სიახლეები
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში, რომელიც ბევრ სადაო მუხლთან ერთად აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება. 
 
მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე კვირის წინ საჯარო დისკუსიისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდებოდა 9-დან 11-მდე, უქმდებოდა სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა, იზრდებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები და ა.შ. აღნიშნული კანონპროექტი კრიტიკულად იყო შეფასებული მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიერ, ვინაიდან ის არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და აგრძელებდა ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს. ნაცვლად იმისა, რომ არსებული კანონპროექტი გაეწვია, “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება და მის კომპეტენციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ითავსებს.  სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა 9 დან 11-მდე იზრდება, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება ენიჭება. 
 
აჭარის ტელევიზიის შექმნა თავის დროზე მნიშვნელოვან პროგრესულ ნაბიჯად იქნა მიჩნეული და დადებითად შეფასდა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობით ტელევიზიამ ცალსახად პროგრესი განიცადა  და ის პოლარიზებულ მედია სივრცეში მიუკერძოებელი და ობიექტური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა. “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა ნეიტრალური ტელევიზიის არსებობა. ჯერ დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს ნათია კაპანაძე, შემდეგ კი, როცა უკვე ტელევიზიას გიორგი კოხრეიძე ხელმძღვანელობდა, დაიწყო კრიტიკული ჟურნალისტების დევნა, შევიწროება და გათავისუფლება. დღეს მმართველი პარტია უპრეცედენტოდ ამცირებს აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის ხარისხს, აუქმებს რა ადგილობრივ მრჩეველთა საბჭოს. 
 
შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული მოდელი. მმართველი პარტიის მფარველობით განხორციელებულმა ქმედებებმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დევნის კუთხით უკვე შეარყია ნდობა მედიაგარემოს მიმართ. ეს უკანასკნელი შემოთავაზებული ცვლილება მხოლოდ ამძაფრებს ამ საკითხს, კიდევ უფრო ზღუდავს მედიის მრავალფეროვნებას და აძლიერებს ხელისუფლების კონტროლს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე. თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. კონსტიტუციური ორგანიზაცია დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან, რაც მას საშუალებას მისცემს ავტონომიურად იმოქმედოს და ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესებს. 
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას გაითვალისწინოს ის პოტენციური მძიმე შედეგები, რაც ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს, როგორც დემოკრატიის პრინციპების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის შესაძლებლობის, სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, შეზღუდვით. “ქართულმა ოცნებამ” სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და ამგვარი რეგრესული ინიციატივების წამოყენების ნაცვლად, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის და, კონკრეტულად, მედიასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად.
 
29.06.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია პოზიტიურად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ 28 ივნისს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხის უფლებას, მარეგულირებლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასა და სიძულვილის ენის რეგულირებას შეეხება, პირველი მოსმენით მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ “მმართველმა პარტიამ” ამჯერად გაითვალისწინა როგორც ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები. 
 
აუდიოვიზუალური მედიის სფეროში სიძულვილის ენის, პასუხის უფლებისა თუ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, პარლამენტმა  2022 წლის დეკემბერში “მაუწყებლობის შესახებ” კანონში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილების მიღებისას მედიის და სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური მოსაზრებები არ გაითვალისწინა. 
 
ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის იმპლემენტაციის ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად სიძულვილის ენის რეგულაციას ითვალისწინებდა. სამოქალაქო და მედიის სექტორის წარმომადგენლები ემხრობოდნენ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას თანარეგულაციის პრინციპების გათვალისწინებით, რაც თანხვედრაშია ევროპულ დირექტივასთან. აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, მიიჩნევდნენ რა მას, ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ეფექტურ გზად სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად. კოალიციამ და მედია საშუალებებმა ალტერნატიული კანონპროექტიც კი მოამზადეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ გასული წლის დეკემბერში ცვლილებების მიღებისას არ გაითვალისწინა. მედიის წარმომადგენლებისთვის პრობლემური იყო ასევე მარეგულირებლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და პასუხის უფლების საკითხებიც. ჯერ კიდევ ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებდა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში მსგავს დებულებას და პარლამენტს მისი გაუქმებისაკენ მოუწოდებდა. არსებული კანონპროექტი კი კომპრომისულ ვერსიას შეიცავს, რომელიც მნიშვნელოვნად აზღვევს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება პრაქტიკაში წარმოიშვას. 
 
მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის მიერ 28 ივნისს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რომელიც მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციას ემყარება. აღნიშნული ცვლილება პოზიტიურ წვლილს შეიტანს ევროინტეგრაციის პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიამ დაჩქარებულად, მედიისა და სამოქალაქო სექტორის სრულყოფილი ჩართულობით, მიიღოს შესაბამისი ცვლილებები მაუწყებელთა “ქცევის კოდექსში”, ეფექტური თანარეგულაციის მექანიზმის შესაქმნელად. 
29.06.2023

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი. 

 
ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
27.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 ივნისს 3 საქმეს ონლაინ  განიხილავს: 

18:00 საათი: მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების ხატია ქვათაძის და გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2023 წლის 22 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად, კონტექსტიდან ამოჭრილად და მანიპულაციურად გააშუქეს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათი: ვალერიან ვაჩეიშვილი „გურიის მოამბის" წინააღმდეგ 

სადავო მასალები მედიასაშუალებამ 2023 წლის 9 და 24 მაისს გამოაქვეყნა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა მისი დისკრედიტაციის მიზნით. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის  პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

27.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ონლაინ მედია-პლატფორმა, „მაუწყებელის” ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია შპს ევოლუშენ ჯორჯია. 

სადავო მასალა 2023 წლის 2 ივნისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, მასალაში დასახელებულ ბრალდებებზე კი მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.  

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

27.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის ლანა კოკაიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებლები არიან ალექსანდრე კობაიძე და ნათია კეპაშვილი. 

სადავო სტატია 2023 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა და არასწორად გააშუქა. 

განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

27.06.2023

2023 წლის 21 ივნისს, „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კლინიკა „გორმედში“ მოხდა. 

„TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ მივიდნენ, რომლის მიხედვით, რეგისტრატურასთან საათობით რიგში დგომა უწევთ, რაც აფერხებს სამედიცინო მომსახურებას.

„TV მონიტორინგის “გადამღები ჯგუფი ვითარების გასარკვევად კლინიკაში მივიდა, რასაც კლინიკა „გორმედის“ დაცვის თანამშრომლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თანამშრომლის მხრიდან იყო ტექნიკის დაზიანების მცდელობაც. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაინტერესდეს „TV მონიტორინგის“ წარმომადგენლების საქმით და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, საფუძვლიანად გამოიკვლიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამისს უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ.

22.06.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია უკიდურესად კრიტიკულად აფასებს საკასაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „მთავარი არხის” დირექტორი პატიმრობაში რჩება. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია.

19 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, დაუშვებლად ცნო რა ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება.

არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი  „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს.

20.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ მედიაგამოცემა „სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტის თაკო ფეიქრიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გურამ კახაძე. 

სადავო სტატია 2023 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა, რაც დისკრიმინაციას ახალისებს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

16.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „TV პირველის” ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო. 

სადავო მასალა 2023 წლის 10 ივნისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალა დისკრიმინაციულია და შესაძლოა ხელი შეუწყოს და წაახალისოს, ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურეს ფორმას - ფემიციდს. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ფემიციდის რეკონსტრუქცია მოხდა, რაც არ წარმოადგენდა საზოგადოებრივ ინტერესს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

16.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს ჟურნალისტის გური სულთანიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ნინო კალანდია. 

სადავო მასალა 2023 წლის 30 მაისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია დისკრიმინაციულია შშმ პირების მიმართ და ახალისებს სიძულვილის ენას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

16.06.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 16 ივნისს 6 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: ააიპ ფემინა და მაგდა მამუკაშვილი ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ნინია ზვიადაძის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2023 წლის 15 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტური პროდუქტი არის დისკრიმინაციული, არაეთიკური, გენდერულად არამგრძნობიარე და სტერეოტიპული მოსაზრებების გამამყარებელი, ამასთან შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათი: დავით ჭიჭინაძე და გიორგი ტუმასიანი TV იმედის, POSTV-ს და პირველი არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ

სადავო მასალები 2023 წლის 15 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად და ცალმხრივად გააშუქეს. 

განმცხადებელი ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს მიმართ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, ხოლო „პირველი არხის” მიმართ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

16.06.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.