05.07.2021


გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ. 

  • ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;
  • ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • სცემეს „ფორმულას” სხვა გადამღები ჯგუფი - გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;
  • „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები;
  • თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს „ტაბულას” ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით „პრესა". 
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას;
  • თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს;
  • პალიტრანიუსის ინფორმაციით, ნაცემია მედიასაშუალების ოპერატორი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ტელეარხის ვიდეოკამერა;
  • ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ;
  • დაშავებულია რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, დაზიანებულია მათი კუთვნილი ტექნიკა. ჟურნალისტ თორნიკე მანდარიას თავი აქვს გატეხილი და კბილები ჩამტვრეული. ოპერატორ დათო ქორიძეს კი დაზიანებული აქვს თავი და სახეზე რამდენიმე ადგილას ჰემატომა; 
  • „პირველი არხის" ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირებისას მათი ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა;
  • ნაცემია „TV პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა და დამტვრეულია აპარატურა;
  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციის მიმდინარეობას აშუქებდა;
  • დაშავდნენ მთავარი არხის ჟურნალისტები დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი და თორნიკე ბარნაბიშვილი;
  • „გურია ნიუსის” ინფორმაციით, დაუპირისპირდნენ მათ ჟურნალისტს მერაბ ცაავას;
  • დაშავდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები მარიამ ქუმსიშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია​, სალომე ბოკუჩავა, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ​​ნიკოლოზ ურუშაძე და შოთა სიკინჭალაშვილი;
  • დაშავებულია „ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი;
  • დაშავდნენ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტები ნინო ვარძელაშვილი, რატი წვერავა, ლუკა ხაჩიძე; ოპერატორები ლევან ბრეგვაძე, ნიკოლოზ ქალიაშვილი, ზაზა კაპანაძე, გიორგი მაისაშვილი; ფოტოგრაფი ვახო ქარელი.

ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია 40-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.  

ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. 

02.07.2021

2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება, ამჟამად კი მიმდინარეობს „პრაიდის კვირეული”. პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას „ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- უზრუნველყოს „ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება;

- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;

- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.

30.06.2021

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარმართოს.

დღეს, 2021 წლის 30 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მედიის წარმომადგენლებს წალკაში თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავს დანაშაულებზე მყისიერი რეაგირება არ მოუხდენია, რაც ერთგვარად ახალისებს მედიის წინააღმდეგ არსებულ აგრესიას.

24.06.2021

პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება და 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება. ამასთან დაკავშირებით ულტრარადიკალურმა ჯგუფებმა კვირეულის წინააღმდეგ აქციები დააანონსეს. 

ქარტია მოუწოდებს მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაშუქებისას საზოგადოებას მიაწოდეთ ინფორმაცია მათი მიზნებისა და მოტივაციების შესახებ; 
  • ეცადეთ ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • სიძულვილის ენის შემცველი მასალის განთავსებისას ცხადად უნდა გამოკვეთოთ გაშუქების მიზანი. აჩვენეთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ გულისხმობს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”. შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია;
  • არ დაუთმოთ ეთერი ძალადობისკენ მოწოდებებს, სიძულვილის ენას. 
04.06.2021

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მედიასაშუალებებში ვრცელდება ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ბავშვებისა და ერთ-ერთი მშობლის სახელი-გვარი, ასევე, მისი ტელეფონის ნომერი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენები. მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, და­იცვას ბავშვის ინტერესები და ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. მოვუწოდებთ ჟურნალისტებს თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების ისეთი ფორმით გავრცელებისა და გასაჯაროვებისგან, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ბავშვების და მათი მშობლების  პერსონალური ინფორმაცია. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის;
  • წინასწარ შეაფასეთ ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს;
  • ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს. 
28.05.2021
2021 წლის 27 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნუგზარ სოლომონიძემ „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებები გაუგზავნა.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ კოალიცია "ქართულ ოცნების" ლიდერებს მიიღონ სათანადო ზომები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმების შესაჩერებლად.

27.05.2021

გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ სოლომონიძე „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის. „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ - წერს ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტვ 25-ის მასალიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

24.05.2021

ბელარუსის ხელისუფლებამ ცრუ შეტყობინების საფუძველზე მინსკში ავარიულად დასვა თვითმფრინავი და დააკავა მასში მყოფი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი, რომელსაც ხელისუფლება არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს.


  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს რომან პროტასევიჩს  და მიაჩნია, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 
  • ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰქონდეს სათანადო რეაქცია მედიის წარმომადგენლის დაკავებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო შემთხვევას მხოლოდ Twitter-ზე  გამოეხმაურა, სადაც მიესალმა რეისის უსაფრთხო დაშვებასა და ბორტზე მყოფი ადამიანის დაკავება მიუღებლად შეაფასა. ქარტია მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირად არ ასახავს შექმნილი ვითარების სიმწვავეს. ლიეტუვამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა უკვე მოითხოვეს ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდეს სათანადო რეაქცია და დაგმოს ჟურნალისტის დაკავება.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ერთად დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. 
17.05.2021

დღეს, 2021 წლის 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ დმანისში მიმდინარე პროცესები.

17.05.2021

ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დმანისში დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც და ხელი შეეშალათ მუშაობაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.