კატეგორია : განცხადებები;
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების მოთხოვნით, რათა მას მიეცეს საშუალება, მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
12 იანვარს სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის საქმე პოლიტიკური დევნისა და საპოლიციო ანგარიშსწორების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს, რაც მზია ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობით გააპროტესტა. უკანონო იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაც, რომელიც სასამართლომ შემდგომში მთელი რიგი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეს სამართლიანად განიხილავს და გულდასმით შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რაც ქართულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა.
არაადამიანურმა მოპყრობამ დაკავებისას, უკანონო პატიმრობამ, გახანგრძლივებულმა, დამღლელმა და უსამართლობით გაჯერებულმა სასამართლო პროცესმა, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეარყია.
მზია ამაღლობელს სამედიცინო დიაგნოზის გამო მარცხენა თვალში მხედველობა პრაქტიკულად დაკარგული აქვს. ამ თვალით ის შუქ-ჩრდილების გარჩევას თუ ახერხებს. მარჯვენა თვალში მხედველობა მინიმუმამდე არის შემცირებული.
მართალია, მარჯვენა თვალში მხედველობის კორექტირება სათვალით ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, მაგრამ საბაზისო გამოკვლევებიც კი, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობის პერიოდში ჩაუტარდა, ნათლად მიუთითებს მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებაზე.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მზია ამაღლობელს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები მხოლოდ გასულ ხუთშაბათს ჩაუტარდა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი. იმედი გვაქვს, ვიდრე მზია ამაღლობელი უკანონოდ არის გამოკეტილი საპატიმრო დაწესებულებაში, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამ კვლევების საფუძველზე დანიშნული მკურნალობა.
მზია ამაღლობელი საქართველოს ჟურნალისტური თემის მრავალმხრივ გამორჩეული წევრია. მისი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში შეუფასებელია. მზია ამაღლობელის ძალისხმევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აღიარებულია საქართველოს გარეთაც. წელს ის გახდა არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, რომელთა შორისაა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო - სახაროვის პრემია.
მზიას ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს.
მზია ამაღლობელი 25 წელზე მეტია არის მოქალაქეების ხმა ძალაუფლების მქონეთა საპირწონედ. მზია ამაღლობელი, უკიდურესად მტრულ გარემოში, უშიშრად და დაუღალავად იცავდა ყველას, ვისი უფლებებიც ირღვეოდა და ვისაც დევნიდნენ და ავიწროებდნენ. მზია საკუთარი ხელით და მძიმე შრომით ქმნიდა ისეთ საქართველოს, როგორში ცხოვრებაზეც ყველანი ვოცნებობთ - დემოკრატიულს, ჰუმანიზმისა და თანასწორობის იდეალებით შთაგონებულს, ქვეყანას კარგი მმართველობითა და სოციალური სამართლიანობით.
სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, ჩვენი თავისუფლებაც შეზღუდულია.
გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაუბრუნეთ საზოგადოებას პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ხოლო პროფესიულ თემს - კეთილსინდისიერი პროფესიონალი, ერთგული კოლეგა და მეგობარი.