განმცხადებელი : მარიამ გაფრინდაშვილი, ნანა ქაჯაია, ნატალია ქაჯაია, ტელეკომპანია "პირველი";
მოპასუხე : ნათია ბერიძე, დათა გვასალია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
27 ივნისი, 2025 წელი
საქმე N 788
საბჭოს თავმჯდომარე:
ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს
წევრები:
ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე,
თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ
ზაზაძე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ტელეკომპანია “პირველმა” და მისმა ჟურნალისტებმა. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია „POSTV“-ს ეთერში, გადაცემაში „კვირის პოსტი“, 2025 წლის 15 ივნისს გავიდა, ტელეკომპანია “პირველის” და მისი ჟურნალისტების შესახებ არაზუსტი ინფორმაცია განზრახ გაავრცელეს.
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ სიუჟეტის ავტორები ნათია ბერიძე და დათა გვასალია.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლების წარმომადგენლები, იურისტები თორნიკე მიგინეიშვილი და ქეთევან ქველაძე.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, ხოლო POSTV-მ ქარტიის საბჭოს გამოუგზავნა წერილობითი პოზიცია. საბჭო საქმის განხილვის დროს ამ დოკუმენტსაც დაეყრდნო.
სამოტივაციო ნაწილი:
განმცხადებლების პოზიცია:
“ტელეკომპანია „POSTV“-მ ეთერში გადაცემაში „კვირის პოსტი“ გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოიხსენიებს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტებს მარიამ გაფრინდაშვილს, დებ ქაჯაიებს (კერძოდ ნანა და ნატალია ქაჯაიებს), ნოდარ მელაძეს მოსყიდულ, მიკერძოებულ და ისტერიულ ჟურნალისტებად, ასევე, როგორც „ნაცჟურნალისტებს“, ხოლო მათ გადაცემებს „ტელეისტერიებად“, ბრალს სდებენ ბიზნესმენი თემურ ჭყონიასაგან ყოველთვიურად „სოლიდური თანხის“ (30 000 ლარის) აღებაში და აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტები არ ქმნიან ობიექტურ, სანდო და მიუკერძოებელ მასალებს, არამედ ავრცელებენ მიკერძოებულ, მოსყიდულ სიუჟეტებს.
დასახელებული მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში ნათია ბერიძემ და დათა გვასალიამ, საჯაროდ მოიხსენიეს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტები, როგორც „ნაცჟურნალისტები“, „მოსყიდული“ და „მიკროფონიანი აქტივისტი“. გადაცემაში გამოყენებული იყო არაერთი სხვა აბსოლუტურად არაპროფესიული ფორმულირება თითოეული ტერმინის, რაც ქმნის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დამცირებისა და მორალური ზიანის მიყენების მკაფიო მიზანს.”
მოპასუხის პოზიცია:
“არ ვეთანხმებით განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ პოზიციას ზემოაღნიშნული სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევის თაობაზე. წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოა, ადგილი არ ჰქონია რომელიმე პრინციპის დარღვევას. განმცხადებელი თავად ამახინჯებს ფაქტებს და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ადგილი ჰქონდა დაუბალანსებელი სიუჟეტის განთავსებას, ასევე ცდილობენ რომ თემურ ჭყონიასთან არსებული სატელეფონო ინტერვიუ წარმოაჩინონ როგორც “ხელოვნურად შექმნილი ჩანაწერი”.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი განცხადება ზოგადია და რიგ შემთხვევებში არ არის აღქმადი კონკრეტულად თუ რა მოსაზრებას ან გარემოებას არ ეთანხმება განმცხადებელი.
ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმდა თემურ ჭყონიასთან და მხოლოდ ამის შემდგომ განხორციელდა ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული სატელეფონო ინტერვიუ ინტეგრირებულია სიუჟეტში. სიუჟეტის მომზადების ეტაპზე განხორციელდა კომუნიკაცია ნოდარ მელაძესთანაც. ამ საუბრის ამსახველი ჩანაწერიც, ასევე ილუსტრირებულია გადაცემაში.
გადაცემაში დამატებით განთავსებულია ნანა ქაჯაიას (Nanuka Kajaia) სოციალურ ქსელში საჯაროდ ხელმისაწვდომი პოსტი და კომენტარების ნაწილი (მათ შორის ის კომენტარიც, სადაც მიაჩნიათ,რომ თემურ ჭყონიასთან ინტერვიუ „არ არსებობს“.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, განსახილველ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის საბჭომ თავდაპირველად, გავრცელებული ფაქტებისგან მკვეთრად გამიჯნა სიუჟეტში ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები.
საბჭომ მიიჩნია, რომ POSTV-ს ჟურნალისტებმა სადავო სიუჟეტში
გაავრცელეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუდიტორიისთვის მიწოდებული იყო
როგორც ფაქტი, მაგრამ არ იყო ქარტიის სტანდარტის შესაბამისად
გადამოწმებული.
