გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - კავშირი საფარი რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
20.11.2023

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 10 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : კავშირი საფარი;
მოპასუხე : რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

15 სექტემბერი,  2023 წელი

საქმე N – 692

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, გულო კოხოძე, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა კავშირმა „საფარი”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 22 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის, არც მედიასაშუალების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლები, ხოლო მოპასუხეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტის სათაურია - "კურიერის" ექსკლუზივი: თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.

მასალაში წერია - „კურიერმა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის ბრალდების შესახებ.

კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ამჟამად თეა გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება”.

განმცხადებელმა განმარტა, რომ „თეა გოდოლაძე პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე".

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა სადავო მასალაში საზოგადოებას არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, ფაქტები გააშუქა ცალმხრივად და არ სცადა თეა გოდოლაძესთან დაკავშირება გადამოწმების მიზნით.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს მოპასუხე მხარის, თეა გოდოლაძის პოზიცია. ამასთან, ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ერთ - ანონიმურ წყაროს, რომლის ვინაობასაც ჟურნალისტი არ ასახელებს.

ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰყავდეს ანონიმური წყარო და არ დაასახელოს მისი ვინაობა. თუმცა, ამასთან, მსგავსი ბრალდების გამოთქმისას, აუცილებელია გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და აუდიტორიისთვის სრული სურათის მისაწოდებლად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ინფორმაცია არ არის გაშუქებული სრულყოფილად. შესაბამისად, საბჭო პირველ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტი წერს, რომ „კურიერმა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია”, მართალია, არ ასახელებს კონკრეტულ წყაროს, თუმცა საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, რომ ჟურნალისტს წყარო საერთოდ არ ჰყავდა.

მედიასაშუალებას ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. შესაბამისად საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია. 

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია არაკეთილსინდისიერად მოიპოვა.

საბჭოს არ აქვს ინფორმაცია ჟურნალისტმა რა მეთოდების გამოყენებით მოიპოვა გავრცელებული ინფორმაცია. ჟურნალისტურ პროდუქტში არ არის მითითებული, ვინ არის მასალის გავრცელების პირველი წყარო, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს ინფორმაციის მოპოვების მეთოდებთან დაკავშირებით და მეოთხე პრინციპს არ მიიჩნევს დარღვეულად.

არაკეთილსინდისიერი და არაეთიკური ამ შემთხვევაში არის მასალის გავრცელების ფორმა, მოპოვების მეთოდების შეფასების შესაძლებლობას კი საბჭო მოკლებულია.

მე-5 პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია, „შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხემ იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ, რადგან თეა გოდოლაძის პოზიცია იმავე დღეს სხვა მედიაპროდუქტებში აისახა, შესაბამისად, მედიასაშუალებას ჰქონდა ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მან ინფორმაცია არ გაასწორა. სადავო მედიაპროდუქტი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული საქმის განხილვის დღემდე. შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო ამ ინფორმაციის ქონა საზოგადოებისათვის აუცილებელი.

საბჭომ ჩათვალა, რომ სადავო მასალებში გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს. გარდა ამისა, ინფორმაცია არის არაზუსტი და აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი.

ქარტიის საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პირის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება, თუ ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს საზოგადოების ობიექტური ინტერესი, რაც ცნობისმოყვარეობას არ გულისხმობს.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

რუსთავი 2-მა 22 აგვისტოს აღნიშნულ თემაზე 7 მედიაპროდუქტი გამოაქვეყნა. 12:03-ზე დაწერა - „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, მის მიმართ ძალადობის ბრალდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც თეა გოდოლაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ძალადობის მსხვერპლი თავად იყო, ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კი ადვოკატებთან საუბრის შემდეგ სოციალური ქსელით თავად გაავრცელებს".

საბჭომ მედიასაშუალების მხრიდან განზრახულობა დაინახა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ სწორი ინფორმაცია, ისინი მაინც აღნიშნავდნენ, რომ გოდოლაძის მიმართ ძალადობის ბრალდება არსებობს. საბჭო მიიჩნევს, რომ მედიასაშუალება მიზანმიმართულად ავრცელებდა ამ ინფორმაციას გოდოლაძის მიმართ და კამპანიურად უტევდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპი.
  2. რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა