სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ. განცხადების მიხედვით, 2016 წლის 22 ივნისს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება "მაცნეში" გავიდა სიუჟეტი "სახლი გზის გარეშე", რომელიც მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა.  ავალიანი მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

19.07.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო პაატა ლაგვილავას განცხადება, გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ.

პაატა ლაგვილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსია. განცხადება ეხება 2016 წლის 05 ივლისს, გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას: "თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი - ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?" რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას შესახებ ინფორმაციას შეიცავს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული სტატიით დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე ( ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

ქარტიის სხდომა იქნება ღია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
07.07.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ქეთი ციცქიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

სადავო გახდა 2016 წლის 23 აპრილს, ტელეკომპანია "ტვ პირველში" გასული სიუჟეტი, რომელიც ირაკლი ჯაშისა და ირაკლი ბჟალავას ცემის ფაქტს ეხებოდა. განმცხადებელი, ადვოკატი დავით ჯაფარიძე მიიჩნევდა, რომ "ტვ პირველმა" მიზანმიმართულად გაუშვა ეთერში ყალბი ვიდეომასალა, რათა დაცვის მხარისათვის მოეყენებინა ზიანი." შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი და მეხუთე პრონციპის გარდა დარღვეული იყო  ქარტიის მესამე და მეოთხე პრინციპი, თუმცა აღნიშნულ პრინციპებზე დარღვევა არ დადგინდა.

სხდომას არც ერთი მხარე არ დასწრებია, ქეთა ციცქიშვილმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.

04.07.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი გიორგი გაბედავა სადავოდ ხდიდა "ქრონიკა+-ში" გამოქვეყნებულ მასალას "პირადი ცხოვრების ფირები გიორგი გაბედავამ ატვირთა?" მისი აზრით, გაზეთში მის მიმართ მძიმე ბრალდებებია წაყენებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

გიორგი გაბედავას მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, სადავო მასალაში ასევე დარღვეული იყო შემდეგი პრინციპები: 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) თუმცა საბჭომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება და მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საქმის განხილვას არც განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი არ დასწრებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.

04.07.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შალვა მეკრავიშვილის განცხადება, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ჟურნალისტის ირინე კეჭაყმაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი, რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში 9 ივნისს გავიდა, ეხება ქალაქ რუსთავში მეორე საჯარო სკოლაში ბავშებისათვის ლევან ვასაძის მსოფლიო კონგრესზე გამოსვლის და წამების კადრების ჩვენების ფაქტს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. ქარტიის სხდომა იქნება ღია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
30.06.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ. სადავო მასალა გადაცემა "იმედის დროში" 12 ივნისს გავიდა. სიუჟეტი კაცხის სვეტიდან მეკლდეურების გამოძევებას და ამის გამო სასულიერი პირებთან დაპირისპირებას ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) , მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. ქარტიის საბჭოს სხდომა იქნება ღია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
23.06.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შპს ჯიბითაიმს ჯორჯიას (ჯაკო FM) ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შპს ჯიბითაიმს ჯორჯიას (ჯაკო FM) განცხადება ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სადავო მასალა განმცხადებელი კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა - "სკანდალი – ტარიელ ხეჩიკაშვილისგან საბურთალოს – საჩუქარად მძლეოსნობის სტადიონი" მასალა მძლეოსნობის სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები, ვინაიდან ჟურნალისტმა დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა. ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
21.06.2016
2016 წლის 16-17 ივნისს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად გამართა მედიის თვითრეგულირების ორგანოების ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ პრესის საბჭოების წარმომადგენლები 11 ქვეყნიდან მათ შორისაა - უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსი, სერბეთი, მონტენეგრო, რუსეთი, ალბანეთი, მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ორდღიან კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა თვითრეგულირების ორგანოების გამოწვევები, მედიაში არსებული თანამედროვე ეთიკური დილემები, მისის გადაწყვეტის გზები, პროპაგანდასთან ბრძოლა და სხვა. გამოცდილების გაზიარების გარდა, მედიის თვითრეგულირების ორგანოების რეგიონული ქსელმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და რუსეთი, დაამტკიცა ქსელის მუშაობის განმსაზღვრელ დოკუმენტი.
20.06.2016

საქართველოს ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18-ის" წამყვანებმა, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვიეს, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

ქარტიის საბჭოს განცხადებით ირაკლი მანაგაძემ მიმართა, ის მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა "ბინა 18" შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მეშვიდე პრინციპის დარღვევა დაადგინა.

 

15.06.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი პაატა ლაგვილავა მსადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2016 წლის 12 მარტს  გადაცემა "ბიზნეს კურიერში" გასულ სიუჟეტს "ნეპოტიზმი სამეგრელოში" და მიიჩნევდა, რომ აღნიშნვალი მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა "განზრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ". შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ პირველი პრინციპი დაირღვა.

15.06.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართეს ააიპ "ასოციაცია ატუმ", სს დაზღვევის კომპანია "ქართუმ" და შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებმა". ისინი მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

სადავო მასალა, "ელიტური კორუფცია",  ეთერში 2016 წლის 8 მაისს გავიდა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრაც დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. განმცხადებლებს პრეტენზიები აქვთ გადაცემის ანონსთან დაკავშირებითაც.

იხილეთ განცხადებები: ასოციაცია "ატუ" დაზღვევის კომპანია "ქართუ" ჯი სი ეფ პარტნიორები

11.06.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიღო ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის წარმომადგენელის, აკაკი გიგინეიშვილის წერილი, სადაც ის გამოხატავს თავის პოზიციას  ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,  საქმეზე, შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი:  "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ"

ქარტიის საბჭომ საქმე "შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ" 2016 წლის 08 მაისს განიხილა. განმცხადებელი შალვა რამიშვილი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის დეკემბერში გადაცემა "პოლიტიკაში" მისი ნების საწინააღმდეგოდ გიორგი ბახტაძემ კონკრეტული რესპონდენტების მოწვევა აიძულა.

საქმის განხილვისას გიორგი ბახტაძის ინტერესებს აკაკი გიგინეიშვილი იცავდა. მის მიერ გამოგზავნილი წერილის თანახმად, საბჭომ "ტენდენციური" გადაწყვეტილება მიიღო. წერილში განმცხადებელი  ეხება ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების როგორც შინაარსობრივ, ისე პროცედურულ საკითხებს. შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ როგორც ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება, ისე  აკაკი გიგინეიშვილის განცხადება. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს ქარტიის საბჭოს სამდივნო განმარტავს:

  1. შალვა რამიშვილის განცხადების საკითხის დასაშვებობა დადგენილი იქნა სპეციალური წესით და იგი დასაშვებად სცნო საბჭომ.
  2. განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ, იგი გადაეგზავნა მოპასუხეს. შეტყობინებით საბჭო დაინტერესდა გიორგი ბახტაძის პოზიციით, ცნობილი იყო თუ არა მისთვის მიმოწერის შესახებ. სხდომის გამართვის წინა დღეს მოპასუხემ გვთხოვა, რომ მისთვის გადაგზავნილიყო ჩვენს ხელთ არსებული მიმოწერის ვერსია. არც სხდომამდე და არც სხდომის დროს მოპასუხეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია მიმოწერის ავთენტურობა. ამასთან, საქმის განხილვამდე გიორგი ბახტაძემ საჯარო განცხადებით დაადასტურა მიმოწერის შინაარსი.
"იმედის" წარმომადგენლის წერილი [gallery columns="2" size="large" ids="6107,6108,6109,6110"]
09.06.2016

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.