გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანა ყაულაშვილი ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
22.10.2025

განმცხადებელი : ანა ყაულაშვილი;
მოპასუხე : ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

27 ივნისი, 2025 წელი

 

საქმე  N 785

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ყაულაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 17 მაისს, მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ მოახდინა ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ანა ყაულაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი მარიამ სპასოვი.

 

განმცხადებელმა ერთდროულად, საერთო განცხადებით მომართა ქარტიას სამი მედიასაშუალების, ტელეკომპანია “იმედის”, “პოსტვ”-ს და “ინფო-9”-ის წინააღმდეგ. სამივე მედიასაშუალებამ გაავრცელა იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ ანა ყაულაშვილმა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამოფენილი ბანერი დაჭრა.

 

ქარტიის წესდების შესაბამისად, საბჭო თითოეული მოპასუხე მედიის მიმართ საქმეს ცალ-ცალკე განიხილავს.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

მოპასუხე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, საბჭოსთვის საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს ტელეკომპანია “იმედის” მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქარდში სათაურით “რადიკალური ოპოზიციის  აქტივისტმა ანა ყაულაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ბანერი დანით დაჭრა”.

 

განმცხადებლის პოზიციით, მას ბანერი არ დაუჭრია და ამის შესახებ განუცხადა კიდეც ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს, რომელიც მას ამ საკითხზე ქარდის გამოქვეყნებამდე დაუკავშირდა. თუმცა, ტელეკომპანია “იმედმა” მის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია ისე გამოაქვეყნა, რომ მის მიერ ამ ინფორმაციის უარმყოფი პოზიცია ქარდს არ დაურთო.

 

განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია “იმედმა” მისი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა, რითაც ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი დაარღვია.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედმა”, მის, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის, მიმართ განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი.


 
პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკ გვერდზე ანა ყაულაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

ტელეკომპანია “იმედის” ქარდზე მტკიცებით ფორმაშია ინფორმაცია გავრცელებული, რომ ანა ყაულაშვილმა დაჭრა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი, თუმცა არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ქარდს თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც უკეთია სამედიცინო პირბადე და შეუძლებელია, აუდიტორიამ მოახდინოს მისი ვინაობის ზუსტი იდენტიფიცირება. ცალსახად არ ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია. საქმის განხილვისას ანა ყაულაშვილმა თქვა, რომ ფოტოზე ის არ არის და მას ბანერი არ დაუჭრია.


ტელეკომპანია “იმედის” ქარდს არ ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბანერი ნამდვილად ანა ყაულაშვილმა დაჭრა.


ტელეკომპანია “იმედს” არ მიუწოდებია საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ყაულაშვილის პოზიცია, რითიც დაარღვია ჟურნალისტიკის ელემენტარული, სამართლიანი ბალანსის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, როცა კონკრეტულ სუბიექტს მედია რაიმე ქმედებაში ადანაშაულებს, ამ სუბიექტს აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხის უფლება, აუდიტორიამ უნდა შეიტყოს მისი პოზიციაც.


საბჭოს სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ ის ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა და უთხრა, რომ მას ბანერი არ დაუჭრია, თუმცა მისი ეს პოზიცია ტელეკომპანია “იმედის” აუდიტორიამ ვერ გაიგო, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებმა ეს ინფორმაცია არ გამოაქვეყნეს, მიჩქმალეს, რაც ასევე სიზუსტის პრინციპის დარღვევაა. ამას საბჭო მიიჩნევს სიმართლისადმი უპატივცემულობად.

ქარტიის სტანდარტით, ჟურნალისტი ვალდებულია, ინფორმაცია გამოქვეყნებამდე ყოველმხრივ გადაამოწმოს და აუდიტორიას პატიოსნად მიაწოდოს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა, არცერთი ეს წესი არ დაიცვა, რითაც პატივი არ სცა სიმართლეს და საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

მეხუთე პრინციპი

 

მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

 

განმცხადებლის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ანა ყაულაშვილმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ხუთ დღეში, 2025 წლის 22 მაისს, წერილობით მიმართა ტელეკომპანია “იმედს”. ყაულაშვილის მიერ წარმოდგენილი წერილის მიხედვით, ის უარყოფს ბანერის დაჭრას და ტელეკომპანიას თხოვს, შეასწოროს მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია.

 

საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ ტელეკომპანია “იმედს” გავრცელებული ინფორმაცია არ შეუსწორებია და ის მათ  ფეისბუკ გვერდზე კვლავ პირვანდელი სახით არის განთავსებული.


ეთიკური პრინციპების და ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მედია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია. შესწორება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც მედია შეიტყობს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

ეთიკური პრინციპები ჟურნალისტს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ ირეაგიროს ნებისმიერ შეტყობინებაზე და კიდევ ერთხელ გადაამოწმოს, მართლაც ხომ არ დაუშვა შეცდომა.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო დარწმუნდა, რომ ტელეკომპანია “იმედს” გამოქყვეყნებული მასალა არ შეუსწორებია. გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო, რომ ის არ იყო ფოტოზე გამოსახული ქალი, მაგრამ მათ მაინც გამოაქვეყნეს ფოტო და თქვეს, რომ ფოტოზე ის იყო და მან დაჭრა ბანერი.

საბჭოს შეფასებით, ტელეკომპანია “იმედის” გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია, თუმცა ტელეკომპანია “იმედმა” მაინც მტკიცებით ფორმაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანერი ყაულაშვილმა დაჭრა.

 

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა აუდიტორიას არ მიაწოდა, დაუმალა ინფორმაცია, რომ ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა ანა ყაულაშვილს, რომელმაც უარყო ბანერის დაჭრა, რაც, საბჭოს შეფასებით, განზრახი ქმედებაა და არა უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა.

ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ტელეკომპანია “იმედის” მიერ ყაულაშვილის მიმართ არაზუსტი ინფორმაციის განზრახ გავრცელების მოტივზე. საბჭოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს ნამსჯელი და აღნიშნული, რომ ტელეკომპანია “იმედი”, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერი პროპაგანდისტული მედია, განზრახ ახდენს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების დისკრედიტაციას და ამისთვის ხშირად იყენებს მათ მიმართ დამახინჯებული, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების ხერხს.


განსახილველ შემთხვევაშიც, საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტური ინფორმაცია იმავდროულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” ღიად მხარდამჭერმა სხვა მედია საშუალებებმაც, “პოსტვ”-მ და “ინფო-9”-მ, რაც მიანიშნებს, რომ აქტივისტ ყაულაშვილის დისკრედიტაცია “სამთავრობო მედიის” თვითმიზანი იყო.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია ყაულაშვილის მიმართ, აუდიტორიას დაუმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაულაშვილი ბანერის დაჭრას უარყოფდა.

 

ტელეკომპანია “იმედის” აუდიტორიას დღემდე არ აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული, რაც ქარტიის საბჭოს ფაქტის განზრახ დამახინჯებად, მე-11 პრინციპის დარღვევად, მიაჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და  მე-11 პრინციპები.

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა