ქარტია გმობს კამპანიური ხასიათის თავდასხმას „სტუდია მონიტორზე“ პროფესიული საქმიანობის გამო
29.09.2026

კატეგორია : განცხადებები;

მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა.

ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთეს.

27 სექტემბერს შალვა პაპუაშვილმა „სტუდია მონიტორი“ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „შავი პროპაგანდისტული ხაზის“ ნაწილად მოიხსენია.

„ფანტაზიორობა“ და „აბსურდული საკითხის მტკიცება“ - ასე შეაფასა მან „სტუდია მონიტორის“ ნაშრომი.

იმავე დღეს გააკრიტიკა „სტუდია მონიტორის“ ფილმი ირაკლი კობახიძემაც და გამომძიებელი ჟურნალისტები „უცხოურ აგენტურად“ მონიშნა.

მედიაზე უსამართლოდ და დაუსაბუთებლად თავდასხმის ეს შემთხვევა პირველი არ არის. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე წლებია, თანმიმდევრულად ცდილობენ საზოგადოების თვალში მედიის რეპუტაციის შელახვას, პროფესიული კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტების სტიგმატიზებას და მარგინალიზაციას.

მსგავსი განცხადებები ახალისებს სიძულვილს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება.

თავად „სტუდია მონიტორი“ პროცესს აფასებს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ „კოორდინირებულ მადისკრედიტებელ კამპანიას“.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს „სტუდია მონიტორსა“ და მის გაბედულ ჟურნალისტებს, რომელთაც არაერთი პროფესიული ჯილდო აქვთ მიღებული ეთიკური სტანდარტების დაცვით შესრულებული ნამუშევრებისთვის, რითაც სააშკარაოზე გამოიტანეს კორუფცია, ნეპოტიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.