გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - დიმიტრი ლორთქიფანიძე ელისო კილაძის წინააღმდეგ
18.05.2026

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : დიმიტრი ლორთქიფანიძე;
მოპასუხე : ელისო კილაძე;

19 ნოემბერი, 2025 წელი

საქმე  N 791

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თინათინ ზაზაძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტი ელისო კილაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მოპასუხემ, გაზეთის “ქრონიკა +” რედაქტორმა, მის შესახებ გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

მოპასუხე ჟურნალისტად სტატიის ავტორი და გაზეთის “ქრონიკა +” რედაქტორი ელისო კილაძე განისაზღვრა.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პირველი პრინციპი

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

განმცხადებლის მოსაზრებით, სადავო მასალა არ ეფუძნება გადამოწმებულ ფაქტებს, არის არაზუსტი და ჟურნალისტმა მის მიმართ ბრალდებები ისე გაავრცელა, რომ მისი პოზიცია არ ასახა.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძემ საბჭოს უთხრა, რომ არანაირ ზეწოლაში  მონაწილეობა არ მიუღია და რომ ჟურნალისტის მხრიდან მის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბრალდებები, მისი მხილების დაანონსება და ამის შემდეგ სტატიის გამოქვეყნება, სადაც მისი ფოტოსურათია დაბეჭდილი, მის მიმართ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა.

განსახილველი  სტატია გაზეთში „ქრონიკა +“ 2025 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მანამდე, 10 აგვისტოს, ელისო კილაძე ფეისბუქში პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ „საეკლესიო სკანდალს ახალი ფიგურანტები ყავს“ და ასახელებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ის ამბობს, რომ ლორთქიფანიძე მონაწილეობდა კონკრეტულ მონაზონზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით განხორციელებულ ზეწოლაში.

11 აგვისტოს ელისო კილაძე აქვეყნებს კიდევ ერთ პოსტს, სადაც კვლავ ახსენებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და, „საეკლესიო სკანდალთან“ დიმიტრი ლორთქიფანიძის კავშირით, ამ სკანდალში რუსეთის ინტერესზე უთითებს.

11 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც არის ინტერვიუ აღნიშნულ მონაზონთან, გამოყენებულია დიმიტრი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი, თუმცა მასში არაფერი იკითხება დიმიტრი ლორთქიფანიძის მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის შესაძლო მცდელობის შესახებ.
საბჭოს მიაჩნია, რომ გაზეთის “ქრონიკა +” რედაქტორის პოსტები ლორთქიფანიძის შესახებ, რომლებიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, და მის მიერ გავრცელებული ინტერვიუ მონაზონთან, ერთობლივად უნდა შეფასდეს, ვინაიდან საბჭო დარწმუნდა, რომ ელისო კილაძე ხშირად იყენებდა სოციალურ მედიაში მის პირად გვერდს მისივე გაზეთში გამოქვეყნებული თემების ანონსირებისთვის. ის საკუთარ აუდიტორიას ხშირად წინასწარ აწვდიდა ინფორმაციას გაზეთში განხილული თემების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაშიც, მოპასუხე ჟურნალისტმა რამდენიმე პოსტი მიუძღვნა განმცხადებელს. მან პოსტებში დიმიტრი ლორთქიფანიძეს ბრალი დასდო ძალადობაში მონაწილეობაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებულ მასალაში მხოლოდ ლორთქიფანიძის ფოტო გამოაქვეყნა და აუდიტორიას არ მიაწოდა დამატებითი, კონკრეტული ინფორმაცია ლორთქიფანიძის ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ.


ინტერვიუში, რომელიც ვრცელია და გაზეთის ორ გვერდს მოიცავს, მოპასუხე ჟურნალისტი მონაზონ რესპოდენტსაც არაფერს ეკითხება დიმიტრი ლორთქიფანიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ.


ჟურნალისტმა ისე გაავრცელა დიმიტრი ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაცია, სადაც ის ძალადობაში მონაწილეობაში იყო დადანაშაულებული, რომ ლორთქიფანიძეს ამ ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.


განმცხადებელმა საბჭოს უთხრა, რომ ელისო კილაძე ამ ინფორმაციის გავრცელებისას მას არ დაკავშირებია. ჟურნალისტმა ვრცელ ინტერვიუში არც მონაზონს დაუსვა შეკითხვა იმის თაობაზე, მონაწილეობდა თუ არა მის მიმართ ძალადობაში დიმიტრი ლორთქიფანიძე.

საბჭო სადავო მასალას მიიჩნევს მანიპულაციურად, ვინაიდან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებთან ერთობლიობაში, ის მკითხველს უქმნის წარმოდგენას, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ზეგავლენას ახდენდა მონაზონზე. პოსტები, რომლებიც წინ უძღვის სადავო მასალას, ქმნის წარმოდგენას, რომ ჟურნალისტი მკითხველს წარმოუდგენს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად განამტკიცებენ მის ამ ბრალდებებს.


საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა ლორთქიფანიძის პოზიციის არ გამოქვეყნებით, იქამდე გაჟღერებული ბრალდების გადაუმოწმებლობით, პატივი არ სცა აუდიტორიის ინტერესს, მიიღოს მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

მეთერთმეტე პრინციპი

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპიც.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
  2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
  3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

ამასთანავე, ელისო კილაძის ქმედებებში საბჭო კამპანიურ და განგრძობად ხასიათს ხედავს. როგორც აღინიშნა, სტატიის გამოქვეყნებამდე ელისო კილაძემ რამდენიმე  პოსტი მიუძღვნა დიმიტრი ლორთქიფანიძეს, სადაც საკუთარ აუდიტორიას ინფორმაციას აწვდიდა ლორთქიფანიძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ასეთი სტატუსების გამოქვეყნება გაგრძელდა სადავო მასალის გავრცელების შემდეგაც. კერძოდ, 13 აგვისტოს, ის ისევ წერს, რომ განმცხადებელი ზეწოლას ახდენდა მონაზონზე. ასევე, 15 აგვისტოს ის ეხმიანება დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ ქარტიისთვის მომართვას. მიუხედავად ბრალდების მრავალჯერადად გაჟღერებისა, ჟურნალისტმა მაინც არ მისცა ლორთქიფანიძეს პასუხის უფლება.

სტატუსებს შორის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სადავო მასალა, სადაც ლორთქიფანიძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ არაფერი წერია.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ასეთი ქმედება არის აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანა, ლორთქიფანიძის მიმართ გადაუმოწმებელი ინფორმაციის კამპანიურად გავრცელება. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ელისო კილაძემ ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

ელისო კილაძემ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები დაარღვია.