საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 11 იანვარს 2 საქმეს განიხილავს:
18:00 საათზე - ქვიარ ასოციაცია „თემიდა" ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის ეკა ჩხეიძის წინააღმდეგ
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში „ყვითელი ყუთი”, 2021 წლის 24 ივნისს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში წამყვანის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, თითქოს ტრანსგენდერობა ავადმყოფობაა, არის არაზუსტი. ასოციაცია განმარტავს, რომ ისედაც მარგინალიზებული ჯგუფის მსგავსი კონტექსტით წარმოჩენა, აღრმავებს სტიგმას მათ წინააღმდეგ.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
19:00 საათზე - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბაგები 502“ და „ბაგები 504“ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის თაკო ნოზაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2021 წლის 09 სექტემბერს გადაცემაში „დილა ფორმულაზე” გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მეორე მხარის, განმცხადებლის, პოზიცია არ წარმოაჩინა.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
ქარტიის საბჭო რამდენიმე დღეა თვალს ადევნებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი დასკვნის გაშუქებას. დოკუმენტის ტექსტში გვხვდება ტერმინი “ინვალიდიზაცია”, რომელსაც ამ დასკვნაზე საუბრისას მედიაც იყენებს.
საბჭოს მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა სწორად უნდა შეარჩიონ ტერმინები დისკრიმინაციის/სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად. მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სიძულვილის ენის წახალისებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ სიტყვა “ინვალიდი” და მასზე დაფუძნებული სხვა ტერმინები დისკრიმინაციულია. სწორედ ამის გამო ისინი ამოღებულია საკანონმდებლო აქტებიდან. აქვე, გვესმის ისიც, რომ რომელიმე ტერმინი, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, არ გამოიყენებოდეს დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი მიზნით, და რომ წლობით დამკვიდრებული ტერმინების ერთბაშად ამოღება როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან, ისე სასაუბრო ენიდან რთული პროცესია, თუმცა მედია უნდა აცნობიერებდეს, რომ მას ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. ენა და ტერმინოლოგია, რომლითაც მედია საზოგადოებას მნიშვნელოვან ამბებს უყვება, ადამიანების ცნობიერებაში დიდხანს და მყარად რჩება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, სიფრთხილით მოეკიდონ ტერმინოლოგიის გამოყენებას, რათა არ წაახალისონ დისკრიმინაცია და არ შეუწყონ ხელი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ტერმინების დამკვიდრებას.
2021 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი გიორგი არობელიძე და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი რატი რატიანი ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. გიორგი არობელიძის განმარტებით, ისინი პოლიციელებისგან არაფხიზელ მოქალაქეზე ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ, როცა სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწოდნენ და, ირიბად, მათგან ჩვენების შეცვლასაც მოითხოვდნენ.
ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. დაკავებულები კი შაბათს, 18 დეკემბერს, გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს, არის დანიშნული.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა დადგინდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების დეტალები და მოხდეს სათანადო რეაგირება.
კოალიცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 დეკემბერს 2 საქმეს განიხილავს:
18:00 საათზე - ნანა კაკაბაძე ტელეკომპანია „პირველის" წინააღმდეგ
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი 2021 წლის 17 სექტემბერს 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპი.
19:00 საათზე - ნანა კაკაბაძე ტელეკომპანია „მთავარის" წინააღმდეგ
სადავო მასალა 2021 წლის17 სექტემბერს 12:00, 18:00 და 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თქმით, მათთვის არ უჩვენებიათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მისცეს საშუალება, გაეშუქებინათ სხდომა, რომელზეც საკრებულო კასპის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდა.
ვიდეოში, რომელიც დარბაზში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაიღეს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შეზღუდვის მიზეზად კოვიდრეგულაციებს ასახელებს, რასაც იქვე მოჰყვება პროტესტი. ტელეკომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, საკრებულოს წევრებს ჟურნალისტებთან ეს მიზეზი არ დაუსახელებიათ და არც კოვიდ ბარათები მოუთხოვიათ.
საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და მედიას მათზე დასწრებისა და გაშუქების უფლება აქვს.
ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს, მედიას შეეზღუდოს ეს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ახლა თვითმმართველობის ორგანოებში ვითარდება.
ბოლო პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გახშირდა. მაგალითად, საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგებზე, 2021 წლის 22 ნოემბერსა და 8 დეკემბერს, მედიასაშუალებების ნაწილი არ შეუშვეს. მსგავსი მიდგომა ჰქონდა მედიის მიმართ 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროსაც.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ.