გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სოციალური სამართლიანობის ცენტრი დათა გვასალიას, ანა შანიძის, ლევან წუწუნავას, POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის, გიორგი ფუტკარაძის, ირაკლი ჩიხლაძის, კახა კუპატაძის, ლევან ჯავახიშვილის და მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ
09.02.2024

განმცხადებელი : სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
მოპასუხე : დათა გვასალია, ანა შანიძე, ლევან წუწუნავა, POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, გიორგი ფუტკარაძე, ირაკლი ჩიხლაძე, კახა კუპატაძე, ლევან ჯავახიშვილი, მეგი ნარსავიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

8 სექტემბერი, 2023 წელი

საქმე N – 686, 687, 688, 689, 690, 691

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 16 და 17 ივლისს ტელეკომპანია „POSTV”-სა და „იმედის” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი; 16 ივლისს ტელეკომპანია  „POSTV”-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში კი დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ დათა გვასალია, ანა შანიძე, ლევან წუწუნავა, გიორგი ფუტკარაძე, ირაკლი ჩიხლაძე, კახა კუპატაძე, ლევან ჯავახიშვილი, მეგი ნარსავიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხეებს შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენიათ და არც სხდომაში მიუღიათ მონაწილეობა.

ერთ სადავო პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

2023 წლის 16 ივლისს ტელეკომპანია „POSTV"-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ „ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინანდალში შეხვედრაზე იმყოფებიან. არაფორმალურ გარემოში გადაღებული საერთო ფოტო კახეთიდან, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა აღწერით - „შეხვედრა წინანდალში“[...]

[...] სააგენტო "newshub.ge" დაინტერესდა, რა არის შეხვედრის მიზანი და რა თემებზე მსჯელობენ მისი მონაწილეები. როგორც სააგენტოს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ეს არის სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოციალურ საკითხებს შეეხება. დეკანოიძის თქმით, ის არ შეეხება წინასაარჩევნო თემებს და არაპოლიტიკურია".

2023 წლის 16 ივლისს გავიდა სიუჟეტი „POSTV"-ს გადაცემაში „კვირის პოსტი", სადაც წამყვანი დათა გვასალია ამბობს:

„ხან თბილისში იმალებიან, ხან ბაკურიანში, ახლა მკაცრად კონფიდენციალურად წინანდალშიც შეიკრიბნენ. თანაც გვარწმუნებენ, რომ საიდუმლო სერობა პოლიტიკაზე კი არა, ზოგადსაკაცობრიო თემაზე აქვთ. მაშინ რატომ იმალებიან, პასუხს არ გვაძლევენ, მეტიც, რაღაც ზებუნებრივი ძალებით წინანდალში ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც გამოჩნდა. ჭყონიამ მაშინვე თქვა, ეს უბრალო დამთხვევაა და წინანდალში მხოლოდ გამოფენის სანახავად იმყოფება. თუმცა, ტყუილების მოსმენას მათგან უკვე მიჩვეულები ვართ. სანამ რადიკალები თავის გამართლებას ცდილობენ, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. მათი თქმით, ოპოზიცია თავს იმართლებს, თითქოს ეს არ არის ბაკურიანის მსგავსი შეკრება".

სიუჟეტში ჟურნალისტი ანა შანიძე ამბობს:

„ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრების, გახარიას პარტიის, ლელოსა და რესპუბლიკელების შეხვედრა წინანდალში კონსპირაციულად რომ არ შერაცხულიყო, ფოტომასალა თავად ოპოზიციონერებმა გაავრცელეს, თუმცა გუშინ შეხვედრის მიზნებზე არაფერი დაუწერიათ. მოვლენებს ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მას შემდეგ, რაც ჩვენს ზარებს არ უპასუხეს, პოსტვ-ის კამერამ სასტუმროში შესვლა მოახერხა. დაფიქსირებულ კადრებში ჩანს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც წინანდალში ყოფნას გამოფენაზე სტუმრობით ხსნის, ოპოზიციასთან გადაღებულ ფოტოს კი ხატია დეკანოიძესთან მეგობრობით[...]

[...]ტრენინგებად გასაღებული კონსპირაციული შეხვედრები რადიკალური ოპოზიციისთვის ტრადიციად იქცა. რადიკალური ოპოზიცია, NGO სექტორი და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები - წინანდლის მსგავსად ეს შემადგენლობა იმყოფებოდა ბაკურიანის ცნობილ შეკრებაზეც, სადაც გადატრიალების გეგმებს აკერმანთან ერთად აწყობდნენ".

2023 წლის 17 ივლისს ტელეკომპანია „POSTV"-ის ახალ ამბებში გავიდა მასალა, სადაც წამყვანი ლევან წუწუნავა ამბობს:

„რადიკალების კონსპირაციული ვოიაჟი წინანდალში, რომელიც სამუშაო შეხვედრის სახელით შეინიღბა. ბაკურიანის ბანაკების შემდეგ, ოპოზიციონერებმა დესტრუქციულ გეგმებზე მსჯელობისთვის, როგორც ჩანს, კახეთში გადაინაცვლეს. შეხვედრაში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრები, ლელოს, რესპუბლიკელების და გახარიას პარტიის ლიდერები, თემურ ჭყონია და მიშა მშვილდაძე მონაწილეობდნენ. არსებული ინფორმაციით, წინანდალში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა პრეზიდენტის ადგილზე ყოფნას რაიმე სახის კავშირი რედისონში რადიკალების შეხვედრასთან. კონსპირაციული შეკრების მოტივსა და მიზნებზე საუბრობენ მმართველი გუნდის წევრები. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, გახარიას პარტიისა და მათთან ერთად სხვა ოპოზიციონერების მჭიდრო კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან კიდევ ერთხელ დადასტურდა".

2023 წლის 16 ივლისს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ გადაცემაში „იმედი LIVE" წამყვანი გიორგი ფუტკარაძე ამბობს:

„გვარამია უკრაინაში წავიდა, საქართველოში დარჩენილი რადიკალები კი წინანდალში შეიკრიბნენ. საბაბი არასამთავრობოთა მიერ სემინარზე მიწვევაა, თუმცა ფოტოები ე.წ. ტრენინგის მეორე დღეს მას შემდეგ გამოფინეს, რაც ადგილზე იმედის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა, რომელსაც თემურ ჭყონიამ შეურაცხყოფა მიაყენა. ჭყონია თურმე შემთხვევით იმყოფებოდა იგივე სასტუმროში იგივე დროს. ბაკურიანის ცნობილი ტრენინგის შემდეგ არავის უკვირს რადიკალური ოპოზიციის შეკრებები სხვადასხვა საბაბით და ახალ-ახალი სახეებით, თუმცა მათი მიზანი, რომელიც ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას უკავშირდება, როგორც ადრე, ახლაც იგივე შედეგისთვის არის განწირული, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით შედეგი არასდროს იცვლება".

2023 წლის 16 ივლისს ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „იმედის კვირაში" წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ამბობს:

„ნაციონალური მოძრაობის კლასტერი წინანდალში - სააკაშვილი-კეზერაშვილის პარტიის მოქმედი და ყოფილი პარტიის წევრების, ასევე ლელოს, რესპუბლიკელების და გახარიას პარტიის ლიდერები კახეთში ე.წ. სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებიან. შეკრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს. ეს მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ გასაიდუმლოებული შეხვედრის გადასაღებად ტერიტორიაზე იმედის გადამღები ჯგუფი მივიდა და შეკრების რეალური მიზეზი მედიისთვის ცნობილი იყო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია თავს იმართლებს, თითქოს ეს არ არის ბაკურიანის მსგავსი შეკრება, არადა ყველას გვახსოვს აკერმანის გეგმა და ე.წ. კონფერენცია, სადაც რევოლუციაზე და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე მსჯელობდნენ. შეკრება წინანდალში, როგორც ჩანს, ამის პირდაპირი გაგრძელებაა".

სიუჟეტში ჟურნალისტი კახა კუპატაძე ამბობს:

„უკვე მეორე დღეა წინანდლის რედისონში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კონსპირაციულ შეხვედრებს მართავენ[...]

[...]ჩვენ ბევრი გვინახავს პოლიტიკური ერთობისთვის კრახით დასრულებული მსჯელობა. ამჯერად შედგება თუ არა პარტიებს შორის პოლიტიკური ქორწინება, ხელისუფლებაში ამის ნაკლებად სჯერათ".

2023 წლის 17 ივლისს ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანი ლევან ჯავახიშვილი ამბობს:

„ბაკურიანიდან წინანდლამდე - მზადება მორიგი დესტრუქციული სცენარისთვის. კახეთში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია თავის მართლების რეჟიმშია. ამბობენ, რომ სემინარზე იმყოფებოდნენ, თუმცა გაურკვეველია რა სტატუსით მონაწილეობდა ვითომდა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე სასაუბროდ შეკრებილი პოლიტიკოსების გვერდით დავით კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელი".

სიუჟეტში ჟურნალისტი მეგი ნარსავიძე ამბობს:

„როგორც ჩანს, რადიკალებს წინანდალში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ. სასტუმროს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, მეტიც, არც წინანდალში გამართული ღონისძიების შესახებ ასაჯაროებდნენ ინფორმაციას, ვიდრე ადგილზე იმედის გადამღები ჯგუფი არ გამოჩნდა[…]

[…]ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სწორედ მათ მივმართეთ მთავარი კითხვებით, რას ეხებოდა შეხვედრა და რა სტატუსით დაესწრო შეხვედრას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომელი მიშა მშვილდაძე. ორგანიზაციის წარმომადგენელმა სცადა განემარტა, თუ რა პრინციპით შეარჩიეს ღონისძიების მონაწილეები. აქვე, გამჭვირვალობის იმიტაციისთვის ქრონიკის გადამღებ ჯგუფს შესთავაზეს შეხვედრაზე შესვლა, როცა ჟურნალისტისგან თანხმობა მიიღო შეთავაზება უკან წაიღო”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია არასწორად გაშუქდა და ჟურნალისტებმა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს.

განმცხადებელმა განმარტა, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჩატარდა 15-17 ივლისს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში და ეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და პასუხგაუცემელ კითხვებს; მისივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე მსჯელობა იყო.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მედიასაშუალებების მიერ აღნიშნული შეხვედრა მოხსენიებული იყო, როგორც „რადიკალების შეხვედრა წინანდალში“, „ოპოზიციის კონსპირაციული შეხვედრა“, “რადიკალების საიდუმლო სერობა წინანდალში“, რაც არასწორი და მანიპულაციურია. განმცხადებელმა განმარტა, რომ მედიასაშუალებებს ორგანიზაციის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ განუმარტა, რაზე იყო შეხვედრა, ამასთან, ფეისბუქ პოსტიც გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, თუ რა მიზნით და რა თემების ირგვლივ მიმდინარეობდა აღნიშნული შეხვედრა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ინფორმაცია ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ განმარტებაშიც [„ეს არის სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოციალურ საკითხებს შეეხება. ის არ შეეხება წინასაარჩევნო თემებს და არაპოლიტიკურია"] ჩანდა.

განმცხადებლის თქმით, აღსანიშნავია, რომ „POSTV“-ის მიერ პოსტის გამოქვეყნებამდე არ მომხდარა დაკავშირება შეხვედრის ორგანიზატორებთან, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით; ჟურნალისტებმა არ გასწიეს სათანადო ძალისხმევა, რომ გადაემოწმებინათ ინფორმაცია.

განმცხადებლის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით დოკუმენტში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების გათვალისწინებით. მასალებში ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ „რადიკალების შეხვედრა წინანდალში“, „ოპოზიციის კონსპირაციული შეხვედრა“, „რადიკალების საიდუმლო სერობა წინანდალში“, „რადიკალების კონსპირაციული ვოიაჟი", „ე.წ. სამუშაო შეხვედრა", „მზადება მორიგი დესტრუქციული სცენარისთვის".

ამასთან, ჟურნალისტები ამბობენ, რომ „ბაკურიანის ცნობილი ტრენინგის შემდეგ არავის უკვირს რადიკალური ოპოზიციის შეკრებები სხვადასხვა საბაბით და ახალ-ახალი სახეებით, თუმცა მათი მიზანი, რომელიც ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას უკავშირდება, როგორც ადრე, ახლაც იგივე შედეგისთვის არის განწირული, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით შედეგი არასდროს იცვლება"; „მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია თავს იმართლებს თითქოს ეს არ არის ბაკურიანის მსგავსი შეკრება, არადა ყველას გვახსოვს აკერმანის გეგმა და ე.წ. კონფერენცია, სადაც რევოლუციაზე და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე მსჯელობდნენ. შეკრება წინანდალში, როგორც ჩანს, ამის პირდაპირი გაგრძელებაა".

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს სხვადასხვა წყაროსგან განემარტათ, რას ეხებოდა შეხვედრა, ვისი ორგანიზებული იყო ის, ისინი მაინც მანიპულაციურად მიუთითებენ, რომ შეკრებილნი დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ და შეხვედრა კონსპირაციული იყო.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური მასალები აუდიტორიის შეცდომაში შემყვანია, მიჩქმალულია რეალური მიზეზი, რის გამოც შეხვედრა ჩატარდა, ვინ იყო მისი ორგანიზატორი, ვინ იყო მოწვეული და ა.შ.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტებმა დაიცვეს ეთიკური ვალდებულებები - გაავრცელეს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

განმცხადებლის თქმით, მოცემული გარემოებების შესწავლის შემდეგ ნათლად იკვეთება, რომ მედიასაშუალებების არცერთ პოსტსა და სიუჟეტში არ მიუთითებიათ, რომ წინანდალში გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ რომელიმე „წყაროსგან“, რაც ბადებს ლოგიკურ ეჭვს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტები არ დაჰყრდნობიან წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტებში არ არის ნახსენები, რაზე დაყრდნობით გააკეთეს მათ ეს მცდარი დასკვნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად შეხვედრის მონაწილეებმა და ორგანიზატორმაც როგორც ჟურნალისტებთან პირისპირი კომუნიკაციისას, ისე საჯაროდ, განუმარტეს შეხვედრის შინაარსისა და მიზნების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მასალების ნაწილში არ ჩანს კონკრეტულად რა წყაროს ეყრდნობიან ჟურნალისტები, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, რომ ჟურნალისტს წყარო საერთოდ არ ჰყავდა.

მედიასაშუალებას ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, გააშუქა არასწორად და მანიპულაციურად, შესაბამისად საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

დადასტურდა, რომ განმცხადებელს ჟურნალისტისთვის/მედიასაშუალებისთვის შესწორების მოთხოვნით მასალების გავრცელების შემდეგ არ მიუმართავს, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მედიასაშუალებებმა ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად განზრახ გაავრცელეს, ისინი ცდილობდნენ მიზანმიმართულად შეეყვანათ აუდიტორია შეცდომაში, რის მთავარ მიზანს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, როგორც ორგანიზაციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

განმცხადებლის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ, სამთავრობო ტელევიზიების მიერ დამახასიათებელი არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია უკვე კამპანიურ ხასიათს ატარებს; ამგვარი მიდგომები, გარდა იმისა, რომ აღრმავებს პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციას და ანტაგონიზმს საზოგადოებაში, ის სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მუშაობის პარალიზებას ისახავს მიზნად და მათთვის არაუსაფრთხო გარემოს ქმნის.

ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დარღვეულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ:

1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

საბჭო ხედავს კამპანიურობას მედიასაშუალებებში. ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ განზრახულობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებაც: მასალებში ჩანს ჟურნალისტების განწყობები თემასთან მიმართებით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ თამთა მიქელაძე ადგილზევე აწვდის ინფორმაციას, მაინც არასწორად აშუქებენ თემას და განზრახ არ უთითებენ ღონისძიების რეალურ მიზნებს.

აქედან გამომდინარე, საბჭომ სადავო მასალებში მე-11 პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. დათა გვასალიამ, ანა შანიძემ, ლევან წუწუნავამ, POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა, გიორგი ფუტკარაძემ, ირაკლი ჩიხლაძემ, კახა კუპატაძემ, ლევან ჯავახიშვილმა და მეგი ნარსავიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. დათა გვასალიას, ანა შანიძეს, ლევან წუწუნავას, POSTV-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, ირაკლი ჩიხლაძეს, კახა კუპატაძეს, ლევან ჯავახიშვილს და მეგი ნარსავიძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 და მე-5 პრინციპი.
  3. POSTV-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

 

სადავო მასალა1

სადავო მასალა2

სადავო მასალა3

სადავო მასალა4

სადავო მასალა5

სადავო მასალა6

განცხადება