17.08.2019
გადაწყვეტილება 28 ივლისი 2019 წელი

საქმე N 290 
გოგი გვახარია ნანა სულავას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: გოგი გვახარია

მოპასუხე: ნანა სულავა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გოგი გვახარიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ ალიას ვებსაიტზე alia.ge, 2019 წლის 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?“, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. სადავო სტატიის ავტორი და შესაბამისად, მოპასუხე ჟურნალისტი - ნანა სულავა.

საქმის განხილვას არ ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი, ამასთან, მოპასუხე ჟურნალისტს არც სხვა რაიმე ფორმით წარმოუდგენია თავისი პოზიცია სადავო სტატიასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სტატიაში მითითებულია ინფორმაცია „ვინმე გვახარიაზე“, რომელიც ამავე სტატიის თანახმად საბჭოთა პერიოდში გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო. ჟურნალისტის თქმით, იგი კომუნისტური პარტიიდან გაზეთის კუთვნილი ფინანსების მითვისების გამო გარიცხეს, რომელი თანხითაც მან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი „პობედა“ იყიდა. ჟურნალისტი სტატიაში აცხადებს, რომ ეს პირი ჟურნალისტ გოგი გვახარიას ბაბუა იყო. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ ჟურნალისტმა გოგი გვახარიამ „ფეხი ახალგაზრდა კომუნისტიდან აიდგა “.

განმცხადებელი მიუთითებდა რომ სტატიაში მოცემული ყველა ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ინფორმაცია იყო გადაუმოწმებელი, არ იყო ბალანსი დაცული და აუდიტორიას აწვდიდა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას, სტატიაში არ ჩანდა, რომ ჟურნალისტმა სცადა მის ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმება, რომ დაუკავშირდა გოგი გვახარიას ან სხვა რელევანტურ წყაროს, რათა მკითხველისათვის გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა. სტატია არ შეიცავს სხვა რამე მტკიცებულებას რომელიც ცალსახად მიუთითებდა ჟურნალისტ გოგი გვახარიას კავშირზე გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტთან” ან იმაზე, რომ ფულის მითვისებაში დადანაშაულებული ვინმე „გვახარია“ სწორედ გოგი გვახარიას ბაბუა იყო.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ზუსტი ინფორმაციის გასავრცელებლად ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება/კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობის და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მეხუთე პრინციპის მიხედვით „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვით მან სოციალურ ქსელში გააზიარა სადავო სტატია, მონიშნა „ალია“ და მიუთითა, რომ მის ბაბუას არავითარი საერთო არ ჰქონდა სტატიაში მითითებულ ფაქტებთან, ამასთან, ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ ალიას გაეგზავნა განცხადება, რომელშიც მითითებული იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. მიუხედავად ამისა, სტატია არ შესწორებულია/არ ასახულა მეორე მხარის კომენტარი და შესაბამისად დარღვეული იქნა ქარტიის მე-5 პრინციპი რომ მედია ვალდებულია შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სტატიაში ჟურნალისტის მიერ ლგბტქ პირები მოხსენიებულნი არიან ისეთი ტერმინებით, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ ადამიანების მიმართ. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციას და არ გამოიყენოს სიძულვილის ენა, პირიქით, უნდა შეეცადოს საზოგადოებაში დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების შესუსტებას. ამ ეთიკური ვალდებულებების უგულებელყოფა კი იწვევს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომ ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, შესაბამისად არ დგინდება მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნანა სულავამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე -7 პრინციპი.

2. ნანა სულავას არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.