განმცხადებელი : იაკობ ლეჟავა;
მოპასუხე : სპარტაკ ქობულია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
6 მაისი, 2025 წელი
საქმე N-782
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა იაკობ ლეჟავამ გაზეთის "საქართველოს რესპუბლიკა" მთავარი რედაქტორის სპარტაკ ქობულიას წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი იაკობ ლეჟავა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო სტატია (გვ. 8-9) თავდაპირველად ყოველკვირეულმა გაზეთმა “ასავალ-დასავალი” გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ 2025 წლის 14 თებერვალს გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკა” გადაბეჭდა (გვ. 6). სადავო სტატია არის პასუხი განმცხადებლის მიერ ე.წ. “დიფ სთეითის” შესახებ დაწერილ და გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც ის ამ ტერმინის “ასავალ-დასავალის” მიერ შემოთავაზებულ თარგმანს აკრიტიკებს.
სადავო ფრაზები:
“აქ კვლავ ტავტოლოგია მოგივიდათ, ბატონო იაკობ”;
“თუმცა, მოდით, ბატონი ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე ნუ ავიღებთ…”;
“უკაცრავად, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ იძულებული ვართ, ზემოთ დადებული პირობა - ბატონი იაკობ ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე არ ავიღებთო - ამ ერთხელ დავარღვიოთ და პატივცემულ ავტორს მივუთითოთ, რომ სიტყვა “ხმარების” უთავბოლო ხმარება ზოგჯერ ფრიად უხერხულ სიტუაციას წარმოქმნის, რის გამოც ჯობს, “ხმარების” მაგივრად “გამოყენება” იქნეს ნახმარი”;
“ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას, მაგრამ საგაზეთო პუბლიკაციიდან ეს ცოტა პორნოგრაფიულად ხომ არ ჟღერს?”;
“ასე, რომ ბატონო იაკობ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიტყვა “ხმარების” ხმარებას მომავალში უფრო დაკვირვებულად და ყურადღებით მოეკიდოთ!”;
“თქვენ, ბატონო იაკობ, როგორც თავად წერთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მსახიობთა დასი იხმაროთ და მუსიკოსთა დასიც იხმაროთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკურად ვიხმაროთ ფარული დასი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და რომელიც არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც უთხრის ძირს!”
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობაზე საკუთარი აუდიტორიის წინაშე პასუხს აგებს ინფორმაციის გამავრცელებელი მედია, მაშინაც კი, თუკი მის მიერ გავრცელებული მასალა სხვა მედიის მიერ არის მომზადებული, და მანამდე უკვე გამოქვეყნებული.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სადავო სტატიის ავტორი და პირველწყარო გაზეთი “ასავალ-დასავალია”, და იქ გამოქვეყნებული იდენტური მასალის ეთიკურ პრინციპებთან შეუსაბამობებზე საბჭომ იმსჯელა და დარღვევები დაადგინა, “საქართველოს რესპუბლიკა”, სტატიის გადაბეჭდვის გამო, პასუხისმგებელია მის გავრცელებაზე.
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
ამის შესახემ საბჭომ დეტალურად იმსჯელა საქმეების #781-782 განხილვისას და დარღვევის დასაბუთება აღწერილია შესაბამის გადაწყვეტილებაში.
სტატიის ამ ფორმით გამოქვეყნებით “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს არაზუსტი, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
სხდომაზე განმცხადებელმა პირველ სტატიასთან მიმართებით მოხსნა წინამდებარე პრინციპი, ვინაიდან “საქართველოს რესპუბლიკამ” პასუხი დაგვიანებით, 2025 წლის 17 მარტის ნომერში (გვ. 10), მაგრამ მაინც გამოუქვეყნა. თუმცა, მან, იმის გამო, რომ “საქართველოს რესპუბლიკამ” 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული წერილის პასუხი არ გამოუქვეყნა, მაინც გადაწყვიტა, ამ პრინციპზე ედავა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ მეორე წერილზე სრულფასოვანი პასუხის შესაძლებლობა და ამის გამო მან შესწორება არასათანადოდ მიიჩნია.
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:
- დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
- საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
- ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან, “საქართველოს რესპუბლიკას” ჰქონდა უფლება არ გამოექვეყნებინა განმცხადებლის შეპასუხება იმ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნდა “ასავალ დასავალში” და არა საქართველოს რესპუბლიკაში. გამომდინარე აქედან, საქართველოს რესპუბლიკის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ექცევა საკითხი, გააგრძელებს თუ არა ის კონკრეტულ თემაზე მიმდინარე დისკუსიის გაშუქებას.
ვინაიდან გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას” არ დაუბეჭდავს გაზეთ
“ასავალ-დასავალის” მეორე სადავო წერილი, არ შეიძლება ის ვალდებულად
მივიჩნიოთ, განმცხადებელს გამოუქვეყნოს პასუხი სხვა გაზეთსა თუ
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ.
შესწორების ამ სტანდარტის გამოყენება, შესაძლოა, სადავო წერილის პირველწყაროს ანუ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ვალდებულებად მივიჩნიოთ.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი არ დარღვეულა.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
როგორც საბჭომ თავის
გადაწყვეტილებაში - იაკობ ლეჟავა გაზეთ “ასავალ-დასავალის” მთავარი
რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილისა და ჟურნალისტია ჯაბა ხუბუას
წინააღმდეგ -
აღნიშნა, სტატია ახდენს იაკობ ლეჟავას დისკრიმინაციას ასაკობრივი
ნიშნით.
ამ პრინციპთან დაკავშირებით საბჭოს დასაბუთება აღწერილია საქმეების #781-782 შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო სტატიის გადაბეჭდვით “საქართველოს რესპუბლიკამ” ხელი შეუწყო ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციასა და სტიგმის გაძლიერებას, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო სადავო მასალაში დარღვეულად მიიჩნევს ქარტიის მე-7 პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი
გაზეთის “საქართველოს რესპუბლიკა” მთავარმა რედაქტორმა სპარტაკ ქობულიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.