საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ick.ge-ს ჟურნალისტებს, გელა მთივლიშვილსა და გელა შაშიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
პირველი განცხადება გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემ შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ მასალა "გურჯაანის გამგებელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს არღვევს" არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.
ასევე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური გელა შაშიაშვილს. სადავო მასალა "კორუფციული სქემა ახმეტის მუნიციპალიტეტში" ეხებოდა თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ, ე.წ. "ნიამორის გადასახედის" აშენებას.
საქმის განხილვას მხოლოდ მოპასუხე მხარე, გელა შაშიაშვილი ესწრებოდა.
საბჭომ მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არც ერთ საქმეში სადავო მუხლი დარღვეული არ ყოფილა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ. განცხადების მიხედვით, 2016 წლის 22 ივნისს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება "მაცნეში" გავიდა სიუჟეტი "სახლი გზის გარეშე", რომელიც მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. ავალიანი მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ქეთი ციცქიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
სადავო გახდა 2016 წლის 23 აპრილს, ტელეკომპანია "ტვ პირველში" გასული სიუჟეტი, რომელიც ირაკლი ჯაშისა და ირაკლი ბჟალავას ცემის ფაქტს ეხებოდა. განმცხადებელი, ადვოკატი დავით ჯაფარიძე მიიჩნევდა, რომ "ტვ პირველმა" მიზანმიმართულად გაუშვა ეთერში ყალბი ვიდეომასალა, რათა დაცვის მხარისათვის მოეყენებინა ზიანი." შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი და მეხუთე პრონციპის გარდა დარღვეული იყო ქარტიის მესამე და მეოთხე პრინციპი, თუმცა აღნიშნულ პრინციპებზე დარღვევა არ დადგინდა.
სხდომას არც ერთი მხარე არ დასწრებია, ქეთა ციცქიშვილმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.
განმცხადებელი გიორგი გაბედავა სადავოდ ხდიდა "ქრონიკა+-ში" გამოქვეყნებულ მასალას "პირადი ცხოვრების ფირები გიორგი გაბედავამ ატვირთა?" მისი აზრით, გაზეთში მის მიმართ მძიმე ბრალდებებია წაყენებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
გიორგი გაბედავას მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, სადავო მასალაში ასევე დარღვეული იყო შემდეგი პრინციპები: 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) თუმცა საბჭომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება და მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
საქმის განხილვას არც განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი არ დასწრებია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18-ის" წამყვანებმა, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვიეს, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."
ქარტიის საბჭოს განცხადებით ირაკლი მანაგაძემ მიმართა, ის მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა "ბინა 18" შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მეშვიდე პრინციპის დარღვევა დაადგინა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
განმცხადებელი პაატა ლაგვილავა მსადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2016 წლის 12 მარტს გადაცემა "ბიზნეს კურიერში" გასულ სიუჟეტს "ნეპოტიზმი სამეგრელოში" და მიიჩნევდა, რომ აღნიშნვალი მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა "განზრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ". შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ პირველი პრინციპი დაირღვა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართეს ააიპ "ასოციაცია ატუმ", სს დაზღვევის კომპანია "ქართუმ" და შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებმა". ისინი მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
სადავო მასალა, "ელიტური კორუფცია", ეთერში 2016 წლის 8 მაისს გავიდა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრაც დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. განმცხადებლებს პრეტენზიები აქვთ გადაცემის ანონსთან დაკავშირებითაც.
იხილეთ განცხადებები: ასოციაცია "ატუ" დაზღვევის კომპანია "ქართუ" ჯი სი ეფ პარტნიორები