გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანა ყაულაშვილი ტელეკომპანია “პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
22.10.2025

განმცხადებელი : ანა ყაულაშვილი;
მოპასუხე : ტელეკომპანია “პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

27 ივნისი, 2025 წელი

 

საქმე  N 786

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ყაულაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 17 მაისს, მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ტელეკომპანია “პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ მოახდინა ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ანა ყაულაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი მარიამ სპასოვი.

 

განმცხადებელმა ერთდროულად, საერთო განცხადებით მომართა ქარტიას სამი მედიასაშუალების, ტელეკომპანია “იმედის”, ტელეკომპანია “პოსტვ”-ს და “ინფო-9”-ის წინააღმდეგ. სამივე მედიასაშუალებამ გაავრცელა იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ ანა ყაულაშვილმა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამოფენილი ბანერი დაჭრა.

 

ქარტიის წესდების შესაბამისად, საბჭო თითოეული მოპასუხე მედიის მიმართ საქმეს ცალ-ცალკე განიხილავს.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანია “პოსტვ”-ს ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

მოპასუხე, ტელეკომპანია “პოსტვ”-ს ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, თუმცა, მათ საბჭოს წარმოუდგინეს საკუთარი წერილობითი პოზიცია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს “postv ანალიტიკას” მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქარდში სათაურით “რადიკალმა აქტივისტმა ანა ყაულაშვილმა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი დანით დაჭრა”.

 

განმცხადებლის პოზიციით, მას ბანერი არ დაუჭრია და ამის შესახებ განუცხადა კიდეც “პოსტვ”-ს ჟურნალისტს, რომელიც მას ამ საკითხზე ქარდის გამოქვეყნებამდე დაუკავშირდა. თუმცა, “პოსტვ”-მ მის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია ისე გამოაქვეყნა, რომ მის მიერ ამ ინფორმაციის უარმყოფი პოზიცია ქარდს არ დაურთო.

 

განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია “პოსტვ”-მ მისი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა, რითაც ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი დაარღვია.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “პოსტვ”-მ, მის, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის, მიმართ განზრახ გაავრცელა არაზუსტი, ცილისმწამებლური ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

მოპასუხე მედიის პოზიცია:

 

მოპასუხე მედია საკუთარ წერილობით შეპასუხებაში განმარტავს, რომ წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოა. მათი პოზიციით,  “განმცხადებელი „ცდილობს წარმოაჩინოს

დარღვევები“.” ისინი ვარაუდობენ, რომ ანა ყაულაშვილმა არასწორ მისამართზე გააგზავნა განცხადება 2025 წლის მაისში. ისინი მიიჩნევენ, რომ

მაუწყებლის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი გონივრული ზომები, ინფორმაციის გადამოწმებისათვის, კერძოდ სატელეფონო კომუნიკაცია და შესაბამისად, დარღვევებს მათი მხრიდან არ ჰქონია ადგილი.


პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “postv ანალიტიკას” ფეისბუკ გვერდზე ანა ყაულაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

“postv ანალიტიკას” ქარდზე მტკიცებით ფორმაშია ინფორმაცია გავრცელებული, რომ ანა ყაულაშვილმა დაჭრა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი, თუმცა არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ქარდს თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც უკეთია სამედიცინო პირბადე და შეუძლებელია, აუდიტორიამ მოახდინოს მისი ვინაობის ზუსტი იდენტიფიცირება. ცალსახად არ ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია. საქმის განხილვისას ანა ყაულაშვილმა თქვა, რომ ფოტოზე ის არ არის და მას ბანერი არ დაუჭრია.


“პოსტვ”-ს  ქარდს არ ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბანერი ნამდვილად ანა ყაულაშვილმა დაჭრა.

 

“პოსტვ”-ს ქარდიდან არ ჩანს, რომ ის აკმაყოფილებს ელემენტარულ სიზუსტის სტანდარტს და მასში გავრცელებული ინფორმაცია არ არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს.


