ქარტიის საბჭოს განცხადება “ტროლების” სიის გავრცელებაზე
10.03.2019

კატეგორია : განცხადებები;
მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ე.წ. ტროლების ფაბრიკის შესახებ და გამოაქვეყნეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც სავარაუდოდ “ქართული ოცნების” დაკვეთით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ სოციალურ ქსელში. სიაში დასახელებულ სახელებსა და გვარებს არ ახლდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი (პირადი ნომერი, ან რაიმე სხვა დეტალი) შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა ყველა ის ადამიანი, ვისაც სიაში ჩამოთვლილთა იდენტური სახელი და გვარი აქვს.

ეს სია გავრცელდა სოციალურ ქსელშიც, გამოქვეყნდა იმ ადამიანთა ფოტოები, რომელთაც სიაში მოხვედირილი ადამიანების იდენტური სახელისა და გვარი აქვთ ისე, რომ არ გადამოწმებულა მართლაც ისინი არიან თუ არა “ტროლები”, რაც ცხადია ტოვებს შესაძლებლობას, რომ  მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ სიასთან. გაჩნდა შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი კომენტარები მათ მიმართ.

ქარტიის საბჭო ხედავს საფრთხეს, რომ სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელონ სია და დამატებითი პრობლემები შეუქმნან ამავე სახელისა და გვარის მქონე პირებს. ამიტომ, ქარტია პრევენციის მიზნით მოუწოდებს ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებლად, დაუდასტურებლად სიაში მოხსენიებული იდენტური სახელისა და გვარის პირების მიმართ ბრალდებების გადაუმოწმებლად და დაუდასტურებლად ტირაჟირებისგან.

ქარტიის საბჭო აქვე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს აკისრიათ პასუხისმგებლობა იმაზეც, რასაც საკუთარი ანგარიშებით ავრცლებენ სოციალურ ქსელში. “სოციალური მედიის გამოყენების” სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საერთაშორისო მედიის გამოცდილებას ეყრდნობა, ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებაა, იმის მიუხედავად მითითებული აქვს პირადი (private) რეჟიმი თუ საჯარო (public). შესაბამისად, ჟურნალისტი მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზეც პასუხისმგებელია. დაუშვებელია ჟურნალისტმა საკუთარი პლატფორმა გამოიყენოს ადამიანთა დისკრედიტაციისკენ, ადამიანთა მიმართ აგრესიის გასაღვივებლად.

ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა ჟურნალისტების, ისევე როგორც სხვა პირთა მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ტირაჟირება მედიასაშუალების მიერ. ქარტიის საბჭომ როგორც სახელმძღვანელო წესებში, ასევე საკუთარ გადაწყვეტილებებში არაერთხელ მიუთითა, რომ სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა პირისაგან, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა როგორც გადამოწმების, ისე სხვა ეთიკური პრინციპების პატივისცემის, ის აგებს პასუხს მისი პლატფორმით გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზეც.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.