კატეგორია : განცხადებები;
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ შსს 18 თებერვალს ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები 6 მარტს გამოიკვლია და გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ფოტოგრაფი იმ საღამოს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - მას ჰქონდა მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა წარწერა „PRESS” და ე.წ. ჟურნალისტის ბეიჯი, და მუშაობდა დიდი ზომის პროფესიული კამერით ხელში.
შსს „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას 7 თებერვალს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება. „ტაბულას“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ კუპრავა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და „შაბათის მარშს“ აშუქებდა.
იგივეს ედავება შსს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს მარიამ ძიძარიასაც, ოღონდ 31 იანვარს. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ ძიძარია „შაბათის“ მარშს აშუქებდა. მას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა სამხრე ნიშანი „PRESS” და ჟურნალისტის ე.წ. ბეიჯი, და მუშაობდა კამერით ხელში.
მარიამ კუპრავას და მარიამ ძიძარიას საქმეებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
სამივე ჟურნალისტს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით.
შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ.
სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და, გამოგონილ საფრთხეებზე აპელირების ნაცვლად, თავისი რესურსი მოძლიერებულ კრიმინალთან ბრძოლასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე დახარჯოს.