ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების სახელმძღვანელო წესები
18.09.2017
ფსიქიკური ჯანმრთელობა განიმარტება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად შრომა და წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თავის მხრივ ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „ჯანმრთელობას“ შემდეგნაირად განსაზღვრავს - „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობა”.

ფსიქიკურ დაავადებებს შორისაა:
  • დეპრესია
  • შიზოფრენია
  • პოსტ ტრავმული აშლილობა
  • ბიპოლარული აშლილობა და სხვა

ფსიქიკური დაავადებების რიცხვი თითქმის ორმაგდება ომისა და კატასტროფების შემდეგ. საზოგადოებაში არსებული სტიგმა კი ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის მიიღონ ქვეყანაში არსებული სერვისები. სტიგმის გაძლიერებაში კი შესაძლებელია დიდი როლი ითამაშოს მედიის მიერ ამ თემის არასწორმა გაშუქებამ. ამიტომაც ჟურნალისტმა კარგად უნდა გააცნობიეროს რატომ ასახელებს პირის დიაგნოზს, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ მასალის გმირისთვის, არამედ ყველა იმ პირისთვის, ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სტიგმა და სტერეოტიპები

  • არ გამოთქვათ ვარაუდი ადამიანის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ, თუკი ზუსტად არ იცით, რომ მას ამგვარი დიაგნოზი აქვს. დიაგნოზის არსებობის შემთხვევაშიც, ხაზგასმა პირის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ დეტალის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს.
  • დაუშვებელია დიაგნოზით სპეკულირება.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მრავალფეროვანია, მათ განსხვავებული ფორმები და სიმძიმე აქვთ. ამგვარ პრობლემად მიიჩნევა როგორც მაგალითად, ნევროზი, ან შფოთი, ისე შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა. შესაბამისად, დაუშვებელია ყველა ტიპის პრობლემის ერთ კონტექსტში განხილვა. როცა კი შესაძლებელია, დააზუსტეთ რა ტიპის დიაგნოზთან გაქვთ საქმე, შიზოფრენიასთან, დეპრესიასთან თუ სხვა რამესთან.
  • არ მოიხსენიოთ ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონედ, თუკი ეს დეტალი ჟურნალისტური პროდუქტის თემას ცხადად არ უკავშირდება და დამატებით ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას. მიუღებელია, ადამიანის მიერ სხვადასხვა ქმედების მტკიცებითი ფორმით დაკავშრება მის დიაგნოზთან, როდესაც დადასტურებული არ არის, რომ კონკრეტული ქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. მსგავსი მიდგომა საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე კონკრეტული პრობლემის მქონე დიაგნოზის მქონე ყველა პირი ამგვარად იქცევა.
  • განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საქმის წარმოებაზე რაიმე გავლენას იქონიებს პირის დადასტურებული დიაგნოზი ანდა ამ კონკრეტული დეტალის მიმართ საჯარო ინტერესი მკაფიო და მაღალია. საჯარო ინტერესი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული.
  • თუკი მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პირის დიაგნოზი ამბის მნიშვნელოვანი დეტალია, მისი გამჟღავნების დროს უმჯობესია დაასახელოთ წყარო. ვინ ამბობს ამას -
    • ექიმი ადასტურებს?
    • სასამართლოს მოთხოვნით დადგინდა?
    • მეზობლები, ახლობლები ამბობენ?
    • ასეთ დროს რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მათი ინფორმაცია?
  • კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები.
  • მედიამ ძალადობის, კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედებების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოს ჟურნალისტურ პროდუქტში მოწმეთა, თვითმხილველთა ან მეზობელ-ახლობელთა იმგვარი კომენტარების გამოყენებას, სადაც წყარო ხაზს უსვამს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩადენილ ქმედებას მას უკავშირებს.
  • როდესაც ასახელებთ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, აუცილებელია დააზუსტოთ დიაგნოზის დასმის დრო და ამჟამინდელი მდგომარეობა. შესაძლოა, ადამიანს ოდესღაც ჰქონდა დიაგნოზი, მაგრად დღეს მისგან თავისუფალია.
  • მოერიდეთ კონკრეტული სიმპტომების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებას. მაგალითად, მოწყენილობა, გაბრაზება, მარტო ყოფნის სურვილი - ეს ნორმალური ემოციებია როგორც დიაგნოზის მქონე პირებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის მონაწილეობა ჟურნალისტურ პროდუქტში

