საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სააგენტო GHN-ის რედაქტორმა თემურ ჭუმბურიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა კომპანია iPlus-მა, რომელიც სადავოდ ხდიდა GHN-ზე გამოქვეყნებულ მასალას სახელწოდებით „აშშ-დან დასკვნა ჩამომივიდა, „iPhone+“-ში ნაყიდი „iPhone5“ ფასლიფიცირებულიაო და ისე ავღელდი, ინფარქტით საავადმყოფოში აღმოვჩნდი! განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ “ჟურნალისტმა არ სცადა, გაერკვია ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს” და არ ჩაასწორა ინფორმაცია. თავდაპირველად iPlus-ი დავობდა მეცხრე პრინციპთან დაკავშირებითაც, რომელიც ჟურნალისტს სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნას ავალდებულებს, თუმცა საქმის განხილვისას საკუთარი მოთხოვნა ამ პრინციპთან დაკავშირებით მოხსნა. რადგან სტატიაში ავტორი იდენტიფიცირებული არ იყო, მოპასუხედ განისაზღვრა რედაქტორი თემურ ჭუმბურიძე.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება,
თბილისი, 13 აპრილი, 2017 წ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგს აგრძელებს. მედია მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია. მონიტორინგი 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩატარდება.
მონიტორინგისას გამოყენებული იქნება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. გასული წლებისგან განსხვავებით წელს კვლევის ფოკუსი უფრო მეტად სიღრმისეულ ანალიზზე გაკეთდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონიტორები დააკვირდებიან თუ რა ჭრილში, რა კონტექსტში შუქდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, რა თემებთან დაკავშირებით ჩანან ყველაზე ხშირად ბავშვები. ამასთან გაანალიზებენ თუ რა დეტალები აკლდა ინფორმაციას სრულად წარმოსაჩენად, რამდენად რელევანტური წყაროები საუბრობდნენ.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება წინა პროექტის ფარგლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილ ისეთ პრობლემურ თემებზე, როგორიცაა ბავშვების გამოყენება საკუთარი ცნობადობის ამაღლების და საქველმოქმედო მიზნებისთვის, მძიმე სოციალურ პირობებში და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების გაშუქება, კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებული ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება და აშ. მონიტორინგის შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება ივლისში, ხოლო საბოლოო ანგარიშს ქარტია საზოგადოებას დეკემბერში წარუდგენს.
პროექტი მონოტორინგის გარდა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს - გაიმართება დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა, საბავშვო არხების მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები; ბავშვთა საკითხების გაშუქების სწავლება უმაღლესი სასწავლებლებში და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და მედია განათლება.
იგეგმება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. მათთვის გამოცხადდება კონკურსიც, მედიის შესახებ მომზადებული საუკეთესო ბლოგპოსტები გამოქვეყნდება ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმაზე, mediachecker.ge-ზე.
აგრეთვე გაიმართება 5 სემინარი, ერთი პანკისის სათემო რადიოში დანარჩენი 4 (ორი თბილისში და ორი რეგიონში) კი კონკურსის წესით შერჩეულ მედია ორგანიზაციაში, სადაც ტრენერები უშუალოდ რედაქციებში იმუშავებენ და ჟურნალისტებს თემების დაგეგმვასა და მასალების მომზადებაში დაეხმარებიან.
ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივ პროექტებს 2013 წლიდან ახორციელებენ. ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე ამგვარი სისტემური დაკვირვება ტენდენციებისა და განვითარების ანალიზის საშუალებას იძლევა. მედიამონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქების თვალსაზრისით, იზრდება ბავშვის მონაწილეობით მომზადებული მასალების რაოდენობაც, თუმცა ბავშვთა საკითხებს მედია მხოლოდ ახალი ამბების კონტექსტში აშუქებს და მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლება. კვლავაც პრობლემად რჩება ისეთი თემების სიღრმისეულად გაშუქება, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კომპანია iPlus-მა, რომელიც Apple-ის პროდუქციის რეალიზატორია, საინფორმაციო სააგენტო GHN-სა და ინტერნეტ გამოცემა Fact2.ge-ს წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
განცხადების მიხედვით, GHN-მა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), 5(შესწორება) და 9(სარეკლამო მასალის გამიჯვნა) პრინციპები მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით -„აშშ-დან დასკვნა ჩამომივიდა, „iPhone+“-ში ნაყიდი „iPhone5“ ფასლიფიცირებულიაო და ისე ავღელდი, ინფარქტით საავადმყოფოში აღმოვჩნდი! iPlus-ი მიიჩნევს, რომ "ჟურნალისტმა არ სცადა გაერკვია ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს" და არ ჩაასწორა ინფორმაცია. ამასთან, განმცხადებელს ეჭვი აქვს, რომ სადავო მასალა კონკურენტი კომპანიის მიერ წარმოებული "საინფორმაციო ომის" შედეგია.
მეორე განცხადება კი ეხება Fact2.ge-ს მასალას „IPHONE+“-ის მორიგი დაზარალებული?! ნანიკო ხაზარაძე: არც დამიშვია, რომ შეიძლებოდა, მეორადი ტელეფონი მოეყიდა, მაგრამ… iPlus-ის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და 5 (შესწორება). განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მიჩქმალა მეორე მხარის პოზიცია და მითითების მიუხედავად, არ ჩასწორა მასალა. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, "ონალინ გამოცემამ მიკერძოებულად გაავრცელა ინფორმაცია და ზიანი მიაყენა“აიპლუსის” (iPhone+) იმიჯს."