ევროპის პრესის საბჭოების წლიური კონფერენცია თბილისში 3 ოქტომბერს გაიხსნება
01.10.2019

კატეგორია : ანონსი;
ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, 10:00 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში (თელავის ქუჩა 20) გაიხსნება ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია.

კონფერენცია ტარდება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. AIPCE-ს კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება დასავლეთ ევროპის რომელიმე დედაქალაქში (წინასწარი შერჩევით). კონფერენცია პირველად გაიმართება აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით, სწორედ თბილისი შეირჩა 2019 წლის კონფერენციის ჩატარების ადგილად.

კონფერენციას გახსნიან ნატა ძველიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; კრისტიან ურსე - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; ელინა გრუნტშტორმი- ფინეთის მასმედიის საბჭოს თავმჯდომარე და კატერინა ნიკოლაუ - საბერძნეთის მედია საჩივრების კომისიის თავმჯდომარე. კონფერენცია გააერთიანებს 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის თვითრეგულირების ორგანოს წარმომადგენელს, პრესის ომბუდსმენებს და მედია ექსპერტებს.

კონფერენციის პანელურ სხდომებზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედია ციფრული პლატფორმების, მათ შორის სოციალური ქსელების, ეპოქაში; ხელოვნური ინტელექტით მართული ჟურნალისტიკა და ავტომატიზაციის გავლენა მედიაზე; თანამედროვე მედიის შემოსავლები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამას გარდა, ცალკეულ სამუშაო ჯგუფებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ულტრანაციონალისტური ჯგუფების გაშუქება; ბოტებისა და ტროლების კომენტარები მედიაკონტენტთან მიმართებით; პლაგიარიზმი და ციტირება.

კონფერენცია ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

კონფერენცია ღიაა პრესისთვის 3 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში და 4 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში. დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის დღის წესრიგი (თანდართულია).

AIPCE დაარსდა 1999 წელს და აერთიანებს 34 ევროპული ქვეყნის მედიის თვით-რეგულირების ორგანოს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2011 წელს შეუერთდა ამ ორგანიზაციას, ხოლო 2018 წელს ფინეთისა და კვიპროსის თვითრეგულირების ორგანოებთან ერთად მმართველი საბჭოს წევრი გახდა.

***
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ქანთარია, კომუნიკაციების ოფიცერი
ტელ: 555 633543 E:mail: natia.kantaria@coe.int

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.