ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ცენზურის დაწესებისა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევის მცდელობას
09.03.2026

კატეგორია : განცხადებები;

მიმდინარე კვირიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს მაუწყებელთა კონტენტის პროაქტიულად შესწავლას. კომისიის თქმით, მისი მოტივი ამ შემთხვევაში მაუწყებელთა შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება და მაუწყებელთა ობიექტურობის „სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით“ შეფასებაა. ჟურნალისტურმა თემმა მარეგულირებელი კომისიის გეგმა სადამსჯელო ღონისძიების დაანონსებად აღიქვა და არცთუ უსაფუძვლოდ. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობა წლებია, კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი საკამათო პრაქტიკისა და მაუწყებლების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო. ამის ერთი ნიმუშია კომისიის ბოლო განცხადება, რომელშიც ის გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს ექომაგება, იმ ფონზე, როცა კომისიამ ცოტა ხნის წინ მცირე ზომის სათემო მაუწყებლები  „უცხოურ ძალასთან“- რეალურად კი საქართველოს დასავლელ მეგობრებთან - თანამშრომლობის გამო გააფრთხილა. მანამდე, მან “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე, ახალი ამბების გადაცემისას “მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის” სამართალდამრღვევად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზია (“ფორმულა”, “ტვ პირველი” და “მთავარი არხი”). ასევე, კომისიამ  არ დააკმაყოფილა პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ შესული “მომავლის აკადემიის” ოთხი საჩივარი და სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის”  საჩივარი. 

მარეგულირებელი კომისიის მანდატის გაფართოება შინაარსობრივ საკითხებში შესასვლელად არ ემსახურება არც პრესის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებას და არც სამართლიანი კონკურენციისა და მედიაპლურალიზმის ხელშეწყობას. საეჭვოა ის, რომ მარეგულირებელი კომისიის შთაგონების წყარო ამ მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაა. ბრიტანულ სამაუწყებლო მოდელსა და „ქართული ოცნების“ მიერ დაკანონებულ ცვლილებებს შორის მრავალი განსხვავებაა. ასეც რომ იყოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო გაერთიანებული სამეფოსგან არსებითად განსხვავდება ისეთი კრიტერიუმებით შეპირისპირებისას, როგორიცაა მაუწყებლობის მარეგულირებლისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კომპეტენცია, და პოლიტიკური კლიმატი და პოლიტიკური პროცესის კლასი. 

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებისა და მათი გამოყენებით მაუწყებლების დევნის მიზანი სინამდვილეში სულ სხვაა - კრიტიკული მაუწყებლების ხმის ჩახშობა და საზოგადოების დატოვება პროპაგანდისტული კონტენტის პირისპირ, დამოუკიდებელი წყაროებისაგან მიღებული ინფორმაციის გარეშე. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.