გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - შპს ბაკურიანი რიზორტი, ილია წულაია ინა ცარციძის და ანუკა ბუავას წინააღმდეგ
07.02.2021

განმცხადებელი : შპს ბაკურიანი რიზორტი ილია წულაია;
მოპასუხე : ინა ცარციძე ანუკა ბუავა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

24 ოქტომბერი 2020 წელი

საქმე N - 405, 406, 408, 409 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, ნათია ზოიძე, მაია მერკვილაძე, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს შპს „ბაკურიანი რიზორტმა“ და ილია წულაიამ, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ: 

  1. 2020 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში „ბაკურიანი ეკოკატასტროფის პირას - "ოცნების" დეპუტატის ბიზნეს-ინტერესები“ - ავტორი ანუკა ბუავა, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-2, მე-5 და მე-11 პრინციპი. 
  2. 2020 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში „მშენებლობა ბაკურიანში“’ - ავტორი ინა ცარციძე, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-2, მე-5 და მე-11 პრინციპი.

ვინაიდან სადავო სიუჟეტებთან დაკავშირებით განმცხადებლების არგუმენტები ერთგვაროვანი იყო, ოთხივე განცხადებაზე მიღებულია ერთი, შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლების წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტებს შეპასუხება არ წარმოუდგენიათ და არც განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა, განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

ტელეკომპანია “TV პირველზე” გასულ სიუჟეტებში [სადავო იყო ორი სიუჟეტი] გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: 

  1. "საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილებით [შემდგომ „დადგენილება“], ბაკურიანში არსებული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით 64.30.04.007; 64.30.04.006 საკუთრებაში გადაეცა შპს „ბაკურიანი რიზორტს“.  საბჭომ გადაამოწმა და აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის თანახმად, მიწის ნაკვეთები კომპანია “ბაკურიანი რიზორტსმა” კერძო პირების/მესაკუთრეებისაგან შეიძინა.
  2. "დადგენილებით, შპს „ბაკურიანი რიზორტსმა“ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მიიღო მშენებლობის უფლება". საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილებით, მიწის ნაკვეთებზე დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც არ ნიშნავს მშენებლობის ნებართვას. განმცხადებელმა წარმოადგინა წერილი ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული. ასევე აღსანიშნავია, რომ მითითებულ უძრავ ნივთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება გაცემული იყო ჯერ კიდევ 2018 წლის 8 თებერვლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/52 ბრძანებით.
  3. "პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდება მწვანე საფარის მოჭრა/გაჩეხვა". დადგენილებით დამტკიცებულ გრგ-ზე ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არ არის განთავსებული მწვანე ნარგავები.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” მაყურებელს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

  1. "ბაკურიანში, ტყით დაფარულ ერთ-ერთ ფერდობზე, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება". დადგენილებით დამტკიცებულ გრგ-ზე ჩანს, რომ ტერიტორია, რომელზეც დამტკიცდა გრგ, არ არის დაფარული ტყის საფარით. 
  2. "გიორგი გახარიამ, 12 ივნისის განკარგულებით, 10 ათას კვ/მ-ზე, დიდველთან ახლოს, მშენებლობის ნებართვა "ქართული ოცნების" დეპუტატს მისცა". საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილებით, მიწის ნაკვეთებზე დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც არ ნიშნავს მშენებლობის ნებართვას.
  3. სიუჟეტში ჩანს მიმდინარე მშენებლობები, რასაც თან ახლავე ჟურნალისტის ტექსტი „მშენებლობა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, რადგან მასშტაბური პროექტის ვადები, "ქართული ოცნების" დეპუტატს მკაცრად აქვს გაწერილი“. რაც საერთო ჯამში მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს “ბაკურიანი რიზორტის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის პროცესი დაწყებულია და სწორედ ამ პროცესს აღწერს/უჩვენებს ჟურნალისტი. განმცხადებელმა წარმოადგინა წერილი ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული და ასევე საბჭოს მიაწოდა ტერიტორიის ფოტოები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მშენებლობის პროცესის არც ერთი ეტაპი არ არის დაწყებული.

ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. ასევე, საბჭო დარწმუნდა, რომ მოპასუხე ჟურნალისტებმა იცოდნენ განმცხადებელის პრეტენზიების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინფორმაცია არ გაუსწორებიათ, რაც მიუთითებს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის მე-11 პრინციპი “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება” ქარტიის საბჭოს შეფასებით, მართალია ჟურნალისტებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ეს გამოიწვია არა წინასწარ განზრახვამ, არამედ იმან, რომ ჟურნალისტებმა არ გადაამოწმეს ინფორმაციები და ფაქტები, არასწორად განმარტეს საკანონმდებლო აქტები.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ანუკა ბუავამ და ინა ცარციძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
2. ანუკა ბუავას და ინა ცარციძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.