18.05.2026

19 ნოემბერი, 2025 წელი

საქმე  N 791

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თინათინ ზაზაძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტი ელისო კილაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მოპასუხემ, გაზეთის “ქრონიკა +” რედაქტორმა, მის შესახებ გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

მოპასუხე ჟურნალისტად სტატიის ავტორი და გაზეთის “ქრონიკა +” რედაქტორი ელისო კილაძე განისაზღვრა.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პირველი პრინციპი

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

განმცხადებლის მოსაზრებით, სადავო მასალა არ ეფუძნება გადამოწმებულ ფაქტებს, არის არაზუსტი და ჟურნალისტმა მის მიმართ ბრალდებები ისე გაავრცელა, რომ მისი პოზიცია არ ასახა.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძემ საბჭოს უთხრა, რომ არანაირ ზეწოლაში  მონაწილეობა არ მიუღია და რომ ჟურნალისტის მხრიდან მის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბრალდებები, მისი მხილების დაანონსება და ამის შემდეგ სტატიის გამოქვეყნება, სადაც მისი ფოტოსურათია დაბეჭდილი, მის მიმართ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა.

განსახილველი  სტატია გაზეთში „ქრონიკა +“ 2025 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მანამდე, 10 აგვისტოს, ელისო კილაძე ფეისბუქში პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ „საეკლესიო სკანდალს ახალი ფიგურანტები ყავს“ და ასახელებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ის ამბობს, რომ ლორთქიფანიძე მონაწილეობდა კონკრეტულ მონაზონზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით განხორციელებულ ზეწოლაში.

11 აგვისტოს ელისო კილაძე აქვეყნებს კიდევ ერთ პოსტს, სადაც კვლავ ახსენებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და, „საეკლესიო სკანდალთან“ დიმიტრი ლორთქიფანიძის კავშირით, ამ სკანდალში რუსეთის ინტერესზე უთითებს.

11 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც არის ინტერვიუ აღნიშნულ მონაზონთან, გამოყენებულია დიმიტრი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი, თუმცა მასში არაფერი იკითხება დიმიტრი ლორთქიფანიძის მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის შესაძლო მცდელობის შესახებ.
საბჭოს მიაჩნია, რომ გაზეთის “ქრონიკა +” რედაქტორის პოსტები ლორთქიფანიძის შესახებ, რომლებიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, და მის მიერ გავრცელებული ინტერვიუ მონაზონთან, ერთობლივად უნდა შეფასდეს, ვინაიდან საბჭო დარწმუნდა, რომ ელისო კილაძე ხშირად იყენებდა სოციალურ მედიაში მის პირად გვერდს მისივე გაზეთში გამოქვეყნებული თემების ანონსირებისთვის. ის საკუთარ აუდიტორიას ხშირად წინასწარ აწვდიდა ინფორმაციას გაზეთში განხილული თემების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაშიც, მოპასუხე ჟურნალისტმა რამდენიმე პოსტი მიუძღვნა განმცხადებელს. მან პოსტებში დიმიტრი ლორთქიფანიძეს ბრალი დასდო ძალადობაში მონაწილეობაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებულ მასალაში მხოლოდ ლორთქიფანიძის ფოტო გამოაქვეყნა და აუდიტორიას არ მიაწოდა დამატებითი, კონკრეტული ინფორმაცია ლორთქიფანიძის ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ.


ინტერვიუში, რომელიც ვრცელია და გაზეთის ორ გვერდს მოიცავს, მოპასუხე ჟურნალისტი მონაზონ რესპოდენტსაც არაფერს ეკითხება დიმიტრი ლორთქიფანიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ.


ჟურნალისტმა ისე გაავრცელა დიმიტრი ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაცია, სადაც ის ძალადობაში მონაწილეობაში იყო დადანაშაულებული, რომ ლორთქიფანიძეს ამ ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.


განმცხადებელმა საბჭოს უთხრა, რომ ელისო კილაძე ამ ინფორმაციის გავრცელებისას მას არ დაკავშირებია. ჟურნალისტმა ვრცელ ინტერვიუში არც მონაზონს დაუსვა შეკითხვა იმის თაობაზე, მონაწილეობდა თუ არა მის მიმართ ძალადობაში დიმიტრი ლორთქიფანიძე.

საბჭო სადავო მასალას მიიჩნევს მანიპულაციურად, ვინაიდან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებთან ერთობლიობაში, ის მკითხველს უქმნის წარმოდგენას, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ზეგავლენას ახდენდა მონაზონზე. პოსტები, რომლებიც წინ უძღვის სადავო მასალას, ქმნის წარმოდგენას, რომ ჟურნალისტი მკითხველს წარმოუდგენს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად განამტკიცებენ მის ამ ბრალდებებს.


საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა ლორთქიფანიძის პოზიციის არ გამოქვეყნებით, იქამდე გაჟღერებული ბრალდების გადაუმოწმებლობით, პატივი არ სცა აუდიტორიის ინტერესს, მიიღოს მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

მეთერთმეტე პრინციპი

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპიც.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
  2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
  3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

ამასთანავე, ელისო კილაძის ქმედებებში საბჭო კამპანიურ და განგრძობად ხასიათს ხედავს. როგორც აღინიშნა, სტატიის გამოქვეყნებამდე ელისო კილაძემ რამდენიმე  პოსტი მიუძღვნა დიმიტრი ლორთქიფანიძეს, სადაც საკუთარ აუდიტორიას ინფორმაციას აწვდიდა ლორთქიფანიძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ასეთი სტატუსების გამოქვეყნება გაგრძელდა სადავო მასალის გავრცელების შემდეგაც. კერძოდ, 13 აგვისტოს, ის ისევ წერს, რომ განმცხადებელი ზეწოლას ახდენდა მონაზონზე. ასევე, 15 აგვისტოს ის ეხმიანება დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ ქარტიისთვის მომართვას. მიუხედავად ბრალდების მრავალჯერადად გაჟღერებისა, ჟურნალისტმა მაინც არ მისცა ლორთქიფანიძეს პასუხის უფლება.

სტატუსებს შორის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სადავო მასალა, სადაც ლორთქიფანიძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ არაფერი წერია.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ასეთი ქმედება არის აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანა, ლორთქიფანიძის მიმართ გადაუმოწმებელი ინფორმაციის კამპანიურად გავრცელება. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ელისო კილაძემ ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

ელისო კილაძემ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები დაარღვია.

 

09.05.2026

7 თებერვალი, 2026 წელი

 

საქმე N 808

 

საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე

საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, თემო ინასარიძე, ნათია ამირანაშვილი, ლელა დუმბაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიგა გელხვიიძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 26 სექტემბერს, გამოქვეყნებული ინფორმაცია (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს. სამაუწყებლო კომპანიის მიერ გავრცელებული ცნობა ეხებოდა არასრულწლოვანი პირის დაკავებას, იარაღის უკანონო ტარების მიზეზით.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ შეძლო ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი გიგა გელხვიიძე.

 

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და საბჭოსთვის არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

ამ გადაწყვეტილებაში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საბჭო არ უთითებს იმ მოზარდის ვინაობას, რომლის შესახებ მომზადებული ქარდი გახდა სადავო. ამ ქმედებით საბჭო ცდილობს, არასრულწლოვნის მიმართ გავრცელებული ინფორმაციის დამატებით ტირაჟირებას არ შეუწყოს ხელი.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ჟურნალისტმა დაარღვია

ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ვინაიდან მტკიცებით ფორმაში, გადამოწმების გარეშე, გაავრცელა ინფორმაცია არასრულწლოვნის დაკავების, მის მიერ იარაღის უკანონო ტარების შესახებ და გაამჟღავნა მისი ვინაობა. არასრულწლოვანი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნების შვილი იყო და ოჯახმა მალევე, საჯაროდ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რაც არ ასახულა მედიასაშუალების ქარდზე. “რუსთავი 2-ის” შემდეგ, ამავე საკითხზე, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც არ იყო თანხვედრაში ტელევიზიის ოფიციალურ გვერდზე გატანილ ამბავთან.

 

განმცხადებელი სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-3 პრინციპს (დადასტურებული წყარო).

 

განმცხადებელი ასევე დავობდა მე-4 პრინციპზე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება).

 

განმცხადებელი დარღვეულად მიიჩნევდა ქარტიის მე-5 პრინციპსაც (შესწორების ვალდებულება), ვინაიდან, ტელეკომპანიის მიერ ინფორმაციის წაშლის მიუხედავად, მიაჩნდა, რომ შესწორების ეთიკური წესი არ იყო დაცული.

 

სადავო იყო მე-8 პრინციპი (ბავშვთა ინტერესი), რადგან განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ არასრულწლოვანის ვინაობის გამჟღავნებას და მასთან დაკავშირებული არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას შეეძლო ზიანი მიეყენებინა მოზარდისთვის და ის ბულინგის ობიექტად ექცია.

 

გიგა გელხვიიძე დავობდა მე-11 პრინციპზე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). მას მიაჩნდა, რომ ვინაიდან არასრულწლოვანის დედა საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა და აქტიურად არის ჩართული “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო პროცესში, მისი არასრულწლოვანი შვილის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-მა” განზრახ დაამახინჯა, რათა მისთვის ზიანი მიეყენებინა.

 

ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ქარდით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

2025 წლის 26 სექტემბერს, “რუსთავი 2-ის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნების არასრულწლოვანი შვილი პოლიციამ იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავა. ინფორმაცია მოწოდებული იყო მტკიცებით ფორმაში და იდენტიფიცირებული იყო მოზარდი. განმცხადებელი ამბობდა, რომ იმ დროისთვის, როცა სამაუწყებლო კომპანიამ ეს ინფორმაცია გაავრცელა, ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გაკეთებული არ ჰქონდა. არასრულწლოვნის ოჯახმა მალევე უარყო “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ამბავი, მათ შორის ქარდის ქვეშ, კომენტარების ველში, და ინფორმაციის ჩასწორება მოითხოვა, რაც არ მომხდარა. მოგვიანებით, განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნა შსს-მ.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ცნობა არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტობრივ გარემოებას ან მტკიცებულებას, რაც ქარდზე დატანილ ამბავს დაამოწმებდა. განმცხადებელი გამოქვეყნებულ მოკლე ინფორმაციაში რამდენიმე უზუსტობაზე დავობდა: არასრულწლოვანი არ ყოფილა დაკავებული; ის არ ატარებდა იარაღს. საბჭოს სხდომაზე გიგა გელხვიიძემ თქვა, რომ როცა საქმე 16 წლის პირს ეხებოდა, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა შსს-ში, პროკურატურაში, ოჯახთან, ადვოკატთან და მხოლოდ დადასტურების შემდეგ გამოექვეყნებინა. მოცემულ შემთხვევაში კი გადაუმოწმებელი ინფორმაცია არასრულწლოვნის იდენტიფიცირებით იყო გამოქვეყნებული და მითითება, რომ დამატებითი ინფორმაცია უმოკლეს პერიოდში გავრცელდებოდა, საკმარისი არ იყო.

ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის „რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა პატივი არ სცა აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მან გამოქვეყნებამდე ამბავი სათანადოდ არ გადაამოწმა სამართალდამცავ  სტრუქტურებში ან ოჯახთან. ამაზე მიუთითებს მოგვიანებით, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც არ არის საუბარი არასრულწლოვნის იარაღის უკანონოდ ტარების გამო დაკავებაზე, რაც ადასტურებს, რომ “რუსთავის 2-ის” მიერ გავრცელებული ქარდი არაზუსტი იყო.

საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის შესახებ ამ შინაარსის ინფორმაციის გამოქვეყნება, არ წარმოადგენდა ისეთ გადაუდებელ აუცილებლობას, რომ ჟურნალისტს ის  სათანადო გადამოწმების გარეშე გაევრცელებინა. არ არსებობდა რაიმე სახის მაღალი საჯარო ინტერესი, რომელიც ამ ამბის გადაუმოწმებლად გავრცელებას გაამართლებდა, იმ ფონზე როცა საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა.

ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტით, მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა საქმე ეხება მოზარდის დანაშაულში, სავარაუდოდ კრიმინალში მონაწილეობას. ასეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებამ, შესაძლოა, არასრულწლოვანს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

თუმცა, ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ისე მიაწოდა ამბავი აუდიტორიას, რომ ან არ უცდია გადამოწმება, ან არ მიიჩნია საჭიროდ, ეჩვენებინა, რა ძალისხმევა დახარჯა ინფორმაციის გავრცელებამდე მის დასაზუსტებლად. დაპირებული “დამატებითი ინფორმაცია”, რაც ასევე ქარდზე იყო დატანილი, აჩენს მხოლოდ ახალი დეტალების და არა არსებული ინფორმაციის დაზუსტების მოლოდინს.

ამასთანავე, “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა, არ მისცა პასუხის უფლება უარყოფით კონტექსტში, დამნაშავედ წარმოჩენილი არასრულწლოვნის ოჯახს, არ ასახა ქარდის, თუნდაც ტექსტურ ნაწილში მათი პოზიცია, რაც ასევე არ შეესაბამება პროფესიული ეთიკის სტანდარტს.

მესამე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”.

 

მეოთხე პრინციპი

 

“ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”.

 

განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მე-3 და  მე-4 პრინციპები.

მეხუთე პრინციპი

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი, შესწორების ვალდებულება.

 

საბჭოს სხდომაზე, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მართალია, შსს-ს მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ “რუსთავი 2-მა” ინფორმაცია წაშალა, ეს ვერ მიიჩნევა ჩასწორებად, ვინაიდან ქარდზე დატანილი ცნობა დარჩა იგივე, ხოლო აღწერაში გამოტანილი დამატებითი ინფორმაცია, შესაძლოა, აუდიტორიისთვის ნაკლებად თვალსაჩინო დარჩენილიყო, ვინაიდან არ იყო დაცული ჩასწორების ეთიკური სტანდარტი. ინფორმაციის თავზე არ იყო მინიშნებული, რომ ის განახლებულია და, ვიდრე მას წაშლიდნენ, ჩანდა მხოლოდ პირველადი ვერსია. დამატებული დეტალები აუდიტორიისთვის ცნობილი მხოლოდ ტექსტის ჩამოშლის შემდეგ ხდებოდა.

 

ამასთანავე, განმცხადებელი აქცენტს სვამდა ინფორმაციის ჩასწორების მყისიერებაზე. ის ამბობდა, რომ ვინაიდან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა და ამ ამბავს მისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, ინფორმაცია უსწრაფესად უნდა ჩასწორებულიყო, თუნდაც ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების/კომენტარების საფუძველზე, რაც არ მოხდა.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მე-5 პრინციპი დარღვეულად შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნია:

 

ქარტიის დადგენილი სტანდარტით, ჩასწორების მთავარი მახასიათებელი ჟურნალისტის ან მედიის ქცევაა, თუ რამდენად სწრაფად, ადეკვატურად და პატიოსნად ასწორებს ის დაშვებულ შეცდომას.


ქარტიის პრაქტიკით, ჩასწორებისას, აუდიტორიისთვის ცხადი უნდა იყოს, რა ჩასწორდა და რატომ, რა იყო პირველად მასალაში არაზუსტი. ამ ინფორმაციას მედია საკუთარ აუდიტორიას მარტივად და თავლსაჩინოდ უნდა აწვდიდეს.

 

არაზუსტი ინფორმაციის წაშლა და ახლის მომზადება არ მიიჩნევა კარგ სტანდარტად და აუდიტორიის უფლებას ლახავს. თუმცა, ქარტიის საბჭოს პრაქტიკაში არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითრეგულირების ორგანომ მასალის წაშლა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია, რადგან გავრცელებული ინფორმაცია ადამიანებს მყისიერ საფრთხეს უქმნიდა ანდა მისგან გამოწვეულ ზიანს განგრძობითი შედეგი ჰქონდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს აზრით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა ქარდის წაშლა, ვინაიდან მასზე ღიად, სახელისა და გვარის მითითებით, იყო არასრულწლოვანი იმ დანაშაულში მხილებული, რაც მალევე დადასტურდა, რომ არ ჩაუდენია. ეს ინფორმაცია კი, შესაძლოა, მისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო.

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ქარდზე ინფორმაციის ჩასწორებისას ჩანს რედაქტირების ისტორია, სადაც მომხმარებელს შეუძლია ძველი ინფორმაციის ამოკითხვა. ეთიკური სტანდარტის მიხედვით, არასრულწლოვნის სახელი და გვარი საერთოდ აღარ უნდა იძებნებოდეს იმ დანაშაულთან კავშირში, რაც არ ჩაუდენია. “რუსთავი 2-ს” ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ არასრულწლოვნის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ ყოფილიყო.

 

საბჭოს აზრით, ამ შემთხვევაში არსებობდა ჩასწორების ალტერნატიული შესაძლებლობა.  არსებულ ბმულზე ამბის სრულად წაშლა და იმავე ბმულზე აუდიტორიისთვის სწორი, გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა ეთიკური გამოსავალი.

მედიასაშუალებას უნდა აღენიშნა, რომ პირველადი სახით გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არასრულწლოვნისთვის დამაზიანებელი იყო და მისი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია წაიშალა. ჩასწორების ამ ფორმის გამოყენებისას, ძველი ცნობის ნახვა ბმულზე შეუძლებელი იქნებოდა.

 

რაც შეეხება ინფორმაციის მყისიერ ჩასწორებას, საბჭო მიიჩნევს, რომ მაუწყებლის აუდიტორიის სიდიდიდან გამომდინარე,“რუსთავი 2-ს” სწრაფად უნდა ემოქმედა, რათა მაქსიმალურად შეემცირებინა ზიანი, რაც არასრულწლოვანს გავრცელებული ინფორმაციის შედეგად მიადგებოდა. 

მერვე პრინციპი

“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი, ბავშვთა ინტერესი.

 

განმცხადებელი მე-8 პრინციპზე შემდეგი არგუმენტით დავობდა: “რუსთავი 2-მა” სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც არ დადასტურდა, ღიად, სახელისა და გვარის დასახელებით დაუკავშირა არასრულწლოვანი. გელხვიიძის აზრით, ამ ფაქტს მოზარდის დაზიანება განგრძობითად შეეძლო. საზოგადოების მხრიდან, ის შეიძლებოდა აგრესიული ქცევის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის (ბულინგის) ობიექტი გამხდარიყო. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია. საბჭოს მიაჩნია, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, “რუსთავი 2-ს” არასრულწლოვნისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. მედიასაშუალების ჟურნალისტმა არ იხელმძღვანელა ბავშვის საუკეთესო ინტერესით და არ დაუთმო მეტი დრო და რესურსი ინფორმაციის გადამოწმებას. მაშინ, როცა სამართალდამცავი უწყება მხოლოდ ინიციალებს აქვეყნებს შესაძლო დანაშაულში მონაწილეების შესახებ, ტელეკომპანიამ ღიად თქვა მოზარდის სახელი და გვარი. ტელეკომპანიის არაიდენტიფიცირებული თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულ ცნობას, შესაძლოა, მოზარდისთვის დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს წლების შემდეგაც, როგორც დანაშაულში მხილებულისთვის, რომელიც მერე არ დადასტურდა.  

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. ამის მიუხედავად, არასაკმარისი არგუმენტაციის საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ მე-11 პრინციპი არ არის დარღვეული.

 

განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ვინაიდან არასრულწლოვნის დედა აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებში და ამავე დროს, ის საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, მისი შვილის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებამ განზრახ დაამახინჯა. მიზანი დედისთვის ზიანის მიყენება და მისი დისკრედიტაცია იყო. 

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, არც განცხადებაში და არც გიგა გელხვიიძის მიერ განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებებში არ იყო სათანადო მტკიცებულებები, რაც საბჭოს დააჯერებდა, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია განზრახ გაავრცელა. საბჭო ვერ დარწმუნდა, რომ ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი და მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა; რომ ობიექტური გარემოებები მიუთითებდა ჟურნალისტის მიერ სწორი ინფორმაციის ფლობაზე და მცდარის გავრცელებაზე; რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ატარებდა კამპანიურ ხასიათს. შესაბამისად, ვერ დადგინდა ჟურნალისტის მოტივი და განზრახვა, გაევრცელებინა მცდარი ინფორმაცია.


სარეზოლუციო ნაწილი:

ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და მე-8 პრინციპები.

 

 

 

28.04.2026

30 ოქტომბერი, 2025 წელი

 

საქმე  N 790

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თინათინ ზაზაძე, ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, ნინო გელაშვილი, თეა დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ზვიად დევდარიანმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2025 წლის 20 მაისს, ონლაინ პლატფორმაზე “აპრილი მედია” გამოქვეყნებული სტატია სათაურით: “ ზვიად დევდარიანი ქალების წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ”, არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

სტატია ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად დევდარიანის სარჩელზე, სადაც ის პატივისა და ღირსების შელახვაზე დავობდა. გადაწყვეტილება 2025 წლის 19 მაისს გამოცხადდა. მასალაში, ასევე, მოთხრობილია 2018 წელს, ქალების სექსუალურ შევიწროებაში ზვიად დევდარიანის მხილების ამბავი.  

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ხატია ღოღობერიძე. 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში წარიმართა და საბჭოს წევრები სხდომაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი ზვიად დევდარიანი.

 

სხდომას დაესწრო მოპასუხე, აპრილი მედიას” მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე. მან საბჭოს შეპასუხება წერილობითაც წარმოუდგინა.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს “აპრილი მედიას” ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, “აპრილი მედიას” ჟურნალისტმა დაარღვია

ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია, არ გადაამოწმა ფაქტი, იხელმძღვანელა რა  მხოლოდ გამოქვეყნებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით და არა მოსამართლის სრული და საბოლოო დასაბუთებით.

 

გარდა ამისა, ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ მხარეს მისცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ხოლო განმცხადებელს ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუკავშირდა. შედეგად, ზვიად დევდარიანის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია იყო არაზუსტი, რამაც დაარღვია აუდიტორიის უფლება, მიეღო ბოლომდე გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.   

 

განმცხადებელი, ასევე, სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-11 პრინციპს, ვინაიდან ფიქრობდა, რომ სტატიაში ფაქტები განზრახ იყო დამახინჯებული.

 

ორივე პრინციპის დარღვევის საილუსტრაციოდ, ზვიად დევდარიანმა არაერთი ეპიზოდი მოიყვანა.

 

განმცხადებლის მტკიცებით, მანიპულაციურია სათაური. ის დავობდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მისი პატივი და ღირსება შელახეს, გენდერზე ხაზგასმას კი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

 

განმცხადებლის აზრით, მიზანმიმართულად არის დარღვეული სტატიის სტრუქტურა, სადაც თხრობა 2018 წლის მოვლენებით (ისტორიით) იწყება, ხოლო ამბავი იმის შესახებ, რომ ოთხ მოპასუხეს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრა, სტატიის ბოლოს არის მოცემული. ზვიად დევდარიანის მტკიცებით, ამგვარი სტრუქტურა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადაფარვას და დამახინჯებულად წარმოჩენას ემსახურება. 

 

სტატიაში ფონური ინფორმაცია ონლაინ გამოცემა “ტაბულაში” გამოქვეყნებული მასალიდან არის აღებული, რომლის ავტორიც ხატია ღოღობერიძეა და ეს არ არის აღნიშნული სადავო ჟურნალისტურ ნაშრომში. განმცხადებლის მტკიცებით, ავტორმა ეს განზრახ დამალა, რათა მკითხველს მის მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა. 

 

ზვიად დევდარიანი სადავოდ მიიჩნევდა სტატიაში გამოყენებულ პირველ ციტატას, მისი მხრიდან ყოფილი თანამშრომლის სექსუალური შევიწროების შესახებ. განმცხადებლის მტკიცებით, ისტორია სახალხო დამცველმა შეისწავლა და არ დაადგინა ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება, რაც არ არის აღნიშნული სტატიაში. დევდარიანის თქმით, ავტორმა ინფორმაციის ნაწილი გამიზნულად დამალა და დაამახინჯა ფაქტი, ვინაიდან სტატიაშივე ჩანს, რომ მას ეს ინფორმაცია ჰქონდა.

 

სტატიაში, ამ საქმეზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნის მიზანმიმართულად დამახინჯებას დავობდა განმცხადებელი კიდევ ერთ მონაკვეთზე დაყრდნობით, მისი აზრით,  ამ ეპიზოდში ინტერპრეტაციითაც ავტორი არასწორ შთაბეჭდილებას ქმნიდა. "2018 წელსვე სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ხუთი საქმე შეისწავლა, საიდანაც სამ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროება, დანარჩენ ორ საქმეზე კი, კონკრეტული ფაქტებიდან დიდი ხნის გასვლის გამო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა და წარმოება შეწყვიტა", - წერია სტატიაში. იმის საილუსტრაციოდ, რომ ავტორს სახალხო დამცველის დასკვნა არასწორად აქვს გადმოცემული, დევდარიანმა შემდეგი ციტატა მოიყვანა: "სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ორივე განსახილველ შემთხვევაში, სექსუალური ფაქტის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს, კონკრეტულად როდის შეწყდა ურთიერთობა განმცხადებლებსა და ზვიად დევდარიანს შორის. აღნიშნული სახალხო დამცველს დაეხმარებოდა გამოერკვია, თუ როდის გამოხატეს სავარაუდო მსხვერპლებმა, რომ მათთვის ზვიად დევდარიანთან ურთიერთობა არასასურველი იყო. განსახილველ შემთხვევებში, სახალხო დამცველის ხელთ არსებული მასალები არ იძლევა დადგენის შესაძლებლობას, თუ როდის დასრულდა მხარეთა შორის კომუნიკაცია. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეებში არ არსებობს იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც სხვა სადავო გარემოებებსაც დაადასტურებდა, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოკვეთოს სექსუალური შევიწროების ფაქტები".

 

ზვიად დევდარიანი ფაქტებით მანიპულაციას და არაკეთილსინდისიერებას ედავებოდა ხატია ღოღობერიძეს იმ ეპიზოდის მითითებით, სადაც ჟურნალისტი განმცხადებლის მიერ მეორე სარჩელში მოთხოვნების დაზუსტებაზე საუბრობს: "მოგვიანებით დევდარიანმა ზოგიერთი მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა შეცვალა და აღარ ითხოვდა, მაგალითად, ამ წინადადების უარყოფას: “ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ…ა კაცი”; “ზვიად დევდარიანი არის მძ…..ველა” და ა.შ. ". დევდარიანის მტკიცებით, სტატიაში არა მეორე, არამედ პირველ სარჩელზე აპელირება სარჩელის შინაარსის მიზანმიმართულ დამახინჯებას და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

განმცხადებელმა სადავო გახადა სტატიის კიდევ ერთი ნაწილი:"მათ შორის არის ის 4 ქალიც, რომელიც დევდარიანს შევიწროებაში ამხელდა და რომელთა ინტერვიუები 2018 წელს, მედიაში კონფიდენციალურად გავრცელდა, ხოლო შემდგომში ზოგიერთ მათგანზე სახალხო დამცველმა შევიწროვება დაადგინა, თუმცა, დევდარიანმა მათ წინააღმდეგაც მიმართა სასამართლოს". დევდარიანის მტკიცებით, რეალურად, თავად ამ ქალებმა და მათმა წარმომადგენლებმა სახალხო დამცველთან ნაწილობრივ, ხოლო სასამართლო პროცესზე სრულად უარყვეს სტატიებში გადმოცემული ისტორიების ავთენტურობა. განმცხადებელი კვლავ სახალხო დამცველის დასკვნას იშველიებს, რომლის მიხედვითაც, ისტორიების სხვადასხვა ვერსია არსებობდა და ქალებს თავადაც უჭირდათ საკუთარი ამბის იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე, დევდარიანი ასკვნიდა, რომ „ტაბულაში“ გავრცელებული ინფორმაცია დამახინჯებული და არაზუსტი იყო, ხოლო “აპრილი მედიაში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორის მტკიცება, თითქოს ეს ქალები იგივე პირები არიან, ვის წინააღმდეგაც სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ფაქტების დამახინჯებას წარმოადგენს.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ უფლებადამცველი ქალების მიმართ დევდარიანის მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებლის მტკიცებით, სტატიის ავტორი აქ ცრუობს, რადგან 11 ქალიდან, ვის წინააღმდეგაც იყო წარდგენილი საჩივარი, შვიდი უფლებადამცველია, რომელთაგან ოთხს სასამართლომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა.

 

ფაქტის განზრახ დამახინჯების მაგალითად მოიყვანა განმცხადებელმა სტატიიდან ორი რესპონდენტის ციტატა და ამტკიცებდა, რომ მოცემული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელია. დევდარიანის თქმით, ხატია ღოღობერიძემ არ იზრუნა, გადაემოწმებინა შემდეგი ინფორმაცია:

 

"თუ ამ ქალების ნაწილში (სასამართლო) დაადგენდა დარღვევას, გამოვიდოდა, რომ დააზიანებდა სახალხო დამცველის ინსტიტუტს”, - იურისტი სოფო მენაბდიშვილი.

 

“მსხვერპლი ქალების ნაწილში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, გამოდის, რომ შევიწროების ის ფაქტი, რომელიც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა. ამ ნაწილში ზვიად დევდარიანის პოზიცია, რომ შევიწროება არ არსებობდა, არ გაიზიარა. სარეზოლუციო ნაწილში ამას სასამართლო ვერ იტყოდა დღეს, მაგრამ შედეგობრივად ამას ნიშნავს, რომ რაც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა", - იურისტი ტატა ჭანკვეტაძე.

 

ზვიად დევდარიანი ამტკიცებდა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში სრულიად საპირისპირო წერია: "დავის საგანს არ წარმოადგენს დისკრიმინაციული მოპყრობის (სექსუალური შევიწროვების) ფაქტის დადგენა, თუმცა დავის არსის და წარმოდგენილი სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტითა და წესით აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველმა საფუძვლად დაუდო გაცემულ რეკომენდაციას, არ ადასტურებს მოპასუხეთა საჯარო, სადავო განცხადებების ნამდვილობას. კერძოდ, გაცემული რეკომენდაციით დადგენილი სექსუალური შევიწროვების ფაქტი უპირობოდ და უდავოდ არ წარმოშობს ამ ფაქტის სისწორის პრეზუმფციას, ხოლო სხვა სახის რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხეთა მხრიდან ვრცელდება სადავო განცხადებები, საქმეზე წარმოდგენილი არ არის".

 

ფაქტის განზრახ დამახინჯების და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ნიმუშად  მოიყვანა განმცხადებელმა ეპიზოდი, სადაც რესპონდენტებზე დაყრდნობით, იშლება მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით ზვიად დევდარიანის კმაყოფილება-უკმაყოფილების შესახებ, ხოლო თავად განმცხადებლის პოზიცია სტატიაში არ არის წარმოდგენილი. სტატიაში ხატია ღოღობერიძე წერს: "მისივე (ტატა ჭანკვეტაძის) შეფასებით, სასამართლოს ზვიად დევდარიანის სასარგებლო გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიუღია"; სტატიაში იდა ბახტურიძის ციტატა შემდეგი შინაარსისაა: "საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ დევდარიანი ბევრად უკმაყოფილო იქნება". ამავე დროს, მასალაში ნათქვამია, რომ რესპონდენტების ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

დევდარიანის შეხედულებით, ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევა იმანაც განაპირობა, რომ ჟურნალისტი მხოლოდ სასამართლოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო და არ დაელოდა სამოტივაციო ნაწილს, სადაც გადაწყვეტილების დასაბუთებაა მოცემული. ამ გარემოებამ, განმცხადებლის მტკიცებით, ბევრი უზუსტობა გამოიწვია.

 

განმცხადებელი დარწმუნებული იყო, რომ ხატია ღოღობერიძეს განზრახული ჰქონდა ქარტიის პრინციპების უგულვებელყოფა. ზვიად დევდარიანმა მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ ჟურნალისტი, 2018 წელს, მის მიერ ქალების შევიწროებაზე მომზადებული მასალის ავტორია, რომელიც ონლაინ მედიაში “ტაბულა” გამოქვეყნდა. სტატიამ ბევრი პროფესიული პრიზი დაიმსახურა. ამ გამოცემის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი კი თამარ ჩერგოლეიშვილია. ის ერთ-ერთია, ვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ჟურნალისტმა, ხატია ღოღობერიძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წერილობითი შეპასუხება წარმოუდგინა, რომლის მიხედვითაც ზვიად დევდარიანის ბრალდებებს არ ეთანხმებოდა.

 

სადავო სტატიის ავტორი მიიჩნევდა, რომ მასალაში, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება და არ გულისხმობს მხარეთა პოზიციების დაპირისპირებას, ფაქტები გადამოწმებულია დამოუკიდებელ წყაროებთან. ის აღწერს არა ახალ, არამედ ძველ ბრალდებებს, რომელთან დაკავშირებითაც ზვიად დევდარიანის დამოკიდებულება სრულად არის ასახული.

