გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ
11.01.2023

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : სოფიო კვინიკაძე;
მოპასუხე : ეკო ფანგანი;

16 დეკემბერი, 2022 წელი

საქმე N – 609

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოფიო კვინიკაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „იმედის დღე” ჟურნალისტმა ეკო ფანგანმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას არ ესწრებოდნენ მხარეები, ტელეკომპანია „იმედს” შეპასუხება წერილობითაც არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო მასალის სათაურია - „სოფია კვინიკაძე ჟურნალის გარეკანზე - პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ თუ ჭარბი წონის ნორმალიზება?”. ჟურნალისტმა ეს მასალა წარმოადგინა რუბრიკაში „სტილი ეკო ფანგანთან ერთად".  ჟურნალისტი ამბობს:

       „ჭარბ წონაზე ამ საუკუნეში ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, არის სხვადასხვა მოსაზრებები, ხან არის ძალიან აქტიური ბრძოლა ჭარბ წონასთან, თუმცა ამ ბოლო დროს დაიწყო ასეთი მიმდინარეობა - love your body, შეიყვარე შენი სხეული და პირიქით გახდა ჭარბი წონის ნორმალიზება. მე მინდა დავიწყო ეს ამბავი ქართველი გოგონათი, ბლოგერით, რომელიც არის პლუს საიზ მოდელი, რაც ნიშნავს - დიდი ზომის ტანსაცმლის რეკლამირებას ვინც აკეთებს, იმ ადამიანებს ჰქვიათ. ის მოღვაწეობს კორეაში და ძალიან წარმატებით, როგორც ჩანს, რადგან საერთაშორისო ფრანგული მოდური გამოცემის ყდაზე ვნახეთ მისი ფოტოები... ეს არის ყდა, love your body და ხედავთ, ალბათ, ცოტა სრული ტანის, არაჩვეულებრივი გოგონები იღებენ ამ ფოტოგადაღებაში მონაწილეობას. ეს ყველაფერი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა გამოვეხმაუროთ".

       „ესეც ერთგვარი მიმდინარეობაა იმისა, რომ შევიყვაროთ ჩვენი თავი, რადგან ასეთი პერსონაჟები დისნეის მულტფილმებში არ გამოჩენილან, ასეთი პუტკუჩები მთავარ როლში. აქამდე სულ პრინცესები, თხელი გოგონები იყვნენ... აი, ხედავთ ბიანკას, რომელსაც ძალიან უნდა ცეკვა, მასწავლებელი კარგად არ აფასებს, სულ ეუბნება ისეთ ფრაზებს, რომელიც ხაზს უსვამს მის ნაკლებს გარეგნობის - კისერი არ გივარგა, მუცელი არ გივარგა..."

       „ინგლისურ სტატიებში იყო ასეთი ამბავი აღწერილი, რომ, უფრო მეტ, სოციალურ ფენებზე იყო აქცენტირება. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება ცხოვრებაში, თითქოს, ხო, პირიქით არის - კარგად ჭამს, კარგად ცხოვრობსო, პირიქით ყოფილა, იმ ადამიანებს არ აქვთ შეიძლება დრო, საშუალება იმისა, რომ ჯანსაღად იკვებონ და შესაბამისად, ასე ქუჩაში უცბად იღებენ ასეთ საკვებს. იმ ადამიანებისთვის არის ეს ნორმალიზაციის საპირისპირო მიმდინარეობა, პროპაგანდა, რომ არ შეიძლება ამის ნორმალიზება, რაღაც გარკვეული კილოგრამების ზემოთ, რადგან ის ადამიანები ვერ აღიქვამენ, ის კი არა, რომ ქმარს მოსწონს, ქმარს და ცოლსაც შეიძლება არ მოსწონდეთ, მაგრამ იმათ არ აქვთ ამის დრო და საშუალება. სწორედ ვერ აღიქვამენ თავიანთ პრობლემას. ეს იყო ძალიან დიდი კვლევის შედეგი, ადამიანი, რომელიც ვერ აღიქვამს, არ აქვს ამის დრო, უბრალოდ შეიძლება გახდეს მსვერპლი, შემდეგ დაიღუპოს ახალგაზრდა ასაკში”.

       „ყველამ მართლა უნდა შეიყვაროს თავისი თავი და სტერეოტიპებს არ უნდა დავემსგავსოთ, თუმცა ჯანმრთელობის ხარჯზე მაინც შევეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს, რადგან ჩვენ და ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლებიც ბედნიერები იყვნენ ჩვენივე სხეულით, აქაც ოქროს შუალედი ძალიან მნიშვნელოვანია”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემა წაახალისებდა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ ქვეყანაში უკვე არსებულ სტიგმას და დისკრიმინაციულ განწყობას, რომ ყოველგვარ ჭარბ წონას არაჯანსაღი კვება იწვევს. მისი თქმით, ამას ამტკიცებდა გარემოება, რომ გადაცემის დასაწყისში ეკრანზე აჩვენებდნენ ჭარბწონიანი ადამიანის ფოტოს, რომელიც fast food-ს [სწრაფი კვება] მიირთმევს.

განმცხადებელი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ ჟურნალისტს უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და სიფრთხილით შეერჩია ფოტოები/გამოეყენებინა ფრაზები. სოფიო კვინიკაძის თქმით, მაგალითად, ჟურნალისტის ნათქვამი, რომ ჭარბწონიან ადამიანებში გვხვდება კონკრეტული დაავადებები და ამის გამო „არ შეიძლება ჭარბ წონას პროპაგანდა გავუწიოთ", არასწორია, რადგან აღნიშნული არგუმენტი აზიანებს body positivity მოძრაობის მთავარ არსს - ჭარბი წონა სიმახინჯეს არ ნიშნავს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

საბჭო აცხადებს, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციას, სტერეოტიპების ტირაჟირებას/გაძლიერებას.

ამ საკითხის მიმართ დღეს საზოგადოებაში სტერეოტიპული შეხედულებები ძალიან ხშირია, არსებობს დისკრიმინაციული დამოკიდებულებები. მედიას ეს უნდა ესმოდეს და ხელი უნდა შეუშალოს დისკრიმინაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.

სადავო მასალაში ჟურნალისტი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჭარბწონიან ადამიანებს აწუხებთ გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებები; მოჰყავს კვლევები, სადაც, მისი თქმით, ნათქვამია, რომ ჭარბი წონის გამო მოიმატა სიკვდილიანობამ და სოციალურად დაბალ ფენაში დროის უქონლობის გამო ადამიანები არაჯანსაღად იკვებებიან; ასევე, რომ არ შეიძლება,  ჭარბ წონას “პროპაგანდა” გავუწიოთ და არ უნდა იყოს ნორმალიზებული ისეთი შემთხვევები, როცა ზიანდება ჯანმრთელობა. ეკო ფანგანი აღნიშნავს, რომ „ყველამ მართლა უნდა შეიყვაროს თავისი თავი... თუმცა, ჯანმრთელობის ხარჯზე მაინც შევეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს, რადგან ჩვენ და ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლებიც ბედნიერები იყვნენ ჩვენივე სხეულით”.

მასალის მომზადების არამგრძნობიარე/საზიანო ფორმაა, როდესაც ადამიანის ფიზიკურ გარეგნობასა და წონაზე ზედმეტი ფოკუსირება ან მუდმივი შემოწმება ხდება. განსაკუთრებით, ქალების ობიექტივაცია პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ქალები და გოგოები საკუთარ თავს. ყველა ტიპის სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არ არის “ჭარბწონიანობის პოპულარიზაცია” და ეს მიმდინარეობა გულისხმობს, რომ ადამიანები კარგად უნდა გრძნობდნენ თავს საკუთარ სხეულში ზომებისა თუ ფორმების მიუხედავად. ეს არის პასუხი იმ სილამაზის სტანდარტებზე, რომლებსაც საზოგადოება აყალიბებს ძირითადად ქალების მიმართ და რომელიც აზიანებს ქალებს მთელ მსოფლიოში.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და მისი წახალისება, სტიგმა და სენსიტიური გამონათქვამები.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სიფრთხილით უნდა აჩვენოს ისეთი ვიზუალური მასალა, რომელიც ხელს უწყობს სტერეოტიპული წარმოდგენების გამძაფრებას. მაგალითად, რუბრიკის დასაწყისში ჩანან ქალები, რომლებიც სწრაფი კვების პროდუქტებით იკვებებიან, ეს შესაძლოა აძლიერებდეს მოსაზრებას, რომ ყველა ჭარბი წონა არაჯანსაღი კვებით არის გამოწვეული. ფოტოებში ვხედავთ მხოლოდ ქალებს, რაც ასევე სტერეოტიპულია.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედიამ, შესაძლოა, მარტივად შეუწყოს ხელი სტერეოტიპების გაღრმავებას, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

განმცხადებელის თქმით, მან მედიასაშუალებას წინასწარ განუმარტა, რომ არ გამოეყენებინა მისი ფოტოები და უარი უთხრა კომენტარზე.

სოფიო კვინიკაძე აღნიშნავს, რომ ტელევიზიამ ფოტოები მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა და ისაუბრა მის პიროვნებაზე, პროფესიასა და მოღვაწეობაზე. მისი თქმით, ჟურნალისტმა გააჟღერა მისი სახელი გადაცემაში, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციულ, არასანდო წყაროების საფუძველზე შედგენილ ფრაგმენტებს, რაც მას რეპუტაციულ ზიანს აყენებდა.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების ცოდნა.

სოფიო კვინიკაძის ჟურნალის გარეკანზე მოხვედრის ფაქტის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი.

 ჟურნალისტმა ინფორმაცია დისკრიმინაციულად გააშუქა, შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი მიიჩნია დარღვეულად, მე-10 პრინციპის დარღვევა კი არ დაადგინა.

ფოტოები, რომლის გამოქვეყნებაზე განმცხადებელს ჰქონდა პრეტენზია, საჯაროდ არის გავრცელებული და მოპოვებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სოციალური ქსელიდან.

თუმცა, აქვე საბჭო აღნიშნავს, რომ საჯარო წყაროს შემთხვევაშიც, მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს აღნიშნული თემის გაშუქებას, მაყურებელს მიაწოდოს დადასტურებული, სანდო კვლევები და არასტერეოტიპული ინფორმაცია. ჟურნალისტმა უნდა გააანალიზოს, რამდენად პასუხობს საჯარო ინტერესს, არ გამოიყენოს და არ გამოაქვეყნოს ისეთი ფოტო/ვიდეო მასალები, რომლებიც არა ინფორმაციის მატარებელი, არამედ პირიქით, დისკრიმინაციული მიდგომების ხელშემწყობია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ეკო ფანგანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
  2. ეკო ფანგანს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი.