პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის კვლევა
2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში აკრედიტაციის წესი წლების წინაც მოქმედებდა, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. განახლებული რეგულაციები მედიის წარმომადგენლებისთვის დამატებით შეზღუდვებს შეიცავს.

შეიცვალა პარლამენტის შენობაში შესვლის პროცედურაც და შესაბამისად, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კონკრეტული წესების დაცვა დაევალათ. ცვლილებებმა ურთიერთსაპირისპირო, არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. კერძოდ, ნაწილი ბრძანება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არგუმენტით მოსწონს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ მედიისთვის შემოღებული ახალი წესები პარლამენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ აკრედიტაციის წესი საპარლამენტო უმრავლესობისთვის სადამსჯელო ბერკეტად იქცა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. აკრედიტაციის წესის ცვლილება ზიანის მომტანი შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქისთვისაც, ვინაიდან ქართულ საზოგადოებას ერთმევა უფლება, გაეცნოს საკანონმდებლო ორგანოში არჩეული წარმომადგენლების მოსაზრებებს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრიორიტეტული გახდა აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით მედიასაშუალებების წარმომადგენლების აღქმისა და გამოცდილების კვლევა.

მოცემული კვლევა მომზადდა USAID მედია პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დახმარებით. მოცემული კონტენტი მთლიანად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პასუხისმგებლობაა და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან IREX-ის პოზიციას. 

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