 

ხატია ღოღობერიძის განმარტებით,  ახალი ამბების გაშუქებისას, სტატიის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილზე დაყრდნობით მომზადება მედიაში  მიღებული პრაქტიკაა, ვინაიდან ის გადაწყვეტილების შინაარსს ასახავს და შესაძლებლობას იძლევა, ჟურნალისტური პროდუქტი დროულად მომზადდეს. იმის საილუსტრაციოდ, რომ სტატიაში სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი დამახინჯებული არ არის, ჟურნალისტმა სარეზოლუციო ნაწილის აუდიო ჩანაწერი შემოგვთავაზა. ავტორი განმარტავდა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება 19 მაისს გამოაცხადა, სტატია 20 მაისს გამოქვეყნდა, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი მხოლოდ 17 ივნისს გახდა. შესაბამისად,  ახალი ამბის მოსაყოლად ის სამოტივაციო ნაწილს ვერ დაელოდებოდა.

მისივე თქმით, სტატიაში არ გაჟღერებულა ბრალდებები, რომლებზეც დევდარიანს პასუხი არ ჰქონდა გაცემული. შესაბამისად, არც ერთი ჟურნალისტური სტანდარტი მას არ ავალდებულებდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ აზრი ზვიად დევდარიანისთვის ეკითხა. ამის მიუხედავად, ჟურნალისტი ამბობდა, რომ მისი პოზიცია, როგორც 2018 წლის ბრალდებებზე, ასევე სასამართლო დავაზე, სტატიაში მოცემულია: “დევდარიანმა ძალადობის ან ზეწოლის ფაქტის არსებობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მისი შეცდომაა “ურთიერთობა ოჯახს გარეთ”.

ხატია ღოღობერიძე აღნიშნავდა, რომ ევროპული თვითრეგულირების ორგანოების პრაქტიკა არ მოითხოვს, რომ ჟურნალისტმა "გადაამოწმოს" ან "დააბალანსოს" სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილების ტექსტის სიზუსტე მეორე მხარის კომენტარის აღებით, ვინაიდან დოკუმენტი  თავისთავად სანდო წყაროა.

 

მოპასუხემ, ასევე, მიუთითა ევროპის საბჭოს და სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტს არ სჭირდება ორივე მხარის მოსაზრების მოპოვება, თუ მას ხელმისაწვდომი, საჯარო და გადამოწმებადი წყარო აქვს. შესაბამისად, ჟურნალისტი მიიჩნევდა, რომ სასამართლო განჩინება უტყუარი დოკუმენტია, რომელიც სიმართლის და სიზუსტის დასაცავად მეორე მხარესთან გადამოწმებას და მისი მოსაზრების წარმოჩენას არ საჭიროებს, ძველ ბრალდებებთან დაკავშირებით კი განმცხადებლის პოზიცია სტატიაში ასახულია.

 

საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად ჟურნალისტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის  სახელმძღვანელოც მოიშველია, “ სამუშო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოკვლევა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით”, სადაც  ახსნილია სამუშაო ადგილზე მომხდარი სექსუალური შევიწროების ფაქტის შესწავლის პროცედურა  და ნათქვამია, რომ მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისას, ამოსავალი სავარაუდო მსხვერპლის გამოცდილება, მოლოდინი და დაშვებაა, რომ ის არ ტყუის. 

 

ამ გარემოებებზე  დაყრდნობით, ხატია ღოღობერიძე აცხადებდა, რომ მან პატივი სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და ქარტიის პირველი პრინციპი არ დაურღვევია.

 

რაც შეეხება მე-11 პრინციპს, ჟურნალისტმა, განმცხადებლის პოზიციის საწინააღმდეგოდ, არაერთი არგუმენტი მოიყვანა.

 

ხატია ღოღობერიძის განმარტებით ვინაიდან დევდარიანი  ქალებს უჩიოდა, ჟურნალისტს აქვს უფლება, სტატიას დაარქვას სათაური, რომელიც  მასალის შინაარსიდან გამომდინარეობს და რომლის მიხედვითაც მკითხველისთვის თავიდანვე ცხადი ხდება, რა სახის ინფორმაციას შეიძლება გაეცნოს სტატიაში.

 

მოპასუხე აბსურდულად მიიჩნევდა სტატიის სტრუქტურაზე მსჯელობას, ვინაიდან ეს სადავო ვერ იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს. თუმცა, საბჭოს პატივისცემით, ღოღობერიძემ განმარტა, სტატია შვიდი წლის წინანდელი ინფორმაციით იმის გამო დაიწყო, რომ აუდიტორიისთვის თავიდანვე გასაგები ყოფილიყო ისტორიის არსი და განვითარება. ოთხი მოპასუხის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სტატიის ბოლო ნაწილში თხრობა კი სტრუქტურის შემადგენელია. აქაც, ავტორმა ლოგიკურად მიიჩნია, ჯერ იმ გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რაც  11 პირის წინააღმდეგ დავიდან უმრავლესობას ეხებოდა. 

 

ხატია ღოღობერიძე აღნიშნავდა, რომ   ფონური ინფორმაციის გამოყენებისას, პროფესიული სტანდარტი არ ავალდებულებს თქვას, რომ ძველი სტატიის ავტორიც თავადაა. ის საბჭოსთვის გამოგზავნილ შეპასუხებაში წერდა, რომ მაღალი სტანდარტი სწორედ ის არის, საკითხს, რომელსაც აშუქებ, ბოლომდე მიჰყვე და აუდიტორიას მისი განვითარებისა და შედეგების შესახებ უამბო. ღოღობერიძის თქმით, ასეთი მასალა პირველ პირში არ იწერება და თავის ქებასაც ჰგავს, რაც არ მოსწონს. შესაბამისად, განმცხადებლის ბრალდება, თითქოს  ჟურნალისტმა განზრახ დამალა ფაქტი, რომ “ტაბულაში” გამოქვეყნებული სტატია მას ეკუთვნოდა, რათა გამოჩენილიყო, “რამდენად მიუკერძოებელია”, უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ სტატიაში მიმაგრებულია ძველი მასალის ბმული, სადაც ავტორის ვინაობაც მითითებულია.

 

ხატია ღოღობერიძის განმარტებით, მისთვის მიუღებელი იყო ბრალდება, თითქოს მან განზრახ დამალა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ორი ქალის მიმართ (რომელთაგან ერთის ციტატა სტატიის დასაწყისშივეა გამოყენებული) შევიწროების ფაქტი არ დადგინდა. ჟურნალისტი განმარტავდა, რომ 2018 წელს, მისთვის უცნობ ათამდე ქალს შეხვდა, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ და ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობდნენ. “ტაბულაში” ანონიმურად გამოქვეყნდა მხოლოდ ის ისტორიები, რაც სამსახურში შევიწროებას უკავშირდებოდა. სტატიის გმირებისა და სხვა (ვინც მიმართა) ქალების ვინაობა კონფიდენციალურია სახალხო დამცველის ანგარიშშიც, თუმცა, ზვიად დევდარიანმა შეძლო მათი ამოცნობა და სასამართლოში უჩივლა. ავტორის თქმით, მას რომ განზრახული ჰქონოდა ფაქტების დამახინჯება, ძველი სტატიიდან იმ ქალის ციტატას გადმოიტანდა, ვის მიმართაც სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადგინა. ხატია ღოღობერიძე ამბობდა, რომ მედია აპრილზე” გამოქვეყნებულ სტატიაში არსად წერია, დევდარიანის მიერ სადავოდ მიჩნეული ციტატის ავტორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროება დადგინდა თუ არა და არც ქალის მონათხრობია მტკიცებით ფორმაში. ჟურნალისტმა დასტურად მოიყვანა ციტატა სახალხო დამცველის ანგარიშიდან:  “რაც შეეხება სხვა ორ განმცხადებელს, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ მიმართ სექსუალური შევიწროება ვერ დადგინდა. კერძოდ, არ იკვეთებოდა, კონკრეტულად როდის შეწყვიტეს ზ. დ.-სთან კონტაქტი და როდის გამოხატეს, რომ მოპასუხის ქცევა მათთვის არასასურველი იყო”, რომელიც, მისი აზრით, არ მოდის წინააღმდეგობაში სტატიის სადავო მონაკვეთთან: დანარჩენ ორ საქმეზე კი, კონკრეტული ფაქტებიდან დიდი ხნის გასვლის გამო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა და წარმოება შეწყვიტა”. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ ფორმულირებით ომბუდსმენი არც უარყოფს, ან ადასტურებს დევდარიანის მხრიდან ქალების შევიწროებას.

 

ხატია ღოღობერიძე არ იზიარებდა ზვიად დევდარიანის პრეტენზიას სარჩელიდან იმ ციტატების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც სარჩელის დაზუსტების შემდეგ, საქმეში აღარ ფიგურირებდა. ჟურნალისტი წერდა, რომ არ არსებობს პროფესიული სტანდარტი, რომელიც მას სარჩელის პირველი ვერსიის გამოყენებას აუკრძალავდა. შესაბამისად, ეს ვერანაირად იქნებოდა აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი ან დამახინჯებული ფაქტი. ხატია ღოღობერიძის მტკიცებით, ამ სადავო ეპიზოდში მოყვანილი წინადადებები არის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: “ ა) 11-დან 7 მოპასუხის შემთხვევაში სასამართლომ ზვიად დევდარიანის არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა (რაც ფაქტობრივი გარემოებაა); ბ) მათ შორის არის ის 4 ქალიც, რომელიც დევდარიანს შევიწროებაში ამხელდა და რომელთა ინტერვიუები 2018 წელს მედიაში კონფიდენციალურად გავრცელდა, ხოლო შემდგომში ზოგიერთ მათგანზე სახალხო დამცველმა შევიწროვება დაადგინა, თუმცა დევდარიანმა მათ წინააღმდეგაც მიმართა სასამართლოს (ასევე ფაქტობრივი გარემოებაა)”. ავტორი, ასევე, აღნიშნავდა, რომ 2016 წელს ფონდის “ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში, ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტზე მსჯელობა ნამდვილად გაიმართა. ამას ფონდის თანამშრომლის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციაც ცხადყოფს, რაზე დაყრდნობითაც ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ ქალების მიერ მისთვის მიწოდებული ფაქტები არ არის ხელოვნურად შექმნილი.

 

ხატია ღოღობერიძემ უპასუხა ზვიად დევდარიანის მხრიდან სადავოდ ქცეულ ეპიზოდს, სადაც ის ქალების უფლებადამცველებად მოხსენიებას და მისი მოთხოვნებიდან  “აბსოლუტური უმრავლესობის” დაუკმაყოფილებლობის საკითხებს ეხება. ჟურნალისტი ამბობდა, რომ აქვს უფლება, მოქალაქეებს, რომლებიც უფლებებისთვის იბრძვიან, უფლებადამცველი უწოდოს, ვინაიდან ეს არ არის რაიმე სახის თანამდებობა. რაც შეეხება “აბსოლუტურ უმრავლესობას”, მისი განმარტებით, სტატიაში ეს სიტყვათა თანწყობა არა ქალებს, არამედ “მოთხოვნებს” მიემართება. სასამართლომ კი დევდარიანის 14 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა. “აბსოლუტური უმრავლესობა” ნახევარზე მეტს ნიშნავს და ამ შემთხვევაში სრულად ასახავს ფაქტს.

 

ხატია ღოღობერიძე არც განმცხადებლის მიერ რესპონდენტების ციტატების განმარტებას ეთანხმებოდა. ზვიად დევდარიანი ამტკიცებდა, რომ ინტერვიუერის პირით, სტატიაში ნათქვამი იყო, “თითქოს სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება”, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ რესპონდენტი ცხადად ამბობს, “სარეზოლუციო ნაწილში ამას სასამართლო ვერ იტყოდა დღეს, მაგრამ შედეგობრივად ამას ნიშნავს, რომ რაც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა.” ამასთანავე, ხატია ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ  20 მაისს, მას ვერ ეცოდინებოდა, თუ რა არგუმენტებს დაეყრდნობოდა მოსამართლე 17 ივნისს (გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის გამოქვეყნებისას).

 

რაც შეეხება ზვიად დევდარიანის მიერ გადაწყვეტილებით “კმაყოფილება-უკმაყოფილებას”, ჟურნალისტის თქმით, ამ საკითხის კვლევა არ ყოფილა მისი მიზანი. სტატია სასამართლო გადაწყეტილებას ეხებოდა, რაც “სრულად და ზუსტად არის ასახული”, ეყრდნობა რა სასამართლოში გაკეთებულ ჩანაწერს და პროცესზე მყოფთა მონათხრობს. ხატია ღოღობერიძე წერდა, რომ მასალაში ახალი ბრალდება არ გაჟღერებულა, ხოლო ძველზე პასუხი წარმოდგენილია. ის არ მიიჩნევდა საჭიროდ, ქალთა უფლებებზე მომუშავე მედიაში “ტრიბუნა დაეთმო ადამიანისთვის”, რომლის მხრიდანაც, სახალხო დამცველის გადაწყვეტილების თანახმად, ადგილი ჰქონდა ქალების სექსუალურ შევიწროებას.

 

ჟურნალისტი არ ეთანხმებოდა განმცხადებლის ბრალდებას, თითქოს მას “წინასწარი, პირადი მოტივები” ჰქონდა, როგორც მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მონაწილეს. ხატია ღოღობერიძე ზოგადად, ასეთი კამპანიის არსებობას უარყოფდა და ამბობდა, რომ არაერთმა ქალმა, შეუთანხმებლად, “ფეისბუკ” ჯგუფში დაიწყო დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ლაპარაკი. ის ასევე სვამდა კითხვას, თუკი განმცხადებელი ფიქრობდა, რომ ის “კამპანიის მონაწილე” იყო, რატომ არ უჩივლა სასამართლოში. ხატია ღოღობერიძემ ასევე დააკონკრეტა, რომ ზვიად დევდარიანი “ტაბულას” დამფუძნებელს  სტატიის გამო კი არა, სოც. მედიის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო უჩიოდა, რომლის უარყოფაც დაევალა. 

 

ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება

 

ქარტიის საბჭომ, იმისთვის, რომ სრულფასოვნად განეხილა განცხადება, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. საბჭოს სურდა დაედგინა, რამდენად შეესაბამება სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილზე დაყრდნობით დაწერილ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სამოტივაციოს შინაარსს. ეთიკის ქარტიის საბჭომ თანმიმდევრულად იმსჯელა თითოეულ სადავო საკითხზე.

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ონლაინ პლატფორმაზე “აპრილი მედია” გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა, ხატია ღოღოებრიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

სტატია სათაურით “ზვიად დევდარიანი ქალების წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ” იწყება ერთ-ერთი ქალის ციტატით, რომელიც დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე 2018 წელს საუბრობდა. განმცხადებელი ამბობდა, რომ სახალხო დამცველმა ეს კონკრეტული ფაქტი შეისწავლა და არ დაადგინა შევიწროება, რაც სტატიაში აღნიშნული არ არის. თუმცა, მასალაშივე ჩანს, რომ ავტორი ამ ინფორმაციას ფლობდა. ხატია ღოღობერიძემ, საპასუხოდ, მასალის ის მონაკვეთი მოიხმო, სადაც ნათქვამია, რომ რესპონდენტი ქალებიდან ნაწილის შემთხვევაში ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროება დაადგინა. თუმცა, ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ციტატასთან ამას კავშირი არ აქვს. ამონარიდი არ არის  წარმოდგენილი მტკიცებითი ფორმით და არსად წერია, ამ ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება დადგინდა თუ არა.

 

საბჭოს წევრების მოსაზრება ამ კონკრეტულ ეპოზოდთან დაკავშირებით, გაიყო. ამის მიუხედავად, თვითრეგულირების ორგანომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს პატივი უნდა ეცა აუდიტორიის უფლებისთვის, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და ციტატის შემდეგ, უნდა აღენიშნა, რომ ინტერვიუერის მიმართ სექსუალური შევიწროება ომბუდსმენმა დაადგინა თუ ვერა. მას ამის მიზეზებიც იქვე უნდა აეხსნა. სხვა შემთხვევაში, ეს ფაქტის მიჩქმალვაა. სტატიაში გამოყენებული ძველი ინფორმაცია (ციტატა 2018 წლის მასალიდან არის გადმოტანილი)  მკითხველს,   უარყოფითად განაწყობს განმცხადებლის მისამართით. თუ სადავო მასალის გამოქვეყნებისას ძველი სტატიიდან აღებულ ამ ციტატაში აღწერილი გარემოებები  ახალი დეტალებით შეივსო, აუდიტორიას უფლება აქვს, ამის შესახებ იცოდეს და ჟურნალისტს ციტატის კვლავ გამოყენებისას აუდიტორიისთვის დამატებითი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.

 

განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა საბჭოს წევრ ნინო რამიშვილს. მისი თქმით,  ვინაიდან ძალადობის მსხვერპლი ქალები რთულად თანხმდებიან საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარს, შესაბამისად, მათ მიმართ დამოკიდებულება ფრთხილი, ხოლო მიდგომა არასტანდარტული უნდა იყოს. მისი აზრით, არავითარი საჭიროება არ არსებობდა, ავტორს ძველი სტატიიდან აღებული ციტატის შემდეგ ეთქვა, რომ ინტერვიუერის მიმართ ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროების ფაქტი ვერ დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნა თუ ზუსტად იქნებოდა ასახული სტატიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში, იქნებოდა საკმარისი. საბჭოს წევრის, ნინო რამიშვილის, მოსაზრებით, ამ ინტერვიუერის ციტატის შემდეგ მოდის ზვიად დევდარიანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, "დევდარიანმა ძალადობის ან ზეწოლის ფაქტის არსებობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მისი შეცდომაა “ურთიერთობა ოჯახს გარეთ”, რაც სრულად საკმარისი და ეთიკურად სწორი ქმედება იყო ჟურნალისტის მხრიდან.

 

კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა კი ავტორს ავალდებულებს, აუდიტორიას ძველი თუ ახალი ამბავი უამბოს სრულყოფილად, გამოქვეყნების მომენტში არსებული ყველა მნიშვნელოვანი  დეტალის მოცვით, რაც ნათლად წარმოაჩენს ისტორიას, არ ტოვებს ადგილს კითხვებისთვის და ბუნდოვანებისთვის.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა, ქალების ნაწილის მიმართ,  სექსუალური შევიწროების ფაქტი ვერ დაადგინა, თუმცა, განმცხადებელი ამ ეპიზოდში უზუსტობაზე დავობდა. სტატიაში ვკითხულობთ: "2018 წელსვე სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ხუთი საქმე შეისწავლა, საიდანაც სამ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროება, დანარჩენ ორ საქმეზე კი, კონკრეტული ფაქტებიდან დიდი ხნის გასვლის გამო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა და წარმოება შეწყვიტა". იმის დასტურად, რომ საქმის შეწყვეტის საფუძველი სტატიაში დასახელებული მიზეზი  არ ყოფილა, დევდარიანმა ომბუდსმენის დასკვნიდან შემდეგი ამონარიდი მოიყვანა: "სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ორივე განსახილველ შემთხვევაში, სექსუალური ფაქტის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს, კონკრეტულად როდის შეწყდა ურთიერთობა განმცხადებლებსა და ზვიად დევდარიანს შორის. აღნიშნული სახალხო დამცველს დაეხმარებოდა გამოერკვია, თუ როდის გამოხატეს სავარაუდო მსხვერპლებმა, რომ მათთვის ზვიად დევდარიანთან ურთიერთობა არასასურველი იყო. განსახილველ შემთხვევებში, სახალხო დამცველის ხელთ არსებული მასალები არ იძლევა დადგენის შესაძლებლობას, თუ როდის დასრულდა მხარეთა შორის კომუნიკაცია. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეებში არ არსებობს იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც სხვა სადავო გარემოებებსაც დაადასტურებდა, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოკვეთოს სექსუალური შევიწროების ფაქტები".  განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ფაქტი დამახინჯებულია, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და უტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ამ ორ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი შევიწროებას, თუმცა, დიდი ხნის გასვლის გამო, ეს ვერ დადგინდა.

 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა ხატია ღოღობერიძე. მან სახალხო დამცველის დასკვნიდან ის ამონარიდი დაიმოწმა, რასაც თხრობისას დაეყრდნო: რაც შეეხება სხვა ორ განმცხადებელს, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ მიმართ სექსუალური შევიწროება ვერ დადგინდა. კერძოდ, არ იკვეთებოდა, კონკრეტულად როდის შეწყვიტეს ზ. დ.-სთან კონტაქტი და როდის გამოხატეს, რომ მოპასუხის ქცევა მათთვის არასასურველი იყო”. ჟურნალისტი ამბობდა, რომ  შემდეგი წინადადება: “მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს, კონკრეტულად როდის შეწყდა ურთიერთობა განმცხადებლებსა და ზვიად დევდარიანს შორის”, მას აძლევდა იმის თქმის უფლებას, რომ მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა ხანდაზმულობის გამო.

საბჭომ მიიჩნია, რომ სახალხო დამცველის დასკვნა სტატიაში არასწორი ინტერპრეტაციით არის ასახული, ჟურნალისტის ტექსტი ამბის ამ ეპიზოდს განსხვავებულად აწვდის აუდიტორიას, თხრობისას არ არის დაცული სიზუსტე, შინაარსი განსხვავებულად აღიქმება და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი. შესაბამისად, საბჭომ სიზუსტე ამ ნაწილშიც დარღვეულად მიიჩნია.

 

საბჭომ  არ გაიზიარა ზვიად დევდარიანის პრეტენზია სათაურთან დაკავშირებით. თვითრეგულირების ორგანომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მანიპულაციურად აღქმული სათაური სტატიის შინაარსთან სრულ შესაბამისობაშია.

 

ამავე დროს, საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პრეტენზია სტატიის სტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ძველი მასალიდან გადმოტანილი სადავო ციტატით იწყება. როგორი იქნება ჟურნალისტური პროდუქტის წყობა, ავტორისა და რედაქციის გადასაწყვეტია და გარედან რაიმე სახის ჩარევას არ ექვემდებარება.

 

საბჭომ არ გაიზიარა, არ მიიჩნია ეთიკურ პრობლემად  ზვიად დევდარიანის ბრალდება, თითქოს ხატია ღოღობერიძემ საგანგებოდ დამალა ის ფაქტი, რომ სტატია, საიდანაც ციტატა ახალ მასალაში გადმოიტანა, მას ეკუთვნოდა, ვინაიდან ის ტყუილებით იყო გაჯერებული. 

სტატიაში თავიდანვე მითითებულია გამოყენებული მასალის ბმული, სადაც ცხადად ჩანს, რომ მისი ავტორი ხატია ღოღობერიძეა.  

 

ზვიად დევდარიანი დავობდა იმაზეც, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა მოპოვებული ინფორმაცია და მას, ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს არ მისცა ამბის დაზუსტების საშუალება იმის პარალელურად, რომ ჟურნალისტი საქმეში მოპასუხე მხარის არაერთ წარმომადგენელს ესაუბრა. ხატია ღოღობერიძემ არც ეს პრეტენზია გაიზიარა.

 

პროცესისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სტატიაში მოპასუხე მხარის ოთხი წარმომადგენლის კომენტარია. დევდარიანის პოზიცია შვიდი წლის წინანდელი (2018) მასალიდან არის გადმოტანილი და სასამართლო დავას არ ეხება (დევდარიანმა ძალადობის ან ზეწოლის ფაქტის არსებობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მისი შეცდომაა “ურთიერთობა ოჯახს გარეთ”).

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ამბობდა, რომ როცა სასამართლო გადაწყვეტილებას, ანუ ოფიციალურ დოკუმენტს ეყრდნობა, არ აქვს მისი გადამოწმების ვალდებულება. ასევე, ხატია ღოღობერიძე ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი ტრიბუნა დაუთმო ადამიანს, რომელმაც, ომბუდსმენის დასკვნით, ქალებს, სექსუალური ხასიათის ქცევით “შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო”.

 

ამ საკითხზე მსჯელობისას საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო პუბლიკაცია არ იყო მხოლოდ მშრალი ახალი ამბავი, სადაც გადმოცემული იქნებოდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამ მასალაში ჟურნალისტმა აუდიტორიას ამბის წინაისტორია შეახსენა და მასში მონაწილე მოპასუხე მხარეების პოზიცია შესთავაზა. ამ მასალაში რესპონდენტები კვლავ აფასებდნენ ზვიად დევდარიანის ქმედებებს, სტატიის საერთო შინაარსი კი მას, მკითხველის თვალში, ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენდა.

 

ვინაიდან ქარტიის საბჭო სადავო მასალას ყოველთვის აფასებს აუდიტორიის, ამ შემთხვევაში კი მკითხველის თვალით, აშკარაა, რომ სადავო სტატია მკითხველს უარყოფითად განაწყობდა ზვიად დევდარიანის მიმართ. ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, მაშინ, როცა ჟურნალისტურ პროდუქტში რომელიმე პირი წარმოჩენილია უარყოფითად, ჟურნალისტმა მას აუცილებლად უნდა მისცეს ამავე მასალაში პასუხის უფლება. საბჭო მიიჩნევს, რომ კარგი ჟურნალისტური სტანდარტის მიხედვით, მოპასუხე ჟურნალისტი ვალდებული იყო ზვიად დევდარიანისთვის ან მისი წარმომადგენლისთვის დაესვა შეკითხვები, რაც სადავო მასალიდან გამომდინარეობდა და პოზიციის წარმოჩენის საშუალება მიეცა.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ეს ქმედება არ მოემსახურებოდა მხოლოდ ბალანსის ფორმალურ დაცვას და არ იქნებოდა ერთგვარი “ხარკი” განმცხადებლის დასაკმაყოფილებლად, ეს იქნებოდა მკითხველის, აუდიტორიის პატივისცემა, რომელსაც აქვს უფლება ერთ მასალაში მოისმინოს კონკრეტული მოვლენის (ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების) შესახებ ყველა მხარის პოზიცია.

 

საბჭო ვერ გაიზიარებს ხატია ღოღობერიძის პასუხს, რომ არ ჩათვალა საჭიროდ, მის მიერ მომზადებულ, ახალ, სადავო მასალაში უარყოფითად წარმოჩენილი პირის, ზვიად დევდარიანის პასუხი აესახა. მიუკეროებელი მედია და ჟურნალისტი პირადი შეხედულებებით არ უნდა წყვეტდეს, ვის მისცეს აზრის გამოთქმის უფლება მის მასალაში და ვის არა. ჟურნალისტმა, შესაძლოა, გადაწყვიტოს, რა საკითხზე იმუშაოს და რაზე არა, მაგრამ როდესაც ის შეარჩევს თემას, მით უფრო საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე თემას, ის ვალდებულია, აუდიტორიას კეთილსინდისიერად მიაწოდოს შერჩეულ ამბავში მონაწილე ყველა მხარის პოზიცია.

 

მკითხველმა უნდა მიიღოს მრავალ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია.

 

კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი სახალხო დამცველის დასკვნის სასამართლოს მიერ გაზიარებას უკავშირდება. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ასეთი რამ სამოტივაციო ნაწილში არსად წერია. სტატიაში, იურისტი ტატა ჭანკვეტაძე ამბობს: “მსხვერპლი ქალების ნაწილში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, გამოდის, რომ შევიწროების ის ფაქტი, რომელიც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა. ამ ნაწილში ზვიად დევდარიანის პოზიცია, რომ შევიწროება არ არსებობდა, არ გაიზიარა. სარეზოლუციო ნაწილში ამას სასამართლო ვერ იტყოდა დღეს, მაგრამ შედეგობრივად ამას ნიშნავს, რომ რაც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა.”

 

ხატია ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას ვერ ეცოდინებოდა, რას ჩაწერდა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში ერთი თვის შემდეგ. ეს კომენტარი კი რესპონდენტის დასკვნაა, რომ “შედეგობრივად” ეს შევიწროებას ნიშნავს. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ სტატიაში ცხადად ეწერა, სასამართლოს კვლევის საგანი სექსუალური შევიწროება რომ არ ყოფილა და ის პატივისა და ღირსების შელახვის საკითხს განიხილავდა.

 

საბჭომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეისწავლა და დაასკვნა,  რომ სტატიაში მოყვანილი რესპონდენტის ციტატა, შესაძლოა, არ იყოს თანხვედრაში სასამართლოს გადაწყვეტილების იმავე ეპიზოდთან.

 

ამიტომაც, უმჯობესი იყო, ჟურნალისტს თავი შეეკავებინა სარეზოლუციო ნაწილზე მომზადებულ მასალში სასამართლოს ჯერ გამოუქვეყნებელ სრულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისგან, ვინაიდან ასეთი ქმედება იმთავითვე უშვებდა სიზუსტის დარღვევის, შეცდომის რისკს. რაკი ჟურნალისტმა მაინც გადაწყვიტა, რომ იმ ეტაპზე რესპონდენტებთან სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსსა და დეტალებზე ესაუბრა, და ამ ნაწილში ის მოპასუხე მხარეების წარმომადგენლებს დაეყრდნო, უმჯობესი იქნებოდა, თუ ის აუდიტორიის პატივისცემის, უკეთ ინფორმირების მიზნით, ამავე მასალაში ასახავდა დავის მეორე მხარის წარმომადგენლების პოზიციასაც.


ვინაიდან მოპასუხე ჟურნალისტი ასე არ მოიქცა, საბჭოს მოსაზრებით, ამით შეილახა აუდიტორიის უფლება, მიიღოს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია და ქარტიის პირველი პრინციპი ამ ეპიზოდშიც დაირღვა
.

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სტატიაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოება იძლეოდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო ერთსულოვანი. საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა (უმრავლესობამ) მიიჩნია, რომ მე-11 პრინციპი დაირღვა, ხოლო ორმა, ნინო რამიშვილმა და ვლადიმერ ჩხიტუნიძემ, ფაქტის დამახინჯების განზრახვა ვერ დაინახა.  

 

ზვიად დევდარიანი ამტკიცებდა, რომ ხატია ღოღობერიძეს ჰქონდა მოტივი, განზრახ დაემახინჯებინა ფაქტები. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელსაც ჟურნალისტი აშუქებდა, “თავდაყირა დააყენა” სტატია, რომელიც მან 2018 წელს, ონლაინ მედია “ტაბულაში” გამოაქვეყნა. ჟურნალისტური პროდუქტი ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა. ნაშრომმა ავტორს არაერთი პროფესიული ჯილდო და  აღიარება მოუტანა. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 11 ქალიდან, რომლებსაც უჩიოდა, ოთხს გავრცელებული განცხადების უარყოფა დაევალა, “ტაბულაში” გამოქვეყნებულ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, ხატია ღოღობერიძემ ის კვლავ უარყოფითად წარმოაჩინა და არ მისცა საქმესთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. დევდარიანი დარწმუნებულია, ჟურნალისტმა, მისთვის ზიანის მიყენების განზრახვით, სათითაოდ, პუნქტებად ჩამოწერა პირველ სარჩელში მოყვანილი “ცილისმწამებლური ცნობები”, რომლის უარყოფასაც ითხოვდა და რომელიც მოგვიანებით შეცვალა. ახალი მოთხოვნები კი სტატიაში ნაწილობრივ ასახა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა (სათაური, სტრუქტურა, ვიზუალური წყობა), რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მის გამარჯვებად არ წარმოეჩინა.

 

ხატია ღოღობერიძე კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის განზრახვას და ეთიკური პრინციპების დარღვევას. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა ახალი ბრალდება, რომლის გადამოწმებასაც ის, როგორც ეთიკური ჟურნალისტი, საჭიროდ მიიჩნევდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის უტყუარი დოკუმენტია, რომელიც დევდარიანთან და მის წარმომადგენელთან დაზუსტებას არ საჭიროებდა. სტატია ეხებოდა სარეზოლუციო ნაწილს, მაგრამ ვინაიდან “აპრილი მედია” არ არის მშრალი ახალი ამბების პლატფორმა, თემას ვრცელი მასალა მიუძღვნა. სწორედ ამიტომ ასახა კონტექსტი, ფონური ინფორმაცია, ძველი და ახალი ბრალდებები. მისი მიზანი არ ყოფილა დევდარიანის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. მოჰყვა ამბავი და ვარაუდი არ მიუწოდებია აუდიტორიისთვის როგორც ფაქტი. მან სტატიაში განმცხადებლის პოზიცია ძველი მასალიდან გადმოიტანა, რადგან “ახალი ბრალდებები არ გაჟღერებულა”. ვინაიდან “აპრილი მედია” მეტწილად ქალთა უფლებებზე მუშაობს, ჟურნალისტმა არ ჩათვალა საჭიროდ, ზვიად დევდარიანისთვის დამატებით პლატფორმა მიეცა.  

 

საბჭოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ მე-11 პრინციპი სადავო მასალაში დაირღვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მცირედით ცვლიდეს, აფართოებდეს ქარტიის საბჭოს მიერ მე-11 პრინციპის დადგენის აქამდე არსებულ სტანდარტს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს ყველა წევრი შეთანხმდა პირველი პრინციპის დარღვევაზე, თუმცა წევრთა ნაწილმა ვერ დაინახა მე-11 პრინციპის დარღვევა.
საბჭოს წევრთა უმრავლესობა განხილვის დროს, მოპასუხე ჟურნალისტის პოზიციის მოსმენისას დარწმუნდა, რომ ხატია ღოღობერიძემ პირველი პრინციპი არ დაარღვია უნებლიედ, შემთხვევით. პირველი პრინციპის დარღვევა არ მომხდარა ჟურნალისტის გამოუცდელობით ან რაიმე ობიექტური გარემოებებით.  ჟურნალისტმა საბჭოს წევრების შეკითხვებზე პასუხად არაერთგზის განაცხადა, რომ დევდარიანს და მის წარმომადგენლებს არ დაუკავშირდა, მათი პოზიცია მასალაში არ ასახა  გააზრებულად, წინასწარ, განზრახ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.


საბჭოს წინაშე იყო შემდეგი მოცემულობა - ჟურნალისტმა დაარღვია პირველი პრინციპი, რაზეც ყველა წევრი შეთანხმდა და, ამასთანავე, ჟურნალისტმა ღიად, არაერთგზის დაადასტურა, რომ  ქმედება, რაც საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნია (მოპასუხე მხარის კომენტარის, პოზიციის არ ასახვა), გააზრებულად, განზრახ ჩაიდინა. ჟურნალისტის წინასწარი განზრახვა აღარ ჯდება პირველი პრინციპის ფარგლებში, განზრახვა უკვე მე-11 პრინციპის შემადგენელია, ამიტომაც, საბჭოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ხატია ღოღობერიძემ ქარტიის მე-11 პრინციპიც დაარღვია.

 

 

საბჭო მიიჩნევს, რომ როცა  ჟურნალისტი (ან მედია) აიდენტიფიცირებს თავს კონკრეტული ამბის მონაწილის (ქალების) მხარდამჭერ პლატფორმად და უარყოფითი პოზიცია აქვს ამბის სხვა მონაწილის მიმართ და მაინც გადაწყვეტს მისთვის სენსიტიურ თემაზე მუშაობას, მაღალი ეთიკური სტანდარტი მას ავალდებულებს, რომ აუდიტორიას კეთილსინდისიერად მიაწოდოს შერჩეულ ამბავში მონაწილე ყველა მხარის პოზიცია და ის პირადი შეხედულებებით არ უნდა წყვეტდეს, ვის მისცეს აზრის გამოთქმის უფლება მის მასალაში და ვის არა. ასე უნდა მომხდარიყო განსახილველ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ “აპრილი მედია” მეტწილად ქალთა უფლებებზე მუშაობს.

 

 

საბჭოს მოსაზრებით, სადავო მასალის ამ ფორმით მომზადების მოტივი ხატია ღოღობერიძისთვის იყო მისი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობები ზვიად დევდარიანის მიმართ. ამ ქმედებების ერთობლიობას მიიჩნევს სწორედ საბჭო ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევად.

საბჭოს წევრების უმრავლესობის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტის ქმედებები და მისივე განმარტებები ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ხატია ღოღობერიძემ ბალანსი განზრახ არ დაიცვა. ჟურნალისტმა არ დაუთმო ქალთა უფლებებზე მომუშავე პლატფორმა ზვიად დევდარიანს ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს და, საბჭოს წინაშე, როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად დაადასტურა, რომ ასეთი საჭიროება ვერ დაინახა. საბჭოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ავტორის მიერ, განმცხადებლის პოზიციის წარმოჩენისგან თავის შეკავება და ამ გადაწყვეტილების გაცნობიერებული დასაბუთება, მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტმა დევდარიანს პლატფორმა განზრახ არ დაუთმო და არ დაიცვა ბალანსი, რაც მე-11 პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

 

ნინო რამიშვილი და ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამ არგუმენტებს არ დაეთანხმნენ. მათ ხმა მისცეს პირველი პრინციპის დარღვევას, მაგრამ არ დაეთანხმნენ ფაქტის დამახინჯებას. მათი აზრით, ვინაიდან სტატიაში ასახულია დევდარიანის ძველი და ახალი მოთხოვნები, მისი პოზიცია ძველი ბრალდებების მიმართ, ხატია ღოღობერიძემ ვერ გააცნობიერა, რომ პირველი პრინციპი, სიზუსტე დაარღვია. ეს ხსნის იმას, რომ საქმე გვაქვს არა ფაქტის განზრახ დამახინჯებასთან, არამედ შეცდომასთან.

 

მათი შეფასებით, არ არსებობს გარემოება, რომელიც დაარწმუნებდა მათ, რომ ხატია ღოღობერიძემ განზრახ დაარღვია პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტმა არაერთხელ აღნიშნა საკუთარი პოზიცია ზვიად დევდარიანის ბრალდებებზე და განმარტა, რომ, ჟურნალისტის შეფასებით, ვინაიდან სტატია ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მან საკმარისად მიიჩნია აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობა და ზვიად დევდარიანის ძველი პოზიციის ასახვა მიიჩნია ბალანსად. ეს კი არა ადასტურებს, რომ ხატია ღოღობერიძემ უტყუარად იცოდა სწორი ინფორმაცია და მაინც განზრახ დაარღვია პირველი პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

“მედია აპრილის”  ჟურნალისტმა, ხატია ღოღობერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და  მეთერთმეტე პრინციპები.

 

 

სადავო მასალა

განცხადება

დამატებით წარმოდგენილი მასალა

შეპასუხება

 

 

18.04.2026

20 თებერვალი, 2026 წელი

 

საქმე  N 810

 

საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე

საბჭოს წევრები: თიკო დავაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თემო ინასარიძე, ლელა დუმბაძე, ნათია ამირანაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ნინო დათაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალა, რომელშიც საუბარია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კონფლიქტზე მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის, იყო არაზუსტი, ღირსების შემლახველი, გადაუმოწმებელი და დისკრიმინაციული.

 

მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი გიორგი აბაზაძე განისაზღვრა.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ნინო დათაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი, იურისტი თამარ გაბოძე.

 

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.

 

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალა არაზუსტი და მანიპულაციურია. მისი პოზიციით, მთავარი უზუსტობა გამოიხატება იმაში, რომ განმცხადებლის სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩანაწერი “ფსიქო-ემოციური ლაბილობა” ჟურნალისტმა წარმოაჩინა როგორც ფსიქიკური პრობლემა.

 

განცხადების თანახმად, აღნიშნული სიუჟეტი ემსახურება ნინო დათაშვილის მოძალადე და ფსიქიკურად არამდგრად ადამიანად წარმოჩენას.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მიიჩნია, რომ არაზუსტია ფსიქო-ემოციური ლაბილობის, როგორც ფსიქიკური დაავადების წარმოჩენა.

 

საბჭო მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს, დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

 

მოპასუხე ჟურნალისტმა სადავო მასალაში აჩვენა სამედიცინო დოკუმენტაციის ფრაგმენტი (ერთ-ერთი ფორმა 100) ნინო დათაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, სადაც იყო ჩანაწერი “ფსიქო ემოციური ლაბილობა”.

 

ჟურნალისტმა სიუჟეტი დააფუძნა ამ დოკუმენტზე და მანიპულაციურად, გადაუმოწმებლად, სპეციალისტების შესაბამისი განმარტებების გარეშე, ეს ჩანაწერი წარმოაჩინა, როგორც ფსიქიკური პრობლემების დამადასტურებელი ფაქტი.

 

მთლიანი სიუჟეტი, ჟურნალისტის ტექსტები, შერჩეული რესპონდენტების კომენტარები ქმნის წარმოდგენას, თითქოს ფსიქო-ემოციური ლაბილობა ფსიქიკური დაავადება და დიაგნოზია. ინფორმაციის მარტივად, საჯარო წყაროებში გადამოწმებაც კი ცხადყოფდა, რომ ეს შეფასება არასწორია.

 

ემოციური ლაბილობა არ განიხილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პათოლოგიად ან დაავადებად, ის თავისთავად არ არის ფსიქიკური აშლილობა, არამედ მიეკუთვნება „აფექტურ მდგომარეობებთან დაკავშირებული პრობლემების“ ჯგუფს.

 

სადავო მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა და მინიმალური ძალისხმევა, რომ იგი შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და მაყურებლამდე მის მიტანას ამომწურავად.

 

სადავო მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაციის გადამოწმება და აუდიტორიის სწორად ინფორმირება ჟურნალისტის მიზანი არც ყოფილა. სიუჟეტი შეიცავს მანიპულაციურ ელემენტებს და ცდილობს ნინო დათაშვილის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისა და პროტესტში ჩართული პირის, დისკრედიტაციას.

 

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: “არსებობს ვიდეოკადრები და არის სამედიცინო ცნობა, თუმცა ნინო დათაშვილს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად წარმოაჩენენ.” ამას თან ერთვის კადრები, სადაც ასახულია სასამართლოს მანდატურთან ნინო დათაშვილის დაპირისპირება.

 

საბჭოს შეფასებით, სიუჟეტში, სასამართლოში განმცხადებელსა და მანდატურებს შორის კონფლიქტი არასრულად, მიკერძოებულად და საერთო შინაარსის დამახინჯებით არის ნაჩვენები. შერჩეული ფრაგმენტები არ ასახავს დაპირისპირების დასაწყისს, არ აღწერს  სურათს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც აუდიტორიის უპატივცემულობაა და საბჭომ სიზუსტის დარღვევად მიიჩნია.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, ინფორმაცია მინიმუმ ორ დამოუკიდებელ წყაროსთან უნდა გადამოწმდეს და, მნიშვნელოვანია, სიუჟეტში მისი ადრესატის პოზიცია აისახოს.

 

სადავო მასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტი ცდილობს განმცხადებლის ინტერესების დამცველთან, თამარ გაბოძესთან, დაკავშირებას, თუმცა ის პასუხობს, რომ დრო არ აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტში ნაჩვენები მხარის წარმომადგენელთან დაკავშირების მცდელობა არ მიიჩნევა საკმარისად. საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა მეორე მხარის პოზიციის წარმოსაჩენად, მაშინ როდესაც საქმე მის პერსონალურ ინფორმაციას, სამედიცინო დასკვნას ეხება.

 

ჟურნალისტს შეეძლო ნინო დათაშვილის უფლებადამცველების საჯარო განცხადების ფრაგმენტების გამოყენება, სადაც დათაშვილის მხარე მედიასთან განმარტებას აკეთებდა ამ საკითხზე.

 

ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს მსგავს შემთხვევაში, კომენტარზე უარის თქმის მიუხედავად, სიუჟეტში წამოჭრილ თემაზე მხარეების პოზიციების საზოგადოებამდე მისატანად.


ვინაიდან ჟურნალისტი მასალას ამზადებს აუდიტორიისთვის, მისი მთავარი მიზანი არა მხოლოდ მხარეთა შორის ფორმალური ბალანსის დაცვა, არამედ საზოგადოების უკეთ ინფორმირება უნდა იყოს.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი, გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელია, რაც არ შეესაბამება ქარტიის პირველი პრინციპის სტანდარტს.

 

მეშვიდე პრინციპი

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “აღნიშნულ სიუჟეტში ნინო დათაშვილი, რომელიც არ არის ლოიალური ძალაუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ, გამოყვანილია როგორც მოძალადე, ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანი და რადიკალი.”

 

მისი აზრით, სიუჟეტი ნინო დათაშვილის მიმართ მაყურებლის ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება და არის “ადამიანის დეჰუმანიზაციის პროცესის ნაწილი, რისი საბოლოო მიზანია ყველა განსხვავებულად მოაზროვნის დევნა და მხოლოდ მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური პირების დარჩენა ამ ქვეყანაში.”

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი აბაზაძის სიუჟეტები დისკრიმინაციულია.

აღნიშნული პრინციპი ავალდებულებს ჟურნალისტს, ყველაფერი იღონოს დისკრიმინაციის ანდა დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ, არ შეუწყოს ხელი სტიგმის გაძლიერებასა და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას.

 

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერი სიუჟეტში მანიპულაციურად არის დაკავშირებული მის ქმედებებთან და არის ერთგვარი მინიშნება, რომ ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ საჯაროდ აქტიურობს, არის ფსიქიკური დიაგნოზის მატარებელი.

 

განსახილველი  სიუჟეტი არის ერთგვარი მინიშნება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მოძალადეები არიან.

 

საბჭოს პოზიციით, სიუჟეტში ნინო დათაშვილის სამედიცინო დასკვნაზე აპელირებით, მისი როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანად წარმოჩენით და ამის სასამართლოში ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილი აქვს დისკრიმინაციას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით.

მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ სტიგმაა ქართულ საზოგადოებაში, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მისი როლი ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას. ის უნდა იაზრებდეს, რომ აქვს შესაძლებლობა, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გავრცელება, რომელიც აძლიერებს დისკრიმინაციას და სტიგმას.

 

ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

მეათე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”

 

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტი შეიცავდა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას, რაც უხეშად არღვევს ნინო დათაშვილის უფლებებს და არის ჩარევა მის პირად ცხოვრებაში.

 

ამ პრინციპის ფარგლებში ქარტიის საბჭო მსჯელობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობაზე, ამგვარი ინტერესის გარეშე კი პერსონალური ინფორმაციის გავრცელება პირად ცხოვრებაში შეჭრაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ ნინო დათაშვილის, როგორც აქტივისტის, საჯარო პირის, მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი და მისი საქმის დეტალებისადმი მედიის ინტერესს არ მიიჩნევს მის პირად ცხოვრებაში შეჭრად.

ასევე, საბჭომ შეაფასა ჟურნალისტის მიერ დათაშვილის სამედიცინო ინფორმაციის გავრცელება ამ პრინციპთან მიმართებაში.

 

საბჭომ  ვერ დაინახა დარღვევა სიუჟეტში სამედიცინო დასკვნის გავრცელებაში, ვინაიდან ეს ინფორმაცია თავად ნინო დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციას საჯაროდ ჰქონდა გამოქვეყნებული სიუჟეტის მომზადებამდე და მისმა წარმომადგენლებმა ამ დოკუმენტის შესახებ მანამდე საჯაროდ ისაუბრეს ჟურნალისტებთან. სიუჟეტის მომზადების დროისთვის, დათაშვილის აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტი უკვე საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, გასაჯაროებული მეორე, დათაშვილის, მხარის მიერ. თუმცა, ასეთი შემთხვევებისთვის საბჭო გასცემს რეკომენდაციას, რომ როდესაც კონკრეტული, სენსიტიური ინფორმაცია გავრცელებულია ადამიანთა მცირე ჯგუფებს შორის, პასუხისმგებლიანმა მედიამ, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს, მისი გასაჯაროებისას იმოქმედოს უფრო მაღალი სტანდარტით და, უმჯობესია, დაფაროს ყველა პერსონალური, მათ შორის, სამედიცინო ინფორმაციის შემცველი მონაცემი, და ისე გამოაქვეყნოს ის.

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, განმცხადებელმა საბჭო დაარწმუნოს, რომ მოპასუხე ჟურნალისტი კონკრეტული განზრახვითა და მოტივით მოქმედებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა საბჭოს ვერ წარმოუდგინა შესაბამისი მტკიცებულება, რაც მოპასუხე ჟურნალისტის განზრახვას და ქმედების კამპანიურობას დაადასტურებდა. შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა სადავო სიუჟეტში მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. ქარტიის საბჭომ არ დაადგინა მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევა.

 

 

 

21.12.2025

27 ივნისი, 2025 წელი

 

საქმე  N 787

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ყაულაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სააგენტოს “ინფო 9” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 17 მაისს, მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა “ინფო 9”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ანა ყაულაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი მარიამ სპასოვი.

 

განმცხადებელმა ერთდროულად, საერთო განცხადებით, მომართა ქარტიას სამი მედიასაშუალების, ტელეკომპანია “იმედის”, ტელეკომპანია “პოსტვ”-ს და “ინფო-9”-ის წინააღმდეგ. სამივე მედიასაშუალებამ გაავრცელა იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ ანა ყაულაშვილმა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამოფენილი ბანერი დაჭრა.

 

ქარტიის წესდების შესაბამისად, საბჭო თითოეული მოპასუხე მედიის მიმართ საქმეს ცალკე განიხილავს.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს “ინფო 9”-ის ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

მოპასუხე, საინფორმაციო სააგენტოს “ინფო 9”  ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, საბჭოსთვის საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს “ინფო 9”-ის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქარდში სათაურით “პროპაგანდისტ დათო აბზიანიძის მეგობარმა რადიკალმა ანა ყაულაშვილმა ოჯახის დღისადმი მიძღვნილი ბანერი დანით დაჭრა”.

 

განმცხადებლის პოზიციით, მას ბანერი არ დაუჭრია, თუმცა “ინფო 9”-მ მის მიმართ ეს ბრალდება ისე გამოაქვეყნა, კომენტარისთვისაც არ დაკავშირებია.

 

განმცხადებლის პოზიციით, “ინფო 9”-მ მისი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა, რითაც ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი დაარღვია.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “ინფო 9”-მ, როგორც სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთმა იარაღმა, მის, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის, მიმართ განზრახ გაავრცელა არაზუსტი, ცილისმწამებლური ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი.


პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “ინფო 9”ის ფეისბუკ გვერდზე ანა ყაულაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

“ინფო 9”-ის ქარდზე მტკიცებით ფორმაშია ინფორმაცია გავრცელებული, რომ ანა ყაულაშვილმა დაჭრა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი, თუმცა არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ქარდს თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც უკეთია სამედიცინო პირბადე და, შეუძლებელია, აუდიტორიამ მოახდინოს მისი ვინაობის ზუსტი იდენტიფიცირება. ცალსახად არ ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია. საქმის განხილვისას ანა ყაულაშვილმა თქვა, რომ ფოტოზე ის არ არის და მას ბანერი არ დაუჭრია.


“ინფო 9”-ის  ქარდს არ ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბანერი ნამდვილად ანა ყაულაშვილმა დაჭრა. არ ჩანს, რომ “ინფო 9”-მ სცადა ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება. განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს განუცხადა, რომ “ინფო 9”-ის ჟურნალისტები ფაქტის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებიან.

 

“ინფო 9”-ის ქარდიდან არ ჩანს, რომ მასში გავრცელებული ინფორმაცია არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს.


“ინფო 9”-ს არ მიუწოდებია საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ყაულაშვილის პოზიცია, რითიც დაარღვია სამართლიანი ბალანსის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, როცა კონკრეტულ სუბიექტს მედია რაიმე ქმედებაში ადანაშაულებს, ამ სუბიექტს აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხის უფლება, აუდიტორიამ უნდა შეიტყოს მისი პოზიციაც.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში “ინფო 9”-ის ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

მეხუთე პრინციპი

 

მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

 

განმცხადებლის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ანა ყაულაშვილმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ხუთ დღეში, 2025 წლის 22 მაისს, წერილობით მიმართა “ინფო 9”-ს, სადაც ის უარყოფს ბანერის დაჭრას და ითხოვს, შეასწორონ მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია.

 

საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ “ინფო 9”-ს გავრცელებული ინფორმაცია არ შეუსწორებია.


ეთიკური პრინციპების და ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მედია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია. შესწორება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც მედია შეიტყობს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

“ინფო 9”-მ ანა ყაულაშვილის მიმართ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა. გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ “ინფო 9”-ის ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო, რომ ის არ იყო ფოტოზე გამოსახული ქალი, მაგრამ მათ მაინც გამოაქვეყნეს ფოტო და თქვეს, რომ ფოტოზე ის იყო და მან დაჭრა ბანერი.

ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს “ინფო 9”-ის როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი მედიის პოზიციონირებაზე. ეს ვებ გვერდი ღიად “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და სახელისუფლებო პროპაგანდის მედია ფლანგის ნაწილია.

 


განსახილველ შემთხვევაშიც, საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტური ინფორმაცია იმავდროულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” ღიად მხარდამჭერმა სხვა მედია საშუალებებმაც, ტელეკომპანია “იმედმა” და “პოსტვ”-მ, რაც მიანიშნებს, რომ აქტივისტ ყაულაშვილის დისკრეტიტაცია “სამთავრობო მედიის” თვითმიზანი იყო.

საბჭო მიიჩნევს, რომ “ინფო 9”-ის ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია. ამ მედიის მხრიდან განმცხადებელთან არ დაკავშირება, მისი საჯაროდ გავრცელებული პოზიციის თუნდაც მოგვიანებით არ გამოქვეყნება საბჭოს მიერ ვერ შეფასდება მხოლოდ შეცდომად. საბჭოს ეს მიაჩნია “ინფო 9”-ის ხელისუფლებისადმი მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ნაწილად, ამიტომაც, საბჭო ამას აფასებს როგორც განზრახულ ქმედებას და არა როგორც უნებლიე ჟურნალისტურ შეცდომას ყაულაშვილის მიმართ. “ინფო 9”-მ აუდიტორიას დაუმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაულაშვილი ბანერის დაჭრას უარყოფდა.

 

“ინფო 9”-ის აუდიტორიას დღემდე არ აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული, “ინფო 9”-მ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის პოზიცია დაუმალა საკუთარ აუდიტორიას, რაც ქარტიის საბჭოს ფაქტის განზრახ დამახინჯებად, მე-11 პრინციპის დარღვევად, მიაჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

“ინფო 9”-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და  მე-11 პრინციპები.

08.12.2025

20 ოქტომბერი, 2025 წელი

 

საქმე 809

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ირაკლი მსხილაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო გელაშვილი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ნადარეიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიის “იმედი” სოციალური ქსელის (ფეისბუკის) გვერდზე, 2025 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც თითქოს ბაჩო ახალაიას (განმცხადებლის მეუღლის) და პაატა ბურჭულაძის საუბარს შეიცავდა, არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

მოპასუხე მხარედ განისაზღვრა ტელეკომპანიის “იმედი” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ დაადგინა სადავო მასალის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტის ან ჟურნალისტების ვინაობა.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი ანა ნადარეიშვილი.

 

მოპასუხე, ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტები, სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია  საბჭოსთვის არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტებმა დაარღვიეს

ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მტკიცებით ფორმაში, გადამოწმების გარეშე, გაავრცელეს მძიმე შინაარსის აუდიო ჩანაწერი, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წევრი, ბაჩო ახალაია და მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო, საუბრობენ აქციაზე არეულობის მოწყობასა და მსხვერპლზე. სოციალურ ქსელში განთავსებული აუდიო ჩანაწერის აღწერაში არ არის მითითებული, რომ ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე  საუბრის მონაწილეები სავარაუდოდ არიან. ასევე, მათთვის არ მიუციათ ჩანაწერთან დაკავშირებით პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა. ანა ნადარეიშვილის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგაც კი, როცა მან საპასუხოდ, სოციალურ ქსელში (ფეისბუკზე) დაწერა, რომ ჩანაწერი იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ყალბი, ტელეკომპანიიდან არავინ დაკავშირებია.

 

განმცხადებელი სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-3 პრინციპს (ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია), ვინაიდან ფიქრობდა, რომ აუდიო ჩანაწერი “იმედში” შეიქმნა და არავითარი სხვა წყარო არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც საქმის განხილვისას ანა ნადარეიშვილმა აღნიშნული პრინციპის დეტალური განმარტება მოისმინა, მე-3 პრინციპი მოხსნა.

 

განმცხადებლის მტკიცებით, “იმედის” მიერ ძალიან მძიმე, ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული შინაარსის, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი იყო ბაჩო ახალაიას პოლიტიკური დისკრიმინაცია, რითიც დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. 

 

მოპასუხე მედიაორგანიზაციის პოზიცია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, უცნობია.

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული  აუდიო ჩანაწერით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

ტელეკომპანიის “იმედი” სოციალური მედიის გვერდზე გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ ჩანაწერი ასახავს ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარს.

“იმედმა” ეს აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა 2025 წლის 4 ოქტომბერს, როცა პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

 

ამ ფონზე “იმედმა” გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, სადაც მათი თქმით, ბაჩო ახალაია და იმ დროისთვის უკვე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ვითარების ხელოვნურად ესკალაციას, ახალგაზრდებისთვის იარაღის დარიგებას, სისხლისღვრასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავენ.

 

საქმის განხილვისას, ანა ნადარეიშვილმა საბჭოს განუმარტა, რომ ამ აუდიოსთან დაკავშირებით, მის მეუღლეს და მას “იმედის” ჟურნალისტები არ დაკავშირებიან.

აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებისას, “იმედის” ჟურნალისტებმა აუდიტორიას არ მიაწოდეს ინფორმაცია, სცადეს თუ არა ბაჩო ახალაიასთან დაკავშირება. მასალაში არც პაატა ბურჭულაძის ადვოკატთან, ან მის წარმომადგენელთან დაკავშირების, ან ინფორმაციის დაზუსტების მცდელობა ჩანს.

 

“იმედმა” სადავო აუდიო ჩანაწერი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი, ისე, რომ არ დაიცვა ფაქტის გადამოწმების ელემენტარული სტანდარტი.

 

ინფორმაცია არ არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს.

 

გამოქვეყნებული მასალის თანმხლებ ტექსტში არ არის აღწერილი, რა გზას მიმართეს ჟურნალისტებმა ამ აუდიოს ნამდვილობის გადასამოწმებლად მის გამოქვეყნებამდე. არ ჩანს გადამოწმების მცდელობაც კი, მაშინ როცა საქმის განხილვისას საბჭოს წევრებმა გაარკვიეს, რომ ასეთი აუდიო ჩანაწერების მონტაჟის, ფალსიფიცირების, გენერირების კვალის აღმომჩენი რამდენიმე ტექნიკური საშუალება არსებობს, მათ შორის პროგრამები, რომლებიც აუდიოს შემოწმებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. “იმედის” ჟურნალისტს შესაძლებლობა ჰქონდა, მასალის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებამდე, ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პროდუქტის ამომცნობი ინსტრუმენტებით შეემოწმებინა, მაგრამ აუდიოჩანაწერის წარდგენაში არც ეს მცდელობა ჩანს. “იმედის” ჟურნალისტები ვალდებულნი იყვნენ, აუდიტორიის უკეთ ინფორმირებისთვის, მის მიმართ პატივისცემის გამოჩენისთვის გამოეყენებინათ ყველა შესაძლო ხერხი ინფორმაციის გადასამოწმებლად.

 

კარგი ჟურნალისტური სტანდარტით ეს ვალდებულება ძლიერდება, როცა გავრცელებული მედია პროდუქტის მიხედვით კონკრეტული პირები სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენაში არიან მხილებულები. განსახილველ შემთხვევაში აუდიო ჩანაწერის შინაარსით, შესაძლოა, საუბრის ფიგურანტების მხრიდან ადგილი ჰქონოდა სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს. ასეთი შინაარსის მასალის გამოქვეყნებისას მედია განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს. ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა არც საუბრის შესაძლო ფიგურანტების მიმართ დაარღვიოს სიზუსტის პრინციპი და არც აუდიტორიას მიაწოდოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც ამ მასალის შემთხვევაში არ ჩანს და ეს, ცალსახად, აუდიტორიის უპატივცემულობას, მაყურებლის ინტერესების უგულვებელყოფას წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში, “იმედის” ჟურნალისტებმა არ დაიცვეს ეთიკური ჟურნალისტიკის ელემენტარული წესები, გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს ისეთ დროს და ისეთი ფორმით, რაც საბჭოს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ქმედება მიმართული იყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, ქუჩაში პროტესტისთვის გამოსული ადამიანთა ჯგუფის დისკრედიტაციისკენ და ემსახურებოდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდას, რასაც “იმედი” უკვე წლებია აკეთებს და ეს ქარტიის საბჭოს არაერთ გადაწყვეტილებაშია აღწერილი.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს სიმართლეს, საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.

მეშვიდე პრინციპი

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული  აუდიო ჩანაწერით დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, დისკრიმინაცია.

 

განმცხადებელმა ანა ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია “იმედი” ხშირად უძღვნის სიუჟეტებს ბაჩო ახალაიას, სადაც ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენელი, გამოყვანილია სასტიკ ადამიანად და ბინძური საქმეების შემსრულებლად.

 

განმცხადებლისვე განმარტებით, იმედის მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ის იყო, რომ უმძიმესი შინაარსის აუდიო ჩანაწერის დაჯერება, რომლის ფიგურანტი ბაჩო ახალაიაა, მედიასაშუალების აუდიტორიისთვის ადვილი იქნებოდა, ხალხს მის მიმართ კვლავ  აგრესიულად განაწყობდა და გამოიწვევდა ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ დისკრიმინაციას.

 

ამასთანავე, ანა ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და ღიად აქვს გაცხადებული პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. “ქართული ოცნების” პროპაგანდა კი “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ პარტიისა თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ხელმძღვანელ პირებს წარმოაჩენს, როგორც ბოროტ ძალას, რომელიც მუდმივად უქმნის საფრთხეს ქვეყნის მოსახლეობას.

 

განმცხადებლის მტკიცებითვე, “იმედის” მიერ გამოქვეყნებული მედიაპროდუქტი მისი და მისი მეუღლის, მათი როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ოჯახის, დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად, რასაც მიაღწია კიდეც.

 

განმცხადებლის მტკიცებით, “იმედის” მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის  უარყოფითი გავლენა აისახა მისი ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც პოლიტიკასთან არანაირად არ არიან დაკავშირებული.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა, იმით, რომ არაფერი იღონეს უმძიმესი შინაარსის ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად, არ მისცეს შანსი საუბრის ფიგურანტებს, პასუხი გაეცათ ბრალდებებზე, უთანასწორო პირობებში ჩააყენეს ისინი, მოექცნენ უსამართლოდ, ხელი შეუწყეს მათ დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას.

 

განმცხადებლის პოზიციით, რომელიც საბჭომ გაიზიარა, ბაჩო ახალაიას სახელი პირდაპირ ბმაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ამ აუდიო ჩანაწერში მისი, როგორც ფიგურანტის წარმოჩენა ახდენდა “ნაციონალური მოძრაობის” და თავად ბაჩო ახალაიას პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციას.


საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ასეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გამოქვეყნებამ ხელი შეუწყო ბაჩო ახალაიას, მისი ოჯახის და “ნაციონალური მოძრაობის” დისკრიმინაციას და მათ მიმართ სტიგმის გაძლიერებას.

 

განმცხადებლის განმარტებით, ამ მასალის გამოქვეყნებას მოჰყვა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ საჯარო სივრცეში სიძულვილის შემცველი განცხადებების გავრცელება, რითიც “იმედმა” ხელი შეუწყო მისი მეუღლის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ხელისუფლების წევრის და მისი როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დისკრიმინაციას.

ქარტიის მეშვიდე პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, ყველაფერი იღონოს ვინმეს მიმართ დისკრიმინაციის ანდა დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში “იმედის” ჟურნალისტების მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია გახდა დისკრიმინაციის წამხალისებელი.

“იმედის” მიერ გამოქვეყნებული მედიაპროდუქტის შედეგად კი განმცხადებლის ოჯახი სიძულვილისა და აგრესიის სამიზნე გახდა (აუდიოჩანაწერს სიძულვილის ენის შემცველი ათეულობით კომენტარი ახლდა), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარტიის მე-7 პრინციპს, დისკრიმინაციის ზიანის პრევენციას.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” მიერ აღნიშნული აუდიო ჩანაწერის ამ ფორმით გამოქვეყნებამ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის და სტიგმატიზაციის წახალისება გამოიწვია, რითიც ქარტიის მე-7 პრინციპი, დისკრიმინაცია დაირღვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

“იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, და  მეშვიდე პრინციპები.

 

 

22.10.2025

27 ივნისი, 2025 წელი

 

საქმე  N 786

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ყაულაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 17 მაისს, მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ტელეკომპანია “პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ მოახდინა ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ანა ყაულაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი მარიამ სპასოვი.

 

განმცხადებელმა ერთდროულად, საერთო განცხადებით მომართა ქარტიას სამი მედიასაშუალების, ტელეკომპანია “იმედის”, ტელეკომპანია “პოსტვ”-ს და “ინფო-9”-ის წინააღმდეგ. სამივე მედიასაშუალებამ გაავრცელა იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ ანა ყაულაშვილმა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამოფენილი ბანერი დაჭრა.

 

ქარტიის წესდების შესაბამისად, საბჭო თითოეული მოპასუხე მედიის მიმართ საქმეს ცალ-ცალკე განიხილავს.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანია “პოსტვ”-ს ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

მოპასუხე, ტელეკომპანია “პოსტვ”-ს ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, თუმცა, მათ საბჭოს წარმოუდგინეს საკუთარი წერილობითი პოზიცია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს “postv ანალიტიკას” მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქარდში სათაურით “რადიკალმა აქტივისტმა ანა ყაულაშვილმა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი დანით დაჭრა”.

 

განმცხადებლის პოზიციით, მას ბანერი არ დაუჭრია და ამის შესახებ განუცხადა კიდეც “პოსტვ”-ს ჟურნალისტს, რომელიც მას ამ საკითხზე ქარდის გამოქვეყნებამდე დაუკავშირდა. თუმცა, “პოსტვ”-მ მის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია ისე გამოაქვეყნა, რომ მის მიერ ამ ინფორმაციის უარმყოფი პოზიცია ქარდს არ დაურთო.

 

განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია “პოსტვ”-მ მისი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა, რითაც ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი დაარღვია.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “პოსტვ”-მ, მის, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის, მიმართ განზრახ გაავრცელა არაზუსტი, ცილისმწამებლური ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

მოპასუხე მედიის პოზიცია:

 

მოპასუხე მედია საკუთარ წერილობით შეპასუხებაში განმარტავს, რომ წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოა. მათი პოზიციით,  “განმცხადებელი „ცდილობს წარმოაჩინოს

დარღვევები“.” ისინი ვარაუდობენ, რომ ანა ყაულაშვილმა არასწორ მისამართზე გააგზავნა განცხადება 2025 წლის მაისში. ისინი მიიჩნევენ, რომ

მაუწყებლის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი გონივრული ზომები, ინფორმაციის გადამოწმებისათვის, კერძოდ სატელეფონო კომუნიკაცია და შესაბამისად, დარღვევებს მათი მხრიდან არ ჰქონია ადგილი.


პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “postv ანალიტიკას” ფეისბუკ გვერდზე ანა ყაულაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

“postv ანალიტიკას” ქარდზე მტკიცებით ფორმაშია ინფორმაცია გავრცელებული, რომ ანა ყაულაშვილმა დაჭრა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი, თუმცა არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ქარდს თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც უკეთია სამედიცინო პირბადე და შეუძლებელია, აუდიტორიამ მოახდინოს მისი ვინაობის ზუსტი იდენტიფიცირება. ცალსახად არ ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია. საქმის განხილვისას ანა ყაულაშვილმა თქვა, რომ ფოტოზე ის არ არის და მას ბანერი არ დაუჭრია.


“პოსტვ”-ს  ქარდს არ ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბანერი ნამდვილად ანა ყაულაშვილმა დაჭრა.

 

“პოსტვ”-ს ქარდიდან არ ჩანს, რომ ის აკმაყოფილებს ელემენტარულ სიზუსტის სტანდარტს და მასში გავრცელებული ინფორმაცია არ არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს.


“პოსტვ”-ს არ მიუწოდებია საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ყაულაშვილის პოზიცია, რითიც დაარღვია სამართლიანი ბალანსის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, როცა კონკრეტულ სუბიექტს მედია რაიმე ქმედებაში ადანაშაულებს, ამ სუბიექტს აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხის უფლება, აუდიტორიამ იმავე მედია პროდუქტში უნდა შეიტყოს მისი პოზიციაც.


საბჭოს სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ ის “პოსტვ”-ს  ჟურნალისტს ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა და უთხრა, რომ მას ბანერი არ დაუჭრია, თუმცა მისი ეს პოზიცია “პოსტვ”-ს  ჟურნალისტებმა ქარდთან ერთად არ გამოაქვეყნეს, მიჩქმალეს, რაც ასევე სიზუსტის პრინციპის დარღვევაა.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში “პოსტვ”-ს  ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

მეხუთე პრინციპი

 

მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

 

განმცხადებლის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ანა ყაულაშვილმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ხუთ დღეში, 2025 წლის 22 მაისს, წერილობით მიმართა “პოსტვ”-ს, სადაც ის უარყოფს ბანერის დაჭრას და ითხოვს, შეასწორონ მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია.

 

საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ “პოსტვ”-ს გავრცელებული ინფორმაცია არ შეუსწორებია. სადავო მასალა კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომია.


ეთიკური პრინციპების და ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მედია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია. შესწორება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც მედია შეიტყობს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

“პოსტვ”-მ ანა ყაულაშვილის მიმართ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა.  გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ “პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ “პოსტვ”-ს ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო, რომ ის არ იყო ფოტოზე გამოსახული ქალი, მაგრამ მათ მაინც გამოაქვეყნეს ფოტო და თქვეს, რომ ფოტოზე ის იყო და მან დაჭრა ბანერი.

საბჭოს შეფასებით, “პოსტვ”-ს გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია, თუმცა “პოსტვ”-მ მაინც მტკიცებით ფორმაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანერი ყაულაშვილმა დაჭრა.

 

“პოსტვ”-ს ჟურნალისტმა აუდიტორიას არ მიაწოდა, დაუმალა ინფორმაცია, რომ ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა ანა ყაულაშვილს, რომელმაც უარყო ბანერის დაჭრა, რაც, საბჭოს შეფასებით, განზრახი ქმედებაა და არა უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა.

 

ქარტიის საბჭო აქაც და არაერთ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს “პოსტვ”-ს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის პოზიციონირებაზე. ეს არხი ღიად “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და სახელისუფლებო პროპაგანდის წარმოებაში ხშირად წამყვანი როლი აქვს.

 

გასათვალისწინებელია, რომ “პოსტვ”-ს საკონტროლო პაკეტს, 52%-ს, 2022 წლის ოქტომბრიდან ფლობს პარლამენტარი, პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით შესული ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც დღეს “ხალხის ძალის” საპარლამენტო გუნდის წევრია.

 

ეს მედია აქტიურადაა ჩართული მმართველი ძალის ნარატივების გავრცელებაში. “პოსტვ”-ს მედია პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებას დადებითად და მის ოპონენტებს  უარყოფითად წარმოაჩენს.


განსახილველ შემთხვევაშიც, საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტური ინფორმაცია იმავდროულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” ღიად მხარდამჭერმა სხვა მედია საშუალებებმაც, ტელეკომპანია “იმედმა” და “ინფო-9”-მ, რაც მიანიშნებს, რომ აქტივისტ ყაულაშვილის დისკრედიტაცია “სამთავრობო მედიის” თვითმიზანი იყო.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პოსტვ”-ს ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია ყაულაშვილის მიმართ, აუდიტორიას დაუმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაულაშვილი ბანერის დაჭრას უარყოფდა.

 

“პოსტვ”-ს აუდიტორიას დღემდე არ აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული, “პოსტვ”-მ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის პოზიცია დაუმალა საკუთარ აუდიტორიას, რაც ქარტიის საბჭოს ფაქტის განზრახ დამახინჯებად, მე-11 პრინციპის დარღვევად, მიაჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

“პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და  მე-11 პრინციპები.

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

შეპასუხება

22.10.2025

27 ივნისი, 2025 წელი

 

საქმე  N 785

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ყაულაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 17 მაისს, მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ მოახდინა ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ანა ყაულაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი მარიამ სპასოვი.

 

განმცხადებელმა ერთდროულად, საერთო განცხადებით მომართა ქარტიას სამი მედიასაშუალების, ტელეკომპანია “იმედის”, “პოსტვ”-ს და “ინფო-9”-ის წინააღმდეგ. სამივე მედიასაშუალებამ გაავრცელა იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ ანა ყაულაშვილმა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამოფენილი ბანერი დაჭრა.

 

ქარტიის წესდების შესაბამისად, საბჭო თითოეული მოპასუხე მედიის მიმართ საქმეს ცალ-ცალკე განიხილავს.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

მოპასუხე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, საბჭოსთვის საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს ტელეკომპანია “იმედის” მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქარდში სათაურით “რადიკალური ოპოზიციის  აქტივისტმა ანა ყაულაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ბანერი დანით დაჭრა”.

 

განმცხადებლის პოზიციით, მას ბანერი არ დაუჭრია და ამის შესახებ განუცხადა კიდეც ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს, რომელიც მას ამ საკითხზე ქარდის გამოქვეყნებამდე დაუკავშირდა. თუმცა, ტელეკომპანია “იმედმა” მის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია ისე გამოაქვეყნა, რომ მის მიერ ამ ინფორმაციის უარმყოფი პოზიცია ქარდს არ დაურთო.

 

განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია “იმედმა” მისი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა, რითაც ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი დაარღვია.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედმა”, მის, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის, მიმართ განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი.


 
პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკ გვერდზე ანა ყაულაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

ტელეკომპანია “იმედის” ქარდზე მტკიცებით ფორმაშია ინფორმაცია გავრცელებული, რომ ანა ყაულაშვილმა დაჭრა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი, თუმცა არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ქარდს თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც უკეთია სამედიცინო პირბადე და შეუძლებელია, აუდიტორიამ მოახდინოს მისი ვინაობის ზუსტი იდენტიფიცირება. ცალსახად არ ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია. საქმის განხილვისას ანა ყაულაშვილმა თქვა, რომ ფოტოზე ის არ არის და მას ბანერი არ დაუჭრია.


ტელეკომპანია “იმედის” ქარდს არ ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბანერი ნამდვილად ანა ყაულაშვილმა დაჭრა.


ტელეკომპანია “იმედს” არ მიუწოდებია საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ყაულაშვილის პოზიცია, რითიც დაარღვია ჟურნალისტიკის ელემენტარული, სამართლიანი ბალანსის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, როცა კონკრეტულ სუბიექტს მედია რაიმე ქმედებაში ადანაშაულებს, ამ სუბიექტს აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხის უფლება, აუდიტორიამ უნდა შეიტყოს მისი პოზიციაც.


საბჭოს სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ ის ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა და უთხრა, რომ მას ბანერი არ დაუჭრია, თუმცა მისი ეს პოზიცია ტელეკომპანია “იმედის” აუდიტორიამ ვერ გაიგო, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებმა ეს ინფორმაცია არ გამოაქვეყნეს, მიჩქმალეს, რაც ასევე სიზუსტის პრინციპის დარღვევაა. ამას საბჭო მიიჩნევს სიმართლისადმი უპატივცემულობად.

ქარტიის სტანდარტით, ჟურნალისტი ვალდებულია, ინფორმაცია გამოქვეყნებამდე ყოველმხრივ გადაამოწმოს და აუდიტორიას პატიოსნად მიაწოდოს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა, არცერთი ეს წესი არ დაიცვა, რითაც პატივი არ სცა სიმართლეს და საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

მეხუთე პრინციპი

 

მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

 

განმცხადებლის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ანა ყაულაშვილმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ხუთ დღეში, 2025 წლის 22 მაისს, წერილობით მიმართა ტელეკომპანია “იმედს”. ყაულაშვილის მიერ წარმოდგენილი წერილის მიხედვით, ის უარყოფს ბანერის დაჭრას და ტელეკომპანიას თხოვს, შეასწოროს მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია.

 

საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ ტელეკომპანია “იმედს” გავრცელებული ინფორმაცია არ შეუსწორებია და ის მათ  ფეისბუკ გვერდზე კვლავ პირვანდელი სახით არის განთავსებული.


ეთიკური პრინციპების და ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მედია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია. შესწორება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც მედია შეიტყობს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

ეთიკური პრინციპები ჟურნალისტს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ ირეაგიროს ნებისმიერ შეტყობინებაზე და კიდევ ერთხელ გადაამოწმოს, მართლაც ხომ არ დაუშვა შეცდომა.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო დარწმუნდა, რომ ტელეკომპანია “იმედს” გამოქყვეყნებული მასალა არ შეუსწორებია. გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო, რომ ის არ იყო ფოტოზე გამოსახული ქალი, მაგრამ მათ მაინც გამოაქვეყნეს ფოტო და თქვეს, რომ ფოტოზე ის იყო და მან დაჭრა ბანერი.

საბჭოს შეფასებით, ტელეკომპანია “იმედის” გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია, თუმცა ტელეკომპანია “იმედმა” მაინც მტკიცებით ფორმაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანერი ყაულაშვილმა დაჭრა.

 

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა აუდიტორიას არ მიაწოდა, დაუმალა ინფორმაცია, რომ ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა ანა ყაულაშვილს, რომელმაც უარყო ბანერის დაჭრა, რაც, საბჭოს შეფასებით, განზრახი ქმედებაა და არა უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა.

ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ტელეკომპანია “იმედის” მიერ ყაულაშვილის მიმართ არაზუსტი ინფორმაციის განზრახ გავრცელების მოტივზე. საბჭოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს ნამსჯელი და აღნიშნული, რომ ტელეკომპანია “იმედი”, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერი პროპაგანდისტული მედია, განზრახ ახდენს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების დისკრედიტაციას და ამისთვის ხშირად იყენებს მათ მიმართ დამახინჯებული, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების ხერხს.


განსახილველ შემთხვევაშიც, საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტური ინფორმაცია იმავდროულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” ღიად მხარდამჭერმა სხვა მედია საშუალებებმაც, “პოსტვ”-მ და “ინფო-9”-მ, რაც მიანიშნებს, რომ აქტივისტ ყაულაშვილის დისკრედიტაცია “სამთავრობო მედიის” თვითმიზანი იყო.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია ყაულაშვილის მიმართ, აუდიტორიას დაუმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაულაშვილი ბანერის დაჭრას უარყოფდა.

 

ტელეკომპანია “იმედის” აუდიტორიას დღემდე არ აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული, რაც ქარტიის საბჭოს ფაქტის განზრახ დამახინჯებად, მე-11 პრინციპის დარღვევად, მიაჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და  მე-11 პრინციპები.

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

 

 

 

05.10.2025

27 ივნისი, 2025 წელი

 

საქმე  N 789

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ტელეკომპანია პირველმა და მისმა ჟურნალისტებმა. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ გადაცემაში, რომელიც ტელეკომპანია სეზონი TV”- ეთერში 2025 წლის 10 ივნისს გავიდა, წამყვანებმა ეთიკური პრონციპები დაარღვიეს.

 

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები ნიკოლოზ მჟავანაძე და დიტო ჩუბინიძე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად

 

ქარტიის წესდების თანახმად: საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლების წარმომადგენლები, იურისტები თორნიკე მიგინეიშვილი და ქეთევან ქველაძე

 

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, საბჭოსთვის არც წერილობით წარმოუდგენიათ საკუთარი პოზიცია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლების  პოზიცია

 

პირველი პრინციპის დარღვევა - ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში აჟღერებენ ისეთ ფრაზებს, რომლებიც არ არის დადასტურებული. საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აწვდიან ფაქტებს, რათა ჟურნალისტები ამორალურ მოქმედებებში ამხილონ, აწვდიან ინფორმაციას მაყურებლებს, რომ თანხის სანაცვლოდ ჟურნალისტები ახორციელებენ კონკრეტულ მოქმედებებს, როგორც პროფესიული ნიშნით, ასევე მის გარეთ.  

დადასტურებულად, ჟურნალისტების სამუშაო ადგილს მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი არსებითი სახელით, რაც განსაზღვრავს ფაქტს, რომელიც არ არის სიმართლე

 

მეშვიდე პრინციპის დარღვევა - თითოეული სიტყვა, რომელიც ჟურნალისტების (წამყვანების) მიერ გაკეთდა, მარტივად არის აღსაქმელი რომ არის შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული (გენდერის ნიშნით).  

წამყვანები, მარიამ გაფრინდაშვილს, ნანა ქაჯაიასა და ნატალიას ქაჯაიას, როგორც ქალ ჟურნალისტებს ესხმიან თავს საკუთარი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ასეთ დროს კი არა თუ ემიჯნება რომელიმე წამყვანი (ჟურნალისტი) ამ ფრაზებს, არამედ მხარს უჭერს მას და ავრცობს

მეათე პრინციპის დარღვევა - მიუხედავად იმისა, რომ წამყვანების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან არცერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს, უნდა აღინიშნოს, რომ ცილისწამებლური განცხადებების ფონზეც კი, უმრავლესობა მათგანი განცხადებებისა ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას. მართალია, ისინი არ შეესაბამებიან რეალობას, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტები (წამყვანები) ცდილობენ, რომ მომჩივნების პირადი ცხოვრება განიხილონ პირდაპირ ეთერში ამ ადამიანების ჩართულობისა და თანხმობის გარეშე. ამას ადასტურებს თავად წამყვანის მიერ გაკეთებული განმარტებაც - „ხალხო, ასე ღიად ნუ გამოიტანთ პირად ცხოვრებას, ცოტა ისე, დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი“. 

 

მეთერთმეტე პრინციპის დარღვევა - ყველა ზემოხსენებული (წამყვანების მიერ გაკეთებული) განცხადება შეიცავს ცილისწამებას, ფაქტის განზრახ დამახინჯებას, რათა მომხდარიყო ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტების დისკრედიტაცია, მათი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. იმ რეალობაშიც კი, რომ წამყვანი ახსენებს 30 000 ლართან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერი, სადაც პირდაპირ ასახელებს თანხასაც თემურ ჭყონიაო, არის სიცრუე. წამყვანებს და ტელევიზიის ჟურნალისტებს, არცერთხელ არ დაუკავშირდა არც წამყვანები და არც მედიის წარმომადგენლები ფაქტის გადამოწმების 

მიზნით. ხელოვნურად შექმნილ ჩანაწერშიც კი ბატონი თემურ ჭყონია თავად არ ასახელებს თანხას და უკვე მტკიცებით ფორმით ჟურნალისტს აქვს საუბრისას წამყვანი როლი. ანუ, არცერთი ფაქტი არც ტელეკომპანია პირველთან და არც ჟურნალისტებთან არ გადაუმოწმებიათ წამყვანებს ან/და ტელევიზიას. რა თქმა უნდა, არაფერს ვამბობთ დამახინჯებულად მიწოდებულ ფაქტებზე ჟურნალისტებისა და ბატონი თემურ ჭყონიას რაიმე სახის ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც, გარდა იმისა რომ არის ცილისწამება,  

არის ყოვლად ამორალური და არღვევს საზოგადოებაში დამკვირდებულ პატივისცემის წესებს.  

 

პირველი პრინციპი.

 

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, განსახილველ გადაცემაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭო პირველი პრინციპის დარღვევას სადავო გადაცემაში ორი მიმართულებით ადგენს.

 

პირველი: გადაცემის ავტორებმა, როგორც დადასტურებული ფაქტი, ისე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონია ტელეკომპანია პირველის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ქარტიას მომართეს, 30-30 ათას ლარს ხელფასს უხდის. ეს ინფორმაცია გაავრცელეს კონკრეტული, სანდო, გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე.

 

მეორე: გადაცემის წამყვანებმა დაარღვიეს აუცილებელი ჟურნალისტური სტანდარტი, ბალანსის ვალდებულება


ეთიკური პრინციპების მიხედვით, ნებისმიერი ჟურნალისტი ვალდებულია, მის ჟურნალისტურ პროდუქტში, ეს იქნება სიუჟეტი თუ საავტორო გადაცემა, მაქსიმალურად შეეცადოს ამბის მონაწილე მხარეების პოზიციების წარმოჩენას.


სადავო გადაცემის წამყვანებმა დიტო ჩუბინიძემ და ნიკოლოზ მჟავანაძემ, მტკიცებით ფორმაში ისე ისაუბრეს ჟურნალისტების მიერ ბიზნესმენ ჭყონიასგან თანხის აღების შესახებ, რომ არც ჭყონიას და არც ბრალდებული ჟურნალისტების პოზიცია ეთერში არ გაუჟღერებიათ.

 

ქარტიის საბჭომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მხარეთა შორის ბალანსი, საპასუხო კომენტარის უფლების რეალიზება აუცილებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირს მედია უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს ანდა კონკრეტულ ბრალს უყენებს.


განსახილველ შემთხვევაში გადაცემის წამყვანებმა ჟურნალისტები ეთიკური და კანონით დადგენილი წესების დარღვევაში ღიად დაადანაშაულეს და არც პასუხის საშუალება მისცეს და სადავო გადაცემაში არც მათ მიერ ამ საკითხზე ღიად გაცხადებული პოზიციები ასახეს.


ამ ქმედებებით გადაცემის წამყვანებმა, პირველ რიგში, პატივი არ სცეს სიზუსტეს, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით პატივი არ სცეს საკუთარ აუდიტორიას, რაც ცალსახად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა.


 

მეშვიდე პრინციპი

 

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

განმცხადებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გადაცემის წამყვანებმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიტო ჩუბინიძემ  მოახდინეს მათი დისკრიმინაცია გენდერის ნიშნით. წამყვანებმა ეთერში გაჟღერებული გამონათქვამებით მოახდინეს მათ, როგორც ქალი ჟურნალისტების, მიმართ დისკრიმინაციის წახალისება.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანებმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
წამყვანების გამონათქვამების ნაწილი იყო დისკრიმინაციული განმცხადებელი ქალი ჟურნალისტების მიმართ:


 „მაგათი საგზური ის არის, რომ სადღაც ექნება ბუნაგი მოწყობილი და იქ გააფორმებს“, „ამ 30 000 ლარად აქვს ნაყიდი, ეს ახალგაზრდა გოგონები აქვს ნაყიდი ბატონ ელტონ ჭყონიას“, „რაც შეეხება ამ გოგონებს, ელტონის გოგოშკებს“, „მამაშენს რომ გაეგო ნანუკა, რომ შენ მამის ტოლა კაცი 30 000 ლარს გაძლევს, რომ იმის შემდგომ მოიქცე ისე, როგორც იქცევი. ანუ გახდე ელტონის პუტანკა, რა ჭკუაზე დადგებოდა?“ „ჩაგცხრილავდა და იქნებოდი კიდეც ჩასაცხრილი“, „სამარცხვინოები ხართ თქვენ“, „კაცი იძახის, ხომ? თანხაც დაასახელა 30 000“, „დოლარიც თამაშობს და ესენიც ათამაშებენ“, „ამდენი ახალგაზრდა ქალბატონის გაძლება ძალიან რთულია, თან ენერგიული ქალბატონების“, „ხალხო, ასე ღიად ნუ გამოიტანთ პირად ცხოვრებას, ცოტა ისე, დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი.


წამყვანების ზემოთ აღწერილი ფრაზები დისკრიმინაციულია და ამგვარი ფრაზების სოციალური მედიით გავრცელება ახალისებს დისკრიმინაციას განმცხადებელი ქალი ჟურნალისტების მიმართ, რაც განმცხადებელების მიერ ქარტიის საბჭოსთვის წარმოდგენილი კომენტარების სქრინებითაც დასტურდება

 

ეთიკური პრინციპები ავალდებულებს ჟურნალისტებს, არათუ თავად არ მოახდინონ ვინმეს რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, არამედ გაემიჯნონ დისკრიმინაციის გამოვლინებას საკუთარ მედია პროდუქტებში და არ მოახდინონ დისკრიმინაციის რაიმე ფორმის წახალისება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაცემის წამყვანებმა ეთერში გავრცელებული საკუთარი გამონათქვამებით თავად მოახდინეს ტელეკომპანია პირველის ქალი ჟურნალისტების დისკრიმინაცია, რაც მე-7 პრინციპის დარღვევაა.

 

მეათე პრინციპი

 

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”

 

მთელი გადაცემის განმავლობაში წამყვანები აკეთებდნენ განცხადებებს საკითხებზე, რომლებიც დაზუსტებული და არადისკრიმინაციულიც რომ ყოფილიყო, მაინც წარმოადგენდა განმცხადებელი ჟურნალისტების პირად ინფორმაციას. გადაცემის წამყვანები აკეთებდნენ მინიშნებებს ქალი ჟურნალისტების პირად ცხოვრებაზე.

 

ხალხო, ასე ღიად ნუ გამოიტანთ პირად ცხოვრებას, ცოტა ისე, დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი, - თქვა ერთ-ერთმა წამყვანმა გადაცემაში ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტების მისამართით, მანამდე გაჟღერებული პირადი სახის ინფორმაციის შეჯამებისას.

 

ეთიკური პრინციპების შესაბამისად, ჟურნალისტმა მხოლოდ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება

განსახილველ შემთხვევაში, გადაცემის წამყვანები საუბრობდნენ განმცხადებელი ჟურნალისტების პირადი, შესაძლო ინტიმური ურთიერთობების შესახებ ისე, რომ არ არსებობდა ამ თემის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. ეს იყო წამყვანების მხრიდან უხამსი ჭორაობის ფაქტი და არ ემსახურებოდა აუდიტორიის ინფორმირებას.

 

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია ქარტიის მე-10 პრინციპიც.



მეთერთმეტე პრინციპი

 

ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

2.              ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

3.              მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო გადაცემაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

გადაცემის შესწავლის შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ წამყვანებმა წინასწარი განზრახვით, გადამოწმების მცდელობის გარეშე გაავრცელეს განმცხადებლების მიმართ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.


თემურ ჭყონიას მიერ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტებისთვის 30 ათას ლარიანი ხელფასის გადახდის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად  POSTV- გაავრცელა (6 ივნისს). (ქარტიამ განიხილა ამავე თემაზე POSTV- მიერ მომზადებული სიუჟეტი და ეთიკური პრინციპების დარღვევა დაადგინა) გავრცელებული ინფორმაცია მალევე საჯაროდ უარჰყვეს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტებმა.


სადავო გადაცემა ეთერში 2025 წლის 10 ივნისს გავიდა. ამ დროისთვის ამ თემას უკვე სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება ჰქონდა და გადაცემის წამყვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია პირველის წარმომადგენლები ჭყონიასგან ხელფასის მიღებას უარყოფდნენ.


მიუხედავად ამისა, გადაცემის წამყვანებმა ისე გააჟღერეს განმცხადებლების მიმართ ბრალდებები, რომ საკუთარ მაყურებელს არ გააცნეს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტების პოზიცია.


საბჭო მიიჩნევს, რომ ეს იყო გადაცემის წამყვანების განზრახვა და არა უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა.


გადაცემის წამყვანები ეთერში არ მალავდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას ტელეკომპანია პირველის მიმართ. წინასწარ განზრახვაზე, ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს მათ მიერ ეთერში გაჟღერებული ფრაზები: „არა, ეს ბორდელები უნდა დაიხუროს“, „პროსტიტუციის წყაროები“, „პირდაპირ ეთერში იგინებიან, ილანძღებიან, თქვენი დედა, თქვენი ისა, თქვენი ესა“.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ სეზონი TV”- წამყვანებმა ამ ქმედებებით დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ჟურნალისტებმა, დიტო ჩუბინიძემ და ნიკოლოზ მჟავანაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები.

 

27.08.2025

15 მაისი, 2025 წელი

 

 

საქმე N-780

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

 

საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი, ნინო რამიშვილი, ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა კომლაძემ ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი ანა კომლაძე. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო მასალა ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა. ის ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას ეხება და მასში განმცხადებელი “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად” არის მოხსენიებული.

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ “იმედმა” მისი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ არაზუსტი, მასთან გადაუმოწმებელი, ინფორმაცია გაავრცელა.

განმცხადებლის თქმით, არასწორია მისი როგორც ოპოზიციის, მითუმეტეს რადიკალური ოპოზიციის, მხარდამჭერად წარმოჩენა.


განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ მისი ასე მოხსენიება დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელია და რომ ის საკუთარ თავს მიაკუთვნებს არა ოპოზიციის, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვს.

 

სადავო მასალაში არ ჩანს, გაურკვეველია, თუ რას ეყრდნობა მოპასუხე მედია ანა კომლაძის მიმართ ტერმინის “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი” გამოყენებისას. თუ “იმედის” ჟურნალისტს ჰქონდა რამე მტკიცებულება, რაც აუდიტორიას განმცხადებლის მხრიდან “რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაში” დაარწმუნებდა, ის რამე ფორმით, ფოტო-ვიდეო მასალით, თუნდაც ბმულის სახით, ასახული უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებულ მასალაში.

 

მაშინ როცა მედია პირს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და, “იმედის” კონტექსტით, რადიკალიზმი ცალსახად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, აუცილებელია ამ პირის პოზიციის ასახვა, მისთვის ბრალდებაზე პასუხის გაცემის შეთავაზება.


განსახილველ შემთხვევაში ასე არ მოხდა. მასალას არ ახლავს ანა კომლაძის პასუხი, არ ჩანს კომენტარის მოპოვების მცდელობა, რაც ცალსახად პირველი პრინციპის დარღვევაა.

 

ქარტიის საბჭოს არაერთხელ განუხილავს ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ ისეთი საქმე, რომელშიც ის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მოიხსენიებს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად თუ მხარდამჭერად.

 

როგორც გადაწყვეტილებაში საქმეზე - “ფორმულას” პროდიუსერი ნესტან (ნენე) დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ არის აღნიშნული, ვინაიდან ანა კომლაძე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ ახდენს იდენტიფიცირებას, როგორც “რადიკალური ოპოზიციის” ან უბრალოდ “ოპოზიციის მხარდამჭერი”, მოპასუხე მედია მასაც უნდა დაკავშირებოდა და ეს ინფორმაცია მასთან უნდა გადაემოწმებინა.

 

განმცხადებელი სხდომაზე სადავოდ ხდიდა ასევე “იმედის” მიერ 5 მარტს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ როდესაც გათავისუფლების ბრძანება ჯერ კიდევ არ არსებობდა და ის 14 მარტით თარიღდება. და იმ დროს იყო თეორიული შანსი, რომ რეორგანიზაციის მიუხედავად, ის სამსახურში მაინც დარჩენილიყო.

 

ქარტიის საბჭო ამ ნაწილში პრობლემად მიიჩნევს ინფორმაციის გადამოწმების სტანდარტს. მასალაში არ ჩანს, რას დაეყრდნო ტელეკომპანია “იმედი” ამ ინფორმაციის გავრცელებისას. ქარტიის საბჭო პირველი პრინციპის ფარგლებში აფასებს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობას. ინფორმაციის გამოქვეყნებამდე მისი მაქსიმალური გადამოწმებით ჟურნალისტი უზრუნველყოფს აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო მედიაპროდუქტში არ ჩანს ჟურნალისტის მინიმალური მცდელობაც კი, გადაამოწმოს ინფორმაცია, თუნდაც მის ადრესატთან ან საჯარო დაწესებულებაში, რაც ქარტიის სტანდარტს ეწინააღმდეგება.

 

ამდენად, გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით ტელეკომპანია “იმედმა” დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭოს სამდივნომ ანა კომლაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინა.

 

საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, მასალაში არსებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

 

სადავო მასალა  დღემდე ხელმისაწვდომია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ “ქარდში” გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი დაირღვა.

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

მე-7 პრინციპზე მსჯელობისას ქარტიის საბჭო ყოველთვის იკვლევს დისკრიმინაციის ნიშანსა და საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია “იმედიმა” წაახალისა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმომწერი და გათავისუფლებული საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

 

ქარტიის საბჭოს მრავალგზის აღუნიშნავს, რომ მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეთიკური პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, დაუშვებელია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციაც.

 

მოცემულ მასალაში ჟურნალისტი არათუ არ გაემიჯნა დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, არამედ თავად იყო დისკრიმინაციის წამახალისებელი. ეს ნათლად ჩანს ქარდის ქვემოთ გაკეთებულ კომენტარებში და იმ ფეისბუქ-პოსტებში, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას მიუძღვნეს.

 

ამ ქმედებით ტელეკომპანია “იმედმა”  ხელი შეუწყო არა მხოლოდ ანა კომლაძის, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების ღიად მხარდაჭერისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული სხვა საჯარო მოხელეების სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. ისინი სიძულვილის ენის ობიექტად აქცია, რაც სამომავლოდ შეიძლება გახდეს იმის საწინდარი, რომ ასეთმა ადამიანებმა საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავი შეიკავონ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მედია წინააღმდეგობაში მოდის თავის სოციალურ პასუხისმგებლობასთან - მედიის ვალია, არ გაამძაფროს დისკრიმინაციული ფონი და საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური განწყობებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას  - რითაც არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო ქარდში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტი ემსახურებოდა მის განზრახ დისკრედიტაციას.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო ქარდში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპიც დარღვეულია, რაც პოლიტიკური მოტივებით აიხსნება.

 

როგორც სხდომაზე ანა კომლაძემ განაცხადა, ის მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ეწინააღმდეგება ამ პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას, არის საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებულ პეტიციაზე ხელმომწერი და პროევროპული აქციების მონაწილე.

ქარტიის საბჭოს არაერთგზის განუხილავს ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ მსგავსი საქმეები და მისთვის არ არის ახალი “იმედის” მხრიდან აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციის მცდელობა მათი პოლიტიკური განწყობების გამო (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე - ქრისტინე ზამთარაძე თამარ ჩიკვატიას წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ისაკაძე გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - “ფორმულას” პროდიუსერი ნესტან (ნენე) დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” მეგი ნარსავიძისა და გივი კუჭავას წინააღმდეგ).

ზემოთ მოცემული მაგალითები ადასტურებს “იმედის” მხრიდან ანა კომლაძის მსგავსი პირების განზრახ დისკრედიტაციის მცდელობებს.

მოპასუხე მედია მაქსიმალურად ცდილობს, “ქართული ოცნების” პოლიტიკის მოწინააღმდეგეები რადიკალიზმსა და ოპოზიციასთან დაკავშირებით, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

 

“იმედის” ჟურნალისტმა ამ ქარდით სცადა, ანა კომლაძის კრიტიკული პოზიცია, როგორც “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერის” პოზიცია, ისე წარმოეჩინა. ამით კი ხელი შეუწყო მის დისკრიმინაციას,  რაზეც მიანიშნებს “იმედის” ამ ქარდზე მომხმარებლების შეურაცხმყოფელი კომენტარების სიმრავლეც.

 

ამის გათვალისწინებით, საბჭომ დარღვეულად მიიჩნია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპები დაარღვია.