კატეგორია : განცხადებები;
დღეს, 5 ნოემბერს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას ძალის გამოყენებით დააკავა „ფორმულას“ ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჩასვეს ის პოლიციელებმა მანქანაში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიდეოში ისმის ისიც, თუ როგორ ეუბნებიან ჟურნალისტები, რომლებიც დაკავებას შეესწრნენ, პოლიციელებს, რომ ის მათი კოლეგაა. ისმის პოლიციელების პასუხიც - „გავარკვევთ“. პოლიციელებმა ჟურნალისტი დაახლოებით 10 წუთის მერე გამოუშვეს და მას ბოდიში მოუხადეს. ლიზა ციციშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ პოლიციელები მას ზრდილობიან ეპყრობოდნენ, თუმცა თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა და მუშაობაშიც ხელი შეეშალა, და რომ მიკროფონი და ტელეფონი ჩამოართვეს, თუმცა რამდენიმე წუთში დაუბრუნეს.
ორი დღის წინ, 3 ნოემბერს, პოლიციელებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს სახლისკენ მიმავალი „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. შსს ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავება იმ დროს, როცა ნინია კაკაბაძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და გზის სავალ ნაწილზე ამ მიზეზით იმყოფებოდა. ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ აღძრული ადმინისტრაციული საქმე სასამართლომ 4 ნოემბერს განიხილა. მომდევნო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.
მანამდე, 24 ოქტომბერს, პოლიციამ 50 წუთის განმავლობაში აღუკვეთა თავისუფლება „პუბლიკას“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა ის მაშინ დააკავეს, როცა სახლიდან გამოდიოდა. ჟურნალისტი მათ მანქანაში ჩასვეს, ჩამოართვეს ტელეფონი და ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.
ქარტია გმობს ჟურნალისტების საჩვენებელ დაკავებებს, რომელიც ჟურნალისტების დაშინებას ემსახურება, რათა მათ საპროტესტო აქციების გაშუქება შეწყვიტონ და ამ აქციების მონაწილეთა უფლებების დარღვევის დოკუმენტირება ვერ შეძლონ.
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, უარი თქვას ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებაზე, თავის თანამშრომლებს კი დავალებაზე გაგზავნამდე ჟურნალისტების უფლებები კარგად განუმარტოს და მათი დაცვა და პატივისცემა დაავალოს.