ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს - ნუ აჯარიმებთ ჟურნალისტებს გამოგონილი საბაბით პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს
16.04.2026

კატეგორია : განცხადებები;

შსს ჟურნალისტების დასაშინებლად და დასასჯელად ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს - მათ ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე უყადაღებენ საბანკო ანგარიშებს ჯარიმების გამო, რომელიც თვეების წინ გამოუწერეს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით, და რომლის შესახებაც ჟურნალისტებმა არაფერი იცოდნენ. შსს იმედოვნებს, რომ ფინანსური წნეხის მეშვეობით და ყოფითი პრობლემების შექმნით ჟურნალისტებს პროტესტის გაშუქებაზე ხელს ააღებინებს.  

„ტვ პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დღეს, 2026 წლის 15 აპრილს, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ შეიტყო 5,000-ლარიანი ჯარიმის შესახებ, რომელიც მას შსს-მ ამ საბაბით 2025 წლის 15 ოქტომბერს დააკისრა. 

მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ კარგად ახსოვს ის დღე - 15 ოქტომბერი, და რეპორტაჟიც, რომელზეც მაშინ მუშაობდა. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მამხილებელ სიუჟეტს იღებდა და უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე რესპონდენტებს წერდა. ჟურნალისტი ყადაღას მიიჩნევს შურისძიებად მისი პროფესიული საქმიანობის და ამ კონკრეტული სიუჟეტის გამო. თუ მაკა ჩიხლაძე ჯარიმის შესახებ დროულად შეიტყობდა, ის მალევე შეძლებდა შესაბამისი უწყებებისთვის იმის დამტკიცებას, რომ 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მაკა ჩიხლაძე უკვე მეორე ჟურნალისტია, ვის საბანკო ანგარიშებსაც შსს-ს ჯარიმის გამო ბოლო 10 დღის განმავლობაში ყადაღა დაედო. 

7 აპრილს ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ლიზა ციციშვილს 2025 წლის 10 სექტემბერს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო. 2025 წლის 5 ნოემბერს ლიზა ციციშვილი რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მცირე ხნით დააკავეს. არც დაკავებისას, არც მერე, ჟურნალისტისთვის ჯარიმის შესახებ ინფორმაცია შსს-ს არ მიუწოდებია. 

ცალკე საკითხია თავად ჯარიმების კანონიერება და პროპორციულობა. 

მართალია, ცალკეულ შემთხვევებში ჟურნალისტების მიმართ „გზის ხელოვნულად გადაკეტვის“ საბაბით წარმოებული საქმეები შეწყდა, პოზიტიური გამოსავლის შემთხვევაშიც კი, შსს-ს მსგავსი ქმებებები ჟურნალისტებისთვის დიდ ტვირთს წარმოადგენს და აკარგვინებს მათ დროს გასაჩივრებასა და სასამართლო დარბაზებში სიმართლის მტკიცებაზე. ძნელი დასაჯერებელია, რომ შსს-მ ვერ შეძლო მაღალი ცნობადობის მქონე ტელეჟურნალისტების იდენტიფიცირება. ფაქტი ისაა, რომ შსს-მს მათ დევნაში გაფლანგა საჯარო რესურსი, რაც საზოგადოებისთვის და, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის უნდა მოეხმარებინა. 

შსს-მ დღემდე ვერ შეძლო გამოევლინა და დაესაჯა ის პირები, რომლებიც მაკა ჩიხლაძეს 2024 წლის 7 დეკემბერს დაესხნენ თავს იმ დროს, როცა ის გრიბოედოვის ქუჩიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ამისთვის შსს-ს პოლიტიკური ნება არ ჰყოფნის. გაცილებით ადვილია ჟურნალისტების დევნა, რომლებიც კანონის სრული დაცვით ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს მაკა ჩიხლაძეს, ლიზა ციციშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელიც შსს-ს მხრიდან უსამართლო და დაუსაბუთებელ დევნას დაექვემდებარა, და მადლობას უხდის მათ პროფესიის ერთგულებისთვის. 

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების შევიწროება გამოგონილი ბრალდებებით და მეტი გულმოდგინებითა და გაბედულებით ებრძოლოს კრიმინალსა და საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველ პირებსა და გარემოებებს.  



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.