სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ანგარიში
26.04.2021
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, დააკვირდა სატელევიზიო ახალი ამბების მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.

მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვება მიმდინარეობდა 12 ტელევიზიაზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, POSTV.

ძირითადი მიგნებები:

● პოსტსაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეული ყველა არხის მონაცემებით,პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ ნაციონალური მოძრაობა“ და „ ევროპული საქართველო“;

● პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკები და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდა;

● მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი;

● ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა. დროის 22 % დადებითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად „ მთვარ არხზე“ გაშუქდა. დროის 56% უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო. „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა.

● „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „ ფორმულას“ ეთერში გაშუქდა. დროის 15 % დადებთი ტონით შეფასებას დაეთმო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა. დროის 61 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

● „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

● „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.

● მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ არხზე გაშუქდა და უარყოფთი ტონით გაშუქებამ 88 % შეადგინა.

● ბიძინა ივანიშვილი ყველაზე უარყოფითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. დროის 85 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა.

●წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მსგავად, პოსტსაარჩევნო პერიოდში, კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები.

● მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.