09.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს, რომ დროულად, სრულფასოვნად და მრავალმხრივ  მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია.

საზოგადოებას უფლება აქვს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კრიტიკულად დაძაბულია.
 
2020 წლის 31 ოქტომბერის არჩევნების კენჭისყრის დღიდან მოყოლებული მედიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.
 
კენჭისყრის დღეს, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია მედიის მისამართით, დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. დღის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირები თავისი განცხადებებით ახალისებდნენ ამ აგრესიას.

2020 წლის 8 ნოემბერს კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შედეგად, სხეულის დაზიუანება მიიღო 4-მა ჟურნალისტმა. დაშავდნენ სხვა რეპორტიორებიც, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც. აქციის დაშლისას წყლის ჭავლს დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებს. 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის ცდილობდა ყურადღების გარეშე არ დაეტოვებინა ჟურნალისტთა დევნისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის თითოეული ფაქტი და ყოველთვის მიმართავდა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა ყველა ეს მცდელობა რჩებოდა რეაგირების გარეშე, ისევე როგორც რეაგირების გარეშე დარჩა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას 40-მდე ჟურნალისტის დაშავებისა და დაზიანების ფაქტი. ასეთმა მიდგომამ კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა. 
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოგმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  ასევე საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ერთად დავიცვათ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და შევქმნათ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. 
 
09.11.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები უარყოფითად ვაფასებთ 2020 წლის 08 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს. რასაც მოჰყვა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების მნიშვნელოვანი დაზიანება.

ამ დროისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედია ორგანიზაციების კუთვნილი ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც გადმოვარდა:
1. აქციის გაშუქებისას "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორს პავლე ხაჩიძეს თვალი დაუზიანდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
2. წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
3. დაშავდა ამავე არხის ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, რომელიც წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო.
4. აქციის გაშუქებისას დაშავდა „რადიო თავისუფლების“ ორი გადამღები ჯგუფი. წყლის ჭავლმა დააზიანა მედიასაშუალების კამერა.
5. ფოტოკამერა დაუზიანდა OC MEDIA-ს თანადამფუძნებელ, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მის კამერას სავარაუდოდ ქვა მოხვდა.
6. ტექნიკა დაუზიანდა "რუსთავი 2-საც". მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმაც.
7. წყლის ჭავლისგან მობილური ტელეფონი დაუზიანდა „გურიანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ ცაავას.
8. წყლის ჭავლის დამიზნებით სროლაზე საუბრობს JRC-ის ჟურნალისტი გიგა აბულაძე, რომელიც ასევე დაშავდა წყლის ჭავლისგან მუშაობის პროცესში. როგორც იგი ამბობს, აქვს თვალების წვის შეგრძნება და ცრემლდენა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეახსენებს მმართველ გუნდს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პატივი სცეს მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებას, ამასთან განსაკუთრებული ვალდებულებაა არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებობა მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ 2020 წლის 08 ნოემბერს მომხდარი მოვლენების გამო უნდა დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა და მედიას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

ამასთანავე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოხატავს მზადყოფნას ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება.
26.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ იმ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისგან, რაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ფიგურირებს.
10.07.2020
9 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა იმ ახალგაზრდების  პირადი შინაარსის ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებიც უკავშირდებიან გიორგი შაქარაშვილის საქმეს. ქარტია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტებმა დაარღვიეს ამ საქმეში მონაწილე პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
07.07.2020
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს და მისი მიღება უდიდეს ზიანს მიაყენებს მედიაგარემოს.
06.07.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ.
26.06.2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწყებულია გამოძიება. განცხადებაში სუს-ი სიუჟეტს დეზინფორმაციულს უწოდებს, ხოლო ქმედებას - საბოტაჟს.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანია “მთავარის” მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება, წარმოადგენს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებას და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტს.
25.06.2020
კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.