“პოსტვ”-ს არ მიუწოდებია საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ყაულაშვილის პოზიცია, რითიც დაარღვია სამართლიანი ბალანსის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, როცა კონკრეტულ სუბიექტს მედია რაიმე ქმედებაში ადანაშაულებს, ამ სუბიექტს აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხის უფლება, აუდიტორიამ იმავე მედია პროდუქტში უნდა შეიტყოს მისი პოზიციაც.


საბჭოს სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ ის “პოსტვ”-ს  ჟურნალისტს ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა და უთხრა, რომ მას ბანერი არ დაუჭრია, თუმცა მისი ეს პოზიცია “პოსტვ”-ს  ჟურნალისტებმა ქარდთან ერთად არ გამოაქვეყნეს, მიჩქმალეს, რაც ასევე სიზუსტის პრინციპის დარღვევაა.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში “პოსტვ”-ს  ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

მეხუთე პრინციპი

 

მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

 

განმცხადებლის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ანა ყაულაშვილმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ხუთ დღეში, 2025 წლის 22 მაისს, წერილობით მიმართა “პოსტვ”-ს, სადაც ის უარყოფს ბანერის დაჭრას და ითხოვს, შეასწორონ მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია.

 

საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ “პოსტვ”-ს გავრცელებული ინფორმაცია არ შეუსწორებია. სადავო მასალა კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომია.


ეთიკური პრინციპების და ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მედია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია. შესწორება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც მედია შეიტყობს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

“პოსტვ”-მ ანა ყაულაშვილის მიმართ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა.  გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ “პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ “პოსტვ”-ს ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო, რომ ის არ იყო ფოტოზე გამოსახული ქალი, მაგრამ მათ მაინც გამოაქვეყნეს ფოტო და თქვეს, რომ ფოტოზე ის იყო და მან დაჭრა ბანერი.

საბჭოს შეფასებით, “პოსტვ”-ს გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია, თუმცა “პოსტვ”-მ მაინც მტკიცებით ფორმაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანერი ყაულაშვილმა დაჭრა.

 

“პოსტვ”-ს ჟურნალისტმა აუდიტორიას არ მიაწოდა, დაუმალა ინფორმაცია, რომ ქარდის გამოქვეყნებამდე ესაუბრა ანა ყაულაშვილს, რომელმაც უარყო ბანერის დაჭრა, რაც, საბჭოს შეფასებით, განზრახი ქმედებაა და არა უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა.

 

ქარტიის საბჭო აქაც და არაერთ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს “პოსტვ”-ს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის პოზიციონირებაზე. ეს არხი ღიად “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და სახელისუფლებო პროპაგანდის წარმოებაში ხშირად წამყვანი როლი აქვს.

 

გასათვალისწინებელია, რომ “პოსტვ”-ს საკონტროლო პაკეტს, 52%-ს, 2022 წლის ოქტომბრიდან ფლობს პარლამენტარი, პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით შესული ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც დღეს “ხალხის ძალის” საპარლამენტო გუნდის წევრია.

 

ეს მედია აქტიურადაა ჩართული მმართველი ძალის ნარატივების გავრცელებაში. “პოსტვ”-ს მედია პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებას დადებითად და მის ოპონენტებს  უარყოფითად წარმოაჩენს.


განსახილველ შემთხვევაშიც, საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტური ინფორმაცია იმავდროულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” ღიად მხარდამჭერმა სხვა მედია საშუალებებმაც, ტელეკომპანია “იმედმა” და “ინფო-9”-მ, რაც მიანიშნებს, რომ აქტივისტ ყაულაშვილის დისკრედიტაცია “სამთავრობო მედიის” თვითმიზანი იყო.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პოსტვ”-ს ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია ყაულაშვილის მიმართ, აუდიტორიას დაუმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაულაშვილი ბანერის დაჭრას უარყოფდა.

 

“პოსტვ”-ს აუდიტორიას დღემდე არ აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული, “პოსტვ”-მ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის პოზიცია დაუმალა საკუთარ აუდიტორიას, რაც ქარტიის საბჭოს ფაქტის განზრახ დამახინჯებად, მე-11 პრინციპის დარღვევად, მიაჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

“პოსტვ”-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და  მე-11 პრინციპები.

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

შეპასუხება