კატეგორია : განცხადებები;
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულების შემდეგ, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელიც გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, თავს დაესხა ამავე გადაცემის მეორე მონაწილეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, და სახის არეში დაზიანება მიაყენა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
გადაცემაში სტუმრები მცირე ჰესების დაგეგმილი მშენებლობების გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე შესაძლო გავლენაზე და ჰესების მიმართ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მსჯელობდნენ.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო.
გელა მთივლიშვილი, მაღალკვალიფიციური საგამოძიებო სიუჟეტების გამო, რითაც ის ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნებისა თუ რიგითი ჩინოვნიკების და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირების მხრიდან თავდასხმისა და აგრესიის სამიზნე.
„ქართული ოცნების“ მაღალი ეშელონებიდან წახალისებული ძალადობა ჟურნალისტებზე, არაეფექტური გამოძიება და პოლიტიკურ ინტერესს დაქვემდებარებული მართლმსაჯულება აჩენს დაუსჯელობის განცდას. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული და ეს საქართველოს იმ არადემოკრატიულ ქვეყნებთან და რეჟიმებთან აახლოვებს, რომელთა მიმართაც საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები მრავალი წელია აქვს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და მასზე თავდასხმის ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.