12.06.2024

განმცხადებელი: პაატა ბურჭულაძე

მოპასუხე: შალვა რამიშვილი; ბაჩო ოდიშარია

დარღვეული პრინციპები: 1-ლი პრინციპი ; მე-5 პრინციპი; მე-11 პრინციპი.

 

 

11 მაისი, 2024 წელი

 

საქმე N 741

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პაატა ბურჭულაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 19 მარტს, ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში გასულ გადაცემაში „სამნი & CO” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ აღნიშნული გადაცემის წამყვანები, შალვა რამიშვილი და ბაჩო ოდიშარია.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში,  კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.


ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, მაგრამ მათ თავიანთი შეპასუხება საბჭოს წერილობითი სახით წარმოუდგინეს.

 

 

 სამოტივაციო ნაწილი

 

პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

 

Პაატა ბურჭულაძე განცხადებაში სადავოდ ხდიდა გადაცემის წამყვანების [მოპასუხე ჟურნალისტები] მიერ მის მოხსენიებას თაღლითად, მიმთვისებლად, აცხადებდა, რომ ეს იყო არაზუსტი ინფორმაცია და არღვევდა ქარტიის პრინციპებს.

 

Საბჭოს მიერ საქმის განხილვის ფარგლებში გამოკვლეული ინფორმაციის მიხედვით, სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე (2023 წლის 10 აპრილს), იმავე გადაცემაში, შალვა რამიშვილმა პაატა ბურჭულაძის მისამართით გააკეთა შემდეგი განცხადება: ბანი, მსოფლიო ბანი და მხილებული საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში და თაღლითობაში“.

 

აღნიშნული განცხადება ბურჭულაძემ მცდარად, არაზუსტად, პატივისა და ღირსების შემლახავად მიიჩნია, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, POSTV–სა და შალვა რამიშვილს დავალებოდათ ზემოაღნიშნული ფრაზის საჯაროდ უარყოფა და ფინანსური კომპენსაციის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. Მოსამართლემ შალვა რამიშვილის მიერ ეთერში ნათქვამი ფრაზა: „ბანი, მსოფლიო ბანი და მხილებული საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში და თაღლითობაში რამიშვილის შეფასებად, მოსაზრებად მიიჩნია და კანონის დარღვევა არ დაადგინა.

 

სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, 2024 წლის 19 მარტს, შალვა რამიშვილმა და ბაჩო ოდიშარიამ საკუთარ გადაცემაში ისაუბრეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე და პაატა ბურჭულაძე კვლავ მოიხსენიეს თაღლითად, ქურდად და  მიმთვისებლად. ბურჭულაძემ 19 მარტის გადაცემაში გამოთქმული ფრაზების სიზუსტე სადავოდ გახადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

 

POSTV-ს გადაცემა „სამნი & CO” 2024 წლის 19 მარტი, 22:00 სთ.

 

Შალვა რამიშვილის სადავო ფრაზები:
„მე პირადად და პოსტივიმ სასამართლოში მოუგო საქმე თაღლით ბურჭულაძეს

 „მე ვთქვი, რომ ის თაღლითია და ობოლი ბავშვების ფული მიითვისა თავისი ფონდი

“იავნანათი“

„რატომღაც მიჩივლა პატივის და ღირსების შელახვისთვის, ან ერთი ან მეორე სადა

აქ ამ გარეწარს”

სასამართლომ დაადასტურა, რომ თუ თაღლითს დაუძახებ არაფერი პრობლემა

კანონთან არ გექნება. ხსნილია მეგობრებო და დაუძახეთ თაღლითი თაღლითს.”

 

Ბაჩო ოდიშარიას სადავო ფრაზა:

„ბურჭულაძეზე ხსნილია, ბადრი ჯაფარიძეზე ხსნილია, მამუკა

ხაზარაძეზე ხსნილია. სამივეს დადასტურებული აქვს რომ თაღლითები არიან“.

 

ტელეკომპანია POSTV-დან ქარტიის სამდივნოსთვის გამოგზავნილი წერილობითი შეპასუხების მიხედვით,  POSTV-ის ჟურნალისტები მათ ეთერში გაცხადებულ სადავო ფრაზებს მიიჩნევენ შეფასებად, კომენტარად და ფიქრობენ, რომ ქარტიის პრინციპები არ დარღვეულა.

 

ქარტიის საბჭო საქმის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ POSTV-ს ჟურნალისტების მხრიდან დარღვეულია ქარტიის 1-ელი პრინციპი.

 

ჟურნალისტების მიერ, ეთერში მტკიცებით ფორმაში გაცხადებულ ფრაზებს - პაატა ბურჭულაძე “თაღლითია”,  “მიითვისა”, “მოიპარა ობოლი ბავშვების ფული” ქარტიის საბჭო ვერ მიიჩნევს მხოლოდ ავტორთა მოსაზრებად.

სადავო გადაცემაში ეს ფრაზები წარმოთქმული იყო მტკიცებით ფორმაში და გადაცემის წამყვანები არსად ამბობდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ მათი შეფასება და შეიძლებოდა ეს შეფასება არ ყოფილიყო ზუსტი, რომ შესაბამისი სამართლებრივი წესით არ არის დადგენილი, ნამდვილად მიითვისა თუ არა ბურჭულაძემ ფონდ “იავნანას” თანხები.

 

უფრო მეტიც, გადაცემის წამყვანები ამ ფრაზების გამოთქმისას ამბობდნენ, უკვე სასამართლომ დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძე თაღლითია და მისთვის თაღლითის დაძახება ამიერიდან “ხსნილია”.

 

გადაცემის წამყვანების განცხადებები მაყურებლისთვის ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სასამართლომ იმსჯელა და დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძე თაღლითია.
Სინამდვილეში,  იყო თუ არა ბურჭულაძე თაღლითი, არ ყოფილა სასამართლოს განხილვის საგანი.სასამართლოს  გადაწყვეტილებაში, რომელსაც გადაცემის წამყვანები პაატა ბურჭულაძისთვის თაღლითის წოდების დროს იშველიებდნენ, არსად წერია, რომ ბურჭულაძეს თაღლითობა ანდა თანხების მითვისება დაუდასტურდა.

 
ქარტიისთვის გამოგზავნილ შეპასუხებაში გადაცემის წამყვანები წერენ, რომ ბურჭულაძის მიმართ გამოთქმული მათი მოსაზრებები ეყრდნობა POSTV-ს მიერ 2017 წლიდან მომზადებული საგამოძიებო ფილმების სერიას და ამ ფილმებში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” მხილებულია შეგროვებული თანხების მითვისებაში.

 

ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ მხოლოდ ჟურნალისტური პროდუქტი, თუნდაც საგამოძიებო ფილმები, არ შეიძლება იყოს საკმარისი ვინმეს სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირებულ ქმედებებში დასადანაშაულებლად.

 

თაღლითობა, ქურდობა, მითვისება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულებია და ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამაში ვინმეს ამ ეპითეტებით მოსახსენიებლად  მაღალი სტანდარტით გადამოწმებული ფაქტებია საჭირო.


გადაცემის წამყვანები ამბობდნენ, რომ ეყრდნობოდნენ საკუთარ, მათ მიერვე მომზადებულ “საგამოძიებო ფილმებს”,  რომელთა მიხედვითაც, მრავალი წლის წინ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

 

ქარტიისთვის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გენერალური პროკურატურის 2019 და 2023 წლების წერილები) დასტურდება, რომ ფონდ “იავნანას” თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 5 წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა დღემდე არ დასრულებულა და საქმეზე არ არის დადგენილი დაზარალებული ან/და ბრალდებული პირი.


ასევე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძე არ არის ნასამართლევი რაიმე დანაშაულისთვის.

 

საბჭოს მიერ შესწავლილი მასალებით ცხადია, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო სადავო გადაცემის წამყვანებისთვის. მათ იცოდნენ, რომ პაატა ბურჭულაძის ფონდთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არ იყო დასრულებული და ბურჭულაძე ან მისი ფონდის რომელიმე ხელმძღვანელი პირი არ იყო ოფიციალურად ბრალდებული ანდა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულებში -, თაღლითობაში, ქურდობაში, მითვისებასა ან/და გაფლანგვაში.


მიუხედავად ამისა, გადაცემის წამყვანებმა მტკიცებით ფორმაში მოიხსენიეს ის თაღლითად, ქურდად და მიმთვისებლად.

 

ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მედია პროდუქტში ბალანსის დაუცველობაცაა. ჟურნალისტი ვალდებულია, აუდიტორიას შესთავაზოს ყველა შესაძლო მხარის პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. განსახილველ შემთვევაში მხარეთა ბალანსი ცალსახად დარღვეულია, გადაცემაში არ ყოფილა პაატა ბურჭულაძის მხარის პოზიცია.  შესაძლოა, ეს ყოფილიყო მისი ადვოკატის კომენტარი, ფრაგმენტი პაატა ბურჭულაძის სარჩელიდან, ან/და ნებისმიერი რამ, სადაც ასახული იქნებოდა ბურჭულაძის პოზიცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.

 

მითუფრო, როცა გადაცემის წამყვანებისთვის ცნობილი იყო, რომ პაატა ბურჭულაძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და, უფრო მეტიც, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივი პრეტენზიებიც ჰქონდა.

 

Აქედან გამომდინარე,  ქარტიის საბჭოს დარღვეულად მიაჩნია  პირველი პრინციპი. საბჭომ დაადგინა, რომ გადაცემის წამყვანებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას და მათ ეთერში გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების შესაბამისად გადამოწმებული, დაზუსტებული არ იყო.

 

მე-5 პრინციპი.  ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის სხდომაზე დაზუსტდა, რომ პაატა ბურჭულაძეს ან მის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ POSTV-სთვის სადავო მასალაში დაშვებული შეცდომის შესწორების მოთხოვნით.

თუმცა ქარტიის მე-5 პრინციპი ავალდებულებს ეთიკურ ჟურნალისტებს, პატიოსნად, ადეკვატურ დროში შეასწორონ მათ მიერ დაშვებული შეცდომები, მას შემდეგ, რაც შესაძლო შეცდომის შესახებ შეიტყობენ.

 

ამ პრინციპის დაცვისა და განმარტების სტანდარტს ქარტიის საბჭო წლების განმავლობაში ხვეწდა და აფართოებდა. თუ 2013 წელს აუცილებლად მიიჩნეოდა პრეტენზიის მქონე პირს მედიისთვის შესწორება წერილობით მოეთხოვა, შემდგომ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში მეტი აქცენტი კეთდება ჟურნალისტების პროაქტიულ ვალდებულებაზე, გაასწორონ უზუსტობა და არ დაელოდონ კონკრეტული სუბიექტის მიმართვას ან/და ქარტიის გადაწყვეტილებას.

 

შესწორების ვალდებულება ჟურნალისტს წარმოექმნება მას შემდეგ, რაც შესაძლო უზუსტობის შესახებ შეიტყობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მიიღებს ინფორმაციას. ქარტიის საბჭომ 2019 წლიდან რამდენიმე საქმეში განმარტა, რომ ასეთ შეტყობინებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მედიისთვის გაგზავნილი წერილი, ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ ქარტიაში შემოტანილია განცხადება და კონკრეტული ინფორმაციის შესაძლო უზუსტობას ეხება.

 

პასუხისმგებლიანი მედია ასეთ შემთხვევაში მყისიერად უნდა რეაგირებდეს, ასწორებდეს დაშვებულ უზუსტობას. განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ POSTV-მ ბურჭულაძის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, საბჭომ იმსჯელა ბურჭულაძის პრეტენზია რამდენად იყო ცნობილი ტელევიზიისთვის და დაირღვა თუ არა მე-5 პრინციპი.

 

საბჭო რამდენიმე გარემოებით დარწმუნდა, რომ განმცხადებლის კონკრეტული პრეტენზია გადაცემის წამყვანებმა  იცოდნენ:

 

პირველი, POSTV-მ მიიღო და გაეცნო ქარტიის მიერ გადაგზავნილ პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რადგანაც წარმოადგინა შინაარსობრივი შეპასუხება განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებზე.


მეორე, იმავე საკითხზე (თაღლითად, მიმთვისებლად მოხსენიებაზე) პაატა ბურჭულაძეს უკვე ჰქონდა გამოხატული სამართლებრივი პრეტენზიები, სასამართლოში ჰქონდა სარჩელი შეტანილი, სადაც დავობდა, რომ მისი ამ ეპითეტებით მოხსენიება იყო მცდარი და არაზუსტი. ამ სარჩელის ერთ-ერთი მოპასუხე იყო შალვა რამიშვილი და მისთვის ცნობილი იყო ამ პრეტენზიების შესახებ.

 

Აქედა გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპიც.



Მე-11 პრინციპი.  ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება;

ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;

პლაგიატი.”

 

მეთერთმეტე პრინციპის ჭრილში პაატა ბურჭულაძეს პრეტენზია ჰქონდა, რომ POSTV-ს წამყვანები მის შესახებ ინფორმაციას განზრახ ამახინჯებდნენ და ეს არ იყო მხოლოდ უზუსტობა.


განმცხადებელი ამის მოტივად მის ოპოზიციურ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებდა. ის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ POSTV-ს, როგორც სამთავრობო ტელევიზიის, წამყვანები განზრახ ავრცელებდნენ  მის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას.

 

ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმესი პროფესიული დარღვევაა და ქარტიის საბჭო ამ პრინციპის დადგენისას ყოველთვის ზედმიწევნით ფრთხილია. საბჭოს მრავალწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისთვის აუცილებელი თავისებურებები, მათ შორის, ორი პირობა სადავო მასალაში განხილვის დროსაც გამოვლინდა:

 

პირველი, ობიექტური გარემოებები იძლეოდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა - ამ გარემოებაზე მიუთითებს აღნიშნულ საკითხზე  POSTV-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომლის განხილვის ფარგლებშიც გაირკვა, რომ პაატა ბურჭულაძის მიმართ არ იყო დადასტურებული თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის ბრალდება.  პროკურატურას მრავალწლიანი  გამოძიების  შემდეგაც არ ჰყავს გამოვლენილი ფონდ “იავნანას” საქმეში დაზარალებული და ბრალდებული, თუმცა POSTV მტკიცებით ფორმაში მოიხსენიებს მას “ობოლთა კუთნილი თანხების” მიმთვისებლად, თაღლითად.

 

მეორე, თუ მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს, ესეც შესაძლოა მიანიშნებდეს არაზუსტი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. ქარტიის საბჭოს მოკვლევით, პაატა ბურჭულაძის შესახებ იდენტური შინაარსის არაზუსტი ინფორმაცია სულ მცირე სამჯერ გავრცელდა POSTV-ს სხვადასხვა დროს გასულ გადაცემაში. უფრო მეტიც, 2023 წლის 9 მაისს, იმავე  გადაცემაში წამყვანმა დაანონსა, რომ “დღეიდან ჩვენ თითქმის ყოველდღე მოგახსენებთ პაატა ბურჭულაძის თაღლითობაზე”...

 

Აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

 

  1. შალვა რამიშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი; მე-5; მე-11 პრინციპები.
  2. ბაჩო ოდიშარიამ დაარღვია ქარტიის 1-ლი; მე-5; მე-11 პრინციპები.


სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება

 
12.06.2024

 

განმცხადებელი: ბექა ოდიშარია

მოპასუხე: ირაკლი ბახტაძე

დარღვეული პრინციპები: 1-ელი პრინციპი; მე-11 პრინციპი.

 

 

11 მაისი, 2024 წელი

 

საქმე N 751

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 6 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით “ბექა ოდიშარიას ქონება”, დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებლის მინდობილმა პირმა , მარიამ გამცემლიძემ, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი მინდობილობა.

 

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია. “მთავარი არხისგან” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიღო წერილი, რომლითაც ტელეკომპანია მას ატყობინებდა, რომ სხდომაში მონაწილეობას ვერ ახერხებდნენ, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ სადავო სიუჟეტში ეთიკის პრინციპები არ დაურღვევიათ.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

პირველი პრინციპი.  ქარტიის 1-ელი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

 

Ბექა ოდიშიარია მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის, მიერ მის შესახებ მომზადებული სიუჟეტი - “ბექა ოდიშარიას ქონება”, მრავალ უზუსტობას შეიცავს და ჟურნალისტმა არასწორად, სათანადო გადამოწმების გარეშე გააშუქა მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია.

განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ სიუჟეტის გზავნილი, რომ ბექა ოდიშარია მას შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატი გახდა, არის მცდარი და არ ეფუძნება კონკრეტულ, სათანადოდ გადამოწმებულ მტკიცებულებებს.

 

განმცხადებელმა 1-ელი პრინციპის (სიზუსტის) ჭრილში სადავო გახადა სიუჟეტში მოყვანილი არაერთი ფრაგმენტი.

 

ვიდრე საბჭო კონკრეტულ ფრაგმენტებს შეაფასებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტი სიუჟეტის დასაწყისში ამბობს, რომ “Შაბათის მთავარმა” დეპუტატის დეკლარაცია დეტალურად შეისწავლა და რჩება აღქმა, რომ სიუჟეტი მომზადებულია დეპუტატ ოდიშარიას ქონებრივ დეკლარაციებზე  დაყრდნობით, რომლებიც საჯაროდაა გამოქვეყნებული.

 

Საბჭომ ქარტიის 1-ელი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია განმცხადებლის მიერ სადავოდ გამხდარ შემდეგ ეპიზოდებში:

 

 ეპიზოდი N1. Სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი ამბობს, რომ ოდიშარიას აქვს ძვირადღირებული ავტომანქანები და აჩვენებს “ტოიოტას” ბრენდის კონკრეტული მოდელის ავტომანქანის კადრებს. განმცხადებლის მითითებით, ეს მოდელი არ ეკუთვნის დეპუტატს და უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ბექა ოდიშარიას საკუთრებაში  აქვს.

დეკლარაციის შესწავლით და საჯარო წყაროებში გადამოწმებით, ბექა ოდიშარიას აქვს 2022 წლის გამოშვება toyota land cruiser-ი,  სიუჟეტში კი ნაჩვენებია ამ მოდელის ბოლო, 2024 წლის, გამოშვება. Სიუჟეტიდან არ მტკიცდება, რომ კადრებში ნაჩვენები კონკრეტული ავტომანქანა ეკუთვნის დეპუტატს, მას არ აქვს ქართული სარეგისტრაციო ნომრები და კადრები დიდი ალბათობით აღებულია ინტერნეტში გავრცელებული ამ მოდელის სარეკლამო ვიდეოდან. Საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ჟურნალისტმა არ სცა პატივი აუდიტორიას, არ აჩვენა მეტი მცდელობა, რათა მაყურებელს მიეღო ინფორმაცია, მართლაც ავტომანქანის ეს მოდელი აქვს თუ არა საკუთრებაში დეპუტატს თუ უფრო ძველი. არის თუ არა ნაჩვენები ავტომობილი უფრო ძვირი ან იაფი, ეს ჟურნალისტს სიუჟეტში არ აუხსნია. აუდიტორიას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ოდიშარიას აქვს სიუჟეტში ნაჩვენები 2024 წლის მოდელი, რაც არ არის ქარტიის სტანდარტით გადამოწმებული ინფორმაცია. Სიუჟეტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა ბექა ოდიშარიას დაუსვა შეკითხვა ავტომანქანის შესახებ. Საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტის) პრინციპი.

 

ეპიზოდი N2. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისში თაბორის მთაზე მდებარე კორპუსში რამდენიმე ბინის მესაკუთრეა: “ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია, 2023 წელს შევსებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ბექა ოდიშარიას ოჯახს თბილისში საცხოვრებელი არ აქვს”, - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში. საბჭოს მიერ ბექა ოდიშარიას ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ოდიშარიას დეკლარაციებში  მითითებული აქვს, რომ თბილისში თაბორის მთაზე ფლობს 7 უძრავ ქონებას, მათ შორის, 3 ბინას და 4 არასაცხოვრებელ ფართს. აღნიშნული ინფორმაცია ჩანს სიუჟეტში გამოყენებულ გრაფიკულ კადრებშიც (2 წთ.-სა და 10 წმ.-ზე), სადაც ნაჩვენებია დეპუტატის დეკლარაციის ფრაგმენტი, რომელშიც იკითხება, რომ ამ დეკლარაციაში მითითებულია თბილისში, თაბორის მთაზე მდებარე რამდენიმე უძრავი ქონება. გამომდინარე აქედან, არაზუსტია სიუჟეტის მონაკვეთიც, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ “ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია”.

 

ეპიზოდი N3. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ “დაბა ბაკურიანში ოდიშარიების ოჯახმა საცხოვრებელი სახლი 2016 წელს შეიძინა, თუმცა რა თანხა გადაიხადა 600 კვ.მ. მიწის ფართსა და 3 სართულიან სახლში, უცნობია”.  განმცხადებლის თქმით, ფრაგმენტი არაზუსტია, ვინაიდან სიუჟეტში ნაჩვენები ეს უძრავი ქონება 2016 წელს არ შეუძენია, მას მეტი ხანია, 2010 წლიდან ფლობს. ბორჯომში აღნიშნული მახასიათებლების მქონე უძრავი ქონება ოდიშარიას მითითებული აქვს 2023 წელს წარდგენილ დეკლარაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ ის მის საკუთრებაშია 2010 წლიდან. საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, სიუჟეტში აღწერილი მონაცემების ნაკვეთი (ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ) ოდიშარიას სახელზე რეგისტრირებულია 2013 წელს, მანამდე, ვიდრე ის პარლამენტის წევრი გახდებოდა და არა 2016 წლიდან, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც დარღვეულია სიზუსტის პრინციპი.

 

ეპიზოდი N4. სიუჟეტის დასაწყისშივე, პირველივე წამებში, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბექა ოდიშარიას აქვს “მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები”. გაურკვეველია, რას ეყრდნობა ჟურნალისტი ოდიშარიას კუთვნილი ნახატების შეფასებისას, რადგანაც მოგვიანებით, იმავე სიუჟეტის 3 წთ.-სა, და 45 წმ.-ზე თავადვე ამბობს, რომ ოდიშარიას კუთვნილი ფერწერული ტილოების ჯამური ღირებულება 79 ათას ლარზე მეტია. განმცხადებლის წარმომადგენელმა საბჭოს განუცხადა, რომ დეკლარაციაში შეტანილი ტილოების ღირებულება მათი შეძენისას დაახლოებით 80 ათასი ლარი იყო, რაც დეკლარაციაში დააფიქსირეს. შეძენის შემდეგ აღარ შეუფასებიათ ნახატები და მათთვის არც ამჟამინდელი ფასია ცნობილი.

 

გაურკვეველია, რას ეყრდნობოდა ჟურნალისტი ამ ეპიზოდშიც. სიუჟეტში ამ ტილოების ზუსტი ფასის დადგენის რაიმე მცდელობა არ ჩანს. სიუჟეტიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი ტილოებზე საუბრობს ოდიშარიას დეკლარაციაზე დაყრდნობით, თუმცა გაურკვეველია, საიდან მოიტანა ინფორმაცია ამ ტილოების მილიონებად შეფასების შესახებ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც დარღვეულია სიზუსტის პრინციპი.

 

ეპიზოდი N5. სიუჟეტის მიწურულს ჟურნალისტი აუდიტორიას ინფორმაციას აწვდის ბექა ოდიშარიას ბიზნესმენი ქვისლის კომპანიის სახელმწიფო ტენდერების შესახებ. “ერთ-ერთ ტენდერში ოდიშარიას ქვისლმა 22 მილიონი ლარი მიიღო”. განმცხადებლის თქმით, ეს ინფორმაცია მცდარია და ეს ჟურნალისტს უთხრა თავად ოდიშარიას ბიზნესმენმა ქვისლმა, როცა ის კომპანიაში ინტერვიუზე მივიდა, თუმცა ეს განმარტება სიუჟეტში არ არის. განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძის კომპანიაში მისვლის ფრაგმენტი. ამ ჩანაწერში ისმის, რომ ჟურნალისტი ეკითხება, დაასრულა თუ არა მისმა კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 22 მილიონიანი პროექტი და მიიღო თუ არა სახელმწიფოსგან 22 მილიონი. ოდიშარიას ქვისლი პასუხობს, რომ ჟურნალისტს აქვს არასწორი ინფორმაცია, რომ მის კომპანიას ჰქონდა საგარეჯოში 2 პროექტი, თუმცა მათი ჯამური ღირებულება იყო დაახლოებით 10 მილიონი და არა 22 მილიონი.

 

კომპანიის ხელმძღვანელის ეს პოზიცია სიუჟეტში არაა ასახული. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ “ერთ-ერთ ტენდერში ოდიშარიას ქვისლმა 22 მილიონი ლარი მიიღო” და სიუჟეტში არ აქვს ნაჩვენები ამის მტკიცებულებები.

 

ჟურნალისტი ასევე საუბრობს ოდიშარიას ქვისლის კომპანიის მიერ, ბოლო წლებში, უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებზე, თუმცა აუდიტორიას არ აჩვენებს ამის რაიმე მტკიცებულებას, წყაროს,მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა (procurement.gov.ge) საჯაროდ ხელმისაწვდომია და ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი ტენდერის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც არ აქვს ჟურნალისტს სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებზე არ არის დეპუტატ ოდიშარიას პასუხები. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ “ოცნების დეპუატატი არ პასუხობს ჩვენს არცერთ შეკითხვას”. ამ ტექსტზე კადრებში ჩანს, რომ დეპუტატი ოდიშარია ჩადის პარლამენტის კიბეებზე და “მთავარი არხის” ჟურნალისტს ხმამაღალ ტონალობაში, უხეშად ესაუბრება.


ქარტიის საბჭოსთვის ცნობილია, რომ მედიის წაარმომადგენლების დიდ ნაწილს ხშირად სერიოზული პრობლემები აქვს ინფორმაციის გადამოწმების კუთხით, ვინაიდან მოხელეები, პოლიტიკოსები უარს ამბობენ მათთვის ინტერვიუს მიცემაზე.

საბჭოსთვის ცნობილია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის დეპუტატების გარკვეული ნაწილი არ თანამშრომლობს მედიის გარკვეულ ნაწილთან, უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, 2023 წლის მარტიდან  შემოღებული წესები ზოგიერთ შემთხვევაში რეპრესიების საბაბი გახდა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პარლამენტში ინფორმაციის გადასამოწმებლად მიდიან.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში პარლამენტი დარჩა თითქმის ერთადერთ ადგილად, სადაც საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან თავისუფლად მიახლოება და კითხვის დასმა ჯერ კიდევ არის  შესაძლებელი იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც სიღრმისეულ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედია პროდუქტებს ქმნიან.

 

ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, ეთიკური ჟურნალისტის მოვალეობაა მიმართოს ყველა გზას ინფორმაციის გადასამოწმებლად, რადგანაც ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება პირველ რიგში საკუთარი აუდიტორიის პატივისცემაა და არა მხოლოდ კრიტიკის ადრესატის პასუხის  უფლება.

განსახილველ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა, ჟურნალისტს მიემართა დამატებითი ხერხებისთვის, წერილობით ჩაებარებინა შეკითხვები დეპუტატის ბიუროსთვის, კითხვები გაეგზავნა პარლამენტარის ოფიციალურ ელფოსტაზე და ა.შ. ყველა ეს მცდელობა მას უნდა აესახა სიუჟეტში და ამით აჩვენებდა საკუთარ მაყურებელს, რომ ყველა გზით სცადა ინფორმაციის გადამოწმება.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან,  სადავო სიუჟეტისა და შეკრებილი დოკუმენტური მასალების შესწავლის შედეგად, ქარტიის საბჭო მივიდა დასკვნამდე,  რომ განსახილველ სიუჟეტში  “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის  მხრიდან  არაერთ ეპიზოდში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

პრინციპი 11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება;

ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;

პლაგიატი.

 

მეთერთმეტე პრინციპის ჭრილში ბექა ოდიშარიას პრეტენზია ჰქონდა, რომ მის შესახებ ინფორმაცია განზრახ დაამახინჯეს და ეს არ იყო მხოლოდ უზუსტობა.

 

განმცხადებლის წარმომადგენელმა განხილვისას განაცხადა, რომ სიუჟეტიდან ჩანს, რომ ჟურნალისტს შესწავლილი აქვს ბექა ოდიშარიას ქონებრივი დეკლარაცია, აქვს სწორი ინფორმაცია, თუმცა წინასწარი განზრახვით ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას.


განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ “მთავარი არხი” და ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე სუბიექტურად არის განწყობილი მის მიმართ და ამ მოტივით ავრცელებს მის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას.


ამ მოსაზრების გასამყარებლად განმცხადებლის წარმომადგენელმა  ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა “მთავარ არხზე” გასული 9 მასალა, სადაც ბექა ოდიშარია, მისი თქმით, უარყოფითად იყო წარმოჩენილი და ამას მიიჩნევდა ფაქტის წინასწარ განზრახვით დამახინჯების დამატებით მტკიცებულებად, “მთავარი არხის” მიერ მის მიმართ ნეგატიური განწყობის მტკიცებულებად.

ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ამ პოზიციას. წარმოდგენილი მასალები ძირითად ეხება დეპუტატ ბექა ოდიშარიას  პოლიტიკური გადაწყვეტილებების და განცხადებების კრიტიკას, მათ შორის, რამდენიმე მასალა აღწერს ოდიშარიას მიერ 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატების მისამართით, დეპუტატის ეთიკისთვის შეუფერებელი ლექსიკით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას და ამ მიმართვაზე  მწვავე გამოხმაურებებს. ამ თემის დეპუტატისთვის ნეგატიურ კონტექსტში გაშუქება ბუნებრივია და არ შეიძლება მივიჩნიოთ მე-11 პრინციპის, ფაქტის განზრახ დამახინჯების მოტივის მტკიცებულებად. ეს მასალები ვერ ადასტურებენ განსახილველ სიუჟეტში სიზუსტის პრინციპის განზრახ დარღვევას.

 

თუმცა ქარტიის  პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, როცა დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

 

1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.


საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად, ქარტიის საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი ფაქტის განზრახ დამახინჯების ჭრილში.
 საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის ირგვლივ მოკვლეული ობიექტური გარემოებები იძლეოდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა; კერძოდ, საბჭო მოცემულობად იღებს, რომ ჟურნალისტი საფუძვლიანად გაეცნო ბექა ოდიშარიას ქონებრივ დეკლარაციას. “რა ქონებას ფლობს რუსული კანონის მხარდამჭერი ბექა ოდიშარია, “შაბათის მთავარმა” მისი ქონებრივი დეკლარაცია დეტალურად შეისწავლა,” - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.

აქედან გამომდინარე, სიუჟეტში ზემოთ აღწერილი 5 ეპიზოდიდან, რომელშიც საბჭომ სიზუსტის დარღვევა დაადგინა, პირველი 4 ეპიზოდის შესახებ ზუსტი ინფორმაცია სწორედ ქონებრივ დეკლარაციაში იყო ასახული და ჟურნალისტს ეს ინფორმაცია როგორც თავად ამბობს, შესწავლილი აქვს. ქარტიის პრაქტიკით, ეს საკმარისი საფუძველია ფაქტი განზრახ დამახინჯებულად მიიჩნიოს.

თუმცა, განზრახულობის ნაწილში ქარტიის საბჭო დამატებით ამახვილებს ყურადღებას  სიუჟეტის საერთო შინაარსზე, მის აქცენტებზე.

სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტის ტექსტები მაყურებელს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ სიუჟეტი ეხება “ქართული ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას გამდიდრების ისტორიას. თავშივე კეთდება მინიშნებები დეპუტატის შესაძლო კორუმპირებულობაზე, იმაზე, რომ მისი ქონება დეპუტატობის პარალელურად იზრდება. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს:

“ოცნების” დეპუტატი არ პასუხობს ჩვენს არცერთ შეკითხვას, თუ როგორ მოახერხა “ქართული ოცნების” მართვის პერიოდში კიდევ უფრო მეტად გამდიდრება”. მიუხედავად ასეთი აქცენტებისა,  ჟურნალისტმა აუდიტორიას არ ან ვერ წარუდგინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბექა ოდიშარია მას შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა, რაც პარლამენტის წევრი გახდა.

სიუჟეტშივე ნაჩვენები ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ ბექა ოდიშარიას ქონების აბსოლუტური უმეტესობა დეპუტატობამდე აქვს შეძენილი, მათ შორის, სიუჟეტში ჩამოთვლილი უძრავი ქონება, სიუჟეტში ნაჩვენები ფერწერული ტილოები, დეკლარაციების მიხედვით შეძენილია 2016 წლის ოქტომბრამდე, ოდიშარიას დეპუტატობამდე, და ყველა ამ ინფორმაციის ამოკითხვა შესაძლებელია ოდიშარიას დეკლარაციებში.

ყოველივე ეს საბჭოს არწმუნებს, რომ ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ დეპუტატ ბექა ოდიშარიაზე არაზუსტი ფაქტები წინასწარგანზრახვით გაავრცელა. ამის მოტივი იყო მისი, როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატის მიმართ, წინასწარი, უარყოფითი განწყობა, რაც ჟურნალისტის კონკრეტულ ფრაზებში და სიუჟეტის საერთო ხაზში, შეფუთვაში ნათლად ჩანს.

აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

 

  1. ირაკლი ბახტაძემ  დაარღვია ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები

 

  სადავო მასალა
განცხადება