ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - შეწყდეს ჟურნალისტთა დევნა პროტესტისა და საპროტესტო განწყობების გაშუქებისათვის
16.06.2025

კატეგორია : განცხადებები;

 

ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ. ეს გარემოება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ღრმა შეშფოთებას იწვევს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად იხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო კოდექსით მიმდინარე ის დავები, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მწირი რესურსების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ სასამართლო სხდომების გასაშუქებლად და საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად. ამის პარალელურად მოსამართლეები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზებში პროცესებზე დასასწრებად ხან საერთოდ არ უშვებენ და ხან განხილვის დასრულებამდე ატოვებინებენ მათ. ზოგჯერ მათ ფოტო და ვიდეო გადაღების უფლებას არ აძლევენ. არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობაში მუშაობასაც კი უშლიან. მდგომარეობას ამძიმებს სასამართლოს მანდატურების ძალადობრივი ქცევა, რომლებიც ჟურნალისტთა მიმართ უხეშ ძალას იყენებენ. სასამართლოში გაუარესებულ სამუშაო პირობებზე და ხელშეშლაზე საუბრობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია,  სასამართლო სხდომებს აშუქებენ. „პუბლიკას“ ფოტოგრაფმა, მინდია გაბაძემ, 9  ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ხელის და ფეხის ჩარტყმა, თრევა, ხელის  მოჭერა, ფეხის წამოდება, კამერაზე დარტყმა და გინება გახდა ჩვენი ყოველდღიურობა სასამართლოში“. 

12 ივნისს, მანდატურებმა, პროევროპულ აქციაზე დაკავებული სტუდენტის, მათე დევიძის, სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტების ერთ ნაწილს, მოქალაქეებთან ერთად, შენობა ძალით დაატოვებინეს. ჟურნალისტთა მეორე ნაწილს ისინი სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ. 

11 ივნისს მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ექიმის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის, პროცესი სრულად დახურა და ჟურნალისტებს დარბაზი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინა. 10 ივნისს, იგივე გააკეთა მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესზეც, ოთხი მოწმის დაკითხვის შემდეგ. „პუბლიკას“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მათ, ჟურნალისტებს, 11 ივნისს სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ და რომ არც 11 ივნისს და არც წინა დღეს, 10 ივნისს, მედიის, მათ შორის იმ მედიის, რომელთაც გადაღების ნებართვა ჰქონდათ, დარბაზიდან გაძევებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. 

11 ივნისს, მოსამართლე, პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფური ძალადობაში ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესზე, „პუბლიკას“ ფოტოგრაფს, მინდია გაბაძეს, მის პროცესზე ფოტოგადაღების უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ფოტოების გადაღებას სხდომის დასრულების შემდეგაც განაგრძობდა, თუმცა სრულიად უხმაუროდ, რამაც მოსამართლის გაღიზიანება გამოიწვია. 

9 ივნისს სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებზე იძალადეს პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას, საქმის მოწმე პოლიციელის თანმხლებმა პირებმა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასამართლოებში არსებულ მძიმე სამუშაო გარემოს განცხადებით 30 მაისსაც გამოეხმაურა.  

შსს და სასამართლოები განაგრძობენ ჟურნალისტების დაჯარიმებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის“ იმ პირობებში, როდესაც მრავალი მტკიცებულება მოიპოვება ჟურნალისტების სასარგებლოდ. ქარტიამ ამ საკითხზე ისაუბრა განცხადებაში, რომელიც 9 ივნისს გამოქვეყნდა. 

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ფრანგ ფოტოგრაფს, მარილიზ ვინიოს. 2022 წლიდან დღემდე, ღია წყაროებში მსგავსი კიდევ 14 შემთხვევა იძებნება, როცა უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს. ეს ჟურნალისტები ან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი პუტინის რეჟიმის მიმართ ან საქართველოში მიმდინარე პროტესტს აშუქებდნენ. მარილიზ ვინიოს თქმით, ის საქართველოში ორჯერ - 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და დეკემბერში იმყოფებოდა. ფოტოგრაფი საქართველოში მისი არშემოშვების გადაწყვეტილებას მის პროფესიულ საქმიანობასა და დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ სოციალურ ქსელში მის ღიად გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირებს. საქართველოში გადაღებული მისი ფოტოები პოპულარულ გამოცემებში გამოქვეყნდა და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც მოხვდა. ისინი საქართველოშიც გამოიფინა. 

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომელიც შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სრულად ჯდება, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 1,500-დან 4,000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. მათი ნაწილის სასამართლო პროცესები უკვე გაიმართა. მამუკა მდინარაძემ საჩივარი ტელეწამყვანების ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის და „ფორმულას“ თანამფლობელის მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ ახლად ამოქმედებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 17316-ე მუხლის საფუძველზე შეიტანა. ეს მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წუხილის საგანია ამ მუხლის მსუსხავი ეფექტი და მის საფუძველზე მასობრივი ცენზურის საფრთხე. 17316-ე მუხლში ჩამოთვლილ პირებს თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს კი მათი მისამართით კრიტიკული აზრის გამოთქმის არ უნდა ეშინოდეთ. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც ამ დამთრგუნველ გარემოში, მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებენ საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროცესების შესახებ.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.