კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს მზია ამაღლობლისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას დაუსაბუთებლად, პოლიტიკურად მოტივირებულად და უსამართლოდ მიიჩნევს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და 6 აგვისტომდე ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რისთვისაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
მართალია, მოსამართლემ ბრალის გადაკვალიფიცირების შემდგომ შედარებით მსუბუქი მსჯავრი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიტანა, თუმცა ამ ცვლილებამ მზია ამაღლობლის უფლება სამართლიან სასამართლოზე ვერ აღადგინა, ვინაიდან მას არც ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაუდენია.
353-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე, შემდეგი ქმედებისთვის - პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე ეყრდნობა ცრუ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, გაყალბებულ მტკიცებულებებს და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსა და ლოგიკას. მზია ამაღლობელთან არ უსაუბრიათ გამომძიებლებს. თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას მზია ამაღლობლის მიმართ იმგვარი გამოგონილი ბრალდებებით, რასაც მისთვის სასჯელის დამძიმება შეეძლო. აჭარის ტელევიზიამ უარი თქვა იმ ვიდეომასალის სრულად გასაჯაროებაზე, რომლიდანაც 44-წამიანი ამონარიდი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნისთვის მტკიცებულებად გამოიყენა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული სასამართლო პრაქტიკით, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, სილის გაწვნა, არსებითი ზიანის გარეშე, არ წარმოადგენს თავდასხმას ანუ იმგვარ დანაშაულს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით იდევნება.
მზია ამაღლობელს უკვე ორჯერ დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. 18 მარტს ის მოსამართლე სალიხ შაინიძემ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო 18 ივნისს - მოსამართლე მარიანა ფომაევამ 1000 ლარით, „იერსახის დამახინჯების“ გამო, სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე.
მზია ამაღლობელმა უსამართლობისადმი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან, 38 დღე იშიმშილა.
წინასწარი პატიმრობის პერიოდში მზია ამაღლობლის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა და მან შეიძლება მხედველობა დაკარგოს, თუკი დროულად არ მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.
მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავებისას დაექვემდებარა არაარადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, აქამდე არ უცვნიათ დაზარალებულად. არ არის დასჯილი არცერთი ის პირი, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ.
მზია ამაღლობელი უსამართლოდ იდევნება, მისი გაბედული პროფესიული საქმიანობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისათვის. „ქართული ოცნება“ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებას ცდილობს და რეპრესიული ზომებით ავიწროებს დამოუკიდებელ მედიას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ახშობს განსხვავებულ აზრს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ითხოვს, რომ მზია ამაღლობელს მოეხსნას ცრუ ბრალდება და ის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.