30.05.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს, სრულად გაასაჯაროვოს და/ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს მისი ოპერატორის მიერ 11 და 12 იანვარს გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ და თუ როგორ დაშავდა ის პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა „ბათუმელებს“, რომელიც ჩანაწერს უკვე ორი თვეა, ითხოვს, დაუდასტურა, რომ ამგვარი კადრები მათთან ნამდვილად ინახება. 

სრული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესისთვის და სიმართლის დასადგენად. პროკურატურა ამ ვრცელი ჩანაწერის მხოლოდ 44-წამიან მონაკვეთს კონტექსტიდან ამოგლეჯით იყენებს მტკიცებულებად მზია ამაღლობლის წინააღმდეგ. 7 აპრილს, მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. მან არ განმარტა, თუ რატომ არ ამოიღო შსს-მ სრული ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის  და იმ კომუნიკაციის აღდგენა, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს. ის, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება სრული ჩანაწერი, არღვევს მზია ამაღლობლის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სტატუსის გამო გამორჩეულად არის ანგარიშვალდებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინაშე. 

ქარტიისთვის გაუგებარი და აუხნელია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, როცა ამ კუთხის გამორჩეული წარმომადგენელი და კოლეგა ცილისწამებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოეპოვება კადრები, რომელსაც ამ ცილისწამების გაქარწყლება და საქმის შემობრუნება შეუძლია, თუმცა ის კადრებს არ ასაჯაროებს „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით. 

მოგმართავთ პროფესიული თემის სახელით და მოგიწოდებთ, დაძლიოთ შიში იმის გასაკეთებლად, რაც სამართლიანი და სწორია. ამით გადაარჩენთ არა მხოლოდ მზია ამაღლობელს, არამედ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას და შეინარჩუნებთ აუდიტორიის პატივისცემასა და ნდობას. 

 

30.05.2025

ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული დაპატიმრებების ფონზე, რომელთა კანონიერება უმეტეს შემთხვევაში ეჭვის ქვეშაა, საზოგადოების და, შესაბამისად, მედიის ინტერესი სასამართლო პროცესების მიმართ მზარდია. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოტივით დაპატიმრებამ, ასევე ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა.

ბოლო ხანებამდე არსებული პრაქტიკით, ის ჟურნალისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თბილისის სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება, ჩვეულებრივ მუშაობდნენ ვიდეო და ფოტოკამერების გამოყენებით როგორც სასამართლოს ეზოში, ისე შენობაში, მათ შორის, ფოეში სხდომის დარბაზებთან მიმდებარედ. ჟურნალისტები წერდნენ კომენტარებს და გადიოდნენ პირდაპირ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს მიდგომა პირველად 22 მაისს შეცვალა, როცა იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი იმართებოდა. ამ დღეს ჟურნალისტებს მიკროფონებითა და კამერებით სასამართლოს შენობაში შესვლა აუკრძალეს.

23 მაისს, როცა საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იმართებოდა, მანდატურებმა სასამართლოში მიკროფონებითა და კამერებით მხოლოდ ის ჟურნალისტები შეუშვეს, რომელთაც კონკრეტული სასამართლო პროცესის გადაღებაზე განცხადება დაწერილი და დაკმაყოფილებული ჰქონდათ, ხოლო სხვები რამდენიმე საათით შეაყოვნეს და მათ შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ პირადი მონაცემების ჩანიშვნის შემდეგ მისცეს.

იგივე, უკვე მესამედ, განმეორდა დღესაც, 30 მაისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის, მათ შორის იმ აქტივისტებისაც რომელთაც მარიამ ლაშხი უჩივის, სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. მანდატურები პროცესების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების პირად მონაცემებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელით აღრიცხავენ. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო ვიწროდ და  შემზღუდველად იყენებს სასამართლო პროცესების გაშუქების ისედაც მკაცრ წესებს და მას სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზებში ჟურნალისტებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისაკენ მოუწოდებს.

23.05.2025

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, სულხან მესხიძის, თქმით, მას ხელვაჩაურის საკრებულოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ის ხელვაჩაურის საკრებულოში საჯარო სხდომის გასაშუქებლად იმყოფებოდა.

ჟურნალისტის განცხადებით, ინციდენტის თვითმხილველმა მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში ადგილები მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა დაიკავეს, რითაც მოქალაქეებს დასწრების შესაძლებლობა შეუზღუდეს. სულხან მესხიძემ მერიის თანამშრომლებს კითხვებით მიმართა და გადაღება დაიწყო, რათა სხდომათა დარბაზში არსებული ვითარება ეჩვენებინა. დამსწრეთაგან რამდენიმე პირი ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ მას სხდომათა დარბაზი ფიზიკური ძალის გამოყენებით გაატოვებინეს.

სულხან მესხიძე დარბაზში მეორედაც შევიდა, რათა ეკითხა, თუ რატომ შეუშალეს მას ხელი მუშაობაში და რატომ არ მოხდინა რეაგირება ძალადობრივ ინციდენტზე საკრებულოს თავმჯდომარემ. ჟურნალისტს დარბაზი მეორედაც ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ქარტია შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის სხდომები საჯაროა, და რომ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ უფრო ხშირად არ აძლევენ საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას და ზღუდავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ატმოსფერო ადგილებზე ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესიულ საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით, სწრაფად გამოიძიოს და სათანადოდ დასაჯოს ყველა მოძალადე პირი.

23.05.2025

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს. 

ამ დღეს სასამართლო იხილავდა პოლიტიკოსის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, საქმეს, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი და ამ ინტერესის საპასუხოდ სასამართლოში მედიის გამოჩენა იყო სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური. 

ადგილზე  დიდი ოდენობით მობილიზებული საპოლიციო ძალები და მანდატურები ფიზიკურად ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა ქალებზე, და ჟურნალისტებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს. 

ქარტია მოუწოდებს შსს-ს, ხელი აიღოს ჟურნალისტების შევიწროებაზე და მისცეს მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება. 



12.05.2025

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღშფოთებას გამოთქვამს „ტვ პირველზე“ დღეს, 12 მაისს, განხორციელებული თავდასხმის გამო. 

ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და „ტვ პირველის“ ოპერატორს, რომლებიც  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, გადადგომის მიზეზების გასარკვევად მარტყოფში მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა. მან ქალ ჟურნალისტს ხელი გაარტყა, დაარტყა ოპერატორსაც, გატეხა და გაიტაცა ვიდეოკამერა და ჟურნალისტის პირადი მობილური. მარიამ მასაკარაშვილის თქმით, ძალადობის კვალი ეტყობა მასაც და ოპერატორსაც. 

მარიამ მაკასარაშვილმა მანამდე გიორგი შინჯიკაშვილის მამასთან ინტერვიუ ჩაწერა. იმ დროს, როცა გადამღები ჯგუფი ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებოდა და ბოლო კადრებს იღებდა, კაცი მოულოდნელად, გადამღები ჯგუფისთვის უცნობი მიზეზით, აგრესიული გახდა. 

მარიამ მაკასარაშვილმა ინციდენტის შესახებ შსს-ს შეატყობინა, თუმცა, “ტვ პირველის” ცნობით, ერთი საათის შემდეგაც კი, ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები არ ჩანდნენ. 

მარიამ მაკასარაშვილს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და ჩივილებიდან გამომდინარე, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა. 

გატაცემული აპარატურა 40 წუთის შემდეგ დააბრუნეს. 

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა “მედიაჩეკერთან” დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელის  ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. 

ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა.

07.05.2025

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დამოუკიდებელი მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით, რომელიც მედიისა და ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებას განაგრძობს. 

7 მაისს პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ფოტოჟურნალისტ ზურა ცერცვაძეს. გამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა მიმდინარეობდა.  

„ქართულმა ოცნებამ“ 7 მაისს, ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა ონლაინ მედიას, რაოდენობრივი შეზღუდვის საბაბით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“, რის შესახებაც გადაცემაზე მომუშავე გუნდის წევრებს 30 აპრილს შეატყობინეს. მათ შესთავაზეს ემუშავათ სხვადასხვა პლატფორმაზე და გადაცემაში. ჟურნალისტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა მენეჯმენტის შეთავაზებაზე უარი თქვა და საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. მანამდე, 11 აპრილს, სამსახურიდან დაითხოვეს „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი  და გააფრთხილეს გადაცემაზე მომუშავე სამი ჟურნალისტი - თამარ მშვენიერაძე, იოსებ კაციტაძე  და ტუხა კვინიკაძე

11 აპრილსვე დაატოვებინეს სამსახური საინფორმაციო გამოშვების „მოამბე“ წამყვანს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს და ღიად გააკრიტიკა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა. 

23 აპრილს გააფრთხილეს მემონტაჟე-ოპერატორი გიორგი კიტია, ხოლო 17 აპრილს - „შაბათ-კვირის შოუს“ აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და ამავე გადაცემის კორესპონდენტი ანა აბაკელია

„რეალური სივრცე“ 12 წლის განმავლობაში სიღრმისეულად აშუქებდა მწვავე სოციალურ პრობლემებს და მრავალი მოქალაქისათვის წარმოადგენდა იმედს ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად. მისი დახურვით და სხვა გადაცემებზზე მომუშავე კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნით საზოგადობრივი გაუწყებლის მენეჯმენტმა გამოხატა  უპატივცემულობა თავისი მაყურებლის მიმართ და აჩვენა განსხვავებული აზრისა და კრიტიკის სრული აუტანლობა, რითაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ მაუწყებელს და შელახა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. 

პარლამენტის წევრები არასასურველი კითხვებისთვის თავის დასაღწევად და ჟურნალისტებთან კომუნიკაციის შესამცირებლად კვლავინდებურად იყენებენ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებას აკრედიტაციის წესის შესახებ, რომელიც არაპროპორციულად და დისკრიმინაციულად ზღუდავს პრესის თავისუფლებას. 16 აპრილს არჩილ გორდულაძისა და ნინო წილოსანის მიმართვის საფუძველზე პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „ხალხთან ერთად“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტი თათა ფორაქიშვილი დაასანქცირა პარლამენტის ამ წევრებისგან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო. ელისო ჯარიაშვილი და თათა ფორაქიშვილი ერთი თვის განმავლობაში ვეღარ მოითხოვენ ერთჯერად საშვს პარლამენტში შესასვლელად. 

ფეისბუქ პოსტის გამო, რომელიც შსს-მ შეურაცხმყოფელად მიიჩნია (შსს დავობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის II ნაწილით, სიტყვიერი შეურაცხყოფა), სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი.

აპრილში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს გამოუწერეს 5,000-ლარიანი  ჯარიმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. მათ შორის არიან „ტაბულას“ რეპორტიორი ლუკა კაციტაძე, “ქრონიკა+”-ისა და საინფორმაციო სააგენტო cnews-ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე და გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი მარიამ ნიკურაძე, რომლისთვისაც ეს უკვე მეოთხე ჯარიმაა. შსს ლუკა კაციტაძეს ედავება “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” 12 აპრილს, ხოლო ირინა მაკარიძეს - 6 აპრილს. ორივე ჟურნალისტი ამ დროს პარლამენტთან მიმდინარე აქციას აშუქებდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პატივი სცეს პრესისა და სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედოს. 

 

03.05.2025

3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ. 

2025 წლის 3 მაისს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემელი, რომლის დამსახურება ქართული მედიის მშენებლობაში შეუფასებელია, შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება. 

მაუწყებლობა შეწყვიტა „მთავარმა არხმა“, კრიტიკულმა ტელევიზიამ, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას აჩვენებდა იმ რეალობას, რომლის საგულდაგულოდ დამალვასაც პროპაგანდისტული მედია ცდილობს. 

ახალ შენობაში, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების გარეშე ხვდება 3 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დევნის და სამსახურიდან უშვებს განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს და ხურავს იმ გადაცემებს, რომლებშიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. 

მაუწყებელებს შინაარსობრივ საკითხებთან მიმართებით განსჯის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ამ ახალი მანდატით „ქართული ოცნების“ პარლამენტმა აღჭურვა. “ქართული ოცნების” მიერ  მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ ისარგებლებენ ვერც დასავლური ფინანსებით და ვერც დასავლური ექსპერტიზით.

ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პრო-ევროპული აქციებზე სასტიკად სცემეს, სპეციალური საშუალებებით დააზიანეს და სხვადასხვა გზით შეურაცხყვეს პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა და, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან აფილირებულმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებმა, უშედეგოდ ელიან სამართალს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჩვენება მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო, შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. დამნაშავეები დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას. 

ჯარიმას ჯარიმაზე იღებენ ის ჟურნალისტები, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ აქციებს. 

ჟურნალისტები სამართლებრივად იდევნებიან და ჯარიმდებიან უკვე ფეისბუქ სტატუსების გამოც. 

ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერ გაფრთხილებას იღებენ ჟურნალისტები, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სწორედაც რომ სამართალდამცავები დაესხნენ თავს და იმდენად სასტიკად სცემეს, რომ მათ სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ. 

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ინფრასტრუქტურა კრიტიკული ჟურნალისტებისთვის „მტრისა“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებებითაა დაკავებული და მათ მარგინალიზაციას ცდილობს. 

საჯარო ინფორმაცია და საჯარო სივრცეები ჟურნალისტებისთვის დაკეტილია. თანამდებობის პირები ბარიერებს ამაგრებენ ჟურნალისტთა კრიტიკული კითხვებისგან თავის დასაცავად.  ონლაინ მედია ვერ აშუქებს პარლამენტის მუშაობას და ჟურნალისტებს ხშირად არ უშვებემ ადგილობრივი ხელისუფლების სხდომებზეც. მოსამართლეები თვითნებურად ართმევენ ჟურნალისტებს იმ სასამართლო პროცესების გაშუქების უფლებას, რომელთა  მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. 

საქართველოში არ უშვებენ იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“ კარი ფართოდ აქვს ღია ყველა ჯურის პროპაგანდისტისთვის. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტში ერთიმეორის მიყოლებით იღებენ რეპრესიულ კანონებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოაყოლეს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი. დასავლურ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ.  

დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე - აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად.  

3 მაისი იმავდროულად არის ავტორიტარ მმართველთათვის მედიის ძალის შეხსენება, იმ ძალისა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია მედგრად და დიდხანს და რომელთანაც ჯერ არასდროს არცერთ რეჟიმს არ გაუმარჯვია. 

ჟურნალისტური  ეთიკის ქარტია 3 მაისს „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებს და მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება მის მიმართ, მედიასათან ურთიერთობისას იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და იმ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა ხელმომწერი საქართველოცაა. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიოს ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები, გაიწვიოს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და მისცეს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე, გააუქმოს ბოლო თვეებში მიღებული ყველა ის კანონი და ცვლილება კანონში, რომელმაც მედიის გარემო გააუარესა. 

24.04.2025

ჟურნალისტებს სულ უფრო და უფრო უჭირთ სასამართლო პროცესების გაშუქება. მოსამართლეები ხშირად ფორმალური მიზეზებით უზღუდავენ მათ პროფესიულ უფლებებს. ზოგიერთი ფოტორეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტოგადაღებას საერთოდ ვეღარ ახერხებს. სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტებს თავს დაუსჯელად ესხმიან უცნობი პირები

 

გამოცემა პუბლიკას ინფორმაციით, დღეს, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად მისული პოლიციელის, ლაშა ხარხელაურის, თანმხლებმა პირებმა. ჟურნალისტებს შორის იყო პუბლიკას ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე, რომელიც სხდომიდან გამოსულ ლაშა ხარხელაურს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა მოძალადეებს რამდენჯერმე სთხოვეს, თავი წარედგინათ, მათ სასამართლოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ვინაობა არ გაუმხელიათ

 

დღესვე, „პუბლიკას ფოტორეპორტიორს, მინდია გაბაძეს, მოსამართლე დავით თეთრაულმა სამართალდამცველის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი ჩხეიძის სასამართლო სხდომაზე ფოტოგადაღების უფლება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ჟურნალისტს მისთვის ფოტოგადაღების მოთხოვნით წინასწარ, სხდომამდე ერთი საათით ადრე, არ მიუმართავს. მინდია გაბაძემ მოსამართლეს აუხსნა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რადგანაც სხდომის შესახებ გიორგი ჩხეიძის ადვოკატებმა და ახლობლებმაც კი მხოლოდ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს.  

 

საქართველოში არსებული დაძაბულობის ფონზე, საზოგადოების ინტერესი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პროცესების მიმართ, მაღალია. ჟურნალისტებს საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ, საზოგადოება უზრუნველყონ სანდო ინფორმაციით ამ პროცესების შესახებ, სასამართლო კი მათ პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას არ აძლევს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ის სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

 

18.04.2025

ტელეკომპანია  "თრიალეთის" და "ქართული მედია ჯგუფის" ინფორმაციით, 16 აპრილს,  ჟურნალისტ შორენა ბიჭიკაშვილს და ვიდეო ოპერატორ სოსო მჭედლიშვილს, საოკუპაციო ხაზთან სოფელ აძვში მუშაობისას, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაესხა თავს. გადამღები ჯგუფი რეპორტაჟს ამზადებდა იმ სირთულეების შესახებ, რასაც ადგილობრივები აწყდებიან სააღდგომოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი საფლავების მონახულებისას. აგრესიულმა პირმა გადამღები ჯგუფის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა. მოგვიანებით მან შორენა ბიჭიკაშვილისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა. დაზარალებული ჟურნალისტები პოლიციამ გამოკითხა. მათ ჩვენება მისცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ტელეკომპანია „თრიალეთისა“ და “ქართული მედია ჯგუფის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

 
17.04.2025

მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესების შედეგად როგორც მედიასაშუალებებს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრებათ, რაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უკიდურესი შეშფოთების საგანს წარმოადგენს. 

ქარტია ქვემოთ აჯამებს ყველა იმ საკითხს და ბოლოდროინდელ შემთხვევას, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.  

ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით განახორციელა შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის კამპანია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით დაგვირგვინდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა თვითრეგულირების მექანიზმები დაასუსტა და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივი საკითხების გამო ტელე და რადიო კომპანიების დასანქცირების მანდატი მიანიჭა. მაუწყებლებმა დასავლურ ფინანსებსა და ექსპერტიზაზე წვდომაც დაკარგეს. ცვლილებებით კანონში გრანტების შესახებ „ქართულმა  ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილ საგრანტო რესურსებზე  სრული კონტროლი მიიღო.  

უკანონო პატიმრობაში რჩება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მედიამენეჯერს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პოლიციელები სასამართლოს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ხოლო მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომლითაც მზია ამაღლობლის უდანაშაულობა დასტურდება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმიდან ამორიცხულია. მანამდე, 18 მარტს, გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2,000 ლარით დააჯარიმეს.

ღია ეთერის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავინდებურად იკრიბებიან მოქალაქეები და  სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ თავიდან პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ეთერი ყოველდღიურად, 40 წუთამდე დროით, დაუთმო, თუმცა გადაცემა შეცვლილი ფორმატით დაახლოებით ერთ თვის თავზე შეწყდა და ის აღარ განახლებულა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა მთელი ძალისხმევა არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების პროტესტის დათრგუნვისკენ მიმართეს. მათ გაუმჭვირვალე შიდა მოკვლევა იმ ჟურნალისტებზე თავდასასხმელად და მათი დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს, ვინც დღემდე არხის ხელმძღვანელობისგან პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას ითხოვს. პროცესის კულმინაცია აღმოჩნდა 11 აპრილს ორი მაღალი სანდოობის ჟურნალისტის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სასჯელი დაუწესეს კიდევ ოთხ ჟურნალისტს - თამარ მშვენიერაძეს, სოსო კაციტაძეს, კახაბერ მელიქიძეს და ირმა ჩუბინიძეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოება „ქართულ ოცნების“ მიმართ დაადასტურა როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ისე ეუთო-ოდირის  მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა. სწორედ არხის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის გაზიარებული კრიტიკული შენიშვნების უგულვებელყოფის გამო დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეა კახიანმა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას განაგრძობს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, მეორედ, ახლა უკვე 6-წლიანი ვადით, აირჩია ვასილ მაღლაფერიძე, რომლის მჭიდრო კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ დადასტურებულია და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, უკვე დიდი ხანია, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ედავებიან. მაღლაფერიძე, რომელიც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო, 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით დანიშვნამდე, 2021 წლის იანვარ-მარტში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. 

ჟურნალისტების დასაშინებლად პოლიცია ფინანსურ ბერკეტებსაც იყენებს. 

პოლიციამ 5,000-ლარიანი ჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 20-ზე მეტ ჟურნალისტს გამოუწერა მაშინ, როცა ისინი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა საჩივარი უკან გაიხმეს მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებმა შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინეს, ყველა საქმე მარტივად არ დასრულებულა. ზოგიერთი ჟურნალისტი ახლაც სასამართლო პროცესის მოლოდინშია. იმ ჟურნალისტებს შორის, რომელთაც პოლიცია „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება, არიან „მაუწყებლის“ ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნინო ჩაკვეტაძე და OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც უკვე მეორედ დააჯარიმეს. 