  • მიეცით საშუალება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, თავადვე ისაუბრონ როგორც საკუთარ დიაგნოზზე, ისე სხვადასხვა მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ თუ სხვა თემებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა ფსიქიკური დაავადებები სხვადასხვა სიმძიმისაა და არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი პრობლემის მქონე ყველა ადამიანს არ შეუძლია გაცნობიერებულად გამოთქვას აზრი რომელიმე საკითხზე. ამიტომაც არ მოახდინოთ მისი დისკრიმინაცია, არ შეუზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება მისი დიაგნოზის გამო, მაგრამ დარწმუნდით რესპონდენტი ინტერვიუზე გააზრებულად დაგთანხმდათ.
  • ადამიანი, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზის მქონეც გააშუქეთ ისე, რომ არ გახადოთ ბულინგისა და დაცინვის ობიექტი. რას უნდა მოიცავდეს გაშუქება
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტურ მასალებში მიაწოდეთ აუდიტორიას ინფორმაცია, რომ განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური ისტორიები, განსაკუთრებით, იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეექმნათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ დაძლიეს.
  • აჩვენეთ, რომ დიაგნოზი არ ნიშნავს დასასრულს. თუმცა ამავე დროს ყურადღებით იყავით, პოზიტიურად წარმოჩენის ზედმეტმა მონდომებამ პირიქით, მათი სტიგმატიზება არ გამოიწვიოს.
  • მედიამ აუდიტორია უნდა მიაწოდოს შემდეგი ტიპის ინფორმაცია: 
    • რა ტიპის მკურნალობის მეთოდები არსებობს?
    • რა უფასო და ფასიანი სევრვისები მოქმედებს და სად შეიძლება ამ სერვისების მიღება? რამდენად ხელმისაწვდომია ის მოქალაქეებისთვის?
    • როგორ მუშაობს სახელმწიფო ფისიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით?
    • რამდენად ადეკვატურია და საკმარისია ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები?
    • როგორ მოახერხეს ადამიანებმა ამ პრობლემის დაძლევა?
  • ისევე როგორც სხვა თემების გაშუქებისას უპირატესობა მიანიჭეთ სისტემური პრობლემების ჩვენებას
  • მოერიდეთ ადამიანების პრობლემის სენსაციურ ჭრილში წარმოჩენას

ტერმინები

  • ეცადეთ სხვადასხვა მოვლენა არ აღწეროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინებით. მაგალითად, არ გამოიყენოთ “დაჯილდოების ცერემონიალი შიზოფრენიული/შიზოიდური იყო”.
  • დაუშვებელი და დისკრიმინაციულია შემდეგი ტერმინების გამოყენება: გიჟი, შეშლილი, შიზოფრენიკი, პარანოიკი და ა.შ.
  • დიაგნოზის დასახელებისას, აუცილებელია სიზუსტის დაცვა და წინა პლანზე არა დიაგნოზის, არამედ ადამიანის წამოწევა. მაგ: სწორია: ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს და არა შიზოფრენიკი, შიზოფრენიით/დეპრესიით დაავადებული, სულიერად ავადმყოფი და სხვა.
სწორია არასწორია

 

  • ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი
  • ადამიანი, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს

 

  • გიჟი
  • შეშლილი
  • შიზოფრენიკი
  • პარანოიკი
  • ფსიქიკური ავადმყოფი
  • შიზოფრენიით/დეპრესიით/ ბიპოლარული აშლილობით დაავადებული
  • სულიერად ავადმყოფი
  • ფსიქიკური პრობლემის მქონე