გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საია ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ
09.07.2019

განმცხადებელი : საია;
მოპასუხე : ნათია სონღულაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება
29 მაისი 2019 წელი

საქმე N 272

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია]

მოპასუხე: ნათია სონღულაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია], რომელიც მიიჩნევდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ ეთერში, 2019 წლის 14 მარტის 20:00 საათიან „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში - ,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - დოკუმენტში საქართველოს 47 გვერდი ეთმობა“, დაირღვა ქარტიის 1,3,5 და 11 პრინციპი. სადავო სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ნათია სონღულაშვილია.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტი განხილვას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღინიშნა, სადავო სიუჟეტი ეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ. ჟურნალისტის ტექსტის თანახმად, ანგარიში ძირითადად ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ინფორმაციებს, და ამის საფუძველზე ანგარიშში მითითებულია, რომ გამოწვევად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: „მესამე სექტორი კონკრეტულ შემთხვევებს [იგულისხმება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არა ადამიანური მოპყრობის შემთხვევები] ვერ იხსენებს და ამბობენ, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი არ აქვს“. ფრაზას მოსდევს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძესთან ინტერვიუ, რომელიც დაჭრილია. ლოგიკურად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი ეკითხება მას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე, რაზეც სულხან სალაძე მას პასუხობს რომ: „დეტალები არ ვიცი [...] ჩვენი იურისტი ვინც პროექტზე მუშაობს, არის ნონა ქურდოვანიძე. დეტალური ინფორმაცია ნონასგან შეგიძლიათ მიიღოთ ამაზე, კონკრეტულად რამდენი საქმე იყო“.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ანგარიში, მათ შორის სასამართლოს სისტემის ნაწილში, ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამას იმეორებს სასამართლო სისტემის წარმომადგენელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მიქაუტაძე და მიანიშნებს ამ ორგანიზაციების მიკერძოებულობაზე. იმავე ხაზს ავითარებს კიდევ ერთი რესპონდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სიუჟეტით მაყურებელმა მიიღო შემდეგი ინფორმაცია:

  1. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია, მათ შორის აღნიშნულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები და რომ სასამართლოს მართავს ე.წ. „კლანი“. 
  2. შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. 
  3. არასამთავრობო ორგანიზაციები [აქცენტირებულია საია] ზუსტად ვერ ფლობენ ინფორმაციას მათი ანგარიშის შესახებ „ხოლო მესამე სექტორი კონკრეტულ შემთხვევებს ვერ იხსენებს“ და ამით საეჭვოა იმ ანგარიშების სიზუსტე, რომლებსაც თავის მხრივ დაეყრდნო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში.
ქარტიის საბჭომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჟურნალისტი გაცნობილი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, ვინაიდან მოიყვანა ფაქტები აღნიშნული ანგარიშიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია , ვინაიდან:

  1. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ მითითებულია წამების და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე, მიუხედავად ამისა ჟურნალისტი მაინც აცხადებს, რომ ავტორები ასეთ ფაქტებს „ვერ იხსენებენ“.
  2. სულხან სალაძეს უთითებს ჟურნალისტს იმ პირზე [ნონა ქურდოვანიძე], რომელსაც შეუძლია მას მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებზე, თუმცა, ჟურნალისტი არ დაკავშირებია ნონა ქურდოვანიძეს, არ ჩანს მცდელობა წამების კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების. ნაცვლად ამისა, ჟურნალისტი მაინც ამბობს, რომ ანგარიშის ავტორები კონკრეტულ ფაქტებს „ვერ იხსენებენ“.
  3. ჟურნალისტი არ ცდილობს გარემოებების გადამოწმებას მიუხედავად იმისა, რომ მან იცის ვინ შეიძლება იყოს წყარო. არ აღნიშნავს, რომ თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია კონკრეტული ფაქტები, ამით კი მაყურებელს აწვდის ცალმხრივ, დაუბალანსებელ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
ქარტიის მე-3 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი მე-3 პრინციპს დარღვეულად თვლიდა ფაქტების მიჩქმალვის ნაწილში.