„ქართული ოცნება“ საქართველოში შემოსვლის საშუალებას ისევ არ აძლევს იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პროევროპულ აქციებს აშუქებდნენ. მათ შორის არიან ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო. 12 თებერვალს საზღვრიდან უკან გააბრუნეს კლემენტ ჟირარდო, რომელიც Le Monde, Society და Al Jazeera-სთვის მუშაობს, ხოლო 30 მარტს - ჟერომ შობო, რომელიც იტალიური სააგანტოს NurPhoto-ს ფოტოგრაფია. 

ძალადობრივი გარემო ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია იმ დროსაც, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და მაშინაც, როცა სხვა საქმით არიან დაკავებული. 

6 აპრილს, პოლიციამ, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ეჭვის საფუძველზე ჯერ გააჩერა, ხოლო შემდეგ „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით“ დააკავა „ინდიგოს“ ფოტოჟურნალისტი საბა სორდია. პოლიციელებმა საბა სორდიას მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და მას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ. სასამართლოში გადაყვანამდე საბა სორდია იზოლატორში 48 საათით დააყოვნეს. მის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს. 

 

8 აპრილს „ტვ პირველის“ ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს პოლიციამ ფეისბუქ პოსტის გამო და მის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. პოლიცია ჯიოშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. 

22 მარტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ „აჭარა თაიმსის“ დირექტორს, სულხან მესხიძეს, და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მივიდნენ, რათა სამშენებლო უსაფრთხოების საკითხები გაეშუქებინათ. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მათი უფლებების დასაცავად არაფერი იღონეს.  

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ადგილობრივი მთავრობის, საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე. ასე, მაგალითად, 4 აპრილს ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანია „ფორმულას“ რეგიონული კორესპონდენტი ეკა ფხაკაძე და „ტვ პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები. მანამდე, 26 მარტს, ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ს გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თემო ინასარიძე და ინგა ირიციანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მათ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომის გაშუქების საშუალება არ მისცეს. 7 აპრილს მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებდნენ. 

 

ჟურნალისტების მიმართ რეპრესიულ ზომებს იღებს პარლამენტიც. 26 მარტს პარლამენტმა 6 თვით შეუჩერა აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას იმის გამო, რომ ჟურნალისტმა არ შეწყვიტა ვიდეოგადაღება მას შემდეგ, რაც პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მას ინტერვიუზე უარი უთხრა. 

 

20 მარტს მოსამართლემ, საჯაროდ შენიშვნის მიცემის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გააძევა „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია, რომელთაც მანამდე არ მისცა ფოტოგადაღების უფლება, რის თაობაზეც მოთხოვნა მათ წინასწარ, კანონით გათვალისწინებული პროცედურით ჰქონდათ გაგზავნილი. 

 

„ქართული ოცნების“ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო ის ჟურნალისტები, რომლებიც ნოემბრის ბოლოს, პროევროპული აქციების გაშუქებისას, პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ეს იმ ფონზე, როცა დამნაშავე პოლიციელებს, რომელთაც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ბევრმა ჟურნალისტმა მისცა ჩვენება, ვერ მიაგნო.  

 

გამოცემა „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, პოლიციელებმა 28-29 ნოემბრის ღამეს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, თავისა და სახის არეში. ჟურნალისტს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე აწუხებს. იმ დღეს ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციელებმა სამუშაო აპარატურაც წაართვეს. შსს ჟურნალისტს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა. მოსამართლემ 17 მარტს ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

 

შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს, ბექა ბერაძესაც, რომელმაც 12 მარტს მოსამართლისგან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო. ჟურნალისტი პოლიციელებმა 1 დეკემბრის ღამეს პროევროპული აქციის დროს ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს და სცემეს. 

 

10 თებერვალს სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამრღვევად ცნო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სამართალწარმოება შეწყდა. სერგი ბარამიძე პოლიციამ 19 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მელიქიშვილის გამზირზე აქციიის გაშუქებისას, ძალის გამოყენებით დააკავა. მიყენებული დაზიანებების გამო ოპერატორს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც სერგი ბარამიძემ ჩვენება 20  ნოემბერს მისცა, თუმცა უშედეგოდ. 

 

შექმნილი მძიმე პირობების გამო რეგიონული მედიასაშუალებები ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებენ. აჭარაში მოქმედმა ერთადერთმა კომერციულმა ტელემაუწყებელმა, ტვ 25-მა, საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები იანვრიდან შეაჩერა. 16 აპრილს ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ მისი 100%-იანი წილი გასაყიდად გაიტანა. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.