წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი 2016-2018
13.12.2018
გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა მედიამონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: 
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ‐ სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო ტოქშოუების მონიტორინგი
  • ინტერნიუსი‐საქართველო ‐ რადიოების მონიტორინგი
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) ‐ ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი წინამდებარე ანგარიში აერთიანებს 2016‐2018 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს. ანგარიშში წარმოდგენილია, თუ როგორ იცვლებოდა საარჩევნო პროცესების გაშუქება სხვადასხვა ტიპის მედიასაშულებებში ამ სამი წლის განმავლობაში და გამოვლენილია მედიისთვის ამ დრომდე არსებული ძირითადი გამოწვევები.
ტელემონიტორინგის მოკლე მიმოხილვა

ტელემაუწყებლები მნიშვნელოვანი აქტორები არიან წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ძირითადად მათ სარედაქციო პოლიტიკაზეა დამოკიდებული თუ რა ფორმით და როგორ მიიღებენ საარჩევნო კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ამომრჩევლები. წლების მანძილზე სადისკუსიო გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა მაუწყებელთა პოლარიზაცია ‐ ტელესივრცე ორპოლუსიანი ხდებოდა, მაუწყებლთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი ‐ ოპოზიციისადმი. 2018 წელს ამ პოლარიზაციამ პიკს მიაღწია. 2016, 2017 წლებში მიკერძოება ამა თუ იმ კანდიდატის პოზიტიურად გაშუქებაში გამოიხატებოდა, 2018 წელს კი მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიური გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით ‐ „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“. სამი წლის მანძილზე „რუსთავი 2“ მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ღიად ჩაერთო „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში.

ამის საპირისპიროდ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. 2016, 2017 წლებში „იმედის“ მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოალურ დამოკიდებულებში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული.

„იმედის“ მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017‐2018 წლებში. არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუ 2016 წელს არხზე არ გამოვლენილა მიკერძოების მნიშვნელოვანი ტენდენცია, 2017‐2018 წლებში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო და ოპოზიციის კანდიდატის ნეგატიურმა გაშუქებამ იმატა. ასევე ეთერიდან გაქრა ტოქშოუები, რომლებშიც კანდიდატებს მწვავე კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა. საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. 2016 წელთან შედარებით, 2017‐2018 წლებში, არხი მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, თუმცა მოვლენების სიღრმისეული გაშუქება პრობლემად დარჩა. ამ პოლარიზებულ გარემოში მიუკერძოებელი სივრცის დაკავებას ცდილობს „ტვ პირველი“. მის ეთერში არ შეიმჩნეოდა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ტენდენციურად გაშუქება. გაუარესების ტენდენცია ჩანს ტელეეთერში სადისკუსიო სივრცის შექმნის თვალსაზრისით. 2016 წელს ბევრად მეტი გადაცემა ეთმობოდა კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს შორის დებატებს, შესაბამისად, აუდიტორიისთვის მათი ხედვების შესახებ ინფორმაცია მეტად უზრუნველყოფილი იყო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში კი არხების უმეტესობას მოსახლეობისთვის დებატები არც შეუთავაზებია. ზოგადად, ამ წლის გაშუქება გამოირჩეოდა იმით, რომ არჩევნები არ იყო ძირითადი განსახილველი თემა, განსაკუთრებით პირველი ტურის წინა პერიოდში როცა ის სხვა მიმდინარე მოვლენებმა გადაფარა. ზოგადად სიღრმისეული გაშუქება მიმდინარე ამბების და ტოქშოუებში საკითხების ანალიზის დაბალი ხარისხი ქართული ტელემედიის გამოწვევად რჩება. მაუწყებლების უმრავლესობას უჭირს თემების მოძიება, პრობლემების იდენტიფიცირება, გამოკვლევა და საკუთარი დღის წესრიგის შეთავაზება აუდიტორიისთვის. სადისკუსიო გადაცემებში საკითხები ზედაპირულად განიხილება, რაც ხელს უშლის მაყურებელს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გააანალიზოს კანდიდატთა ხედვები და კენჭისყრის დღეს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

2016‐2018 წლებში დადებითი ტენდენცია შეიმჩნეოდა სიძულვილის ენის შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში. ჩანს, რომ მაუწყებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ გამხდარიყვნენ ამგვარი გამოხატვის გამავრცელებლები. უფრო მეტიც, 2018 წელს საინფორმაციო გამოშვებებში აკრიტიკებდნენ იმ საჯარო პირებს, ვინც სიძულვილის ენას იყენებდა. აშკარა სიძულვილის ენა არა, მაგრამ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ნამდვილად ახლდა თან 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებას. ამ მხრივ გამორჩეული იყო „რუსთავი 2‐ის“ გადაცემა „კვირის აქცენტები“, რომლის ერთ‐ერთი წამყვანი არანორმატიულ ლექსიკასაც იყენებდა. როგორც სიძულვილის ენა, ისე შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მოუგვარებელ პრობლემად დარჩა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, რომელიც სამივე წლის მანძილზე „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა იყო.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია