კატეგორია : განცხადებები;
ტელეკომპანია "პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ცნობით, საქართველოს პარლამენტმა დღეს ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს, რომელიც პარლამენტის საქმიანობას 7 წელია აშუქებს, აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერა.
საქართველოს პარლამენტი ხშირად უზღუდავს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს წვდომას საკანონმდებლო ორგანოზე, სხვადასხვა ვადით. მსგავს გადაწყვეტილებებს პარლამენტი მისი თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვალის #1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის წესის საფუძველზე იღებს. ეს წესი ჟურნალისტს უკრძალავს პარლამენტის წევრთან, აპარატის თანამშრომელთან ან პარლამენტში სტუმრად მყოფ პირთან ინტერვიუს ჩაწერას იმ შემთხვევაში, როცა ის უარს ამბობს ინტერვიუზე.
აპარატის უფროსის ხელმოწერილ წერილში პარლამენტი თავისი პრეტენზიების მტკიცებულებად ტელეკომპანიის ეთერში 10 ნოემბერს გასულ გადაცემას უთითებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გადაცემის შესახებ წერილი არ იძლევა და არც იმ პირს ასახელებს, ვინც პარლამენტის აპარატს საჩივრით მიმართა.
ქარტიამ აკრედიტაციის ახალი წესი მისი მიღებისთანავე გააკრიტიკა, ჰქონდა რა მოლოდინი, რომ პარლამენტი მას დისკრიმინაციულად გამოიყენებდა, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესაზღუდად. პრაქტიკამ ქარტიის პესიმისტური მოლოდინი დაადასტურა. პარლამენტი უკვე რუტინულად იყენებს ამ წესს როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ჟურნალისტების, ისე ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.
აკრედიტაციის მოქმედი წესი არ უწყობს ხელს არც გამჭვირვალობას და არც ანგარიშვალდებულებას, რაც საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით მოეთხოვება. ამ წესის გამო საზოგადოება ვეღარ იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოდან და პარლამენტის წევრებისგან, მათ შორის, ინფორმაციას კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ.
ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტს, აკრედიტაციის წესს გადახედოს, რათა მედიასთან მისი თანამშრომლობა გახდეს საქმიანი და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.