საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება
09.09.2025

კატეგორია : განცხადებები;

 

შალვა პაპუაშვილი 9 სექტემბერს, ნაცვლად იმისა, რომ წინა საღამოს მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მოძალადე მხარდამჭერთა ქმედებები დაეგმო და საგამოძიებო ორგანოებისგან ამ პირების გამოვლენა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოეთხოვა, სრულიად უსამართლოდ, „ნეტგაზეთს“ დაესხა თავს. 

პაპუაშვილმა „ნეტგაზეთს“ უწოდა „გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმა“, „ბრიუსელის მიერ დაფინანსებული“ და „მოძალადე მედია“  და ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე ძალადობრივი თავდასხმის დაორგანიზებაში დაადანაშაულა. 

სამართლიან სასამართლოში იმის დამტკიცება, რომ ეს ცილისწამებაა, სულ მარტივი საქმე იქნებოდა. „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სქრინი პაპუაშვილმა თავის პოსტს თავადვე დაურთო. 

და რას ვიგებთ ამ სქრინიდან?

„ნეტგაზეთი“ წერს, რომ აქტივისტების გაერთიანებამ, „ერთობამ“, 9 სექტემბერს აქცია დააანონსა და ორგანიზატორების განცხადებას ციტირებს. 

შეუძლებელია ამ სქრინიდან ადამიანმა სხვა აზრი გამოიტანოს, თუკი მიზნად აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას არ ისახავს და „ნეტგაზეთის“ მიმართ აგრესიის გაღვივება არ სურს.  

ჟურნალისტური ქარტია შეახსენებს შალვა პაპუაშვილს, რომ მედიის მოვალეობაა, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პროცესი გააშუქოს, რასაც „ნეტგაზეთი“ ჩვეული პასუხისმგებლობითა და ყურადღებით დღემდე აკეთებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ძლიერი და განგრძობითი ზეწოლის მიუხედავად. 

დღემდე უკანონო პატიმრობაშია „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები ჯერ ისევ დაყადაღებულია. გუშინ, 8 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მოძალადე მხარდამჭერებმა და მათ მიმართ ლოიალურმა პოლიციელებმა „ნეტგაზეთის“ ახალგაზრდა, ქალ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში შეუშალეს ხელი - სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს ტერიტორიიდან. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის პირი, ვინც 8 სექტემბერს უდიერად მოექცა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს და სხვა ჟურნალისტებს ადვილად იდენტიფიცირებადია, ყველა მათგანი ჩანს ვიდეოჩანაწერებში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინციდენტებზე რეაგირებას არ ჩქარობს. 

შალვა პაპუაშვილი კი ამ დროს ცილისმწამებლური განცხადებებით სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს და დანაშაულს ახალისებს. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.