Batumelebi.ge-ს ჟურნალისტის, ნანა კვაჭაძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
25.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ფირუზ ბოლქვაძის განცხადება ონლაინ გამოცემა “Batumelebi.ge”-ს ჟურნალისტის - ნანა კვაჭაძის წინააღმდეგ.

სადავო მასალა 2020 წლის 19 მაისს გამოქვეყნდა და ის მალხაზ რეხვიაშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, აჭარის ტელევიზიის 8 საათიანი გამოშვების რედაქტორის, ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას ეხება.

მხარე განმარტავს, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში, მტკიცებით ფორმაში და ფაქტადაა წარმოჩენილი, რომ თითქოს ფირუზ ბოლქვაძემ დაარღვია ქარტიის პრინციპები, ჟურნალისტი კი მას როგორც მხარეს არ დაუკავშირდა ამბის გადასამოწმებლად. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა, ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი, ხოლო ვინაიდან, არაზუსტი ინფორმაციის შესწორების მიზნით ჟურნალისტისთვის მიმართვას, რეაგირება არ მოჰყოლია, ფირუზ ბოლქვაძე დავობს მეხუთე - შესწორების პრიციპზეც.

განმცხადებელი ჟურნალისტს წყაროს დადასტურების პრინციპის დარღვევასაც ედავება, მისი თქმით, ტექსტში არ არის გამიჯნული ფაქტები და მოსაზრებები და არ ჩანს ვის ან რას ეყრდნობა ინფორმაციის გავრცელებისას. მისივე განმარტებით, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი, მიზანი კი მისი რეპუტაციის შელახვა და პროფესიული ნიშნით დისკრედიტაცია იყო.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.