გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანა კომლაძე ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
27.08.2025

განმცხადებელი : ანა კომლაძე;
მოპასუხე : “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;

15 მაისი, 2025 წელი

 

 

საქმე N-780

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

 

საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი, ნინო რამიშვილი, ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა კომლაძემ ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი ანა კომლაძე. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო მასალა ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა. ის ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას ეხება და მასში განმცხადებელი “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად” არის მოხსენიებული.

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ “იმედმა” მისი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ არაზუსტი, მასთან გადაუმოწმებელი, ინფორმაცია გაავრცელა.

განმცხადებლის თქმით, არასწორია მისი როგორც ოპოზიციის, მითუმეტეს რადიკალური ოპოზიციის, მხარდამჭერად წარმოჩენა.


განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ მისი ასე მოხსენიება დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელია და რომ ის საკუთარ თავს მიაკუთვნებს არა ოპოზიციის, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვს.

 

სადავო მასალაში არ ჩანს, გაურკვეველია, თუ რას ეყრდნობა მოპასუხე მედია ანა კომლაძის მიმართ ტერმინის “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი” გამოყენებისას. თუ “იმედის” ჟურნალისტს ჰქონდა რამე მტკიცებულება, რაც აუდიტორიას განმცხადებლის მხრიდან “რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაში” დაარწმუნებდა, ის რამე ფორმით, ფოტო-ვიდეო მასალით, თუნდაც ბმულის სახით, ასახული უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებულ მასალაში.

 

მაშინ როცა მედია პირს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და, “იმედის” კონტექსტით, რადიკალიზმი ცალსახად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, აუცილებელია ამ პირის პოზიციის ასახვა, მისთვის ბრალდებაზე პასუხის გაცემის შეთავაზება.


განსახილველ შემთხვევაში ასე არ მოხდა. მასალას არ ახლავს ანა კომლაძის პასუხი, არ ჩანს კომენტარის მოპოვების მცდელობა, რაც ცალსახად პირველი პრინციპის დარღვევაა.

 

ქარტიის საბჭოს არაერთხელ განუხილავს ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ ისეთი საქმე, რომელშიც ის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მოიხსენიებს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად თუ მხარდამჭერად.

 

როგორც გადაწყვეტილებაში საქმეზე - “ფორმულას” პროდიუსერი ნესტან (ნენე) დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ არის აღნიშნული, ვინაიდან ანა კომლაძე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ ახდენს იდენტიფიცირებას, როგორც “რადიკალური ოპოზიციის” ან უბრალოდ “ოპოზიციის მხარდამჭერი”, მოპასუხე მედია მასაც უნდა დაკავშირებოდა და ეს ინფორმაცია მასთან უნდა გადაემოწმებინა.

 

განმცხადებელი სხდომაზე სადავოდ ხდიდა ასევე “იმედის” მიერ 5 მარტს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ როდესაც გათავისუფლების ბრძანება ჯერ კიდევ არ არსებობდა და ის 14 მარტით თარიღდება. და იმ დროს იყო თეორიული შანსი, რომ რეორგანიზაციის მიუხედავად, ის სამსახურში მაინც დარჩენილიყო.

 

ქარტიის საბჭო ამ ნაწილში პრობლემად მიიჩნევს ინფორმაციის გადამოწმების სტანდარტს. მასალაში არ ჩანს, რას დაეყრდნო ტელეკომპანია “იმედი” ამ ინფორმაციის გავრცელებისას. ქარტიის საბჭო პირველი პრინციპის ფარგლებში აფასებს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობას. ინფორმაციის გამოქვეყნებამდე მისი მაქსიმალური გადამოწმებით ჟურნალისტი უზრუნველყოფს აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო მედიაპროდუქტში არ ჩანს ჟურნალისტის მინიმალური მცდელობაც კი, გადაამოწმოს ინფორმაცია, თუნდაც მის ადრესატთან ან საჯარო დაწესებულებაში, რაც ქარტიის სტანდარტს ეწინააღმდეგება.

 

ამდენად, გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით ტელეკომპანია “იმედმა” დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭოს სამდივნომ ანა კომლაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინა.

 

საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, მასალაში არსებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

 

სადავო მასალა  დღემდე ხელმისაწვდომია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ “ქარდში” გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი დაირღვა.

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

მე-7 პრინციპზე მსჯელობისას ქარტიის საბჭო ყოველთვის იკვლევს დისკრიმინაციის ნიშანსა და საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია “იმედიმა” წაახალისა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმომწერი და გათავისუფლებული საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

 

ქარტიის საბჭოს მრავალგზის აღუნიშნავს, რომ მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეთიკური პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, დაუშვებელია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციაც.

 

მოცემულ მასალაში ჟურნალისტი არათუ არ გაემიჯნა დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, არამედ თავად იყო დისკრიმინაციის წამახალისებელი. ეს ნათლად ჩანს ქარდის ქვემოთ გაკეთებულ კომენტარებში და იმ ფეისბუქ-პოსტებში, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას მიუძღვნეს.

 

ამ ქმედებით ტელეკომპანია “იმედმა”  ხელი შეუწყო არა მხოლოდ ანა კომლაძის, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების ღიად მხარდაჭერისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული სხვა საჯარო მოხელეების სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. ისინი სიძულვილის ენის ობიექტად აქცია, რაც სამომავლოდ შეიძლება გახდეს იმის საწინდარი, რომ ასეთმა ადამიანებმა საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავი შეიკავონ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მედია წინააღმდეგობაში მოდის თავის სოციალურ პასუხისმგებლობასთან - მედიის ვალია, არ გაამძაფროს დისკრიმინაციული ფონი და საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური განწყობებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას  - რითაც არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო ქარდში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტი ემსახურებოდა მის განზრახ დისკრედიტაციას.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო ქარდში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპიც დარღვეულია, რაც პოლიტიკური მოტივებით აიხსნება.

 

როგორც სხდომაზე ანა კომლაძემ განაცხადა, ის მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ეწინააღმდეგება ამ პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას, არის საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებულ პეტიციაზე ხელმომწერი და პროევროპული აქციების მონაწილე.

ქარტიის საბჭოს არაერთგზის განუხილავს ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ მსგავსი საქმეები და მისთვის არ არის ახალი “იმედის” მხრიდან აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციის მცდელობა მათი პოლიტიკური განწყობების გამო (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე - ქრისტინე ზამთარაძე თამარ ჩიკვატიას წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ისაკაძე გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - “ფორმულას” პროდიუსერი ნესტან (ნენე) დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ; გადაწყვეტილება საქმეზე - პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” მეგი ნარსავიძისა და გივი კუჭავას წინააღმდეგ).

ზემოთ მოცემული მაგალითები ადასტურებს “იმედის” მხრიდან ანა კომლაძის მსგავსი პირების განზრახ დისკრედიტაციის მცდელობებს.

მოპასუხე მედია მაქსიმალურად ცდილობს, “ქართული ოცნების” პოლიტიკის მოწინააღმდეგეები რადიკალიზმსა და ოპოზიციასთან დაკავშირებით, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

 

“იმედის” ჟურნალისტმა ამ ქარდით სცადა, ანა კომლაძის კრიტიკული პოზიცია, როგორც “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერის” პოზიცია, ისე წარმოეჩინა. ამით კი ხელი შეუწყო მის დისკრიმინაციას,  რაზეც მიანიშნებს “იმედის” ამ ქარდზე მომხმარებლების შეურაცხმყოფელი კომენტარების სიმრავლეც.

 

ამის გათვალისწინებით, საბჭომ დარღვეულად მიიჩნია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპები დაარღვია.