გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნათია სონღულაშვილის, ლევან კვატაშიძის, ლევან ჯავახიშვილის, ხატია ქვათაძის და ნინო თოლორდავას წინააღმდეგ
31.01.2022

განმცხადებელი : საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
მოპასუხე : ნათია სონღულაშვილი, ლევან კვატაშიძე, ლევან ჯავახიშვილი, ხატია ქვათაძე, ნინო თოლორდავა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

20 იანვარი,  2022 წელი

საქმე N – 525, 526, 527

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები დაირღვა შემდეგ ჟურნალისტურ მასალებში:

  1. 2021 წლის 20 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, 14:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი „საიას სარჩელი“  მოპასუხე: წამყვანი - ლევან კვატაშიძე, სიუჟეტის ავტორი - ნათია სონღულაშვილი.
  2. 2021 წლის 20 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი „საიას სარჩელი“, მოპასუხე: წამყვანი - ნინო თოლორდავა, სიუჟეტის ავტორი - ნათია სონღულაშვილი.
  3. 2021 წლის 20 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში  20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი „ნაცნობი შინაარსის სარჩელი, ნაცნობ დროს, განსხვავებული ავტორით“, მოპასუხეები: წამყვანები - ლევან ჯავახიშვილი და ხატია ქვათაძე, ჟურნალისტი - ნათია სონღულაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სამივე სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [შემდგომ „საია“] საკონსტიტუციო სარჩელს.

  1. 14:00  და 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში გასულ სიუჟეტებში განმცხადებელი პრობლემურად და ქარტიის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა მაყურებლისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ თითქოს საია საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ინფორმაციას მალავდა და ეს ინფორმაცია, 2021 წლის 19 სექტემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარის გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი . – „14:00 საათიან ქრონიკაში, წამყვანი ლევან კვატაშიძე  ამბობს: ,,კითხვაზე, რატო არ გამოხატეს ოლქების საზღვრებზე ამ დრომდე პოზიცია, ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები ჰქონდათ, თუმცა, კონკრეტულად ვისთან, საია-ს თავმჯდომარე არ ასახელებს. ცნობისთვის, საია-ს სარჩელის შესახებ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.“ „17:00 საათიან ქრონიკაში, ნინო თოლორდავა ამბობს: ,,კითხვაზე, რატომ არ გამოხატეს მათ ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით ამ დრომდე პოზიცია, ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები ჰქონდათ და ეს საკითხი სწორედ ამ შეხვედრებზე განიხილეს, თუმცა, კონკრეტულად ვის შეხვდა ორგანიზაცია, საია-ს თავმჯდომარე ამას არ ასახელებს. საია-ს სარჩელის შესახებ ცნობილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის გუშინ გამართული ბრიფინგიდან გახდა.“
  1. განმცხადებლის ძირითადი პრეტენზიები მიემართებოდა 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს. აღნიშნული ჟურნალისტური პროდუქტის თანახმად, მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ საიას მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი იმეორებდა/ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ წლების წინ შეტანილ სარჩელს. ამით მედია საშუალებამ ისე წარმოაჩინა, თითქოს საია-სა და ნაციონალური მოძრაობას საერთო ინტერესები აქვთ: „ლევან ჯავახიშვილი: ნაცნობი შინაარსის სარჩელი, ნაცნობ დროს, განსხვავებული ავტორით.  ხატია ქვათაძე: რატომ ემთხვევა საია-ს საჩივარი ნაციონალების წლების წინანდელ სარჩელს და რატომ სწორედ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. ორგანიზაციას ახლა თავის მართლება უწევს. საია-ში იმის განმარტებაც მოუხდათ, რატომ ინახავდნენ ამ გადაწყვეტილებას საიდუმლოდ ... ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინტერესს ახლა ნაციონალური მოძრაობა იცავს“. ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს ზუსტად იგივე გზას გადის, რაც 5 წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ გაიარა, თუმცა წარუმატებლად. იგივე შინაარსის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა. საია-ს მსგავსად, ნაციონალური მოძრაობაც ოლქების საზღვრების არასწორად დადგენაზე საუბრობდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიის სარჩელი განსხვავებული იყო და ის არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე მარტივად იძებნება და ასევე მარტივად იკითხება მისი შინაარსიც ის სწორედ ოლქების საზღვრების დაყოფას ეხებოდა“ 

ქარტიის საბჭო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, სადავო სიუჟეტებს, მტკიცებულებებს,  არგუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. 

როგორც აღინიშნა, ჟურნალისტებმა მაყურებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თითქოს საიამ თავისი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ინფორმაცია დამალა და ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2021 წლის 19 სექტემბერს გახდა, „ქართული ოცნების” ბრიფინგიდან. საპირისპიროდ, წარმოდგენილია სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები [netgazeti.ge, on.ge, publika.ge, ghn.ge, ipn.ge],  რომლებმაც, 18 სექტემბერს, საიაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ინფორმაცია ამ საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ.

ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საიას სარჩელი იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ წლების წინ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის იდენტური. იგულისხმება ნაციონალური მოძრაობის საკონსტიტუციო სარჩელ, რომელიც 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული სარჩელი ეხებოდა საარჩევნო ოლქების გადანაწილების პრინციპს. კერძოდ, იმ დროისათვის და დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაგალითად, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები ირჩვენ ერთ საერთო მაჟორიტარს, რასაც მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა, ვინაიდან ვანსა და ხონს არ აქვთ საერთო საზღვარი. როგორც აღინიშნა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქარტიის საბჭო გაეცნო საიას წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს და ცალსახაა, რომ საია აბსოლუტურად სხვა საკითხზე დავობს. ეს დავა არ არის დაკავშირებული და არც თანხვედრაშია 2016 წლის ნაციონალური მოძრაობის სარჩელთან, კერძოდ სადავოა საარჩევნო კოდექსის დანართით განსაზღვრული, თვითმმართველ მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა არათანაბრობის საკითხი. საილუსტრაციო მაგალითი:

„ვასილ ჟიჟიაშვილი [იგულისხმება პირი, რომელიც საიას სარჩელში, ერთ - ერთი მოსარჩელეა] დავობს ............. საარჩევნო კოდექსის მეორე დანართის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წეროვანის მაჟორიტარული ოლქის ნომერია 27.9. ამავე დანართის თანახმად, სოფელი წეროვანიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აირჩევა ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის მოწოდებული ინფორმაციით, სოფელ წეროვანის #27.9 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 7449 ამომრჩეველი. საარჩევნო კოდექსის №2 დანართის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლისი არის #27.3 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი, საიდანაც ასევე აირჩევა ერთი დეპუტატი. ცესკოს მდივნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ლისში რეგისტრირებულია 1579 ამომრჩეველი. სოფელ წეროვანში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა თითქმის 5-ჯერ აღემატება სოფელი ლისის ამომრჩეველთა რაოდენობას, ამის მიუხედავად, ორივე ოლქიდან ხდება, საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საარჩევნო კოდექსის მეორე დანართის საფუძველზე, ერთი და იმავე რაოდენობის - თითო-თითო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა. სადავო ნორმებით არ ხდება სოფელ წეროვანსა და სოფელ ლისს შორის ამომრჩეველთა განსხვავებული რაოდენობის მხედველობაში მიღება. ამის გამო, ხდება მოსარჩელის, როგორც სოფელ წეროვანში მცხოვრები მოქალაქის საარჩევნო ხმის წონის 5-ჯერ შესუსტება, სოფელ ლისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით. ამით კი ირღვევა კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული  საარჩევნო ხმის თანაბარი წონის უფლება“.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. დადგენილია, რომ სადავო მედია პროდუქტებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ასევე 20:00 საათიან სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი იცნობდა როგორც ნაციონალური მოძრაობის საკონსტიტუციო სარჩელს, ასევე, მან ინტერვიუ ჩამოართვა საიას წარმომადგენელს, რომელიც ორგანიზაციის სარჩელის შინაარსზე ესაუბრა, შესაბამისად, განსხვავება თვალსაჩინო იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

კიდევ ერთი წინაპირობა მე-11 პრინციპის დარღვევის დასადგენად არის გარემოება, როცა ერთი და იმავე მედიის მიერ, ერთი და იმავე სუბიექტის/სუბიექტების მიმართ არაერთგზის, კამპანიურად,  ვრცელდება არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. 2019 წლის 29 მაისის საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ“ საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა, ნათია სონღულაშვილმა, საიას შესახებ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და ეს განზრახ გააკეთა. ამავე გადაწყვეტილებაში საბჭომ მიუთითა, რომ: „ქარტიის საბჭოს დაკვირვებით, მოძიებული სიუჟეტებით აშკარაა “იმედის” მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკის გატარება. ტელეკომპანია “იმედი” არაერთხელაა მხილებული ხელისუფლებისადმი ლოიალური საინფორმაციო კამპანიით, “იმედის” მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ხშირად არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, დაგეგმილი ნარატივის გამტარებელი. აშკარაა, რომ ის უმეტესწილად უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ “ამოჩემებული” პერსონების თუ ორგანიზაციების “გაშავებას”, რასაც ადასტურებს  მედიამონიტორინგები“.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სიუჟეტებიც ამ ხაზის გაგრძელებაა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება განზრახ მოხდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      ნათია სონღულაშვილმა,  ლევან კვატაშიძემ,  ლევან ჯავახიშვილმა, ხატია ქვათაძემ და ნინო თოლორდავამ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

სადავო მასალა 3