სადავო სიუჟეტის ავტორები აუდიტორიას აწვდიან ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტები (განმცხადებლები), ხელისუფლების წინააღმდეგ მომზადებული სიუჟეტების სანაცვლოდ, ბიზნესმენ თემურ ჭყონიასგან იღებენ სხვადასხვა პრივილეგიას და თვეში 30 ათას ლარს თითოეული.
POSTV-ს ჟურნალისტებმა აუდიტორიას ეს ინფორმაცია მიაწოდეს, როგორც უკვე დადასტურებული, გადამოწმებული ფაქტი, და ეს მოხდა სიუჟეტში გავრცელებული კონკრეტული ფრაზებით:
“მათ ტელეისტერიებს საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აძლევს მოტივაციას”.
“რამდენიმე კვირის წინ POSTV-სთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ტვ პირველის” რამდენიმე ჟურნალისტს სოლიდურ ხელფასს უხდის”.
“მალევე გაირკვა, რომ ხელფასის გარდა “ტვ პირველის” ჟურნალისტების ნაწილს ძვირადღირებული საგზურებიც აჩუქა თავის სასტუმროში”.
“ნანუკა ქაჯაია ძალიან გააბრაზა ჩვენი მხრიდან სიმართლის საჯაროდ გამოტანამ”.
“რადგან ინფორმაციაც გადავამოწმეთ და წყაროც ნამდვილი აღმოჩნდა, ცხადია, მაშინვე გავავრცელეთ ამბავი სოციალურ ქსელის მეშვეობით”.
“ვცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ აფინანსებს ჭყონია კონკრეტულ ჟურნალისტებს და რა დგას ამ დაფინანსების უკან”.
“იცოდა თუ არა, რომ მის თანამშრომლებს თემურ ჭყონია ყოველთვე სოლიდურ თანხას უხდის”.
POSTV-ს ჟურნალისტებმა აღნიშნული ფრაზებით ინფორმაცია ისე გაავრცელეს მტკიცებით ფორმაში, რომ არ დაკავშირებიან უშუალოდ ჟურნალისტებს, რომლებზეც თქვეს, რომ ჭყონიასგან თვეში 30-30 ათას ლარს იღებდნენ.
მართალია, ისინი დაუკავშირდნენ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას და
ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ
მელაძეს, თუმცა მათთან საუბრის აუდიო ჩანაწერი, ჟურნალისტის მიერ
კითხვის დასმის ფორმულირება, აუდიტორიას ეთიკური სტანდარტების
შესაბამისად გადამოწმებულ და მიუკერძებელ ინფორმაციას არ აწვდის.
რესპოდენტებისთვის დასმული შეკითხვები არ არის მედია სტანდარტის შესაბამისი. კარგი სტანდარტით, შეკითხვა უნდა იყოს ნეიტრალური, მასში არ უნდა ჩანდეს ჟურნალისტის პოზიცია და მასში არ უნდა იყოს გაჟღერებული ინფორმაცია როგორც ფაქტი, მის საბოლოო დადასტურებამდე.
POSTV-ს ჟურნალისტმა შეკითხვები ასეთი ფორმულირებით დასვა:
თემურ ჭყონიას - “ხელფასსაც მაგიტომ მეგობრულად უხდით, 30 ათასს? მეგობრულად უხდით ხელფასებსაც?!”
ნოდარ მელაძეს -“იცოდით თუ არა, რომ თქვენს თანამშრომლებს ჭყონია რომ ხელფასს უხდის? ეს დამკვიდრებული პრაქტიკა გაქვთ?”
ამ
შეკითხვებში 30 ათასი ლარის გადახდა მოხსენიებულია როგორც
დადასტურებული ფაქტი, რაც არასწორია. ქარტიის საბჭოს მანდატს ცდება
იმის გამოკვლევა, მართლა უხდიდა თუ არა ბიზნესმენი ჟურნალისტებს
თანხებს, თუმცა ქარტის სტანდარტით არ შეიძლება, ერთი პირის, ამ
შემთხვევაში მხოლოდ თემურ ჭყონიას, კომენტარზე დაყრდნობით მედიამ
დადასტურებულად მიიჩნიოს ინფორმაცია, რომლის გადამოწმების სხვა
მრავალი გზა არსებობს, თუმცა ჟურნალისტი ამ გზებს არ
იყენებს.
ჟურნალისტი აუცილებლად უნდა დაკავშირებოდა ტელეკომპანია “პირველის”
ყველა იმ ჟურნალისტს, ვის შესახებაც ეს ინფორმაცია გაავრცელა,
ვინაიდან სიუჟეტში ისინი დადანაშაულებულნი იყვნენ ჟურნალისტისთვის
შეუფერებელი, მიუღებელი საქციელის ჩადენაში, ამბების მიკერძოებულად
გაშუქების სანაცვლოდ, კონკრეტული ბიზნესმენისგან ანაზღაურების
მიღებაში..
სადავო სიუჟეტში ასახეს მხოლოდ ერთ-ერთი განმცხადებლის, ნატა ქაჯაიას, მიერ ამ საკითხზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება, თუმცა არ ასახეს ნანა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის პოზიცია. განმცხადებლებმა ქარტიის საბჭოს უთხრეს, რომ მათ პირადად სიუჟეტის ავტორები არ დაკავშირებიან და კომენტარი არ უთხოვიათ.
ქარტიის საბჭოს არაერთი გადაწყვეტილების თანახმად, როდესაც ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ბრალს დებს რაიმე უკანონო, მიუღებელი ქმედების ჩადენაში, აუცილებელია ბრალდებულ პირს მიეცეს იმავე მედია პროდუქტში სრულყოფილი პასუხის გაცემის საშუალება. ეს წესი POSTV-ს ჟურნალისტებმა დაარღვიეს, ამით პატივი არ სცეს აუდიტორიას და მიაწოდეს სათანადო წესით გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ნათია ბერიძემ და დათა საჯაიამ პატივი არ სცეს აუდიტორიის უფლებას, მიიღოს მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია და ამით დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
- ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო სიუჟეტში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და
ჟურნალისტის განზრახვას.
განმცხადებლების განმარტებით, სადავო სიუჟეტის მომზადებისას POSTV-ს ჟურნალისტებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტები და თავად ტელეკომპანია “პირველი” უარყოფდნენ გავრცელებულ ინფორმაციას თემურ ჭყონიას მიერ ჟურნალისტებისთვის ხელფასის გადახდის შესახებ, თუმცა მაინც გადაუმოწმებლად, მიკერძოებულად, არაერთხელ განზრახ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, საბჭო მე-11 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაშიც, თუ არასწორი ან სათანადოდ გადაუმოწმებელი ერთი და იგივე ინფორმაციის გავრცელება ხდება არაერთგზის, კამპანიურად.
განსახილველ შემთხვევაში, POSTV-ს ჟურნალისტებმა დაუზუსტებელი
ინფორმაცია რამდენჯერმე გაავრცელეს, ჯერ 6 ივნისს ქარდის სახით, რასაც
მოყვა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების მხრიდან გავრცელებულ
ინფორმაციაზე გამოხმაურება, თუმცა მათი პოზიცია POSTV-მ ამის შემდეგ
მომზადებულ სადავო სიუჟეტშიც არ ასახა, რაც POSTV-ს -ჟურნალისტების
განზრახულობაზე მიუთითებს.
ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს POSTV-ს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის პოზიციონირებაზე. ეს არხი ღიად “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და სახელისუფლებო პროპაგანდის წარმოებაში ხშირად წამყვანი როლი აქვს.
გასათვალისწინებელია, რომ POSTV-ს საკონტროლო პაკეტს, 52%-ს, 2022 წლის ოქტომბრიდან ფლობს პარლამენტარი, პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით შესული ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც დღეს “ხალხის ძალის” საპარლამენტო გუნდის წევრია.
ეს მედია აქტიურადაა ჩართული მმართველი ძალის ნარატივების გავრცელებაში. POSTV-ს მედია პროდუქტების აბსოლიტური უმრავლესობა ხელისუფლებას დადებითად და მის ოპონენტებს უარყოფითად წარმოაჩენს.
სადავო სიუჟეტშიც POSTV-ს ჟურნალისტების ტექსტები მოტივირებულია ხელისუფლების მაკრიტიკებელი მედიის, ამ შემთხვევაში ტელეკომპანია “პირველის” უარყოფითად წარმოჩენის სურვილით. ისინი ცდილობენ, აუდიტორია დაარწმუნონ, რომ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების მწვავე და კრიტიკული სიუჟეტები განპირობებულია იმით, რომ ისინი ამისთვის ბიზნესმენ თემურ ჭყონიასგან დამატებით სოლიდურ თანხებს იღებენ.
სიუჟეტში უკონტექსტოდ არის ნაჩვენები საარქივო მასალები, მათ შორის, იმდროინდელი, როცა ამ ჟურნალისტების ნაწილი სხვა არხებზე მუშაობდა, და ეს ყველაფერი მიმართულია მათი განზრახ უარყოფითად, დისკრედიტებულად წარმოჩენისკენ.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღწერილი ფაქტების ერთიანობა ადასტურებს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხის ჟურნალისტების მიმართ განზრახი ქმედება იყო და ის არ იყო უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა.
გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ნათია ბერიძემ და დათა
საჯაიამ დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ჟურნალისტებმა, ნათია ბერიძემ და დათა საჯაიამ დაარღვიეს ქარტიის
პირველი და მე-11 პრინციპები.