2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის, ამჟამად “მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო სათანადო ყურადღებას დაუთმობს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნებს:
სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო დავას ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება მესამე წელია ყურადღებით აკვირდება. დღეს უკვე ცხადია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელების ცვლილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა და ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული გახდა, ხოლო სამართლებრივი პროცესი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღქმულია, როგორც მმართველი პარტიის მიერ მართული. ასეთივე ლეგიტიმური ეჭვები არსებობს ნიკა გვარამიას პროცესის მიმართ.
სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოებები, ასევე, მედიის საქმიანობის მიმართ საჯარო ინტერესი და მიიღოს დასაბუთებული, მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ეჭვებს გაფანტავს.
გუშინ, 2022 წლის 10 მაისს „TV პირველის" წამყვანმა ვიკა ბუკიამ გაავრცელა მიმოწერა, რომლის შინაარსის მიხედვით, „TV პირველის” წამყვანებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარა კავშირშია ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობასთან.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.
ჟურნალისტებსა და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებით დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 13 მაისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
17:00 საათზე - თამარ ტალიაშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტის ქეთა ციცქიშვილის წინააღმდეგ
სადავო მასალა სათაურით „სამართალი შერჩევით“ 2021 წლის 4 დეკემბერს გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში დაირღვა არასრულწლოვანის უფლებები, რადგან მისი ფოტოსურათი დაუფარავად გავრცელდა.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპი.
18:00 საათზე - მარინა კობახიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტის ნათია გოგსაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 2 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელებულ ინფორმაცია აძლიერებს სტერეოტიპებს შშმ პირების მიმართ, ხოლო წამყვანი არ გაემიჯნა სტუმრის მხრიდან გამოთქმულ დისკრედიტაციულ გამონათქვამს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
2022 წლის 2 მაისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, მაია მერკვილაძის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ვინაიდან ბიულეტენზე ყოფნის დროს ესწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს.
ამასთან, 2022 წლის 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ დისციპლინური ღონისძიების უმაღლესი ზომა, სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანის, ალექსანდრე თხილაიშვილის მიმართ.
ქარტია მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაადეკვატურია და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე.
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია. ალტერნატიული პროფკავშირების წევრების მიმართ მენეჯმენტის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები ემსახურება განსხვავებული შეხედულებების დევნას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებში გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის.
2022 წლის 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, მაუწყებელში სარედაქციო გადაწყვეტილებები ე.წ. შავი სიების მიხედვით ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცენზურის მცდელობებზე საუბრობს გადაცემის კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად „საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის მიყენებას“ ასახელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამივე თანამშრომლის ინტერესებს მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.
2022 წლის 28 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლდა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანი ალექსანდრე თხილაიშვილი.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზები და თანმდევი პროცესები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მხრიდან ფასდება როგორც „ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრთა“ პიროვნული დევნის გაგრძელება.
2022 წლის 28 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები - სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად „დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებების“ გავრცელებაა დასახელებული.
გათავისუფლებული ჟურნალისტები მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე რამდენიმე თვეა საუბრობენ და ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. სამოქალაქო სექტორი კი ითხოვს ამ საკითხის ობიექტურ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე მოკვლევას.
ქარტია მიიჩნევს, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე. ამასთან, მსგავსი მიდგომები ქმნის საფრთხეს შემდგომში სხვა ჟურნალისტებმა თავი შეიკავონ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან.
ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
მაისის თვეში ჩატარდება ონლაინ ტრენინგები, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.
ტრენინგს 2022 წლის 12-13 მაისს სათემო რადიო „მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხოლო 2022 წლის 19-20 მაისს ონლაინმედია „პუბლიკას” რედაქტორი თათია ხალიანი ჩაატარებს.
რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3Kl8OKZ
პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მაისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 17 მაისი 18:00 საათი.
ქარტია გააგრძელებს აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას სხვადასხვა ტრენერის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.
ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას საბჭოს მდივნის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 6 მაისის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაცი წერილი ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.