18.03.2022
დღეს, 2022 წლის 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან თავს უცნობი პირები დაესხნენ. გოგოხიას თქმით, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ასევე, სცემეს ოპერატორი. დამტვრეულია აპარატურაც.

ცნობილია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მაუწყებლის ინფორმაციით, „რამდენიმე მოძალადე პოლიციამ უკვე დააკავა“.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
17.03.2022

დღეს, 2022 წლის 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი პირი და დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, ცნობილია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ტელეკომპანია „ფორმულა”-ს თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წარმოადგენს მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგს და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.

კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

06.03.2022
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი. ის ამ დრომდე კომენტარის და იდენტიფიცირებისგან თავს იკავებდა რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის  გამო. 

დღეს, 2022 წლის 06 მარტს ცნობილი გახდა, რომ  მიხეილ ფიშმანის ოჯახი საქართველოშია, ჟურნალისტს კი არ ეძლევა შესაძლებლობა გადმოკვეთოს საზღვარი და ისევ ელოდება პასუხს საქართველოს სახელმწიფოსგან. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. 

ახლახან რუსეთის ხელისუფლებამ რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის - რომელსაც კრემლი “ყალბად” მიიჩნევს - გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მაღალი ჯარიმით ან პატიმრობით. აღნიშნულის ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი. რუსეთში შეწყვიტეს მაუწყებლობა სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის CNN-მა, დაიხურა Deutsche Welle-ს რუსული ბიურო. ამიტომაც, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დახმარება დასჭირდებათ სხვა რუსს ჟურნალისტებსაც. 

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა მსგავსს დაბრკოლებებს რუსეთიდან ერევნის გავლით შემოსული სხვა პირები არ აწყდებიან. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განმარტოს  თუ რა გახდა მიხეილ ფიშმანის არ შემოშვების მიზეზი.  

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს. განუხრელად შეასრულოს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ შელახოს კრიტიკული ჟურნალისტების და მათთან ერთად მყოფი პირების უფლებები.
02.03.2022

მეშვიდე დღეა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა. 

საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ დაგროვდა უამრავი შეკითხვა, რომელზე პასუხსაც მედია და შესაბამისად, საზოგადოებაც ვერ იღებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნის მთავრობა მხოლოდ მთავრობის სხდომების შემდეგ გაკეთებული მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს და ამ დრომდე არცერთხელ არ შეხვედრია ჟურნალისტებს.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და მოვუწოდებთ, პატივი სცენ მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ინფორმაცია, მოაწყონ პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის და უპასუხონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გარშემო დაგროვილ შეკითხვებს.

აუცილებელია, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეკითხვის დასმის საშუალება ჰქონდეს საქართველოში მოქმედ ყველა ტიპის  მედიას და არამხოლოდ ნაციონალური სატელევიზიო არხების წამყვანებს ან ჟურნალისტებს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ასევე, დაუშვებელია, ჟურნალისტების შერჩევა და შეხვედრაზე დაშვება-არდაშვება ხელისუფლების მიმართ კეთილი ან კრიტიკული განწყობების მიხედვით. 

ასევე, მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამგვარი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებამ დროულად და სრულად მიიღოს ინფორმაცია. 

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმაა, მთავრობა და მმართველი გუნდი კი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქის უფლებას, მიიღოს ინფორმაცია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ მედია ეხმარება საზოგადოებას მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგში.

02.03.2022

დღეს, 2022 წლის 2 მარტს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, „ფორმულას” ჟურნალისტს, რატი წვერავას სასამართლოსთან, სავარაუდოდ, ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები დახვდნენ. ისინი ჟურნალისტს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ძალადობრივ ანგარიშსწორებას. ამასთანავე, შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2” -ის თანამშრომლებს არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, თუმცა უცნობია, არიან თუ არა თავდამსხმელი პირები იდენტიფიცირებული და იგეგმება თუ არა მათი დასჯა კანონით გათვალისწინებული წესით.

მომხდარი ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მასშტაბური თავდასხმის მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დაუსჯელობამ წაახალისა მედიის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ 2 მარტს სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე დროული სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

01.03.2022

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ფონზე, რუსეთი, პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ახდენს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ცალკეულ ადამიანებზე მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმას. სწორედ ეს იყო ევროკავშირის მოტივაცია, როცა რუსეთის მთავრობასთან აფილირებული მედია დაბლოკა. რუსულ სამთავრობო მედიას სანქციები დაუწესა სოციალურმა მედიამაც. მანამდე სანქცირებულთა სიაში აღმოჩდნენ მთავრობასთან აფილირებული რუსი ჟურნალისტებიც, რომლებიც რუსული დამპყრობლური პროპაგანდის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

მსგავსს სტრატეგიას იყენებს რუსეთი საქართველოშიც. რუსული სამთავრობო თუ მასთან აფილირებული ადგილობრივი მედიის და სოციალური ქსელების დახმარებით, ავრცელებს ყალბ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ცდილობს გაამართლოს საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რუსეთი 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ ქვეყანას და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.

საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მხრიდან მომდინარეობს და არ დგამს სათანადო ნაბიჯებს მათ საწინააღმდეგოდ. რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის შეზღუდვისთვის დღეს საქართველოში არსებული საკანონმდებლო საფუძვლების პარალელურად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

  • საქართველოს პარლამენტმა დააწესოს სანქციები ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდის გავრცელებისთვის. საფუძვლად გამოიყენოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი და შეიტანოს მასში შესაბამისი ცვლილებები.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ალტ-ინფოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მმართველი პირების მიმართ, ვინაიდან მათ ქმედებებში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები.
  • კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტ სერვის პროვაიდერებმა, გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები.
  • მოვუწოდებთ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს, გამოავლინონ მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღონ შესაბამისი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფო მედიებისა და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიების ტრანსლაციის შესაზღუდად.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს პროპაგანდისტული არხების ტრანსლაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებში.

24.02.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მედიის წარმომადგენლებს და კოლეგებს უკრაინის პრესის საბჭოში. 

ქარტია მადლობას უხდის ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებამ მიიღოს გადამოწმებული და სრულყოფილი ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. 

ამავდროულად, ქარტია მიმართავს საქართველოს მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ სიფრთხილე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, რადგან ასეთ დროს განსაკუთრებით აქტიურდება პროპაგანდისტული კამპანიები და დეზინფორმაცია, ვრცელდება უამრავი გადაუმოწმებელი ცნობა, ვიდეო და ფოტო მასალა. 

იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყურადღება მთლიანად მიმართულია უკრაინის მოვლენებისადმი, მნიშვნელოვანია, მედიამ გაორმაგებული ძალისხმევა დახარჯოს ინფორმაციის გადასამოწმებლად და მხოლოდ სანდო წყაროები გამოიყენოს.

ქარტია ასევე მიმართავს საზოგადოებას, ნუ წამოეგებიან საქართველოში მოქმედი პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაციებისა და საინფორმაციო არხების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას.

21.02.2022

2022 წლის 20 თებერვალს მედიაში გავრცელდა, სავარაუდოდ, სასულიერო პირის მხრიდან მეორე სასულიერო პირის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეო. 

ვიდეოშიც და მედიის მიერ მისი გავრცელების ფორმებშიც რამდენიმე პრობლემაა: 

  • ვიდეოში ღიად იდენტიფიცირებული არიან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი და სავარაუდო მოძალადე, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლის სახე დაფარულია, თუმცა სახელები და გვარები გაჟღერდა; 
  • ვიდეოში ისმის ჰომოფობიური ფრაზები და ჟღერდება ბრალდებები;
  • მედიის მიერ ვიდეოს გავრცელებისას, არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, ინფორმაცია გადაემოწმებინა რომელიმე წყაროსთან.

ამასთან, კადრებში არ ჩანს მომხდარი ამბავი სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ისმის კონკრეტული ბრალდებები და მოძალადე პირის მოწოდება, რომ იქ მყოფმა კიდევ ერთმა პირმა ვიდეო გადაიღოს. მნიშვნელოვანია, მედია არ გახდეს კონკრეტული პირების ინტერესების უნებლიე გამტარებელი და სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალების გამოყენებისას პროფესიული სტანდარტის დაცვას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობის ამსახველი კადრების გაშუქებისას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • მედიას მხოლოდ მაშინ აქვს კრიმინალისა და ანტისოციალური ქმედების მონაწილე პირების იდენტიფიცირების უფლება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს. ფაქტორები, რომლებიც მედიამ ამ დროს უნდა გაითვალისწინოს, არის: დანაშაულის სიმძიმე, არიან, თუ - არა, მონაწილეები ცნობილი პირები და რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი, რომ იცოდეს საზოგადოებამ პირთა ვინაობა;
  • მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა;
  • მედიამ არ უნდა დაუთმოს ეთერი ძალადობისკენ მოწოდებებს, სიძულვილის ენას. 

ქარტიას მიაჩნია, რომ მსგავსი მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს მსგავსი საკითხები.

კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდი რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადების პროცესში. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.

18.02.2022

ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოში მედიასაშუალების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მათ გადამღებ ჯგუფსაც. ქარტიის ინფორმაციით, მუშაობა არასათანადო პირობებში მოუწიათ ტელეკომპანიების „ფორმულას”, „თრიალეთისა” და „ტვ მონიტორინგის” წარმომადგენლებსაც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ პოლიციელების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კასპის საკრებულოში მედიის წარმომადგენლების უფლებები დაირღვა. 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები.

ქარტიას მიაჩნია, რომ თავდასხმა პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. აუცილებელია სამართალდამცავ პირებს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

17.02.2022

ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა” ჟურნალისტებისადმი მუქარასა და თავდასხმებს განაგრძობს. TOK TV-ს მიერ 2022 წლის 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს „კონსერვატიული მოძრაობის” ოფიციალური Facebook-ანგარიშიდან დაემუქრნენ. „ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება" - ეს კომენტარი, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" სახელით, მედიასაშუალების იმ მასალის ქვეშ დაიწერა, რომელიც ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ამ პარტიის მხარდაჭერას ეხებოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისადმი მუქარა სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლები ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში ჟურნალისტთა მასობრივი დარბევისა და ძალადობის ორგანიზატორები. ამ დარბევის შედეგად დაშავებული ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. ამავე მოძრაობის ლიდერები ემუქრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს და მოითხოვდნენ გადაცემა „ახალი კვირის" დახურვას. მოგვიანებით ეს გადაცემა ფორმალურად სხვა მოტივით, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტმა მაინც დახურა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. მიგვაჩნია, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.