შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართული ბრიფინგის დროს ონლაინ გამოცემების (რადიო თავისუფლება, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“) სტიგმატიზაცია სცადა ფრაზის „უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები“ გამოყენებით და ისინი, ტელეკომპანია “პირველთან” ერთად, სინოდის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
ქარტია მას შეახსენებს, რომ მედიის როლი და მოვალეობა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გაშუქება და საზოგადოების ინფორმირებაა ფაქტებისა და მოსაზრებათა მრავალფეროვნების შესახებ. ახალი პატრიარქის არჩევა ასეთ საკითხთა რიგშია და მედია საქართველოში ახლა აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს - იძიებს ინფორმაციასა და კომენტარებს ამ საკითხის გარშემო და თავის აუდიტორიას უზიარებს.
უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა შეწყვიტონ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება, კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით, და უნდა მისცენ მედიას საშუალება, სრულფასოვნად შეიტანოს წვლილი საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქმის წარმოების დაწყებას „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ.
ეს კი მაუწყებლობის შესახებ კანონში ერთი წლის წინ მიღებულ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით ხდება. ამ ცვლილებებმა კანონის რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენების პოტენციალი გაზარდა და მარეგულირებელი უწყების უფლებამოსილება გააფართოვა.
თუ 2025 წლის ზაფხულში კომისიას ამავე ტელეკომპანიების მიმართ „ქართული ოცნების“ საჩივარზე ჰქონდა რეაგირება, ახლა ის უკვე მედიამონიტორინგის მეშვეობით პროაქტიურად ცდილობს შესაძლო „დარღვევების“ შესახებ ინფორმაციის მოგროვებას.
კომისია ტელეკომპანია “ფორმულას” მინიტორინგის პერიოდში (2026 წლის 23 თებერვალი - 11 მარტი) ახალი ამბების პროგრამებში მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის “სამართლიანობა და მიუკერძოებლობა” პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევას ედავება, ხოლო “ტვ პირველის” შემთხვევაში ამ ჩამონათვალს 52-ე მუხლის, “ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება”, პირველი მუხლიც ემატება. 2 აპრილს გამართულ სხდომაზე კომისიამ ამ საკითხებზე იმსჯელა.
ამჯერად სამიზნეა ლექსიკა, რომელსაც მედიასაშუალებები თავიანთი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების დაცული უფლებით, იყენებენ არსებული რეალობის აღსაწერად. ასევე, მაუწყებლებს საყვედურობენ მმართველი ძალისა და სამთავრობო უწყებების კომენტარების გაუჟღერებლობისთვის. კრიტიკულ მაუწყებლებს, უკვე წლებია, უჭირთ კომენტარის მიღება მმართველი ძალის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც მათთან კითხვებით მისულ ჟურნალისტებს ხშირად თავს ესხმიან, შეურაცხყოფას აყენებენ და ამცირებენ.
პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ პროფესიული დებატების მეშვეობით, ყველა აქტორისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. იმთავითვე ნათელია, რომ საეჭვო მოტივით გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები საქართველოში ჟურნალისტიკის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კომისიას მოუწოდებს, იმ რთულ ტექნიკურ საკითხებზე კონცენტრირდეს, რაც სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო სექტორების წინსვლისთვის მნიშვნელოვანია და კომისიის ძირითად პასუხისმგებლობებს წარმოადგენს, ხოლო ჟურნალისტიკის განვითარებაზე, პროფესიულ სტანდარტებზე და მათი დაცვის გზებზე ზრუნვის შესაძლებლობა მისცეს თავად მედიასაშუალებებს, თვითრეგულირების ორგანოებს, პროფესიულ ასოციაციებს და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს.
მართალია კომისიას, რომლის აფილიაციებიც მმართველ პარტიასა და მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან საყოველათაოდაა ცნობილი და ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება სამაუწყებლო სექტორისთვის ობიექტურობის სადემონსტრაციოდ და მძიმე მემკვიდრეობის დასაძლევად, მას ჯერ კიდევ აქვს არჩევანი.
კომისიას შეუძლია, საერთო მდგომარეობის გაჯანსაღებასა და საზოგადოებრივი დისკურსის დამაზიანებელი პოლარიზაციის დაძლევაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს - მოუწოდოს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქტიურად ითანამშრომლონ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასთან, რაც, პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესებშია, რომელიც მმართველი ძალის მიერ დამოუკიდებელი მედიისთვის გამოცხადებული ბოიკოტის გამო, უკვე წლებია, ინფორმაციას სრულფასოვნად ვერ იღებს.
ან, კომისიას შეუძლია იქცეს ცენზორად და მიკრომენეჯერად უკვე ყოველმხრივ შევიწროებული და რესურსებისგან დაცლილი მედიისთვის, ცარისტული რუსეთის და საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით ჩაუსაფრდეს თითოეულ სიტყვასა და ფრაზას, დასაჯოს მედიასაშუალებები „ბალანსის დაუცველობისთვის“ იმ პირობებში, როცა „მეორე მხარისგან“ ინფორმაციისა და კომენტარის მოსაპოვებლად ჟურნალისტებს აღარავითარი ბერკეტი აღარ აქვთ შერჩენილი.
იმას, თუ რა არჩევანს გააკეთებს კომისია, 8 აპრილს
გავიგებთ, როცა ის „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ საქმეებზე
გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს.
ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფს ადგილზე მყოფი პირები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მომუშავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამუშაოების ზედამხედველები, დაუპირისპირდნენ. გამოცემის ცნობით, ჩამოშლილი სასაფლაოს ფერდობზე კომპანიის წარმომადგენლები გარდაცვლილთა ნეშტებს ეძებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტებს გადაადგილება შეუზღუდეს, უცენზურო სიტყვების გამოყენებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ვიდეოში, რომელიც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა, ისიც ჩანს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი, მამუკა როსტიაშვილი, ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
„მთის ამბების“ და „საქართველოს ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.
ჟურნალისტების თანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა სტიგმატიზაციამ, სიძულვილის ენის ხშირმა გამოყენებამ და დაუსჯელობის სინდრომმა საქართველოში შექმნა კლიმატი, სადაც აგრესია მედიის მიმართ წახალისებულია. ამგვარი დამაზიანებელი მიდგომის შედეგებს ჟურნალისტები ყოველდღიურად გრძნობენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა გამო. თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ქარტია პროკურატურას ამ შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას თხოვს.
მიმდინარე კვირიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს მაუწყებელთა კონტენტის პროაქტიულად შესწავლას. კომისიის თქმით, მისი მოტივი ამ შემთხვევაში მაუწყებელთა შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება და მაუწყებელთა ობიექტურობის „სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით“ შეფასებაა. ჟურნალისტურმა თემმა მარეგულირებელი კომისიის გეგმა სადამსჯელო ღონისძიების დაანონსებად აღიქვა და არცთუ უსაფუძვლოდ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობა წლებია, კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი საკამათო პრაქტიკისა და მაუწყებლების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო. ამის ერთი ნიმუშია კომისიის ბოლო განცხადება, რომელშიც ის გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს ექომაგება, იმ ფონზე, როცა კომისიამ ცოტა ხნის წინ მცირე ზომის სათემო მაუწყებლები „უცხოურ ძალასთან“- რეალურად კი საქართველოს დასავლელ მეგობრებთან - თანამშრომლობის გამო გააფრთხილა. მანამდე, მან “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე, ახალი ამბების გადაცემისას “მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის” სამართალდამრღვევად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზია (“ფორმულა”, “ტვ პირველი” და “მთავარი არხი”). ასევე, კომისიამ არ დააკმაყოფილა პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ შესული “მომავლის აკადემიის” ოთხი საჩივარი და სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” საჩივარი.
მარეგულირებელი კომისიის მანდატის გაფართოება შინაარსობრივ საკითხებში შესასვლელად არ ემსახურება არც პრესის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებას და არც სამართლიანი კონკურენციისა და მედიაპლურალიზმის ხელშეწყობას. საეჭვოა ის, რომ მარეგულირებელი კომისიის შთაგონების წყარო ამ მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაა. ბრიტანულ სამაუწყებლო მოდელსა და „ქართული ოცნების“ მიერ დაკანონებულ ცვლილებებს შორის მრავალი განსხვავებაა. ასეც რომ იყოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო გაერთიანებული სამეფოსგან არსებითად განსხვავდება ისეთი კრიტერიუმებით შეპირისპირებისას, როგორიცაა მაუწყებლობის მარეგულირებლისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კომპეტენცია, და პოლიტიკური კლიმატი და პოლიტიკური პროცესის კლასი.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებისა და მათი გამოყენებით მაუწყებლების დევნის მიზანი სინამდვილეში სულ სხვაა - კრიტიკული მაუწყებლების ხმის ჩახშობა და საზოგადოების დატოვება პროპაგანდისტული კონტენტის პირისპირ, დამოუკიდებელი წყაროებისაგან მიღებული ინფორმაციის გარეშე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ შსს 18 თებერვალს ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები 6 მარტს გამოიკვლია და გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ფოტოგრაფი იმ საღამოს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - მას ჰქონდა მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა წარწერა „PRESS” და ე.წ. ჟურნალისტის ბეიჯი, და მუშაობდა დიდი ზომის პროფესიული კამერით ხელში.
შსს „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას 7 თებერვალს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება. „ტაბულას“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ კუპრავა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და „შაბათის მარშს“ აშუქებდა.
იგივეს ედავება შსს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს მარიამ ძიძარიასაც, ოღონდ 31 იანვარს. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ ძიძარია „შაბათის“ მარშს აშუქებდა. მას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა სამხრე ნიშანი „PRESS” და ჟურნალისტის ე.წ. ბეიჯი, და მუშაობდა კამერით ხელში.
მარიამ კუპრავას და მარიამ ძიძარიას საქმეებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
სამივე ჟურნალისტს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით.
შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ.
სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და, გამოგონილ საფრთხეებზე აპელირების ნაცვლად, თავისი რესურსი მოძლიერებულ კრიმინალთან ბრძოლასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე დახარჯოს.
ქარტია მედიასა და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ჯეროვანი სიფრთხილე გამოიჩინონ სუიციდის და/ან სუიციდის მცდელობის გაშუქებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება. კვლევები აჩვენებს, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება ბიძგი მისცეს სუიციდის ახალ შემთხვევებს/მცდელობებს.
სუიციდის გაშუქების თაობაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, სუიციდის გაშუქება გამართლებულია, თუკი გაშუქების არსი სუიციდის პრევენციისთვის პრობლემაზე დისკუსიის აღძვრაა. ცალკეული კერძო შემთხვევის გაშუქებისას ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს, რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი მის მიმართ. არსებითია, ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრის ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა გაშუქებაზე.
არასრულწლოვნის შემთხვევაში მედიამ განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა დაიცვას სპეციალისტთა მითითებები, როგორიცაა თავის შეკავება სუიციდის სენსაციური გაშუქებისა და მყვირალა სათაურებისგან, მისი რომანტიზებისა და პრობლემის გამარტივებისგან. მედიამ გულისხმიერება გამოიჩინოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების და ახლობლების მიმართ.
პროფესიული სტანდარტების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა საქმე არასრულწლოვნის მიერ სუიციდის მცდელობას ეხება. მედიამ არ უნდა გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია და იმ ფორმით, რაც გადარჩენილ არასრულწლოვანს და მის ოჯახს და ახლობლებს კიდევ უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს და საფრთხეს შეუქმნის.
ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე ქარტიის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას მედიამ ყოველთვის არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესით უნდა იხელმძღვანელოს.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, რომ გუშინ, 11 თებერვალს, სასტუმრო „პარაგრაფში“, ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ირანის ისლამური რევილუციის გამარჯვების 47-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უცნობმა პირებმა მის ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ჟურნალისტი ადგილზე ღონისძიების და ირანელი აქტივისტი ქალის საპროტესტო პერფორმანსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა მას ტელეფონი წაართვა და გადაუგდო. უცნობმა პირებმა ჟურნალისტს გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს, ხოლო შემდგომ იმაში დასარწმუნებლად, რომ მან მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო- და ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. ამავე პირებმა ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.
„პუბლიკა“ ვარაუდობს, რომ ინციდენტს შეესწრნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა იმის გამო, რომ ეს პირები სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ და კითხვებზე ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ, გამოცემამ იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ სამსახურს წამოადგენდნენ ისინი, ვერ შეძლო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ამ ფაქტით და თავ-თავიანთი უწყებრივი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომები მიიღონ მსგავს სიტუაციებში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გუშინ, 2 თებერვალს, გამოაქვეყნა განცხადება თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რითაც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას და რომ ის წარმოადგენდა ინფორმაციის წყაროს სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, რომელთა შორისაა „ამერიკის ხმა“.
ამ განცხადებას დართული აქვს თამარ მეარაყიშვილის მობილურ ტელეფონში შენახული ნომრების სქრინები. ერთ-ერთ სქრინზე ჩანს „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის, მობილური ტელეფონის ნომერი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჟურნალისტის პირადი მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტით და მიიღოს ზომები ამ ფაქტის აღსაკვეთად და ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, დღეს, 26 იანვარს, მათ ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, სუს-ის შენობასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტს წაართვეს ტელეფონი, წაუშალეს ადგილზე გადაღებული კადრები და დაჭერით დაემუქრნენ. ის ამ დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს აშუქებდა, რომელიც სუს-ის შენობასთან, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით იპოვეს.
ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ ის სუს-ის შენობასთან მარტო იმყოფებოდა, მძღოლისა და ოპერატორის გარეშე და შემთხვევის ადგილს შორიდან, გზის მეორე მხრიდან, ტელეფონით იღებდა. სუს-ის თანამშრომლებმა ნანო ჩაკვეტაძეს უთხრეს, რომ მას გადაღების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც ის ამით საგამოძიებო მოქმედებას უშლიდა ხელს. შემდეგ მათ ჟურნალისტს წაართვეს ტელეფონი, წაუშალეს გადაღებული მასალა, თავად გადაუღეს ფოტოები და ადგილის დატოვება მოსთხოვეს.
ნანო ჩაკვეტაძემ სუს-ის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ის ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რაც მათ არ გაითვალისწინეს.
საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო მტრული და საფრთხის შემცველი რჩება. რუტინული დავალებების შესრულება ჟურნალისტებისგან დიდ გაბედულებას მოითხოვს, რაც სრულიად შეუსაბამოა ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნის იმიჯთან.
ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა და მუქარის ამ ფაქტით და ეფექტურად გამოიძიოს ის.
2025 წლის ივნისში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მედიასაშუალებებს აეკრძალათ ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა არა მხოლოდ სასამართლო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოების შენობებსა და ეზოებშიც.
ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რეპონდენტები - ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
გაუმართლებელმა და დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სასამართლოებიდან საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად წარმოუდგენელი ძალისხმევის გაღება უწევთ. შეუფასებელია მათი ერთგულება პროფესიის მიმართ და მათი თავდადება საზოგადოებრივი ინტერესისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ იზრუნა ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ელემენტარული სამუშაო პიროებების შექმნაზეც კი. მათ ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა პაპანაქება მზეში თუ აუტანელ ყინვაში, წვიმასა და ქარში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.