გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - რამაზ სამხარაძე ტელეკომპანიის “იმედი” წამყვან ირაკლი ჩიხლაძისა და ჟურნალისტ სანდრო გამსახურდიას წინააღმდეგ.
17.08.2026

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : რამაზ სამხარაძე;
მოპასუხე : ტელეკომპანიის “იმედი” წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი სანდრო გამსახურდია;

20 მარტი, 2026 წელი

 

საქმე  N 813

 

საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე

საბჭოს წევრები: თიკო დავაძე, ნათია ამირანაშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თემო ინასარიძე, ლელა დუმბაძე, ნინო კაპანაძე

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა რამაზ სამხარაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2025 წლის 30 ნოემბერს, ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ეთერში გასული სიუჟეტი არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში რადიო “თბილისი”, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, წარმოჩენილი იყო როგორც “უცხოური გავლენის აგენტი” და “უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების გამტარი/მართული სტრუქტურა”.

 

მოპასუხედ განისაზღვრა ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორი და წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე და ჟურნალისტი სანდრო გამსახურდია.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი რამაზ სამხარაძე.

 

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და საბჭოსთვის წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანიის “იმედი” წამყვანისა და ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ტელეკომპანიის “იმედი” წამყვანმა და ჟურნალისტმა  დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ვინაიდან 2025 წლის 30 ნოემბერს, ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში, მტკიცებითი ფორმით უამბეს მაყურებელს, რომ სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, რადიო “თბილისი” და მისი დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე უცხოური ქსელის ნაწილია, რომელიც უცხოური გავლენით, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.

 

განმცხადებლის მტკიცებით, ჟურნალისტური პროდუქტი არ ეფუძნება ფაქტებს, მტკიცებულებებს ან ოფიციალურ დასკვნებს. სიუჟეტში გამოყენებულია რადიო “თბილისის” ლოგო და რამაზ სამხარაძის ფოტო, თუმცა მისი თქმით, ინფორმაციის გადასამოწმებლად ან მისი პოზიციის დასადგენად არავინ დაჰკავშირებია.

 

განმცხადებელი სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-3 პრინციპს (დადასტურებული წყარო), რომელიც საბჭოს სხდომაზე მიღებული განმარტების შემდეგ მოხსნა.

 

განმცხადებელი ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევაზეც (შესწორების ვალდებულება) დავობდა. რამაზ სამხარაძის თქმით, მან, 2025 წლის 23 ნოემბერს, ტელეკომპანიის ეთერში ამავე თემაზე გასული პირველი “ჟურნალისტური გამოძიების” შემდეგ, წერილობით მიმართა “იმედს” და ინფორმაციის გასწორება-უარყოფა მოითხოვა. მას არ მიუღია რაიმე სახის უკუკავშირი, ხოლო, 30 ნოემბერს გასულ სიუჟეტში იგივე შინაარსის ბრალდებები გაჟღერდა. 

 

ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება

 

ქარტიის საბჭოს სხდომის დაწყებისთანავე, განმცხადებელს განემარტა, რომ საბჭოს წევრების ნაწილი სიუჟეტში მოხსენიებული მედიასაშუალებების თანამშრომელია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიზეზით ისინი თვითაცილების პრინციპს გამოიყენებდნენ, ქარტია საქმეს ვერ განიხილავდა კვორუმის არარსებობის გამო (ცხრა წევრიდან მხოლოდ ორი არ წარმოადგენს სიუჟეტში მოხსენიებულ მედიას). საბჭო შეთანხმდა, რომ ქარტიის, როგორც ინსტიტუციის ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე საბჭოს თითოეული წევრის პირადი შეხედულება, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება იქნებოდა მიუკერძოებელი. ამ განმარტების შემდეგ, საბჭომ განმცხადებელთან დააზუსტა, რომ იყო თუ არა ცნობილი განმცხადებლისთვის, რომ საბჭოს წევრების უმრავლესობა სადავო სიუჟეტში დასახელებულ მედიაორგანიზაციებს წარმოადგენენ და ხომ არ ქმნიდა ეს მისთვის რაიმე სახის პრობლემას. რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ის ქარტიას ენდობა და პატივს სცემს ამ საქმეზე საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ეთერში გასული სიუჟეტით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

