22.09.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ალავიძის განცხადებით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებისგან კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, ხდებოდა დაბარება კაბინეტში და „ქუჩური წესებით საქმის გარჩევა“, რათა მათთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო. 

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ 2011 წლის თებერვალში 10 წლიანი ვადით დაინიშნა.  2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა. ალავიძე ჯერ კიდევ 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში, ღიად საუბრობდა სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და „ჩაწყობებზე“. ასევე, იგი  ადასტურებდა, სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ე.წ. კლანის არსებობას.

ბესარიონ ალავიძის განცხადება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმაგოგაშვილმასოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში კონკრეტულ საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს-მა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა. როგორც ცნობილია, 2017 წელს, ალავიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმე განიხილა და 8 კოლეგასთან ერთად კერძო მაუწყებელი  ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების არსებობის თაობაზე წლებია ისმის დასაბუთებული კრიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებები. სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა და ბოლო დროს ყოფილი მოსამართლეების  მხრიდან გავრცელებული უმძიმესი ბრალდებებიც მიუთითებს. 

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

მოსამართლეთა ზეწოლასა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მათ შორის, დეტალურად შეისწავლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი შესაძლო ზეწოლის შემთხვევები.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. გამოვლენილი ხარვეზების ანალიზს კი დაეფუძნოს რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება იქნება. 

20.09.2022

2022 წლის 20 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში მძევლად აყვანილი პირის მიერ გადაღებული ვიდეოები. კადრებში იდენტიფირებული არიან მძევლად აყვანილი პირები - თავდამსხმელი მათ სამართალდამცველებთან საკონტაქტოდ იყენებს. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მედიამ არ უნდა მისცეს თავდამსხმელს ტრიბუნა, რომელიც მას სჭირდება გავლენის მოსახდენად. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.

ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს სთხოვს გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მძევლების ახლობლებს, რომლებისთვისაც მძიმე მოსასმენი და სანახავი იქნება ამგვარი დეტალების შესახებ ინფორმაცია.

ამასთან, მუქარის შემცველი მესიჯების გარდა, მედიის ხელში შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი ვიდეოები, რომლებზეც ასახულია რომელიმე ძალადობრივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ ადამიანებზე ძალადობის სცენა. გარდა იმისა, რომ მსგავსი ვიდეოების პირდაპირ, დაუმონტაჟებლად გადაცემა და ვერბგვერდებზე განთავსება პანიკას თესავს, სხვა მიზეზითაც არ არის მიზანშეწონილი. ასეთი მასალების მედიით გავრცელებამ შეიძლება მიბაძვითი ქცევები წაახალისოს. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტის საქმიანობით:

  • ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ;
  • საპოლიციო ოპერაციებს ხელი არ შეეშალოს;
  • დამნაშავეს არ მიეწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
  • მედია სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი მძიმე კადრების ჩვენებას, რომლებმაც შესაძლოა მძევლების ტრავმა ახლობლებს მიაყენოს.

20.09.2022

2022 წლის 20 სექტემბერს, საღამოს „რუსთავი 2-ის” ეთერში გავა  გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმი.” მაუწყებელმა  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა გადაცემის ანონსი  წარწერით: „საზოგადოება, რომელიც ამართლებს ფემიციდს - მწვავე დაპირისპირება - ცხელი დისკუსია - და ქალები, ქალების წინააღმდეგ”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განმარტავს, რომ ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი გენდერის გამო. ფემიციდის გაშუქებისას მედიამ არ უნდა დაიწყოს იმის გარკვევა, რა „დააშავა" ქალმა და რატომ მოკლეს ის. არ არსებობს მიზეზი, რაც მკვლელობას გაამართლებს. 

გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ გადაცემაში სწორედ მიზეზების გარკვევას უნდა დაეთმოს დრო.

ქარტიის საბჭომ მიმდინარე  წლის 30 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება სწორედ „ღამის პრაიმ-თაიმში” ფემიციდის გაშუქების შესახებ.  საბჭომ მაშინ დაადგინა, რომ  მსგავსი გამონათქვამებისა და თემისადმი არასენსიტიური მიდგომის გამო, როგორიც ახალი გადაცემის ანონსშია, წამყვანებმა უხეშად დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი. 

საბჭომ მიიჩნია, რომ წამყვანებმა ხელი შეუწყვეს ქალთა დისკრიმინაციას და იმ მავნე მოსაზრების გაძლიერებას, რომ ქალზე გარკვეული სახით ან/და „დოზით“ ძალადობა შეიძლება იყოს აუცილებელი და მისაღები ქმედება.

„ღამის პრაიმ-თაიმის” მიერ გამოქვეყნებული ანონსის შინაარსი ეწინააღმდეგება  ჟურნალისტიკის აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკურ პრინციპებს და აძლიერებს სტიგმას, რომელიც ფემიციდის დროს მსხვერპლს ადანაშაულებს და დამნაშავის ქმედებას ამართლებს.

ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ფემიციდის გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიამ საზოგადოებას შესთავაზოს დისკუსია, რომელშიც შესაძლოა, მოქალაქეები სხვადასხვა არგუმენტით შეეცადონ მოძალადეების საქციელის გამართლებას, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს პოტენციური მოძალადეები. 

ქარტია მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს ფემიციდის გაშუქებას და მაქსიმალურად შეეცადოს,  დაიცვას გენდერული ძალადობის გაშუქების ეთიკური სტანდარტები.

16.09.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში. 

2022 წლის 07 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.  აღსანიშნავია, რომ მოცულობითი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი კანონპროექტის განხილვა ამავე წლის 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამავდროულად თვლის, რომ აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი იყოს ინკლუზიური და ემსახურებოდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებას. 

დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა,  გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში.  

კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მითითებული ევრო დირექტივაში. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიამ  დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე 2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის აქტის სასამართლოში გასაჩივრება უნდა იწვევდეს ამ აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას, და ამის შემდგომ უნდა იმსჯელოს სასამართლომ რამდენად აუცილებელია შეჩერებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. დასკვნიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიამ სახელმწიფოში მართლმსაჯულების საერთო მდგომარეობა და კონტექსტი გაითვალისწინა.

კოალიცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს პასუხის უფლების შემოტანასა და სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებას. ორივე საკითხი ეხება შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას. 

კოალიცია თვლის, რომ კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს. აღნიშნულ საკითხებზე კი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას. 

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიცვას ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციები და პროცესი გახადოს ინკლუზიური. 

13.09.2022

თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრების აკრძალვა აჩენს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებულ ეჭვს. მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. 

2022 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მთავრობა BMG-ის რედაქტორს თელარა გელანტიას არ მისცა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციამ ჟურნალისტს ზეპირად განუმარტა, რომ მისი არ დაშვების მიზეზი იყო ბევრი კითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება. 

აღსანიშნავია, რომ თელარა გელანტია დაახლოებით 10 წელია რეგულარულად ესწრება და აშუქებს მთავრობის სხდომებს, სვამს კითხვებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ მიუღია გაფრთხილება ან შენიშვნა რომელიმე ქცევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით. 

გარემოებების ანალიზი მიუთითებს, რომ ჟურნალისტის სხდომაზე დაშვების აკრძალვა განპირობებული იყო მთავრობის ადმინისტრაციის სავარაუოდ დისკრიმინაციული მოპყრობით. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს უარი ოპერატორის შეშვებაზე ასევე BMG-ის განემარტა, მათი აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად  თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას. 

ჟურნალისტთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. აღწერილი შემთხვევა არ წარმოადგენს ჟურნალისტის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის პირველ ფაქტს. მედიის ადვოკატირების წევრი ორგანიზაციის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, თელარა გელანტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს  ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად.

მოვუწოდებთ მთავრობის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება თელარა გელანტიას მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თელარა გელანტიას დაუბრკოლებელი დასწრება მთავრობის მომდევნო სხდომაზე. 

12.09.2022

2022 წლის 12 სექტემბერს მედიასაშუალება BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციის შენობაში შესვლა აუკრძალეს. თელარა გელანტიას თქმით, ადმინისტრაციის პრესასა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზად მისი მხიდან „ბევრი შეკითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება” დაასახელა. ჟურნალისტის ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა 9 სექტემბერს ეთერში გასულმა მისმა რეპორტაჟმა, რომელიც მთავრობის განკარგულებებს ეხებოდა. 

ქარტიის საბჭოს აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები. 

24.08.2022

2022 წლის 24 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული  და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.

 

23.08.2022
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის „ფორმულას”, „მთავარი არხის” და „ტელეკომპანია პირველის” მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანია „შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. შესაბამისად, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.

ტელეკომპანია „ფორმულას” ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს. გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზეც მზად არიან დაიცვან მაუწყებლების ინტერესები.
10.08.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი  „ფორმულა”, „მთავარი არხი” და „ტელეკომპანია პირველი” კამპანია „შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო. 

სადავო რგოლი მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. „ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული მასალა წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება „ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა. 

მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება. 2020 და 2021 წლებში კომისიამ „მთავარი არხი” უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა.  

მნიშვნელოვანია, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,  წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე. კამპანია „შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები. 

26.07.2022

2022 წლის 25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნატალი ჯახუტაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აგრესიული სიტყვიერი თავდასხმის სამიზნედ იქცა. პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდა და სექსისტური ენით ესაუბრებოდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.

გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი” საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.