20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმე კვლავ გამოუძიებელია
20.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები.

მათი განცხადებით, აქციის დაშლამდე ისინი არ გაუფრთხილებიათ, ასევე, ნაწილი ამბობს რომ, მიუხედავად მათი პროფესიის ამომცნობი სიმბოლიკის ქონისა, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სპეცრაზმი მაინც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, ხელს უშლიდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

2019 წლის 22 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა სპეციალური მიმართვა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსების სახელზე, სადაც მოითხოვდა ყველა იმ სამართალდამცავის გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას, ვინც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად დევნიდა, ჯანმრთელობას უზიანებდა და უკანონოდ ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

ამ მიმართვიდან დღემდე, აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს არ მინიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი და საქმე დღემდე გამოუძიებელია. ამის გამო, სამმა ჟურნალისტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელთა საქმეები უკვე წარმოებაშია მიღებული.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოიძიოს 2019 წლის 20-21 ივნისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფაქტი. სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებამ, ამგვარი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმინობაში ხელშეშლის შემთხვევები, შეიძლება, წაახალისოს.

ქარტია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაითავისოს მედიის როლი და მნიშვნელობა საზოგადოების სრული და დროული ინფორმირებულობის ნაწილში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.