როგორც ქარტიის პირველ პრინციპზე მსჯელობისას დადგინდა:

  1.  ჟურნალისტი გაცნობილი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. 
  2. სიუჟეტის ერთ - ერთი მთავარი ხაზი იყო, რომ ვერ ხერხდება ანგარიშში ნახსენები წამების და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტების იდენტიფიცირება. 
  3. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებული იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტს არ მიეჩქმალა და მაყურებლისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებული იყო კონკრეტული ფაქტები. შესაბამისად, საბჭო თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მე-3 პრინციპი მიჩქმალვის ნაწილში.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად,  “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”, განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ პრეტენზიით მან მიმართა ტელეკომპანია იმედის თვითრეგულირების ორგანოს ანუ ტელეკომპანიისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის პოზიცია არასწორი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. მიუხედავად ამისა, განცხადების განხილვის დღემდე ინფორმაცია არ იყო გასწორებული, შესაბამისად,  ვინაიდან დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ინფორმაციის გავრცელება], სახეზეა მე-5 პრინციპის დარღვევაც.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.  ეს პრინციპი ქარტიის საბჭომ დარღვეულად მიიჩნია რამდენიმე ასპექტით:

  1. ჟურნალისტი სიუჟეტში ავითარებს აზრს, რომ საიას მიერ მომზადებული ანგარიშები შეიძლება არ იყოს სანდო და ხაზს უსვამს, რომ მათ ფაქტებიც კი არ ახსოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტების შესახებ მითითებულია აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშში, რომელსაც გაცნობილია ჟურნალისტი.
  2. ჟურნალისტს არ უცდია ინფორმაციის მოპოვება იმ რესპონდენტისგან [ნონა ქურდოვანიძე], რომელზეც მიუთითეს როგორც რელევანტურ რესპონდენტზე.
  3.  ტელეკომპანია იმედისათვის დამახასიათებელია არასამათავრობო სექტორის დისკრედიტაცია, რაც კამპანიურ ხასიათს ატარებს:
3.1. საქმეში „ლევან ნატროშვილი ანუკი გუმბერიძის, ლევან ჯავახიშვილის და თეონა გეგელიას წინააღმდეგ“ ქარტიის საბჭოს დაადგინა რომ ტელეკომპანია იმედის სიუჟეტში „მესამე სექტორმა ყალბ მოწმობებთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის არასანდოობა აღიარა“ გავრცელდა არასწორი და მანიპულაციური ინფორმაცია - არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოზე/მის წარმომადგენელზე.

3.2. 2019 წლის 02 მაისს ტელეკომპანია იმედის მიერ ასევე მომზადდა სიუჟეტი - „საიას შუალედურმა ანგარიშმა ორგანიზაციის სამართალმცოდნეების კვალიფიკაცია ეჭქვეშ დააყენა“, სადაც ასევე გაკრიტიკებულია საია და გარკვეულწილად მათი ქმედების შეფასება ხდება მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე მანიპულაციით.

4. ქარტიის საბჭოს დაკვირვებით, მოძიებული სიუჟეტებით აშკარაა იმედის მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკის გატარება. ტელეკომპანია იმედი არაერთხელაა მხილებული ხელისუფლებისადმი ლოიალური საინფორმაციო კამპანიით, იმედის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ხშირად არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, დაგეგმილი ნარატივის გამტარებელი. აშკარაა, რომ ის უმეტესწილად უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ “ამოჩემებული” პერსონების თუ ორგანიზაციების “გაშავებას”, რასაც ადასტურებს  მედიამონიტორინგები. ზემოთ განხილული საკითხიც ამ სარედაქციო პოლიტიკის ნათელი მაგალითია, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორის,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის შერბილება, მისი დეტალების მიჩქმალვა აშკარაა აღნიშნულ სიუჟეტში.

საბჭო მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს დადასტურებაა სადავო სიუჟეტის განზრახულობის, ამიტომაც დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა. სიუჟეტში დაშვებული ეთიკური გადაცდომები არ იყო უნებლიე და ემსახურებოდა კონკრეტული, დამახინჯებული გზავნილების აუდიტორიამდე მიტანას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნათია სონღულაშვილმა დაარღვია ქარტიის 1, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი.

საქმის მასალები: