განმცხადებელი : ია როდამი ფარულავა;
მოპასუხე : ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;
1 დეკემბერი, 2025 წელი
საქმე N 792, 793, 794, 795, 796, 797, 798, 799, 800, 801
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ია როდამი ფარულავამ ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ. სადავო მასალებში ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული. პირველწყაროს ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული მასალა წარმოადგენდა, რომელიც იმავე დღეს დროის მცირე ინტერვალებითა და შინაარსობრივად მცირედი სხვაობით გაავრცელეს დანარჩენმა მედიასაშუალებებმაც. თავდაპირველად, მოპასუხედ დასახელებული იყო “რეზონანს დეილიც”, თუმცა, ვინაიდან “რეზონანს დეილის” მიერ გავრცელებულ მასალაში “ძალადობრივი აქციების ორგანიზებაზე” საუბარი არ იყო, განხილვის პროცესში განმცხადებელმა სრულად მოხსნა პრეტენზია მის მიმართ.
მოპასუხეებად განისაზღვრნენ მედიასაშუალებების არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები გიულჩინ ახმედოვა და ქეთევან ბახტაძე.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც წერილობითი პოზიცია წარმოუდგენიათ განცხადებასთან დაკავშირებით.
ინტერნეტმედია “ლიდერის” წარმომადგენელმა ქარტიის სამდივნოს ელ.ფოსტის მეშვეობით აცნობა, რომ “ეს მასალა არის "იმედის", ჩვენთან უბრალოდ მოხდა გადაზიარება იმის გამო რომ იყო აქტუალური, არავითარი პირადი ინტერესი”.
სამოტივაციო ნაწილი:
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია, რომ თითქოსდა ია ფარულავა არის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, არ შეესაბამება სიმართლეს და მისი გადამოწმება რაიმე წყაროთი შეუძლებელია.
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინფორმაციის გადასამოწმებლად. ამაზე პასუხისმგებლობა ჟურნალისტს ეკისრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასალა შეიცავს პირის რეპუტაციისთვის საზიანო ან მძიმე ბრალდებებს.
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო მასალებში ია ფარულავა წარმოდგენილი იყო როგორც „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი“ და პირი, რომელიც უცხო ქვეყნებიდან იღებდა მითითებებს მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად. აღნიშნული წარმოადგენს ფაქტობრივი ხასიათის ბრალდებას და არა შეფასებით მსჯელობას. შესაბამისად, ასეთ დროს, ჟურნალისტს აკისრია ვალდებულება, მაყურებელს სარწმუნო მტკიცებულებები წარუდგინოს ჟურნალისტურ პროდუქტში.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად საბჭომ ვერ დაადგინა, რომ ჟურნალისტებმა:
● მოიპოვეს მტკიცებულებები განმცხადებლის მიერ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების შესახებ;
● დააზუსტეს, კონკრეტულად რომელ ქმედებაში გამოიხატებოდა ძალადობა;
● გადაამოწმეს ინფორმაცია რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროსთან, მათ შორის თავად განმცხადებელთან;
● მოიპოვეს ოფიციალური დოკუმენტები ან სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გავრცელებულ ბრალდებებს დაადასტურებდა.
სადავო მასალებში არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული იმ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ია ფარულავა “ძალადობრივი აქციების ორგანიზატორია” და მითითებებს უცხო ქვეყნიდან იღებდა. მედიაპროდუქტებს არ ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მას მაყურებლისათვის სარწმუნოს გახდიდა.
მედიაპროდუქტებიდან არ ჩანს, რომ მასში გავრცელებული ინფორმაცია არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს. მათ შორის, მოპასუხე მედიებს არ მიუწოდებიათ საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ფარულავას პოზიცია, რითიც სამართლიანი ბალანსის პრინციპი დაარღვიეს. საბჭოს პრაქტიკის მიხედვით, როდესაც მედია პირის მიმართ მძიმე ბრალდებას ავრცელებს, მას უარყოფითად წარმოაჩენს, მხოლოდ მესამე პირის განცხადებაზე დაყრდნობა ვერ ჩაითვლება სათანადო გადამოწმებად. ჟურნალისტი ვალდებულია, თავად შეამოწმოს ინფორმაციის სანდოობა და აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გზებს მიმართა ბრალდების გამოქვეყნებამდე მის გადასამოწმებლად. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბალანსი და მისცეს ბრალდებების ადრესატს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
საბჭოს მიერ შესწავლილი მასალებიდან არ იკვეთება, რომ ჟურნალისტებმა მიმართეს ია ფარულავას კომენტარისთვის ან სცადეს მისი პოზიციის მოპოვება. ასევე, მასალებში არ არის მითითებული, რომ მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ან რომ ჟურნალისტებმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს მასთან დაკავშირება.
განმცხადებლის წარმომადგენლებმაც საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ მოპასუხე მედია საშუალებები ია ფარულავას არ დაკავშირებიან, მისი პოზიციის აუდიტორიიისთვის მიწოდება არ უცდიათ.
ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, პასუხის უფლება არ არის მხოლოდ ფორმალური მოთხოვნა. იგი წარმოადგენს სამართლიანი და დაბალანსებული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სტანდარტს, რომელიც აუდიტორიას აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საკითხის სხვადასხვა მხარეს და თავად შეაფასოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში აუდიტორიამ მოისმინა მხოლოდ “ბრალმდებელი” მხარის პოზიცია, რის გამოც მასალები იყო ცალმხრივი და არ უზრუნველყოფდა ინფორმაციის სრულფასოვან წარმოდგენას.
შესაბამისად, ვინაიდან სადავო მასალები არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას და მათში არ არის წარმოჩენილი განმცხადებლის პოზიცია, ისინი დაუბალანსებელი და არაზუსტია.
ერთ-ერთი მოპასუხე მედიის წარმომადგენელმა ქარტიის საბჭოს სამდივნოსთვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში მიუთითა იმაზე, რომ პირველწყაროს სხვა მედია წარმოადგენდა და მათ “მხოლოდ გადააზიარეს სადავო მასალა”, რაც მედიას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. ქარტიის საბჭოს მრავალჯერ აღუნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობაზე საკუთარი აუდიტორიის წინაშე პასუხს აგებს ინფორმაციის გამავრცელებელი მედია, მაშინაც კი, თუკი მის მიერ გავრცელებული მასალა სხვა მედიის მიერ არის მომზადებული, და მანამდე უკვე გამოქვეყნებული. შესაბამისად, ყველა მედია, რომელმაც გაავრცელა სადავო მასალა საკუთარ პლატფორმებზე, პასუხისმგებელია მის შინაარსზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭო მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ მასალები კატეგორიული ფორმით წარმოაჩენდა ია ფარულავას ბრალეულობას, მაშინ როდესაც წარმოდგენილი არ ყოფილა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი და მათში არ ჩანს ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადავო მასალებში მოხდა განმცხადებლის პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაცია. ამ მიზნით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოს განმცხადებელი არის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი, რამაც გამოიწვია პოსტის კომენტარებში უამრავი შეურაცხყოფა განმცხადებლის მიმართ, სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქოს ისეთი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გააძლიეროს საზოგადოებაში არსებული მტრობა, სტიგმა ან დისკრიმინაციული განწყობები.
საბჭო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის წახალისება მხოლოდ პირდაპირი შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გავრცელებით არ შემოიფარგლება. მედიის მიერ პირის ისეთი სახით წარმოჩენა, რომელიც მას საზოგადოებისთვის საფრთხედ, მოღალატედ ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ სუბიექტად წარმოაჩენს, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ასევე შეიძლება გახდეს სტიგმატიზაციის წყარო.
სადავო მასალებში ია ფარულავა დაკავშირებული იყო ძალადობასთან, უცხო ქვეყნების ინტერესებთან და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასთან. ამგვარი ფორმულირებები განსაკუთრებით მაღალი მგრძნობელობის მქონე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში გავრცელდა, რამაც გაზარდა პირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების რისკი.
საბჭო დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო მასალებში განმცხადებელი გამორჩეული იყო არა მხოლოდ როგორც კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებული პირი, არამედ როგორც აქტივისტი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციების მქონე მოქალაქე. მასალების შინაარსი და კონტექსტი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სწორედ მისი აქტივისტური საქმიანობა და ხელისუფლების კრიტიკა იყო ის მახასიათებლები, რის საფუძველზეც იგი უარყოფითად იქნა წარმოჩენილი.
საბჭოს შეფასებით, მედიის მიერ განმცხადებლის მიზანმიმართული დაკავშირება ძალადობასთან და დესტრუქციულ ქმედებებთან, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, აძლიერებს მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებებს სწორედ მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის გამო. ამგვარად, მედიაგაშუქება სცდებოდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების ფარგლებს და ქმნიდა გარემოს, სადაც განმცხადებელი მისი პოლიტიკური პოზიციის, ხელისუფლების კრიტიკისა და აქტივისტური საქმიანობის ნიშნით სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის ობიექტად იქცა.
მოცემულ მასალებში ჟურნალისტები თავად იყვნენ დისკრიმინაციის წამახალისებლები, მათ განმცხადებელი აქციეს სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტად, რითაც ისინი წინააღმდეგობაში მოდიან მათ სოციალურ პასუხისმგებლობასთან - მედიის ვალია, არ გაამძაფროს დისკრიმინაციული ფონი და საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური განწყობებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს არ უცდიათ თავიდან აეცილებინათ ისეთი ნარატივის გაძლიერება, რომელიც განმცხადებლის სტიგმატიზაციას იწვევდა. შედეგად, მედიაგაშუქებამ ხელი შეუწყო მის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებას. ეს დისკრიმინაციული ეფექტი კი უკავშირდებოდა არა მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს, არამედ იმასაც, რომ განმცხადებელი გამოირჩა და სამიზნედ იქცა მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა, რომელმაც განათავსა სადავო ვიდეო და სტატია, იცოდა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ ტელეკომპანია „იმედს“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორისა და სანდოობის დასასაბუთებლად არანაირი წყარო არ მიუთითებია. ამასთან, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმავე დღეს, რამდენიმეწუთიანი სხვაობით, გამოაქვეყნეს სხვა მოპასუხე მედიასაშუალებებმაც.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
- ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
- ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
- მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.
მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობა ასევე არის პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა. სადავო მასალებში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მედიასაშუალებებმა ია ფარულავა მტკიცებით ფორმაში წარმოაჩინეს როგორც ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი და პირი, რომელიც უცხო ქვეყნებიდან იღებდა მითითებებს მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად. ამავდროულად, საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არცერთი მტკიცებულება, წყარო, ოფიციალური დოკუმენტი ან სხვა ფაქტობრივი საფუძველი, რომელიც ამ ბრალდებებს დაადასტურებდა და მათზე არც თავად მედიასაშუალებებს მიუთითებიათ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტებს არც უცდიათ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელ წყაროებთან და არც თავად ია ფარულავას პოზიციის მოპოვება.
ეს გარემოებები საბჭოს აძლევს დასაბუთებულ საფუძველს ივარაუდოს, რომ მედიასაშუალებები განზრახ მოქმედებდნენ, იმ მოტივით, რომ მოეხდინათ განმცხადებლის დისკრედიტაცია, წარმოეჩინათ ის ნეგატიურად, უარყოფით კონტექსტში, გაეღიზიანებინათ მაყურებლი/მკითხველი და მათში აგრესიული განწყობები გაეღვივებინათ.
საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმავე დღეს, დროის მოკლე ინტერვალში, თითქმის იდენტური ფორმულირებებით გაავრცელეს სხვა მოპასუხე მედიასაშუალებებმაც.
მოპასუხე მედიების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ისინი ხშირად მონაწილეობენ ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული მასალების კამპანიურ გავრცელებაში. ეს მათი ქმედებების განზრახულობას კიდევ უფრო განამტკიცებს და წარმოაჩენს, რომ მათი ასეთი ქმედება წინასწარ განზრახული საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილია და არა გადაუმოწმებელი ინფორმაციის უნებლიე გავრცელება.
ამდენად, ინფორმაციის გავრცელების კოორდინირებული და კამპანიური ხასიათი, მტკიცებულებების არარსებობა, ინფორმაციის გადამოწმების მცდელობის არქონა და მძიმე ბრალდებების გადაუმოწმებლად, კატეგორიული ფორმით გავრცელება, საბჭოს შეფასებით, სცდება პროფესიული დაუდევრობის ფარგლებს და ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს ფაქტების განზრახ დამახინჯების შესახებ. შესაბამისად, საბჭო ადგენს, რომ მოპასუხე ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები დაარღვიეს.