2025 წლის 30 ნოემბერს, “იმედის კვირის” ეთერში გასულ სპეციალურ რეპორტაჟში მოთხრობილია, რომ რიგი მედიასაშუალებები საქართველოში უცხოური სპეცსამსახურების დავალებების გამტარ, მათ მიერ მართულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მათ შორის რადიო “თბილისი”, რომლის ლოგოც იყო ნაჩვენები. “უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი”, - ამ სათაურით მომზადებული სიუჟეტი აუდიტორიას უყვება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, საზღვარგარეთიდან მილიონობით ლარით ფინანსდებიან “სინათლე მედიაში” გაერთიანებული ონლაინ მედიასაშუალებები, რათა ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი, აგენტურული საქმიანობა აწარმოონ. ამის მაგალითად ჟურნალისტს ზემოაღნიშნული მედიების მიერ “იგლ ჰილსის” პროექტის წინააღმდეგ “აგორებული კამპანია” მოჰყავს, როგორც ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ქსელში გაერთიანებული მედიაორგანიზაციების მენეჯერებს, მათ შორის განმცხადებელს, რამაზ სამხარაძეს, GIPA-ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

 

განმცხადებელის მტკიცებით, ტიტრი, “უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი”, რომელიც მთელ სიუჟეტს გასდევს, ასევე, წამყვანისა თუ რეპორტაჟის ტექსტში გამოყენებული  ფორმულირებები: “ჩამოყალიბებული ქსელი”, “მუშაობს სქემა”, “რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები”, “მედია ყოველთვის შედიოდა აგენტურულ ქსელში”, “შექმნილია ქსელი, რომელიც მოქმედებს უცხოური სპეცსამსახურების შედგენილი გეგმით” და ბევრი სხვა, ქმნის განწყობას, რომ საუბარია უტყუარ ფაქტებზე. რეპორტაჟში არ არის მოყვანილი დადგენილი, გადამოწმებული დოკუმენტი ან  წყარო. განმცხადებელი ფიქრობს, რომ “მაყურებელს რჩება ფაქტის განცდა იქ, სადაც რეალურად არ არსებობს მისი დამადასტურებელი მტკიცებულება”.

 

სპეციალურ რეპორტაჟში ნათქვამია, რომ “საერთო ქსელში ჩართული” ონლაინ მედიების მენეჯერები GIPA-ს კურსდამთავრებულები არიან. განმცხადებელმა საბჭოს წევრებს უთხრა, რომ 2007 წლიდან, როცა ორ-სამდღიანი პროფესიული ტრენინგი გაიარა, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ამ საკითხის და სხვა დეტალების დასაზუსტებლად კი მას “იმედიდან” არავინ დაჰკავშირებია.

 

საბჭოს სხდომაზე განმცხადებელმა თქვა, რომ რადიო “თბილისი” და მედიაჰოლდინგში “ჰერეთი” შემავალი მედიასაშუალებები ყველა ხელისუფლების პირობებში, პროფესიული სტანდარტების დაცვით, მაგრამ კრიტიკულად აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ასევე, 2024-2025 წლებში, ორგანიზაციას, პროფესიული საქმიანობისთვის ჰქონდა გრანტი “დოიჩე ველესგან”. რამაზ სამხარაძე ფიქრობს, რომ სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “იმედის” მიზანი მისი, და სიუჟეტში მოხსენიებული ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალების, დისკრედიტაცია იყო. 

ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის „იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” წამყვანმა და ჟურნალისტმა პატივი არ სცეს აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სიუჟეტში მედიასაშუალებების მიმართ წაყენებულია მძიმე ბრალდებები, რომელთა დამადასტურებლად არ არის მოყვანილი რაიმე სახის დოკუმენტი, ფოტო ან სხვა მტკიცებულება.

მაგალითად, ჟურნალისტი ამბობს, ქსელის წევრი მედიასაშუალებების ანგარიშზე, არასრულ 10 თვეში 17 434 381 ლარი ჩაირიცხა. ამის დამადასტურებელი არც ტრანზაქციის, არც ჩარიცხვის ან სხვა დოკუმენტი რეპორტაჟში ნაჩვენები არ არის. სიუჟეტიდან არც ის არის ცხადი, ამ თანხიდან მიიღო თუ არა რამე რამაზ სამხარაძემ ან რადიო “თბილისმა”. ამის გადამოწმება ჟურნალისტს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც შეეძლო, ვინაიდან მაუწყებლები პერიოდულად წარუდგენენ კომუნიკაციების კომისიას დეტალურ ინფორმაციას მიღებული ფინანსების შესახებ.

 სიუჟეტში არ ჩანს ის, თუ რითი მტკიცდება ქართული მედიასაშუალებების უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირი, სიუჟეტში არაფრით დასტურდება “უცხოეთიდან მიღებული დავალება” და უცხოეთიდან მიღებული “მოქმედების გეგმა”.

გადამოწმების გარეშეა გავრცელებული ისეთი ელემენტარული ფაქტი, როგორიც არის საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ვინაობა. რამაზ სამხარაძის ფოტო იმ მედიამენეჯერებთან ერთად იყო მოწოდებული, რომლებიც თითქოს, GIPA-ში  სწავლობდნენ. ამის მტკიცებულების მოსაყვანად კი ჟურნალისტი არ გარჯილა.

რეპორტაჟში ნაჩვენები იყო რადიო “თბილისის” და ბევრი სხვა მედიასაშუალების ლოგო, რომელსაც ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები და უცხო ქვეყნის აგენტობა ბრალდებოდა და ამ ღირსებისშემლახავ ფრაზებს ზურგს არ უმაგრებდა არავითარი მტკიცებულება.

დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო ნათელი გახდა, როცა საბჭომ აღმოაჩინა, რომ სადავო სიუჟეტში ნაჩვენები იყო ტელეკომპანია “მარნეულის” ლოგო, რომელიც გარკვეულწილად მარნეულის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და არ აქვს კავშირი “სინათლე მედიასთან”.

პლატფორმა “სინათლე მედიის” წევრი არც რამაზ სამხარაძე და რადიო “თბილისია”. ეს ნათელი მაგალითია, რამდენად გადაუმოწმებელი იყო  ინფორმაცია, რაც “იმედის” ჟურნალისტებმა აუდიტორიას მიაწოდეს. 

ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით, როცა კომპანია ან ფიზიკური პირი ჟურნალისტურ პროდუქტში უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი და საზოგადოებას მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება, აუცილებლია, მედიასაშუალებამ მას პასუხის უფლება მისცეს.

რამაზ სამხარაძემ, 2025 წლის 23 ნოემბერს ეთერში ამავე თემაზე გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, 24 ნოემბერს, წერილობით მიმართა ტელეკომპანიას და მის წინააღმდეგ სიუჟეტში მოყვანილი “ყველა მცდარი ბრალდების” უარყოფა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ამის მიუხედავად, 30 ნოემბერს, სპეციალური რეპორტაჟი ეთერში ისე გავიდა, რომ რამაზ სამხარაძეს არავინ დაჰკავშირებია და ფორმალური ბალანსის დაცვისთვის, არც აღნიშნული წერილი გამოუქვეყნებიათ.

შესავალ სიტყვაში, “იმედის კვირის” წამყვანი ამბობს და შემდგომში ჟურნალისტიც იმეორებს, რომ ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ, მათ “ისტერიკული პოსტები” მიუძღვნეს, რითიც მედია ორგანიზაციები “ნაწილობრივ ადასტურებენ  გავრცელებულ ცნობებს”, თუმცა, თუნდაც “დასტურის” საჩვენებლად, სიუჟეტში არცერთია მოყვანილი. “იმედის” აუდიტორიას არ მიეცა საშუალება, გაეგოთ სიუჟეტში “მხილებული” სუბიექტების პოზიცია, რაც აუცილებელი იყო აუდიტორიის უკეთ ინფორმირებისთვის, მათთვის დაბალანსებული, მრავალ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებისთვის.

ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს წერილობით მიმართა “სინათლე მედიამ” და გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა, ასევე, ბრალდებების საპასუხოდ, პირდაპირი ეთერი მოითხოვა. ტელეკომპანიამ ესეც უგულებელყო.

ეთიკური ჟურნალისტიკა - ფაქტების ჟურნალისტიკაა. მინიმალური სტანდარტია წყაროს მონათხრობის გადამოწმება, რისი მცდელობა მაინც უნდა ჩანდეს ჟურნალისტურ პროდუქტში. ჟურნალისტური გამოძიება და სატელევიზიო სიუჟეტი არ უნდა იყოს აგებული მოსაზრებებზე, რომელიც ფაქტად არის მოწოდებული. საბჭოს გადაწყვეტილებით, “იმედის კვირის” სპეციალური რეპორტაჟი პროფესიული ეთიკის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, გამომდინარე აქედან საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი, სიზუსტის პრინციპი.

 მეხუთე პრინციპი

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” წამყვანმა და ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი, შესწორების ვალდებულება.

 

საბჭოს სხდომაზე, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს, “იმედის” ეთერში “ანტისახელმწიფოებრივი” მედია ქსელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გასვლის შემდეგ, წერილობით მიმართა  ტელეკომპანიას ცრუ ბრალდებების უარყოფის, ბოდიშის მოხდის და პასუხის უფლების მოთხოვნით. მან საბჭოს შესაბამისი წერილიც წარმოუდგინა. განმცხადებელმა საბჭოს ასევე მიაწოდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამ საკითხზე გაგზავნილი განცხადება, ამავე უწყებისთვის  ტელეკომპანია “იმედის” მიერ მიწოდებული შეპასუხება და კომისიის დასკვნა. კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით, რეპორტაჟში მოცემულია “არა ფაქტები, არამედ ჟურნალისტური ბრალდებები, რომელზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი სტანდარტები”.

 

“იმედის” თვითრეგულირების ორგანოს წერილობით მიმართა პლატფორმამ “სინათლე მედია”. შესაბამისად, მაუწყებლისთვის ცნობილი იყო, რომ ამ პლატფორმაზე გაერთიანებული მედია ორგანიზაციებიც ითხოვდნენ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და პირდაპირ ეთერს ბრალდებების საპასუხოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ მეორე რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე, ტელეკომპანიისთვის ცნობილი იყო, რომ რამაზ სამხარაძე, ისევე, როგორც “სინათლე მედია”, არ ეთანხმებოდა გაჟღერებულ ბრალდებებს და მათ უარყოფას და ჩასწორებას ითხოვდა. განმცხადებელმა “იმედის” ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა იყო არასწორი მათ სიუჟეტში, მაგალითად ის, რომ არ არის GIPA-ს კურსდამთავრებული ან მაგისტრანტი და არ მიუღია მონაწილეობა მის საწვრთნელ კურსში. ეს არ ასახულა განმეორებით მომზადებულ რეპორტაჟში.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური ნაშრომი უნდა შეიცავდეს გადამოწმებულ, დადასტურებულ ფაქტებს და არა უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც საზოგადოებას მცდარ წარმოდგენას უქმნის საკითხზე. ვინაიდან მაუწყებელი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მედია მენეჯერი, რომლის ფოტო და მედიაორგანიზაციის ლოგო ნაჩვენები იყო სიუჟეტში, არ ეთანხმებოდა რეპორტაჟის შინაარსს, ის ვალდებული იყო, შეესწორებინა გავრცელებული ინფორმაცია და არ შეეყვანა საზოგადოება შეცდომაში. აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპიც.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორმა და წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ და ჟურნალისტმა სანდრო გამსახურდიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპები.

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა