გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ზვიად დევდარიანი ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძის წინააღმდეგ
28.04.2026

განმცხადებელი : ზვიად დევდარიანი;
მოპასუხე : “აპრილი მედიას” მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

30 ოქტომბერი, 2025 წელი

 

საქმე  N 790

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თინათინ ზაზაძე, ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, ნინო გელაშვილი, თეა დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ზვიად დევდარიანმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2025 წლის 20 მაისს, ონლაინ პლატფორმაზე “აპრილი მედია” გამოქვეყნებული სტატია სათაურით: “ ზვიად დევდარიანი ქალების წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ”, არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

სტატია ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად დევდარიანის სარჩელზე, სადაც ის პატივისა და ღირსების შელახვაზე დავობდა. გადაწყვეტილება 2025 წლის 19 მაისს გამოცხადდა. მასალაში, ასევე, მოთხრობილია 2018 წელს, ქალების სექსუალურ შევიწროებაში ზვიად დევდარიანის მხილების ამბავი.  

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ხატია ღოღობერიძე. 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში წარიმართა და საბჭოს წევრები სხდომაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი ზვიად დევდარიანი.

 

სხდომას დაესწრო მოპასუხე, აპრილი მედიას” მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე. მან საბჭოს შეპასუხება წერილობითაც წარმოუდგინა.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს “აპრილი მედიას” ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, “აპრილი მედიას” ჟურნალისტმა დაარღვია

ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია, არ გადაამოწმა ფაქტი, იხელმძღვანელა რა  მხოლოდ გამოქვეყნებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით და არა მოსამართლის სრული და საბოლოო დასაბუთებით.

 

გარდა ამისა, ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ მხარეს მისცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ხოლო განმცხადებელს ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუკავშირდა. შედეგად, ზვიად დევდარიანის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია იყო არაზუსტი, რამაც დაარღვია აუდიტორიის უფლება, მიეღო ბოლომდე გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.   

 

განმცხადებელი, ასევე, სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-11 პრინციპს, ვინაიდან ფიქრობდა, რომ სტატიაში ფაქტები განზრახ იყო დამახინჯებული.

 

ორივე პრინციპის დარღვევის საილუსტრაციოდ, ზვიად დევდარიანმა არაერთი ეპიზოდი მოიყვანა.

 

განმცხადებლის მტკიცებით, მანიპულაციურია სათაური. ის დავობდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მისი პატივი და ღირსება შელახეს, გენდერზე ხაზგასმას კი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

 

განმცხადებლის აზრით, მიზანმიმართულად არის დარღვეული სტატიის სტრუქტურა, სადაც თხრობა 2018 წლის მოვლენებით (ისტორიით) იწყება, ხოლო ამბავი იმის შესახებ, რომ ოთხ მოპასუხეს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრა, სტატიის ბოლოს არის მოცემული. ზვიად დევდარიანის მტკიცებით, ამგვარი სტრუქტურა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადაფარვას და დამახინჯებულად წარმოჩენას ემსახურება. 

 

სტატიაში ფონური ინფორმაცია ონლაინ გამოცემა “ტაბულაში” გამოქვეყნებული მასალიდან არის აღებული, რომლის ავტორიც ხატია ღოღობერიძეა და ეს არ არის აღნიშნული სადავო ჟურნალისტურ ნაშრომში. განმცხადებლის მტკიცებით, ავტორმა ეს განზრახ დამალა, რათა მკითხველს მის მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა. 

 

ზვიად დევდარიანი სადავოდ მიიჩნევდა სტატიაში გამოყენებულ პირველ ციტატას, მისი მხრიდან ყოფილი თანამშრომლის სექსუალური შევიწროების შესახებ. განმცხადებლის მტკიცებით, ისტორია სახალხო დამცველმა შეისწავლა და არ დაადგინა ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება, რაც არ არის აღნიშნული სტატიაში. დევდარიანის თქმით, ავტორმა ინფორმაციის ნაწილი გამიზნულად დამალა და დაამახინჯა ფაქტი, ვინაიდან სტატიაშივე ჩანს, რომ მას ეს ინფორმაცია ჰქონდა.

 

სტატიაში, ამ საქმეზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნის მიზანმიმართულად დამახინჯებას დავობდა განმცხადებელი კიდევ ერთ მონაკვეთზე დაყრდნობით, მისი აზრით,  ამ ეპიზოდში ინტერპრეტაციითაც ავტორი არასწორ შთაბეჭდილებას ქმნიდა. "2018 წელსვე სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ხუთი საქმე შეისწავლა, საიდანაც სამ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროება, დანარჩენ ორ საქმეზე კი, კონკრეტული ფაქტებიდან დიდი ხნის გასვლის გამო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა და წარმოება შეწყვიტა", - წერია სტატიაში. იმის საილუსტრაციოდ, რომ ავტორს სახალხო დამცველის დასკვნა არასწორად აქვს გადმოცემული, დევდარიანმა შემდეგი ციტატა მოიყვანა: "სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ორივე განსახილველ შემთხვევაში, სექსუალური ფაქტის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს, კონკრეტულად როდის შეწყდა ურთიერთობა განმცხადებლებსა და ზვიად დევდარიანს შორის. აღნიშნული სახალხო დამცველს დაეხმარებოდა გამოერკვია, თუ როდის გამოხატეს სავარაუდო მსხვერპლებმა, რომ მათთვის ზვიად დევდარიანთან ურთიერთობა არასასურველი იყო. განსახილველ შემთხვევებში, სახალხო დამცველის ხელთ არსებული მასალები არ იძლევა დადგენის შესაძლებლობას, თუ როდის დასრულდა მხარეთა შორის კომუნიკაცია. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეებში არ არსებობს იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც სხვა სადავო გარემოებებსაც დაადასტურებდა, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოკვეთოს სექსუალური შევიწროების ფაქტები".

 

ზვიად დევდარიანი ფაქტებით მანიპულაციას და არაკეთილსინდისიერებას ედავებოდა ხატია ღოღობერიძეს იმ ეპიზოდის მითითებით, სადაც ჟურნალისტი განმცხადებლის მიერ მეორე სარჩელში მოთხოვნების დაზუსტებაზე საუბრობს: "მოგვიანებით დევდარიანმა ზოგიერთი მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა შეცვალა და აღარ ითხოვდა, მაგალითად, ამ წინადადების უარყოფას: “ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ…ა კაცი”; “ზვიად დევდარიანი არის მძ…..ველა” და ა.შ. ". დევდარიანის მტკიცებით, სტატიაში არა მეორე, არამედ პირველ სარჩელზე აპელირება სარჩელის შინაარსის მიზანმიმართულ დამახინჯებას და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

განმცხადებელმა სადავო გახადა სტატიის კიდევ ერთი ნაწილი:"მათ შორის არის ის 4 ქალიც, რომელიც დევდარიანს შევიწროებაში ამხელდა და რომელთა ინტერვიუები 2018 წელს, მედიაში კონფიდენციალურად გავრცელდა, ხოლო შემდგომში ზოგიერთ მათგანზე სახალხო დამცველმა შევიწროვება დაადგინა, თუმცა, დევდარიანმა მათ წინააღმდეგაც მიმართა სასამართლოს". დევდარიანის მტკიცებით, რეალურად, თავად ამ ქალებმა და მათმა წარმომადგენლებმა სახალხო დამცველთან ნაწილობრივ, ხოლო სასამართლო პროცესზე სრულად უარყვეს სტატიებში გადმოცემული ისტორიების ავთენტურობა. განმცხადებელი კვლავ სახალხო დამცველის დასკვნას იშველიებს, რომლის მიხედვითაც, ისტორიების სხვადასხვა ვერსია არსებობდა და ქალებს თავადაც უჭირდათ საკუთარი ამბის იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე, დევდარიანი ასკვნიდა, რომ „ტაბულაში“ გავრცელებული ინფორმაცია დამახინჯებული და არაზუსტი იყო, ხოლო “აპრილი მედიაში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორის მტკიცება, თითქოს ეს ქალები იგივე პირები არიან, ვის წინააღმდეგაც სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ფაქტების დამახინჯებას წარმოადგენს.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ უფლებადამცველი ქალების მიმართ დევდარიანის მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებლის მტკიცებით, სტატიის ავტორი აქ ცრუობს, რადგან 11 ქალიდან, ვის წინააღმდეგაც იყო წარდგენილი საჩივარი, შვიდი უფლებადამცველია, რომელთაგან ოთხს სასამართლომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა.

 

ფაქტის განზრახ დამახინჯების მაგალითად მოიყვანა განმცხადებელმა სტატიიდან ორი რესპონდენტის ციტატა და ამტკიცებდა, რომ მოცემული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელია. დევდარიანის თქმით, ხატია ღოღობერიძემ არ იზრუნა, გადაემოწმებინა შემდეგი ინფორმაცია:

 

"თუ ამ ქალების ნაწილში (სასამართლო) დაადგენდა დარღვევას, გამოვიდოდა, რომ დააზიანებდა სახალხო დამცველის ინსტიტუტს”, - იურისტი სოფო მენაბდიშვილი.

 

“მსხვერპლი ქალების ნაწილში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, გამოდის, რომ შევიწროების ის ფაქტი, რომელიც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა. ამ ნაწილში ზვიად დევდარიანის პოზიცია, რომ შევიწროება არ არსებობდა, არ გაიზიარა. სარეზოლუციო ნაწილში ამას სასამართლო ვერ იტყოდა დღეს, მაგრამ შედეგობრივად ამას ნიშნავს, რომ რაც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა", - იურისტი ტატა ჭანკვეტაძე.

 

ზვიად დევდარიანი ამტკიცებდა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში სრულიად საპირისპირო წერია: "დავის საგანს არ წარმოადგენს დისკრიმინაციული მოპყრობის (სექსუალური შევიწროვების) ფაქტის დადგენა, თუმცა დავის არსის და წარმოდგენილი სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტითა და წესით აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველმა საფუძვლად დაუდო გაცემულ რეკომენდაციას, არ ადასტურებს მოპასუხეთა საჯარო, სადავო განცხადებების ნამდვილობას. კერძოდ, გაცემული რეკომენდაციით დადგენილი სექსუალური შევიწროვების ფაქტი უპირობოდ და უდავოდ არ წარმოშობს ამ ფაქტის სისწორის პრეზუმფციას, ხოლო სხვა სახის რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხეთა მხრიდან ვრცელდება სადავო განცხადებები, საქმეზე წარმოდგენილი არ არის".

 

ფაქტის განზრახ დამახინჯების და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ნიმუშად  მოიყვანა განმცხადებელმა ეპიზოდი, სადაც რესპონდენტებზე დაყრდნობით, იშლება მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით ზვიად დევდარიანის კმაყოფილება-უკმაყოფილების შესახებ, ხოლო თავად განმცხადებლის პოზიცია სტატიაში არ არის წარმოდგენილი. სტატიაში ხატია ღოღობერიძე წერს: "მისივე (ტატა ჭანკვეტაძის) შეფასებით, სასამართლოს ზვიად დევდარიანის სასარგებლო გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიუღია"; სტატიაში იდა ბახტურიძის ციტატა შემდეგი შინაარსისაა: "საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ დევდარიანი ბევრად უკმაყოფილო იქნება". ამავე დროს, მასალაში ნათქვამია, რომ რესპონდენტების ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

დევდარიანის შეხედულებით, ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევა იმანაც განაპირობა, რომ ჟურნალისტი მხოლოდ სასამართლოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო და არ დაელოდა სამოტივაციო ნაწილს, სადაც გადაწყვეტილების დასაბუთებაა მოცემული. ამ გარემოებამ, განმცხადებლის მტკიცებით, ბევრი უზუსტობა გამოიწვია.

 

განმცხადებელი დარწმუნებული იყო, რომ ხატია ღოღობერიძეს განზრახული ჰქონდა ქარტიის პრინციპების უგულვებელყოფა. ზვიად დევდარიანმა მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ ჟურნალისტი, 2018 წელს, მის მიერ ქალების შევიწროებაზე მომზადებული მასალის ავტორია, რომელიც ონლაინ მედიაში “ტაბულა” გამოქვეყნდა. სტატიამ ბევრი პროფესიული პრიზი დაიმსახურა. ამ გამოცემის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი კი თამარ ჩერგოლეიშვილია. ის ერთ-ერთია, ვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ჟურნალისტმა, ხატია ღოღობერიძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წერილობითი შეპასუხება წარმოუდგინა, რომლის მიხედვითაც ზვიად დევდარიანის ბრალდებებს არ ეთანხმებოდა.

 

სადავო სტატიის ავტორი მიიჩნევდა, რომ მასალაში, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება და არ გულისხმობს მხარეთა პოზიციების დაპირისპირებას, ფაქტები გადამოწმებულია დამოუკიდებელ წყაროებთან. ის აღწერს არა ახალ, არამედ ძველ ბრალდებებს, რომელთან დაკავშირებითაც ზვიად დევდარიანის დამოკიდებულება სრულად არის ასახული.

 

ხატია ღოღობერიძის განმარტებით,  ახალი ამბების გაშუქებისას, სტატიის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილზე დაყრდნობით მომზადება მედიაში  მიღებული პრაქტიკაა, ვინაიდან ის გადაწყვეტილების შინაარსს ასახავს და შესაძლებლობას იძლევა, ჟურნალისტური პროდუქტი დროულად მომზადდეს. იმის საილუსტრაციოდ, რომ სტატიაში სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი დამახინჯებული არ არის, ჟურნალისტმა სარეზოლუციო ნაწილის აუდიო ჩანაწერი შემოგვთავაზა. ავტორი განმარტავდა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება 19 მაისს გამოაცხადა, სტატია 20 მაისს გამოქვეყნდა, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი მხოლოდ 17 ივნისს გახდა. შესაბამისად,  ახალი ამბის მოსაყოლად ის სამოტივაციო ნაწილს ვერ დაელოდებოდა.

მისივე თქმით, სტატიაში არ გაჟღერებულა ბრალდებები, რომლებზეც დევდარიანს პასუხი არ ჰქონდა გაცემული. შესაბამისად, არც ერთი ჟურნალისტური სტანდარტი მას არ ავალდებულებდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ აზრი ზვიად დევდარიანისთვის ეკითხა. ამის მიუხედავად, ჟურნალისტი ამბობდა, რომ მისი პოზიცია, როგორც 2018 წლის ბრალდებებზე, ასევე სასამართლო დავაზე, სტატიაში მოცემულია: “დევდარიანმა ძალადობის ან ზეწოლის ფაქტის არსებობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მისი შეცდომაა “ურთიერთობა ოჯახს გარეთ”.

ხატია ღოღობერიძე აღნიშნავდა, რომ ევროპული თვითრეგულირების ორგანოების პრაქტიკა არ მოითხოვს, რომ ჟურნალისტმა "გადაამოწმოს" ან "დააბალანსოს" სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილების ტექსტის სიზუსტე მეორე მხარის კომენტარის აღებით, ვინაიდან დოკუმენტი  თავისთავად სანდო წყაროა.

 

მოპასუხემ, ასევე, მიუთითა ევროპის საბჭოს და სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტს არ სჭირდება ორივე მხარის მოსაზრების მოპოვება, თუ მას ხელმისაწვდომი, საჯარო და გადამოწმებადი წყარო აქვს. შესაბამისად, ჟურნალისტი მიიჩნევდა, რომ სასამართლო განჩინება უტყუარი დოკუმენტია, რომელიც სიმართლის და სიზუსტის დასაცავად მეორე მხარესთან გადამოწმებას და მისი მოსაზრების წარმოჩენას არ საჭიროებს, ძველ ბრალდებებთან დაკავშირებით კი განმცხადებლის პოზიცია სტატიაში ასახულია.

 

საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად ჟურნალისტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის  სახელმძღვანელოც მოიშველია, “ სამუშო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოკვლევა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით”, სადაც  ახსნილია სამუშაო ადგილზე მომხდარი სექსუალური შევიწროების ფაქტის შესწავლის პროცედურა  და ნათქვამია, რომ მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისას, ამოსავალი სავარაუდო მსხვერპლის გამოცდილება, მოლოდინი და დაშვებაა, რომ ის არ ტყუის. 

 

ამ გარემოებებზე  დაყრდნობით, ხატია ღოღობერიძე აცხადებდა, რომ მან პატივი სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და ქარტიის პირველი პრინციპი არ დაურღვევია.

 

რაც შეეხება მე-11 პრინციპს, ჟურნალისტმა, განმცხადებლის პოზიციის საწინააღმდეგოდ, არაერთი არგუმენტი მოიყვანა.

 

ხატია ღოღობერიძის განმარტებით ვინაიდან დევდარიანი  ქალებს უჩიოდა, ჟურნალისტს აქვს უფლება, სტატიას დაარქვას სათაური, რომელიც  მასალის შინაარსიდან გამომდინარეობს და რომლის მიხედვითაც მკითხველისთვის თავიდანვე ცხადი ხდება, რა სახის ინფორმაციას შეიძლება გაეცნოს სტატიაში.

 

მოპასუხე აბსურდულად მიიჩნევდა სტატიის სტრუქტურაზე მსჯელობას, ვინაიდან ეს სადავო ვერ იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს. თუმცა, საბჭოს პატივისცემით, ღოღობერიძემ განმარტა, სტატია შვიდი წლის წინანდელი ინფორმაციით იმის გამო დაიწყო, რომ აუდიტორიისთვის თავიდანვე გასაგები ყოფილიყო ისტორიის არსი და განვითარება. ოთხი მოპასუხის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სტატიის ბოლო ნაწილში თხრობა კი სტრუქტურის შემადგენელია. აქაც, ავტორმა ლოგიკურად მიიჩნია, ჯერ იმ გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რაც  11 პირის წინააღმდეგ დავიდან უმრავლესობას ეხებოდა. 

 

ხატია ღოღობერიძე აღნიშნავდა, რომ   ფონური ინფორმაციის გამოყენებისას, პროფესიული სტანდარტი არ ავალდებულებს თქვას, რომ ძველი სტატიის ავტორიც თავადაა. ის საბჭოსთვის გამოგზავნილ შეპასუხებაში წერდა, რომ მაღალი სტანდარტი სწორედ ის არის, საკითხს, რომელსაც აშუქებ, ბოლომდე მიჰყვე და აუდიტორიას მისი განვითარებისა და შედეგების შესახებ უამბო. ღოღობერიძის თქმით, ასეთი მასალა პირველ პირში არ იწერება და თავის ქებასაც ჰგავს, რაც არ მოსწონს. შესაბამისად, განმცხადებლის ბრალდება, თითქოს  ჟურნალისტმა განზრახ დამალა ფაქტი, რომ “ტაბულაში” გამოქვეყნებული სტატია მას ეკუთვნოდა, რათა გამოჩენილიყო, “რამდენად მიუკერძოებელია”, უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ სტატიაში მიმაგრებულია ძველი მასალის ბმული, სადაც ავტორის ვინაობაც მითითებულია.

 

ხატია ღოღობერიძის განმარტებით, მისთვის მიუღებელი იყო ბრალდება, თითქოს მან განზრახ დამალა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ორი ქალის მიმართ (რომელთაგან ერთის ციტატა სტატიის დასაწყისშივეა გამოყენებული) შევიწროების ფაქტი არ დადგინდა. ჟურნალისტი განმარტავდა, რომ 2018 წელს, მისთვის უცნობ ათამდე ქალს შეხვდა, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ და ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობდნენ. “ტაბულაში” ანონიმურად გამოქვეყნდა მხოლოდ ის ისტორიები, რაც სამსახურში შევიწროებას უკავშირდებოდა. სტატიის გმირებისა და სხვა (ვინც მიმართა) ქალების ვინაობა კონფიდენციალურია სახალხო დამცველის ანგარიშშიც, თუმცა, ზვიად დევდარიანმა შეძლო მათი ამოცნობა და სასამართლოში უჩივლა. ავტორის თქმით, მას რომ განზრახული ჰქონოდა ფაქტების დამახინჯება, ძველი სტატიიდან იმ ქალის ციტატას გადმოიტანდა, ვის მიმართაც სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადგინა. ხატია ღოღობერიძე ამბობდა, რომ მედია აპრილზე” გამოქვეყნებულ სტატიაში არსად წერია, დევდარიანის მიერ სადავოდ მიჩნეული ციტატის ავტორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროება დადგინდა თუ არა და არც ქალის მონათხრობია მტკიცებით ფორმაში. ჟურნალისტმა დასტურად მოიყვანა ციტატა სახალხო დამცველის ანგარიშიდან:  “რაც შეეხება სხვა ორ განმცხადებელს, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ მიმართ სექსუალური შევიწროება ვერ დადგინდა. კერძოდ, არ იკვეთებოდა, კონკრეტულად როდის შეწყვიტეს ზ. დ.-სთან კონტაქტი და როდის გამოხატეს, რომ მოპასუხის ქცევა მათთვის არასასურველი იყო”, რომელიც, მისი აზრით, არ მოდის წინააღმდეგობაში სტატიის სადავო მონაკვეთთან: დანარჩენ ორ საქმეზე კი, კონკრეტული ფაქტებიდან დიდი ხნის გასვლის გამო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა და წარმოება შეწყვიტა”. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ ფორმულირებით ომბუდსმენი არც უარყოფს, ან ადასტურებს დევდარიანის მხრიდან ქალების შევიწროებას.

 

ხატია ღოღობერიძე არ იზიარებდა ზვიად დევდარიანის პრეტენზიას სარჩელიდან იმ ციტატების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც სარჩელის დაზუსტების შემდეგ, საქმეში აღარ ფიგურირებდა. ჟურნალისტი წერდა, რომ არ არსებობს პროფესიული სტანდარტი, რომელიც მას სარჩელის პირველი ვერსიის გამოყენებას აუკრძალავდა. შესაბამისად, ეს ვერანაირად იქნებოდა აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი ან დამახინჯებული ფაქტი. ხატია ღოღობერიძის მტკიცებით, ამ სადავო ეპიზოდში მოყვანილი წინადადებები არის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: “ ა) 11-დან 7 მოპასუხის შემთხვევაში სასამართლომ ზვიად დევდარიანის არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა (რაც ფაქტობრივი გარემოებაა); ბ) მათ შორის არის ის 4 ქალიც, რომელიც დევდარიანს შევიწროებაში ამხელდა და რომელთა ინტერვიუები 2018 წელს მედიაში კონფიდენციალურად გავრცელდა, ხოლო შემდგომში ზოგიერთ მათგანზე სახალხო დამცველმა შევიწროვება დაადგინა, თუმცა დევდარიანმა მათ წინააღმდეგაც მიმართა სასამართლოს (ასევე ფაქტობრივი გარემოებაა)”. ავტორი, ასევე, აღნიშნავდა, რომ 2016 წელს ფონდის “ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში, ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტზე მსჯელობა ნამდვილად გაიმართა. ამას ფონდის თანამშრომლის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციაც ცხადყოფს, რაზე დაყრდნობითაც ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ ქალების მიერ მისთვის მიწოდებული ფაქტები არ არის ხელოვნურად შექმნილი.

 

ხატია ღოღობერიძემ უპასუხა ზვიად დევდარიანის მხრიდან სადავოდ ქცეულ ეპიზოდს, სადაც ის ქალების უფლებადამცველებად მოხსენიებას და მისი მოთხოვნებიდან  “აბსოლუტური უმრავლესობის” დაუკმაყოფილებლობის საკითხებს ეხება. ჟურნალისტი ამბობდა, რომ აქვს უფლება, მოქალაქეებს, რომლებიც უფლებებისთვის იბრძვიან, უფლებადამცველი უწოდოს, ვინაიდან ეს არ არის რაიმე სახის თანამდებობა. რაც შეეხება “აბსოლუტურ უმრავლესობას”, მისი განმარტებით, სტატიაში ეს სიტყვათა თანწყობა არა ქალებს, არამედ “მოთხოვნებს” მიემართება. სასამართლომ კი დევდარიანის 14 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა. “აბსოლუტური უმრავლესობა” ნახევარზე მეტს ნიშნავს და ამ შემთხვევაში სრულად ასახავს ფაქტს.

 

ხატია ღოღობერიძე არც განმცხადებლის მიერ რესპონდენტების ციტატების განმარტებას ეთანხმებოდა. ზვიად დევდარიანი ამტკიცებდა, რომ ინტერვიუერის პირით, სტატიაში ნათქვამი იყო, “თითქოს სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება”, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ რესპონდენტი ცხადად ამბობს, “სარეზოლუციო ნაწილში ამას სასამართლო ვერ იტყოდა დღეს, მაგრამ შედეგობრივად ამას ნიშნავს, რომ რაც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა.” ამასთანავე, ხატია ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ  20 მაისს, მას ვერ ეცოდინებოდა, თუ რა არგუმენტებს დაეყრდნობოდა მოსამართლე 17 ივნისს (გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის გამოქვეყნებისას).

 

რაც შეეხება ზვიად დევდარიანის მიერ გადაწყვეტილებით “კმაყოფილება-უკმაყოფილებას”, ჟურნალისტის თქმით, ამ საკითხის კვლევა არ ყოფილა მისი მიზანი. სტატია სასამართლო გადაწყეტილებას ეხებოდა, რაც “სრულად და ზუსტად არის ასახული”, ეყრდნობა რა სასამართლოში გაკეთებულ ჩანაწერს და პროცესზე მყოფთა მონათხრობს. ხატია ღოღობერიძე წერდა, რომ მასალაში ახალი ბრალდება არ გაჟღერებულა, ხოლო ძველზე პასუხი წარმოდგენილია. ის არ მიიჩნევდა საჭიროდ, ქალთა უფლებებზე მომუშავე მედიაში “ტრიბუნა დაეთმო ადამიანისთვის”, რომლის მხრიდანაც, სახალხო დამცველის გადაწყვეტილების თანახმად, ადგილი ჰქონდა ქალების სექსუალურ შევიწროებას.

 

ჟურნალისტი არ ეთანხმებოდა განმცხადებლის ბრალდებას, თითქოს მას “წინასწარი, პირადი მოტივები” ჰქონდა, როგორც მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მონაწილეს. ხატია ღოღობერიძე ზოგადად, ასეთი კამპანიის არსებობას უარყოფდა და ამბობდა, რომ არაერთმა ქალმა, შეუთანხმებლად, “ფეისბუკ” ჯგუფში დაიწყო დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ლაპარაკი. ის ასევე სვამდა კითხვას, თუკი განმცხადებელი ფიქრობდა, რომ ის “კამპანიის მონაწილე” იყო, რატომ არ უჩივლა სასამართლოში. ხატია ღოღობერიძემ ასევე დააკონკრეტა, რომ ზვიად დევდარიანი “ტაბულას” დამფუძნებელს  სტატიის გამო კი არა, სოც. მედიის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო უჩიოდა, რომლის უარყოფაც დაევალა. 

 

ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება

 

ქარტიის საბჭომ, იმისთვის, რომ სრულფასოვნად განეხილა განცხადება, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. საბჭოს სურდა დაედგინა, რამდენად შეესაბამება სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილზე დაყრდნობით დაწერილ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სამოტივაციოს შინაარსს. ეთიკის ქარტიის საბჭომ თანმიმდევრულად იმსჯელა თითოეულ სადავო საკითხზე.

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ონლაინ პლატფორმაზე “აპრილი მედია” გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა, ხატია ღოღოებრიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

სტატია სათაურით “ზვიად დევდარიანი ქალების წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ” იწყება ერთ-ერთი ქალის ციტატით, რომელიც დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე 2018 წელს საუბრობდა. განმცხადებელი ამბობდა, რომ სახალხო დამცველმა ეს კონკრეტული ფაქტი შეისწავლა და არ დაადგინა შევიწროება, რაც სტატიაში აღნიშნული არ არის. თუმცა, მასალაშივე ჩანს, რომ ავტორი ამ ინფორმაციას ფლობდა. ხატია ღოღობერიძემ, საპასუხოდ, მასალის ის მონაკვეთი მოიხმო, სადაც ნათქვამია, რომ რესპონდენტი ქალებიდან ნაწილის შემთხვევაში ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროება დაადგინა. თუმცა, ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ციტატასთან ამას კავშირი არ აქვს. ამონარიდი არ არის  წარმოდგენილი მტკიცებითი ფორმით და არსად წერია, ამ ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება დადგინდა თუ არა.

 

საბჭოს წევრების მოსაზრება ამ კონკრეტულ ეპოზოდთან დაკავშირებით, გაიყო. ამის მიუხედავად, თვითრეგულირების ორგანომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს პატივი უნდა ეცა აუდიტორიის უფლებისთვის, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და ციტატის შემდეგ, უნდა აღენიშნა, რომ ინტერვიუერის მიმართ სექსუალური შევიწროება ომბუდსმენმა დაადგინა თუ ვერა. მას ამის მიზეზებიც იქვე უნდა აეხსნა. სხვა შემთხვევაში, ეს ფაქტის მიჩქმალვაა. სტატიაში გამოყენებული ძველი ინფორმაცია (ციტატა 2018 წლის მასალიდან არის გადმოტანილი)  მკითხველს,   უარყოფითად განაწყობს განმცხადებლის მისამართით. თუ სადავო მასალის გამოქვეყნებისას ძველი სტატიიდან აღებულ ამ ციტატაში აღწერილი გარემოებები  ახალი დეტალებით შეივსო, აუდიტორიას უფლება აქვს, ამის შესახებ იცოდეს და ჟურნალისტს ციტატის კვლავ გამოყენებისას აუდიტორიისთვის დამატებითი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.

 

განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა საბჭოს წევრ ნინო რამიშვილს. მისი თქმით,  ვინაიდან ძალადობის მსხვერპლი ქალები რთულად თანხმდებიან საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარს, შესაბამისად, მათ მიმართ დამოკიდებულება ფრთხილი, ხოლო მიდგომა არასტანდარტული უნდა იყოს. მისი აზრით, არავითარი საჭიროება არ არსებობდა, ავტორს ძველი სტატიიდან აღებული ციტატის შემდეგ ეთქვა, რომ ინტერვიუერის მიმართ ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროების ფაქტი ვერ დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნა თუ ზუსტად იქნებოდა ასახული სტატიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში, იქნებოდა საკმარისი. საბჭოს წევრის, ნინო რამიშვილის, მოსაზრებით, ამ ინტერვიუერის ციტატის შემდეგ მოდის ზვიად დევდარიანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, "დევდარიანმა ძალადობის ან ზეწოლის ფაქტის არსებობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მისი შეცდომაა “ურთიერთობა ოჯახს გარეთ”, რაც სრულად საკმარისი და ეთიკურად სწორი ქმედება იყო ჟურნალისტის მხრიდან.

 

კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა კი ავტორს ავალდებულებს, აუდიტორიას ძველი თუ ახალი ამბავი უამბოს სრულყოფილად, გამოქვეყნების მომენტში არსებული ყველა მნიშვნელოვანი  დეტალის მოცვით, რაც ნათლად წარმოაჩენს ისტორიას, არ ტოვებს ადგილს კითხვებისთვის და ბუნდოვანებისთვის.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა, ქალების ნაწილის მიმართ,  სექსუალური შევიწროების ფაქტი ვერ დაადგინა, თუმცა, განმცხადებელი ამ ეპიზოდში უზუსტობაზე დავობდა. სტატიაში ვკითხულობთ: "2018 წელსვე სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ხუთი საქმე შეისწავლა, საიდანაც სამ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროება, დანარჩენ ორ საქმეზე კი, კონკრეტული ფაქტებიდან დიდი ხნის გასვლის გამო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა და წარმოება შეწყვიტა". იმის დასტურად, რომ საქმის შეწყვეტის საფუძველი სტატიაში დასახელებული მიზეზი  არ ყოფილა, დევდარიანმა ომბუდსმენის დასკვნიდან შემდეგი ამონარიდი მოიყვანა: "სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ორივე განსახილველ შემთხვევაში, სექსუალური ფაქტის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს, კონკრეტულად როდის შეწყდა ურთიერთობა განმცხადებლებსა და ზვიად დევდარიანს შორის. აღნიშნული სახალხო დამცველს დაეხმარებოდა გამოერკვია, თუ როდის გამოხატეს სავარაუდო მსხვერპლებმა, რომ მათთვის ზვიად დევდარიანთან ურთიერთობა არასასურველი იყო. განსახილველ შემთხვევებში, სახალხო დამცველის ხელთ არსებული მასალები არ იძლევა დადგენის შესაძლებლობას, თუ როდის დასრულდა მხარეთა შორის კომუნიკაცია. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეებში არ არსებობს იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც სხვა სადავო გარემოებებსაც დაადასტურებდა, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოკვეთოს სექსუალური შევიწროების ფაქტები".  განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ფაქტი დამახინჯებულია, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და უტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ამ ორ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი შევიწროებას, თუმცა, დიდი ხნის გასვლის გამო, ეს ვერ დადგინდა.

 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა ხატია ღოღობერიძე. მან სახალხო დამცველის დასკვნიდან ის ამონარიდი დაიმოწმა, რასაც თხრობისას დაეყრდნო: რაც შეეხება სხვა ორ განმცხადებელს, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ მიმართ სექსუალური შევიწროება ვერ დადგინდა. კერძოდ, არ იკვეთებოდა, კონკრეტულად როდის შეწყვიტეს ზ. დ.-სთან კონტაქტი და როდის გამოხატეს, რომ მოპასუხის ქცევა მათთვის არასასურველი იყო”. ჟურნალისტი ამბობდა, რომ  შემდეგი წინადადება: “მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს, კონკრეტულად როდის შეწყდა ურთიერთობა განმცხადებლებსა და ზვიად დევდარიანს შორის”, მას აძლევდა იმის თქმის უფლებას, რომ მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა ხანდაზმულობის გამო.

საბჭომ მიიჩნია, რომ სახალხო დამცველის დასკვნა სტატიაში არასწორი ინტერპრეტაციით არის ასახული, ჟურნალისტის ტექსტი ამბის ამ ეპიზოდს განსხვავებულად აწვდის აუდიტორიას, თხრობისას არ არის დაცული სიზუსტე, შინაარსი განსხვავებულად აღიქმება და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი. შესაბამისად, საბჭომ სიზუსტე ამ ნაწილშიც დარღვეულად მიიჩნია.

 

საბჭომ  არ გაიზიარა ზვიად დევდარიანის პრეტენზია სათაურთან დაკავშირებით. თვითრეგულირების ორგანომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მანიპულაციურად აღქმული სათაური სტატიის შინაარსთან სრულ შესაბამისობაშია.

 

ამავე დროს, საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პრეტენზია სტატიის სტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ძველი მასალიდან გადმოტანილი სადავო ციტატით იწყება. როგორი იქნება ჟურნალისტური პროდუქტის წყობა, ავტორისა და რედაქციის გადასაწყვეტია და გარედან რაიმე სახის ჩარევას არ ექვემდებარება.

 

საბჭომ არ გაიზიარა, არ მიიჩნია ეთიკურ პრობლემად  ზვიად დევდარიანის ბრალდება, თითქოს ხატია ღოღობერიძემ საგანგებოდ დამალა ის ფაქტი, რომ სტატია, საიდანაც ციტატა ახალ მასალაში გადმოიტანა, მას ეკუთვნოდა, ვინაიდან ის ტყუილებით იყო გაჯერებული. 

სტატიაში თავიდანვე მითითებულია გამოყენებული მასალის ბმული, სადაც ცხადად ჩანს, რომ მისი ავტორი ხატია ღოღობერიძეა.  

 

ზვიად დევდარიანი დავობდა იმაზეც, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა მოპოვებული ინფორმაცია და მას, ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს არ მისცა ამბის დაზუსტების საშუალება იმის პარალელურად, რომ ჟურნალისტი საქმეში მოპასუხე მხარის არაერთ წარმომადგენელს ესაუბრა. ხატია ღოღობერიძემ არც ეს პრეტენზია გაიზიარა.

 

პროცესისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სტატიაში მოპასუხე მხარის ოთხი წარმომადგენლის კომენტარია. დევდარიანის პოზიცია შვიდი წლის წინანდელი (2018) მასალიდან არის გადმოტანილი და სასამართლო დავას არ ეხება (დევდარიანმა ძალადობის ან ზეწოლის ფაქტის არსებობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მისი შეცდომაა “ურთიერთობა ოჯახს გარეთ”).

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ამბობდა, რომ როცა სასამართლო გადაწყვეტილებას, ანუ ოფიციალურ დოკუმენტს ეყრდნობა, არ აქვს მისი გადამოწმების ვალდებულება. ასევე, ხატია ღოღობერიძე ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი ტრიბუნა დაუთმო ადამიანს, რომელმაც, ომბუდსმენის დასკვნით, ქალებს, სექსუალური ხასიათის ქცევით “შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო”.

 

ამ საკითხზე მსჯელობისას საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო პუბლიკაცია არ იყო მხოლოდ მშრალი ახალი ამბავი, სადაც გადმოცემული იქნებოდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამ მასალაში ჟურნალისტმა აუდიტორიას ამბის წინაისტორია შეახსენა და მასში მონაწილე მოპასუხე მხარეების პოზიცია შესთავაზა. ამ მასალაში რესპონდენტები კვლავ აფასებდნენ ზვიად დევდარიანის ქმედებებს, სტატიის საერთო შინაარსი კი მას, მკითხველის თვალში, ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენდა.

 

ვინაიდან ქარტიის საბჭო სადავო მასალას ყოველთვის აფასებს აუდიტორიის, ამ შემთხვევაში კი მკითხველის თვალით, აშკარაა, რომ სადავო სტატია მკითხველს უარყოფითად განაწყობდა ზვიად დევდარიანის მიმართ. ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, მაშინ, როცა ჟურნალისტურ პროდუქტში რომელიმე პირი წარმოჩენილია უარყოფითად, ჟურნალისტმა მას აუცილებლად უნდა მისცეს ამავე მასალაში პასუხის უფლება. საბჭო მიიჩნევს, რომ კარგი ჟურნალისტური სტანდარტის მიხედვით, მოპასუხე ჟურნალისტი ვალდებული იყო ზვიად დევდარიანისთვის ან მისი წარმომადგენლისთვის დაესვა შეკითხვები, რაც სადავო მასალიდან გამომდინარეობდა და პოზიციის წარმოჩენის საშუალება მიეცა.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ეს ქმედება არ მოემსახურებოდა მხოლოდ ბალანსის ფორმალურ დაცვას და არ იქნებოდა ერთგვარი “ხარკი” განმცხადებლის დასაკმაყოფილებლად, ეს იქნებოდა მკითხველის, აუდიტორიის პატივისცემა, რომელსაც აქვს უფლება ერთ მასალაში მოისმინოს კონკრეტული მოვლენის (ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების) შესახებ ყველა მხარის პოზიცია.

 

საბჭო ვერ გაიზიარებს ხატია ღოღობერიძის პასუხს, რომ არ ჩათვალა საჭიროდ, მის მიერ მომზადებულ, ახალ, სადავო მასალაში უარყოფითად წარმოჩენილი პირის, ზვიად დევდარიანის პასუხი აესახა. მიუკეროებელი მედია და ჟურნალისტი პირადი შეხედულებებით არ უნდა წყვეტდეს, ვის მისცეს აზრის გამოთქმის უფლება მის მასალაში და ვის არა. ჟურნალისტმა, შესაძლოა, გადაწყვიტოს, რა საკითხზე იმუშაოს და რაზე არა, მაგრამ როდესაც ის შეარჩევს თემას, მით უფრო საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე თემას, ის ვალდებულია, აუდიტორიას კეთილსინდისიერად მიაწოდოს შერჩეულ ამბავში მონაწილე ყველა მხარის პოზიცია.

 

მკითხველმა უნდა მიიღოს მრავალ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია.

 

კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი სახალხო დამცველის დასკვნის სასამართლოს მიერ გაზიარებას უკავშირდება. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ასეთი რამ სამოტივაციო ნაწილში არსად წერია. სტატიაში, იურისტი ტატა ჭანკვეტაძე ამბობს: “მსხვერპლი ქალების ნაწილში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, გამოდის, რომ შევიწროების ის ფაქტი, რომელიც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა. ამ ნაწილში ზვიად დევდარიანის პოზიცია, რომ შევიწროება არ არსებობდა, არ გაიზიარა. სარეზოლუციო ნაწილში ამას სასამართლო ვერ იტყოდა დღეს, მაგრამ შედეგობრივად ამას ნიშნავს, რომ რაც სახალხო დამცველმა დაადგინა, სასამართლომაც გაიზიარა.”

 

ხატია ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას ვერ ეცოდინებოდა, რას ჩაწერდა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში ერთი თვის შემდეგ. ეს კომენტარი კი რესპონდენტის დასკვნაა, რომ “შედეგობრივად” ეს შევიწროებას ნიშნავს. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ სტატიაში ცხადად ეწერა, სასამართლოს კვლევის საგანი სექსუალური შევიწროება რომ არ ყოფილა და ის პატივისა და ღირსების შელახვის საკითხს განიხილავდა.

 

საბჭომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეისწავლა და დაასკვნა,  რომ სტატიაში მოყვანილი რესპონდენტის ციტატა, შესაძლოა, არ იყოს თანხვედრაში სასამართლოს გადაწყვეტილების იმავე ეპიზოდთან.

 

ამიტომაც, უმჯობესი იყო, ჟურნალისტს თავი შეეკავებინა სარეზოლუციო ნაწილზე მომზადებულ მასალში სასამართლოს ჯერ გამოუქვეყნებელ სრულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისგან, ვინაიდან ასეთი ქმედება იმთავითვე უშვებდა სიზუსტის დარღვევის, შეცდომის რისკს. რაკი ჟურნალისტმა მაინც გადაწყვიტა, რომ იმ ეტაპზე რესპონდენტებთან სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსსა და დეტალებზე ესაუბრა, და ამ ნაწილში ის მოპასუხე მხარეების წარმომადგენლებს დაეყრდნო, უმჯობესი იქნებოდა, თუ ის აუდიტორიის პატივისცემის, უკეთ ინფორმირების მიზნით, ამავე მასალაში ასახავდა დავის მეორე მხარის წარმომადგენლების პოზიციასაც.


ვინაიდან მოპასუხე ჟურნალისტი ასე არ მოიქცა, საბჭოს მოსაზრებით, ამით შეილახა აუდიტორიის უფლება, მიიღოს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია და ქარტიის პირველი პრინციპი ამ ეპიზოდშიც დაირღვა
.

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სტატიაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოება იძლეოდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო ერთსულოვანი. საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა (უმრავლესობამ) მიიჩნია, რომ მე-11 პრინციპი დაირღვა, ხოლო ორმა, ნინო რამიშვილმა და ვლადიმერ ჩხიტუნიძემ, ფაქტის დამახინჯების განზრახვა ვერ დაინახა.  

 

ზვიად დევდარიანი ამტკიცებდა, რომ ხატია ღოღობერიძეს ჰქონდა მოტივი, განზრახ დაემახინჯებინა ფაქტები. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელსაც ჟურნალისტი აშუქებდა, “თავდაყირა დააყენა” სტატია, რომელიც მან 2018 წელს, ონლაინ მედია “ტაბულაში” გამოაქვეყნა. ჟურნალისტური პროდუქტი ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა. ნაშრომმა ავტორს არაერთი პროფესიული ჯილდო და  აღიარება მოუტანა. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 11 ქალიდან, რომლებსაც უჩიოდა, ოთხს გავრცელებული განცხადების უარყოფა დაევალა, “ტაბულაში” გამოქვეყნებულ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, ხატია ღოღობერიძემ ის კვლავ უარყოფითად წარმოაჩინა და არ მისცა საქმესთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. დევდარიანი დარწმუნებულია, ჟურნალისტმა, მისთვის ზიანის მიყენების განზრახვით, სათითაოდ, პუნქტებად ჩამოწერა პირველ სარჩელში მოყვანილი “ცილისმწამებლური ცნობები”, რომლის უარყოფასაც ითხოვდა და რომელიც მოგვიანებით შეცვალა. ახალი მოთხოვნები კი სტატიაში ნაწილობრივ ასახა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა (სათაური, სტრუქტურა, ვიზუალური წყობა), რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მის გამარჯვებად არ წარმოეჩინა.

 

ხატია ღოღობერიძე კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის განზრახვას და ეთიკური პრინციპების დარღვევას. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა ახალი ბრალდება, რომლის გადამოწმებასაც ის, როგორც ეთიკური ჟურნალისტი, საჭიროდ მიიჩნევდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის უტყუარი დოკუმენტია, რომელიც დევდარიანთან და მის წარმომადგენელთან დაზუსტებას არ საჭიროებდა. სტატია ეხებოდა სარეზოლუციო ნაწილს, მაგრამ ვინაიდან “აპრილი მედია” არ არის მშრალი ახალი ამბების პლატფორმა, თემას ვრცელი მასალა მიუძღვნა. სწორედ ამიტომ ასახა კონტექსტი, ფონური ინფორმაცია, ძველი და ახალი ბრალდებები. მისი მიზანი არ ყოფილა დევდარიანის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. მოჰყვა ამბავი და ვარაუდი არ მიუწოდებია აუდიტორიისთვის როგორც ფაქტი. მან სტატიაში განმცხადებლის პოზიცია ძველი მასალიდან გადმოიტანა, რადგან “ახალი ბრალდებები არ გაჟღერებულა”. ვინაიდან “აპრილი მედია” მეტწილად ქალთა უფლებებზე მუშაობს, ჟურნალისტმა არ ჩათვალა საჭიროდ, ზვიად დევდარიანისთვის დამატებით პლატფორმა მიეცა.  

 

საბჭოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ მე-11 პრინციპი სადავო მასალაში დაირღვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მცირედით ცვლიდეს, აფართოებდეს ქარტიის საბჭოს მიერ მე-11 პრინციპის დადგენის აქამდე არსებულ სტანდარტს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს ყველა წევრი შეთანხმდა პირველი პრინციპის დარღვევაზე, თუმცა წევრთა ნაწილმა ვერ დაინახა მე-11 პრინციპის დარღვევა.
საბჭოს წევრთა უმრავლესობა განხილვის დროს, მოპასუხე ჟურნალისტის პოზიციის მოსმენისას დარწმუნდა, რომ ხატია ღოღობერიძემ პირველი პრინციპი არ დაარღვია უნებლიედ, შემთხვევით. პირველი პრინციპის დარღვევა არ მომხდარა ჟურნალისტის გამოუცდელობით ან რაიმე ობიექტური გარემოებებით.  ჟურნალისტმა საბჭოს წევრების შეკითხვებზე პასუხად არაერთგზის განაცხადა, რომ დევდარიანს და მის წარმომადგენლებს არ დაუკავშირდა, მათი პოზიცია მასალაში არ ასახა  გააზრებულად, წინასწარ, განზრახ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.


საბჭოს წინაშე იყო შემდეგი მოცემულობა - ჟურნალისტმა დაარღვია პირველი პრინციპი, რაზეც ყველა წევრი შეთანხმდა და, ამასთანავე, ჟურნალისტმა ღიად, არაერთგზის დაადასტურა, რომ  ქმედება, რაც საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნია (მოპასუხე მხარის კომენტარის, პოზიციის არ ასახვა), გააზრებულად, განზრახ ჩაიდინა. ჟურნალისტის წინასწარი განზრახვა აღარ ჯდება პირველი პრინციპის ფარგლებში, განზრახვა უკვე მე-11 პრინციპის შემადგენელია, ამიტომაც, საბჭოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ხატია ღოღობერიძემ ქარტიის მე-11 პრინციპიც დაარღვია.

 

 

საბჭო მიიჩნევს, რომ როცა  ჟურნალისტი (ან მედია) აიდენტიფიცირებს თავს კონკრეტული ამბის მონაწილის (ქალების) მხარდამჭერ პლატფორმად და უარყოფითი პოზიცია აქვს ამბის სხვა მონაწილის მიმართ და მაინც გადაწყვეტს მისთვის სენსიტიურ თემაზე მუშაობას, მაღალი ეთიკური სტანდარტი მას ავალდებულებს, რომ აუდიტორიას კეთილსინდისიერად მიაწოდოს შერჩეულ ამბავში მონაწილე ყველა მხარის პოზიცია და ის პირადი შეხედულებებით არ უნდა წყვეტდეს, ვის მისცეს აზრის გამოთქმის უფლება მის მასალაში და ვის არა. ასე უნდა მომხდარიყო განსახილველ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ “აპრილი მედია” მეტწილად ქალთა უფლებებზე მუშაობს.

 

 

საბჭოს მოსაზრებით, სადავო მასალის ამ ფორმით მომზადების მოტივი ხატია ღოღობერიძისთვის იყო მისი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობები ზვიად დევდარიანის მიმართ. ამ ქმედებების ერთობლიობას მიიჩნევს სწორედ საბჭო ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევად.

საბჭოს წევრების უმრავლესობის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტის ქმედებები და მისივე განმარტებები ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ხატია ღოღობერიძემ ბალანსი განზრახ არ დაიცვა. ჟურნალისტმა არ დაუთმო ქალთა უფლებებზე მომუშავე პლატფორმა ზვიად დევდარიანს ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს და, საბჭოს წინაშე, როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად დაადასტურა, რომ ასეთი საჭიროება ვერ დაინახა. საბჭოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ავტორის მიერ, განმცხადებლის პოზიციის წარმოჩენისგან თავის შეკავება და ამ გადაწყვეტილების გაცნობიერებული დასაბუთება, მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტმა დევდარიანს პლატფორმა განზრახ არ დაუთმო და არ დაიცვა ბალანსი, რაც მე-11 პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

 

ნინო რამიშვილი და ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამ არგუმენტებს არ დაეთანხმნენ. მათ ხმა მისცეს პირველი პრინციპის დარღვევას, მაგრამ არ დაეთანხმნენ ფაქტის დამახინჯებას. მათი აზრით, ვინაიდან სტატიაში ასახულია დევდარიანის ძველი და ახალი მოთხოვნები, მისი პოზიცია ძველი ბრალდებების მიმართ, ხატია ღოღობერიძემ ვერ გააცნობიერა, რომ პირველი პრინციპი, სიზუსტე დაარღვია. ეს ხსნის იმას, რომ საქმე გვაქვს არა ფაქტის განზრახ დამახინჯებასთან, არამედ შეცდომასთან.

 

მათი შეფასებით, არ არსებობს გარემოება, რომელიც დაარწმუნებდა მათ, რომ ხატია ღოღობერიძემ განზრახ დაარღვია პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტმა არაერთხელ აღნიშნა საკუთარი პოზიცია ზვიად დევდარიანის ბრალდებებზე და განმარტა, რომ, ჟურნალისტის შეფასებით, ვინაიდან სტატია ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მან საკმარისად მიიჩნია აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობა და ზვიად დევდარიანის ძველი პოზიციის ასახვა მიიჩნია ბალანსად. ეს კი არა ადასტურებს, რომ ხატია ღოღობერიძემ უტყუარად იცოდა სწორი ინფორმაცია და მაინც განზრახ დაარღვია პირველი პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

“მედია აპრილის”  ჟურნალისტმა, ხატია ღოღობერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და  მეთერთმეტე პრინციპები.

 

 

სადავო მასალა

განცხადება

დამატებით წარმოდგენილი მასალა

შეპასუხება