფლებები საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიაომბუდსმენი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფი, WISG

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

03.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების ხატია ქვათაძის, გიორგი აბაზაძის, ლევან სოლოღაშვილის და ანა ჯოჯუას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია მიშა მშვილდაძე. 

სადავო მასალა 2023 წლის 22 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად, კონტექსტიდან ამოჭრილად და მანიპულაციურად გააშუქეს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

02.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 ივნისს 5 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: დავით ჭიჭინაძე და გიორგი ტუმასიანი TV იმედის, POSTV-ს და პირველი არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ 

სადავო მასალები 2023 წლის 15 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად და ცალმხრივად გააშუქეს. 

განმცხადებელი ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს მიმართ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, ხოლო „პირველი არხის” მიმართ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

31.05.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის”,  „POSTV”-ს და „პირველი არხის” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებლები არიან დავით ჭიჭინაძე და გიორგი ტუმასიანი. 

სადავო მასალები 2023 წლის 15 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად და ცალმხრივად გააშუქეს. 

განმცხადებელი ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს მიმართ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, ხოლო „პირველი არხის” მიმართ ქარტიის  პირველი პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

30.05.2023

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე მომუშავე მედიას თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. ჟურნალისტების მიკროფონები და ხმის ჩამწერები მედიისთვის განკუთვნილი სივრციდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მინისტრთან პრესსამსახურის თანამშრომლებმა მიიტანეს კომენტარისთვის. ამ სივრცის მიმდებარედ მუშაობდნენ ტელევიზიების ვიდეო ოპერატორები. რაც შეეხება ონლაინ მედიას, რომელიც საქართველოში მეტწილად მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებს ვიდეოს, მანძილის გამო მათთვის ვიდეოს ჩაწერა, სადაც რესპონდენტის ხმაც აღქმადი იქნებოდა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. 

საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა, განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელება კითხვების დასმის გარეშე. მსგავსი პრაქტიკა ხელს უშლის მედიის სრულფასოვან მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებას.

მნიშვნელოვანია, რომ ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო პირებს, ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.

26.05.2023

გუშინ, 2023 წლის 24 მაისს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის შინაარსის მიხედვით, „მთის ამბების” მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალის გამო, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად და ეფექტიანად გამოძიოს მედიის წარმომადგენელზე მუქარის ფაქტი.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია. 

25.05.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტაგრაციის პროცესის მიზნებს, არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს, აგრძელებს ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს და უზრუნველყოფს „ქართულ ოცნებასთან” აფილირებული საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდასა და გავლენის გახანგრძლივებას. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა  იზრდება 9-დან 11-მდე; კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, დამატებითი ორი კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს; უქმდება სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა;  ასევე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში   და სხვ.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების” მხრიდან მსგავსი შინაარსის კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ნაცვლად კანონმდებლობის ევროპის კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა, რასაც  კოალიცია და მედია სექტორი აქამდეც ითხოვდა, ხელისუფლება აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაზიანების პროცესს და ცდილობს კანონმდებლობა მოარგოს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიუკერძოებელი გაშუქებისა და საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესი და გაიწვიოს მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მომტანი კანონპროექტი. ამასთან, ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების და მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ გადადგას რეალური ნაბიჯები „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მისაღწევად.

23.05.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.